ექიმის რჩევები
კითხვა: გთხოვთ ამიხსნათ, რომელ ხელზეა უმჯობესი წნევის გაზომვა?
პასუხი: წნევის ზუსტი მაჩვენებელი მიიღება მარცხენა ხელზე გაზომვისას. მარჯვენაზე წნევა ხუთი-ათი ერთეულით განსხვავებულია ხოლმე. სწორად გაზომვისთვის ხელი უნდა მოათავსოთ გულის სიმაღლეზე.
კითხვა: 3 წელია ყოველ ზაფხულს ტანზე ძირმაგარები მიჩნდება. გთხოვთ მიპასუხოთ, როგორ ვიმკურნალო და ვის მივმართო, ან რითია ეს გამოწვეული?
პასუხი: როდესაც ადამიანს ხშირად უვითარდება კანის ჩირქოვანი პროცესები, ეს მისი იმუნიტეტის დასუსტებაზე მეტყველებს. გირჩევთ, უპირველესად აიღოთ სისხლის ანალიზი შაქარზე, რადგან კანის დაჩირქებები, შეუხორცებელი ჭრილობები დიაბეტის ერთ-ერთი გართულებაა. თუ შაქარი ნორმაშია, იზრუნეთ იმუნიტეტის აღდგენაზე, ჩაიტარეთ ვიტამინოთერაპიისა და იმუნოსტიმულატორებით მკურნალობის კურსი. ზაფხულში განსაკუთრებით იზრუნეთ კანის სისუფთავეზე, რადგან ოფლი კარგი ნიადაგია ბაქტერიების გამრავლებისთვის.
კითხვა: არსებობს უამრავი წამალი გრიპის დროს, ნახველის ამოსაღებად, მის გასათხელებლად. მაგრამ, გთხოვთ, მაცნობოთ, თუ არის რაიმე წამალი, რომელიც არ მისცემს ყელს ნახველის გამოყოფის საშუალებას?
პასუხი: როგორც ჩანს, თქვენ საუბრობთ ხახა-სასის ლორწოვანი გარსის ანთებაზე, რომელიც ვირუსული ინფექციის ფონზე ვითარდება. დაავადების საწყის ეტაპზე საჭიროა ლორწოს სეკრეციის სტიმულირება, მისი გათხიერება, რათა ადამიანმა ადვილად შეძლოს გამოყოფილი ნახველის ამოღება. ლორწოს გამოყოფა ანთების ერთ-ერთი კომპონენტია და იგი გაგრძელდება მანამ, ვიდრე ანთება გექნებათ.
კითხვა: ჩემს შვილიშვილს ჰყავს წვრილი ჭია, რომელიც ძალიან აწუხებს. ჩავუტარეთ მკურნალობა ვერმოქსით, მაგრამ უშედეგო აღმოჩნდა. გთხოვთ, შეგვატყობინოთ, რა წამალი განკურნავს?
პასუხი: თქვენ, ალბათ, ენტერობიოზს გულისხმობთ, რაც მართლაც შემაწუხებელია ადამიანისთვის. ვერმოქსით მკურნალობა ვერავითარ შედეგს ვერ მოგცემთ, თუ არ დაიცავთ შესაბამის ჰიგიენურ ნორმებს. ბავშვს ყოველ დილა-საღამოს უნდა უცვალოთ საცვლები და საპნით დაბანოთ უკანა გასავლის არე. რაც ყველაზე აუცილებელია, დღის განმავლობაში, განსაკუთრებით ჭამის წინ, ხელები დაბანეთ საპნით. ვერმოქსის ერთი კურსის შემდეგ, ორ-ორი კვირის შუალედით, კიდევ ორჯერაა საჭირო მისი მიღება რეინვაზიის თავიდან ასაცილებლად.
კითხვა: მქონდა ძლიერი სისუსტე, ყურებში შუილი, ენა მეწვოდა. დამისვეს B12 – დეფიციტური ანემიის დიაგნოზი. ვსვამდი რკინას, ვიკეთებდი B12 ვიტამინის ნემსებს. მდგომარეობა გამიუმჯობესდა, მაგრამ როგორც კი მკურნალობა შევწყვიტე, ჰემოგლობინი ისევ დამიქვეითდა. მაინტერესებს, რამდენ ხანს უნდა გრძელდებოდეს მკურნალობის კურსი?
პასუხი: B12 – დეფიციტური ანემია ქრონიკული დაავადებაა და მას მართლაც ხანგრძლივი მკურნალობა სჭირდება. მას შემდეგ, რაც ჰემოგლობინის მაჩვენებელი მოწესრიგდება, საჭიროა, გარკვეული პერიოდულობით გაკეთდეს B12 ვიტამინის ინიექცია. პერიოდების ხანგრძლივობას, სისხლის ანალიზის შესაბამისად, ექიმი დაადგენს.
კითხვა: ხშირად მიჩნდება მეჭეჭი. ვის შეიძლება მივმართო და რითი ვიმკურნალო?
პასუხი: მეჭეჭი კანის ვირუსული დაავადებაა, ამიტომ მის სამკურნალოდ უნდა მიმართოთ დერმატოლოგს.
კითხვა: როგორ ვებრძოლო სტომატიტს? არსებობს თუ არა ისეთი საშუალება, რომელიც ამ დაავადებისგან სამუდამოდ გამათავისუფლებს?
პასუხი: სტომატიტი ხშირად კუჭ-ნაწლავის ან ალერგიული დაავადების გამოვლინებაა. ამიტომ, მის სამკურნალოდ უნდა მიმართოთ ზოგად თერაპევტს ან გასტროენტეროლოგსა და ალერგოლოგს. ადგილობრივად, მდგომარეობის შესამსუბუქებლად, შეგიძლიათ გამოიყენოთ ხოლისალის მალამო – წაისვით დაზიანებულ უბანზე დღეში 4-ჯერ.
კითხვა: მაქვს ჭარბთმიანობა ტანზე. რით შეიძლება მოშორება სახლის პირობებში? რომელი ფირმის „ლიპუჩკას” მირჩევდით?
პასუხი: გირჩევთ მიმართოთ გინეკოლოგ-ენდოკრინოლოგს. უნდა გაირკვეს ეს თმიანობა გამოწვეული ხომ არ არის ჰორმონული დისბალანსით – ქალის სასქესო ჰორმონის ნაკლებობით ან მამაკაცის სასქესო ჰორმონის სიჭარბით. ამ შემთხვევაში უნდა დაინიშნოს ჰორმონული თერაპია. რაც შეეხება თმის მოსაშორებელ „ლიპუჩკას”, ის შეგიძლიათ შეიძინოთ კოსმეტიკურ სალონშიც, აფთიაქშიც.
რუბრიკას უძღვება ოჯახის ექიმი
კახა ჯანაშია