კადაფის ფეხბურთელი შვილი შესაძლოა, დაიჭირონ
რამდენიმე წლის წინ ლიბიის ლიდერმა მუამარ კადაფმა განაცხადა, ჩემი შვილი ფეხბურთს თამაშობს და, დარწმუნებული ვარ, მისი შეძენა ყველას მოუნდებაო. საადი კადაფი სამშობლოში ბურთს მართლაც დასდევდა, მაგრამ, მას შემდეგ, რაც ევროპაში ჩამოვიდა და ტოპ-კლუბებს მიაკითხა, მას მარტივად აუხსნეს, რომ მისგან არათუ დიდი ფეხბურთელი, საშუალო დონის მოთამაშეც კი არ დადგებოდა. ამან უმცროს კადაფს გული დასწყვიტა და მუამარმაც საინტერესო სვლა გააკეთა: მან შვილს იტალიური „პერუჯას” აქციათა გარკვეული ნაწილი უყიდა და კლუბის ნაწილის ერთ-ერთი მფლობელი ამავე კლუბის ფეხბურთელი უპრობლემოდ გახდა. როგორც მოსალოდნელი იყო, მას დიდი ფეხბურთი არ უთამაშია, თუმცა, იმდენი კი მოახერხა, რომ ორი წლის შემდეგ, თავისუფალი აგენტის სტატუსითა და გარკვეული ინვესტიციებით, გენუის „სამპდორიაში” მივიდა. „სამპდორია” კი უბრალო კლუბი ნამდვილად არაა და საადმა გენუაში სასტუმრო „რივიერაში” ერთი სართული იქირავა, მეგობრები ჩაიყვანა და მათთან ერთად მშვენიერ დროს ატარებდა.
„კადაფი ნაღდი ფულით არ იხდიდა და, ასე ვთქვათ, ნისიაზე ცხოვრობდა. ჩვენ გვეგონა, რადგან ის „სამპდორიას” ფეხბურთელი იყო, თანხას ნებისმიერ დროს გადაიხდიდა, მაგრამ, როცა კლუბს მივმართეთ, გაირკვა, რომ მას სიმბოლური ხელფასი – თვეში 1 500 ევრო ჰქონდა. არადა, ვალმა ნახევარ მილიონ ევროს გადააჭარბა. ამიტომ, სასამართლოში ვიჩივლეთ“, – განაცხადა „რივიერას” ადვოკატმა.
სასამართლომ კადაფს არა მარტო ნახევარი მილიონის გადახდა დააკისრა, არამედ იმ 5 000 ევროსიც, რომელიც სასტუმრომ სასამართლოში სარჩელის შეტანისთვის დახარჯა. საადი ახლა სამშობლოშია და, თუ იტალიაში დაბრუნების შემდეგ ამ თანხას არ გადაიხდის, ციხეში ჩაჯდომა მოუწევს.