ყელისა და დეკოლტეს მოვლა
როგორც არაერთხელ გვითქვამს, ყელისა და დეკოლტეს სათანადოდ მიხედვა არანაკლებ მნიშვნელოვანია, ვიდრე სახის ან ხელების მოვლა, რაც დილიდანვე უნდა დაიწყოთ:
დილის შხაპის მიღებისას, წყლის ძლიერი ჭავლით დაიმასაჟეთ ყელი და დეკოლტე ქვემოდან ზემოთა მიმართულებით. სასურველია, წყალი იყოს გრილი. სარძევე ჯირკვლების გასამკვრივებლად კარგია, მკერდზე ჰორიზონტალური რვიანები „დაიხატოთ”. წყლის პროცედურების შემდეგ გაიწმინდეთ კანი უსპირტო ტონიკით, ბოლოს კი წაისვით ბავშვის კრემი. განსაკუთრებით ზაფხულის პერიოდში ის აუცილებლად უნდა შეიცავდეს ულტრაიისფერ ფილტრს, რადგან ყელისა და დეკოლტეს კანი ადვილად ექვემდებარება ფოტოდაბერებასა და პიგმენტური ლაქების გაჩენას.
საღამოს, მაკიაჟის მოხსნის შემდეგ, ასევე, არ უნდა დაგავიწყდეთ ეს დელიკატური ზონა. გამწმენდ-მატონიზებელი საშუალებები აუცილებელია ყელისა და დეკოლტესთვისაც. გასაწმენდად აუცილებელია კოსმეტიკური რძე ან ნებისმიერი მსგავსი საშუალება მშრალი და მგრძნობიარე კანისთვის. კრემებს რაც შეეხება, უმჯობესია, გამოიყენოთ ყელისა და დეკოლტესთვის სპეციალურად განკუთვნილი პროდუქცია, რომელთა შემადგენლობაში შედის: კოლაგენი, ელასტინი, პროტეინები, ზღვის წყალმცენარეების ექსტრაქტები და სხვა კომპონენტები, რომლებიც უნარჩუნებს კანს სიმკვრივეს და აქვს აღმდგენი ზემოქმედება. კანზე ეგრეთ წოდებული „ნაპრალების” – სტრიების გაჩენისგან თავის დაზღვევა შესაძლებელია ნატურალური ზეთებითა და ამინომჟავებით, რაც კანს ელასტიკურობას უნარჩუნებს.
თუ ხელთ არ გაქვთ სპეციალური კრემი ყელისა და დეკოლტესთვის, არ ინერვიულოთ – შეგიძლიათ, გამოიყენოთ მშრალი სახის კანის მკვებავი. მთავარია, ის შეესაბამებოდეს თქვენს ასაკს, ანუ, რაც უფრო ასაკოვანია ქალი, მით მეტი აქტიური ინგრედიენტისგან (ვიტამინების, ანტიოქსიდანტების, ნატურალური ზეთებისა და სხვა) უნდა შედგებოდეს. 40-45 წლის ასაკის ზემოთ იდეალურია კრემები ლიფტინგ-კომპონენტების (მაგალითად, ალერგენის), მცენარეული ზეთების (ავოკადოს, ჟოჟობას, ყურძნის წიპწებისა და სხვა) და ფიტოესტროგენების შემადგენლობით, რომლებიც აფერხებენ კანის დაბერებას.
ყელისა და დეკოლტეს კანისთვის აუცილებელია ყოველკვირეული პილინგი, რისთვისაც ტანისთვის განკუთვნილი სკრაბი არ გამოგადგებათ, რადგან მისი მსხვილი ნამცეცები ყელისა და დეკოლტეს ნაზ კანს დაგიზიანებთ. ამიტომ, უნდა გაიკეთოთ რბილი ენზიმური პილინგები, რაც მოახდენს კანის მსუბუქ აქერცვლას ხილის მჟავებისა და მცენარეული ექსტრაქტ-ენზიმების (მაგალითად, ბრომელაინის ან პაპაინის) ხარჯზე. ასეთი საშუალებების წასმა სასურველია საღამოს, მაკიაჟის მოხსნისა და სახის გაწმენდის შემდეგ. თუ ამ ფორმით რეგულარულად „გაათავისუფლებთ” კანს ეგრეთ წოდებული „მკვდარი” უჯრედებისგან, კანი უკეთ შეითვისებს აქტიურ კომპონენტებს, რომლებიც შედის კოსმეტიკურ საშუალებებში. 30-35 წლის ასაკის შემდეგ, სასურველია, ასეთი ნიღბები გაიკეთოთ კვირაში 1-2-ჯერ, რისთვისაც შეგიძლიათ გამოიყენოთ ის პროდუქტები, რომლებიც სამზარეულოში მოგეპოვებათ.
გთავაზობთ ყველაზე მარტივ რეცეპტს: წყლის აბაზანაზე შეათბეთ 2 სადილის კოვზი თაფლი (თუ, რა თქმა უნდა, თაფლზე ალერგია არ გაქვთ), ჩაამატეთ 2 სადილის კოვზი ზეითუნის ზეთი და 2 კვერცხის გული და კარგად აზილეთ. თაფლის ნაცვლად შეიძლება გამოიყენოთ ხაჭო ან არაჟანი, რაც მათეთრებელი ეფექტითაც გამოირჩევა.
კარგი მკვებავ-დამარბილებელი ნიღბის მომზადებაა შესაძლებელი ბანანისა და ზეითუნის ზეთისგან: გახეხეთ 1 ცალი ბანანი და მიღებულ ფაფას დაუმატეთ 1 სადილის კოვზი ზეითუნის ზეთი. წაისვით ყელსა და დეკოლტეზე. ჩამოიბანეთ 20-30 წუთის შემდეგ, გრილი წყლით.
ასაკოვან ქალბატონებს ვურჩევთ საკმაოდ ეფექტურ საშუალებას: 3-4 ფენა დოლბანდის მოზრდილი ნაჭერი დაასველეთ ზეითუნის ან ყურძნის წიპწების ზეთით, ოდნავ გაწურეთ, დაადეთ ზემოდან კომპრესის ქაღალდი (ან ჩვეულებრივი რვეულის ფურცელი) დაიფინეთ ყელსა და დეკოლტეზე დოლბანდის მხრიდან და დაიფიქსირეთ ბინტით ან რაიმე ნაჭრით. გაიჩერეთ 20-25 წუთით. კომპრესის მოხსნის შემდეგ არ ჩამოიბანოთ, გაიწმინდეთ მშრალი ბამბის ტამპონით.