მესიმ გაილაღა
მას შემდეგ, რაც არგენტინის ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატიდან გავარდა, გუნდის მთავარი ვარსკვლავის, ლიონელ მესის ადგილსამყოფელი უცნობი იყო. იმასაც ამბობდნენ, ლეოს დეპრესია აქვსო და ამაზე ყველაზე მეტად ნაკრების თავკაცი, დიეგო მარადონა წუხდა. იგი ამბობდა, რომ ახლა მესის მძიმე პერიოდი უდგას და, მთავარია, ფეხბურთზე გული არ აუცრუვდეს, თორემ, მერე ჩვეულ დონეზე თამაშს ვეღარ შეძლებსო. ლეო კი ოკეანის სანაპიროზე თავის მეგობარ გოგონასთან – ანტონელა როკუცოსთან ერთად გამოჩნდა და დეპრესიისა არაფერი ეტყობოდა.
„რომელ დეპრესიაზეა ლაპარაკი?! ლეო დაცულ პლაჟზე შევიდა, რათა მასთან ჟურნალისტები არ მისულიყვნენ და მთელი დღის განმავლობაში ქვიშაში ნებივრობდა, იცინოდა და მწუხარების არაფერი ეტყობოდა“, – წერენ არგენტინელი ჟურნალისტები.
სხვათა შორის, ანტონელა მესის ბავშვობის მეგობრის დაიკო გახლავთ და მათ ერთმანეთი შარშან აღმოაჩინეს. თავიდან ურთიერთობა თითქოს სერიოზული არ იყო, მაგრამ, ბოლო ოთხი თვის განმავლობაში ლეომ რიკუცო კატალონიაში ჩაიყვანა და გოგონა გაისადაც იქ იცხოვრებს. მესიმ მას სწავლა დააწყებინა და, სავარაუდოდ, შინ დაბრუნებულს ცხელი სადილიც დახვდა.