როგორ წარმოიშვა ქართული გვარ-სახელები
ონიანი
შუა საუკუნეებში წარმოშობილი ცნობილი და გავრცელებული გვარია. ონიანების წინაპართა ფუძედაა გამოყენებული მამაკაცის საკუთარი სახელი იოვან, იოან, მათგან მიღებული მოფერებით სახელი ონა, ონია. ამ სახელიდანაა ნაწარმოები გვარები: ონაშვილი, ონაძე (დაფიქსირებულია 1664-1677 წლებში).
„პირსახელი ონია, მისგან ონიანი; ონიას, ქვათახევის ელაგერნის ღვთისმშობლის ეკლესიაში ევალებოდა აღაპის გადახდა დედოფალ გულშარისთვის გრიგოლ ავგაროზისძის გარდაცვალების შემდეგ... (1448 წელი).
ონიანების გვარი მეცამეტე საუკუნის მეორე ნახევარში ჩანს, ასე მოიხსენიებენ გვაროლოგები – ბატონი ილია მაისურაძე და აკადემიკოსი ალექსანდრე ღლონტი.
ამავე ძირისაა გვარები: ონიაშვილი, ონიკაშვილი, ონიკაური, ონიკაძე.
ონიანი საქართველოში ყველაზე გავრცელებულ 1 000 გვარს შორის 148-ე ადგილზეა.
საქართველოში 3 693 ონიანი ცხოვრობს: ლენტეხში – 1 365, ქუთაისში – 554, თბილისში – 549. არიან სხვაგანაც.
მგალობლისშვილი-მგალობლიშვილი-მაყაშვილი
„ესენი არიან მაყაანთ გვარნი, რომელნიც იყვნენ პირველ მგალობელნი მეფისა სახლისანი და აგრეთვე, ალავერდისაცა. ამისა გამო მგალობლის შვილობა გაუგვარდათ მათ მგალობლობისა გამო” (იოანე ბაგრატიონი).
„მგალობლიშვილი გიორგი იყო ალავერდის საყდრის აზნაურიშვილი, მოწმე ალავერდელი ნიკოლოზ ანდრონიკაშვილის მიერ დემეტრე გამსახურდასშვილისთვის მიცემული მამულის წყალობის წიგნისა” (1687 წელი).
მგალობლიშვილი პეტრე, 1670-1688 წლებში უნდა ხლებოდა ერეკლე მეფეს რუსეთში, მაგრამ გზაში დაუჭერიათ. შემდეგ ის ემსახურებოდა ერეკლეს კახეთსა და ისპაანში, ამის გამო ერეკლემ მას უწყალობა მდივნის სახელი. (1675-1688 წლებში).
მგალობლიშვილები ასევე, შეტანილები არიან გურიის თავადთა, აზნაურთა წოდებას მიკუთვნებული ოჯახების სიაში, 1850 წლის 6 დეკემბერს, „ხავერდის წიგნში”.
საქართველოში 2 121 მგალობლიშვილი ცხოვრობს: თბილისში – 895, ჩოხატაურში – 191, გარდაბანში – 164. არიან სხვაგანაც.
პეტრიაშვილი-გიორგიშვილი-ბარათაშვილი-ორბელიანი
სახელი პეტრე ძველთაგანვე ცნობილია ქართულში. სახელი ნასესხებია ბერძნულიდან, იგივეა, რაც „კლდე”, „ლოდი”.
ქართულ ისტორიულ საბუთებში, მეთერთმეტე- მეჩვიდმეტე საუკუნეებში, პეტრიაშვილები ჩანან შემდეგ სოფლებში: კლდისწყაროში, ხაშურის რაიონის სოფლებში ალისა და წაღვლის საგამგებლოში; ბიძინა პეტრიაშვილი მოხსენიებულია ზემო ქართლის კომლთა ნუსხაში, მეჩვიდმეტე საუკუნის დამდეგს. იქვე მოიხსენიებიან გიორგი, თამაზა, ქიტია პეტრიაშვილები. „საუფლისწულოს კლდისწყაროში ცხოვრობს მოყალნე კაცი თევდორე პეტრიაშვილი, ჰყავს ძმები: პაპუნა, იმედა, ბერუკა და მათი ნაშენი ხუთი ვაჟი.” (მეჩვიდმეტე საუკუნის დამდეგი).
პეტრიაშვილები მეჩვიდმეტე საუკუნეში მოიხსენიებიან სოფლებში: სკრა, ციხედიდი;
„პეტრე პეტრიაშვილი არის მოურავი, ერეკლე მეფემ, მას უბოძა ჭალაანში დასახლებული და ალავერდის წმიდა გიორგისთვის შეწირული ათი კომლი კაცის მოურავობა” (1699 წელი).
პეტრიაშვილთა საგვარეულო, როგორც მებატონე-მემამულეებისა შეტანილი გვაქვს წიგნში „ქართული გვარ-სახელები”. დადგენილია, რომ პეტრიაშვილი არის ბარათაშვილ-ორბელიანებიდან ნაწარმოებ საგვარეულოდან გიორგიშვილი (გვარი გიორგიშვილი აწარმოა რამდენიმე თავადურმა გვარმაც).
საქართველოში ყველაზე გავრცელებულ 1 000 გვარს შორის, აზნაურიშვილ-პეტრიაშვილთა საგვარეულოს 176-ე ადგილი უჭირავს.
საქართველოში 4 039 პეტრიაშვილი ცხოვრობს: თბილისში – 1 176, ადიგენში – 183, რუსთავში – 173. არიან სხვაგანაც.
მჭედლიშვილი
ადამიანთა გაჩენის და გამრავლების კვალობაზე, ერთმანეთისგან განსხვავებულად აუცილებელი გამხდარა სახელის, გვარისა და მამის სახელის გაჩენა. გვართა ერთი ჯგუფი წარმოშობილია ხელობის აღმნიშვნელი სიტყვებისგან. ხელობათა შორის განსაკუთრებული პატივი რგებია. მჭედელი ყველა სოფლის, დაბის თუ ხევისთვის აუცილებელი და უმნიშვნელოვანესი პიროვნება იყო.
ქართველებთან მჭედელთანაა დაკავშირებული გვარები: მჭედლიანი, მჭედლიშვილი, მჭედლაძე, მჭედლური, ჭედია, ნალბანდიშვილი (ნალბანდიც მჭედელია, რომელიც მუშა პირუტყვს ჭედავს, ნალს აკრავს).
ძვირფასი ლითონების ოსტატს კი ოქროსმჭედელი ეწოდება, აქედანაა გვარი ოქროსმჭედლიშვილი.
მჭედელს მეგრულად ჭკადუ ჰქვია, სვანურად – მუშკიდ. აქედანაა გვარები ჭკადუა და მუშკუდიანი. ძველი ფორმა მუშკუდიანისა გვხვდება მეთოთხმეტე საუკუნეში.
ამავე ხელობის აღმნიშვნელი უნდა იყოს გვარი ჭელიძე, რომელიც მიღებული ჩანს მჭედლიძისგან. ასევე უნდა იყოს მიღებული მჭედლიშვილისგან ჭელიშვილი.
მჭედლიშვილთა შტო-გვარებია: ქიტოშვილი, ტეტელოშვილი, ბულაურთა ნაწილი მჭედლიშვილთა გვარსაც ატარებს.
მჭედლის მიერ შექმნილი საგნებიდან გაჩენილია გვარები: ცელაძე, ნამგალაური, ნამგალაძე, ნამგლაძე, წალდაძე, ჭინჭილაკაშვილი, ჩინჩილაკაშვილი და ასე შემდეგ.
მეთხუთმეტე საუკუნიდან მოყოლებული, მჭედლიშვილები მოიხსენიებიან სოფლებში: ანგრევანში (ქვემო ქართლში 1537-1638 წლებში), აბელიაში, ხანდაკში, ბიწმენში, გომარეთში.
საქართველოში ყველაზე გავრცელებულ 1 000 გვარს შორის, მჭედლიშვილებს 17-ე ადგილი უკავიათ.
1995 წელს მიღებული ვაუჩერების მიხედვით, მჭედლიშვილთა რიცხვი შეადგენს 9 359-ს: თბილისში ცხოვრობს – 3213, სიღნაღში – 770, ხაშურში – 644. არიან სხვაგანაც.