კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რატომ არის საშიში გაუწყლოვნება და რა შედეგი შეიძლება, გამოიწვიოს ამ შემთხვევაში თვითმკურნალობამ



სოფო ჯიქურაშვილი



ზაფხულში ტრადიციულად იზრდება ნაწლავური ინფექციით დაავადებულ პაციენტთა რიცხვი, რაც გამოწვეულია სხვადასხვა მიზეზებით და ამ დროს სიცხე ხელს უწყობს დაავადების გამომწვევი ბაქტერიების გამრავლებას. როგორ უნდა დაიცვან მშობლებმა შვილები დიარეისგან და როგორ უნდა ჩატარდეს მკურნალობა, გვესაუბრება ინფექციური პათოლოგიის ცენტრის ნაწლავთა ინფექციების განყოფილების გამგე თემურ ქველიძე.



თემურ ქველიძე: საქართველოში 5 წლამდე ასაკის ბავშვებში და მოზარდებში დიარეა (ნაწლავთა ინფექცია) მეორე ადგილზეა პნევმონიის შემდეგ და საერთო მონაცემთა 9 პროცენტს შეადგენს. დიარეის რისკ-ფაქტორებს მიეკუთვნება ოჯახის დაბალი სანიტარულ-ჰიგიენური კულტურა, ხელოვნური კვება, ბავშვის არასათანადო მოვლის პირობები, საკვების გამზადებისა და შენახვის წესების დარღვევა, არარაციონალური კვება, იმუნოდეფიციტური მდგომარეობა, ანტიბიოტიკების არარაციონალური გამოყენება, A ვიტამინისა და თუთიის დეფიციტი. დიარეის გამომწვევი ინფექციური აგენტის გადაცემა ძირითადად ფეკალურ-ორალური გზით ხდება. ინფექციის წყარო შეიძლება იყოს დაბინძურებული წყალი, ხელები, საკვები და საგნები. ზაფხულში კი უფრო ხშირია დიარეული დაავადებები, რადგან ამ პერიოდში ოპტიმალური პირობებია პათოლოგიური ბაქტერიების გამრავლებისთვის.

– როგორ უნდა მოიქცეს მშობელი, რომ ბავშვი დიარეით არ დაავადდეს?

– ამ დროს მშობელი უნდა იყოს ყურადღებით. არ მისცეს გაურეცხავი ხილი, დაბინძურებული ნივთი. დაბანოს ბავშვს ხელები ჭამის წინ, რადგან ბინძური ხელებით ჭამა დიარეის წინაპირობაა.

– არის შემთხვევები, როცა მშობელი ყველა პირობას იცავს, რომ დაავადება არ შეხვდეს მის შვილს, მაგრამ რა ქნას, როდესაც ბავშვს უწევს დაბინძურებული წყლის დალევა?

– ეს უფრო ხშირად აგარაკებზე ხდება, მაშინ, როდესაც წყალმომარაგება არის გრაფიკით, ან წყალია თვითონ დაბინძურებული. ეს იწვევს ნაწლავურ ინფექციას. ამ დროს მშობელმა ბავშვს აუცილებლად უნდა მისცეს სითხე, ოღონდ არა ერთიანად დიდი რაოდენობით, 10-10 წუთის ინტერვალით, რომ ღებინება არ გამოიწვიოს. დაავადების დროს ბავშვს ეწყება ფაღარათი, კარგავს ბევრ სითხეს და აუცილებლად უნდა მოხდეს მისი აღდგენა. ანტიბიოტიკის მიცემა არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება, რადგან ბაქტერია მაინც განაგრძობს გამრავლებას და ანტიბიოტიკის მიღებით უფრო მძიმდება სიტუაცია. ამ დროს, აუცილებელია, ავადმყოფის სტაციონარში გადაყვანა. არის შემთხვევები, როდესაც მშობლები უჯერებენ არაკომპეტენტურ პირს და არ მიჰყავთ ბავშვი ექიმთან. ასმევენ ბავშვს ისეთ ნივთიერებას, რომელიც იწვევს ფაღარათის შეწყვეტას. ეს არ შეიძლება, რადგან ბავშვს როდესაც ბაქტერია უკვე ჩაყლაპული აქვს, ის განაგრძობს გამრავლებას და ასეთმა დაუდევრობამ შეიძლება პატარა სავალალო შედეგამდე მიიყვანოს. ადამიანის ორგანიზმს აქვს უნარი მოიცილოს ბაქტერია ფაღარათის მეშვეობით.

– ამ დროს, ალბათ, აუცილებელია დიეტის დაცვა?

– თუ ბავშვი ხელოვნურ კვებაზეა, სასურველია, მიეცეს ულაქტოზო ფაფები. ბავშვს უნდა მიეცეს 100-200 მილილიტრი სუფთა წყალი. საკვების რაციონიდან ამოღებულ უნდა იქნეს ხილის კონცენტრირებული წვენები, უალკოჰოლო სასმელები. თუ დიარეა მიმდინარეობს გაუწყლოვნების გარეშე, დედის კონსულტირება შეიძლება მოხდეს ბინაზე, რაც გულისხმობს ჩვეულებრივი სითხეების მიღებას და კვების გაგრძელებას. სითხეები ბავშვმა უნდა მიიღოს გარკვეული ინტერვალით, ხოლო თუ ბავშვი ბუნებრივ კვებაზეა, რეჰიდრაციის დროს კვება გაგრძელდეს ჩვეულ რეჟიმში.

– ექიმთან კონსულტაციის გარეშე თვითმკურნალობამ რა შედეგი შეიძლება გამოიწვიოს?

– თვითმკურნალობა არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება. დაუდევრობამ შეიძლება, გამოიწვიოს გაუწყლოვნება და ამის გამო შეიძლება ბავშვი დაიღუპოს. მაშინ, როდესაც პატარას აქვს ღებინება და ფაღარათი, რაიმე მედიკამენტის ან ხსნარის მიცემა არ შეიძლება, იმიტომ, რომ 4-5 ღებინების შემდეგ უცებ ვითარდება გაუწყლოვნება და თუ არ მოხდა დაკარგული სითხის აღდგენა, უკვე რთულია ბავშვის მდგომარეობიდან გამოყვანა, საავადმყოფოშიც კი. ამან, ადვილი შესაძლებელია, გამოიწვიოს ბავშვის დაღუპვაც.

– დიარეის დროს როგორია მისი კლინიკური ნიშნები?

– ნაწლავთა ინფექციის დროს კლინიკური სურათი მრავალფეროვანია. განსაკუთრებით საყურადღებოა გაუწყლოვნების ნიშნები: ღებინება, ინტოქსიკაციის მოვლენები – ცხელება, მუცლის შებერვა, ცუდი სუნის განავალი, მუცლის ტკივილი. გაუწყლოვნება ანუ დეჰიდრაცია დიარეით განპირობებული სიკვდილიანობის ძირითადი მიზეზია. აქედან გამომდინარე, დიდი მნიშვნელობა ენიჭება გაუწყლოვნების ხარისხის ზუსტ შეფასებას. ზომიერი გაუწყლოვნების შემთხვევაში, ავადმყოფს აწუხებს წყურვილი, კანის ელასტიკურობის დაქვეითება, ლორწოვანი გარსის სიმშრალე, თვალების ჩაცვენა, ტირილის დროს ცრემლის გაქრობა, შარდვის რაოდენობის მკვეთრი შემცირება. ამ პერიოდში აუცილებელია ბავშვის სტაციონარში მკურნალობა, რათა არ განვითარდეს შოკი და ამას სავალალო შედეგი არ მოჰყვეს.

– ზაფხული აქტიური დასვენების პერიოდია. როგორ დაიცვან მშობლებმა შვილები ნაწლავური ინფექციისგან?

– ისევ და ისევ სანიტარულ-ჰიგიენური პირობების დაცვით. ეს არის სრული პრევენცია იმისთვის, რომ არ განვითარდეს ნაწლავური ინფექცია, მაგრამ მშობელმა რა უნდა ქნას, როდესაც ის იცავს ყველა მოთხოვნას და წყალია დაბინძურებული. ეს უკვე მათზე არ არის დამოკიდებული. ასეთი პრობლემები ძირითადად აგარაკებზეა. წყლის დაბინძურების ხშირი შემთხვევები იყო ბორჯომში, თუმცა, შარშან უკვე იკლო. ზაფხულში თავი აარიდონ კრემიანი ნამცხვრის მიღებას. მასში არის ბევრი სტაფილოკოკური ინფექციის ბაქტერია.

– რა ტიპის ინფექციებია ბავშვებში გავრცელებული?

– ძალიან რთულია ამის თქმა, რადგან უამრავი ბაქტერია არსებობს, რომელიც იწვევს ნაწლავურ ინფექციას. ამიტომ, ვამბობ, რომ არ შეიძლება თავიდანვე ანტიბიოტიკის მიცემა, მაშინაც კი, როდესაც ბავშვს სიცხე აქვს. მშობელმა ხომ არ იცის, რამ გამოიწვია ინფექცია? ამიტომ, აუცილებელია, ბავშვის სტაციონარში გადაყვანა, რომ ექიმებმა გაარკვიონ, რომელმა ბაქტერიამ გამოიწვია ინფექცია და პატარას სათანადო მკურნალობა დაუნიშნონ.

– ზაფხულის პერიოდია და ხომ არ იმატა პაციენტების რიცხვმა?

– როგორც ყოველთვის. არც მეტი და არც ნაკლები. პაციენტების მატებას უფრო ველოდებით აგვისტოს ბოლოს. მაშინ, როდესაც ხალხი აგარაკებიდან ბრუნდება. ამ დროს უფრო იმატებს პაციენტთა რიცხვი.


скачать dle 11.3