რჩევები ავტომოყვარულ მძღოლებს
კითხვა: მყავს ახალი ავტომანქანა 2.0 ძრავით, გავლილი მაქვს 7 400 კილომეტრი, ის კი ფაქტობრივად, ნორმაზე ბევრად მეტს წვავს. იქნებ მითხრათ, დაზიანებული აქვს რამე თუ რა ხდება? რას მირჩევთ, როგორ მოვიქცე, რომ ეს სიტუაცია გამოსწორდეს?
პასუხი: თქვენს შემთხვევაში, რადგან ავტომობილი ახალი და უცხოურია, ქარხანა-დამამზადებლის მიერ მას აუცილებლად ექნება შესაბამისი გარანტია. მაგრამ, საეჭვოა თქვენი პრობლემა კვების სისტემისგან იყოს გამოწვეული. ამიტომ, ჩემი რჩევაა, ნუ შეეხებით იმ ქარხნის მიერ დარეგულირებულ მოწყობილობებს. ავტომობილს მინიშნებული აქვს, თუ რა საწვავზე მუშაობს და თქვენც იმ ხარისხის საწვავით უნდა უზრუნველყოთ. დაბალი ხარისხის საწვავით სარგებლობის შემთხვევაში, წვის კამერაში საწვავის სრული აფეთქება არ ხდება და იმ დაწოლის ძალას ვერ გამოყოფს დგუში, რომ მიიყვანოს შესაბამისი ბრუნვის მომენტამდე. ამიტომ, საწვავის მიმწოდებელი, ეგრეთ წოდებული „დროსელის“ საშუალებით ვუმატებთ საწვავის მიწოდებას, სასურველ ბრუნვას და სიჩქარეს რომ მივაღწიოთ. წვის კამერაში კი იგივე მეორდება – რაც მეტი ძალით გვინდა იბრუნოს ძრავამ, მით მეტ საწვავს ვაწვდით სისტემას. რაც ყველაზე ცუდია, საწვავის დაბალი ხარისხის გამო, მისი გამონაბოლქვი ნახევრად დაუწვავი აირის სახით, გამოიდევნება გარეთ ანუ, ის საწვავი, რომელიც არ დაიწვა და მხოლოდ და მხოლოდ მიმწოდებლის ფუნქცია შეითავსა, გარეთ გამოვა. კატალიზატორიან ავტომობილებზე ეს, ხშირ შემთხვევაში, მის ინტენსიურ გაბიდვნას გამოიწვევს და შესაძლებელია, ძრავა საერთოდ აღარ დაიქოქოს. ამიტომ, გირჩევთ, მაინცდამაინც ამ საკითხში ნუ მოგინდებათ ეკონომია. ჩაასხით ის საწვავი, რომელიც გათვალისწინებულია თქვენი ავტომობილის ძრავისთვის. ასეთი ეკონომია, უფრო მეტ ხარჯს გამოიწვევს.
კითხვა: მყავს ავტომობილი „პაჯერო იო“, 2.0, „გედეი“ ძრავით, რომელიც ძალიან ბევრ საწვავს მოიხმარს – დაახლოებით 10 ლიტრს 60 კილომეტრზე. კომპიუტერზე შემოწმებამ არანაირი პრობლემა არ აჩვენა. „ბენზონასოსი“ და ყველა სხვა დანარჩენი დეტალი ისე მუშაობს, როგორც საჭიროა. ხელოსნების რჩევით შევცვალე სანთლები და ჰაერის ფილტრი, მაგრამ არაფერმა უშველა. აღსანიშნავია, რომ გაწევაც უჭირს, განსაკუთრებით – აღმართზე. 100 კილომეტრ-საათში სიჩქარეზე 3 000 ბრუნზე აწევაც კი უძნელდება. რა შეიძლება იყოს ამ ყველაფრის გამომწვევი მიზეზი?
პასუხი: ეს არის „მიცუბიშის“ „გედეი“ სისტემის სტანდარტული პრობლემა, მისი მუდმივი თავის ტკივილი, რომლის მოგვარებაც საქართველოში თითქმის შეუძლებელია. მაგრამ, რომ გამორიცხოთ თვითონ „გედეი“ სისტემის დეფექტი, გადაამოწმებინეთ ძრავა – ზუსტად ზის თუ არა ძრავაზე ეგრეთ წოდებული „მეტკები“, ანუ, ყველა „შკივი“ არის თუ არა იმ პოზიციაში, სადაც უნდა იყოს.