„უოლ მარტი“ „ფორჩუნის“ რეიტინგის ლიდერია
მსოფლიოში უდიდესი სავაჭრო ქსელი „უოლ მარტ სთორი“ ამერიკული ჟურნალის – „ფორჩუნის“ მიერ შედგენილ მსოფლიოს ყველაზე მსხვილი კომპანიების 2009 წლის რეიტინგში პირველ ადგილზე აღმოჩნდა. გამოცემამ თავის რეიტინგში სულ 500 კომპანია შეიყვანა. შარშან სემ ულტონის მიერ დაარსებული „უოლ მარტის“ ბრუნვა 408,2 მილიარდი დოლარი იყო, მოგება კი – 14,3 მილიარდი. აღსანიშნავია, რომ „ფორჩუნის“ 2008 წლის რეიტინგში უმსხვილესი სავაჭრო ქსელი მესამე ადგილს იკავებდა. წინა რეიტინგის ლიდერი ინგლისურ-ჰოლანდიური ნავთობკომპანია „როიალ დაჩ შელი“ წელს მეორე ადგილზე დაეშვა: მისი ბრუნვა 285 მილიარდი დოლარი აღმოჩნდა, მოგება კი – 12,5 მილიარდი. 2008 წლის რეიტინგში მეორე ადგილზე გასული ენერგეტიკული გიგანტი „ექსონ მობილი“ წელს მესამეა: მისი ბრუნვა 2009 წელს 284,7 მილიარდი დოლარი იყო, შემოსავალი კი – 19,3 მილიარდი. მსოფლიოს უმსხვილესი კორპორაციების ათეულში, ასევე, მოხვდნენ „ბრითიშ პეტროლიუმი“ (ბრუნვა – 246,1 მილიარდი, მოგება – 16,6 მილიარდი), „ტოიოტა მოტორსი“ (ბრუნვა – 204,1 მილიარდი, მოგება – 2,3 მილიარდი), „ჯაპან ფოსტ ჰოლდინგსი“ (ბრუნვა – 202,2 მილიარდი, მოგება – 4,9 მილიარდი), „სინოპეკი“ (ბრუნვა – 187,5 მილიარდი, მოგება – 5,8 მილიარდი), „სტეიტ გრიდი“ (ბრუნვა – 184,5 მილიარდი, მოგება – 343 მილიონი დოლარი), „ექსა“ (ბრუნვა – 175,3 მილიარდი, მოგება – 5 მილიარდი) და „ჩაინა ნეიშენელ პეტროლიუმი“ (ბრუნვა – 165,5 მილიარდი, მოგება – 10,3 მილიარდი დოლარი).