რაში არიან მამაკაცები ქალებზე უკეთესები და ვის გაუწევდა ბიჭოლა გიჟურ კონკურენციას
ქალების მესაიდუმლე რომ არის, მისი დიდი და სწრაფი წარმატებაც ამან განაპირობა. არავისთვის არის დასამალი, რომ ყველა დიზაინერი თავის ზეაღსვლას სწორედ სუსტი სქესის წარმომადგენლებს უნდა უმადლოდეს, თორემ, მამაკაცებს ტანსაცმელი ზუსტად იმ დოზით აღელვებთ, რა „დოზითაც“ ადამს ლეღვის ფოთლის ფორმა და ფერი აღელვებდა სამოთხეში... და მაინც, მიუხედავად ამისა, მსოფლიოში ყველა სახელგანთქმული დიზაინერი – მამაკაცია. მოდი და ნუ გაოცდები! თუმცა, ჩვენს რესპონდენტს ბიჭოლა თეთრაძეს, ეს სულაც არ უკვირს და მიაჩნია, რომ ეს ბუნებრივია და კანონზომიერი
ბიჭოლა თეთრაძე: ქალების ენის სწავლა არც ისე ძნელია. თუ მოინდომებ, აუცილებლად გაიგებ, ქალებს რა უნდათ, მაგრამ, ქართველ მამაკაცებს, რატომღაც, ჯერ მაინც უჭირთ. სიმართლე გითხრა, არ ვიცი ეს რისი ბრალია.
– ანუ, იმის თქმა გინდა, რომ ქართველი კაცები ნაკლებად ცდილობენ, ქალს გაუგონ?
– დიახ, სწორედ რომ ნაკლებად ცდილობენ. ზოგჯერ კი საერთოდ არ ცდილობენ. (იცინის) თბილისში ურთიერთობები ცოტა განსხვავებულია, ქალებიც და კაცებიც ცოტათი შებოჭილები არიან. ურთიერთობა კი მაშინ გამოდის კარგად, როცა თავისუფალი ხარ. შეიძლება, ეს ქალების ბრალია. ძალიან სერიოზულად არ მიფიქრია ამაზე. თუმცა, მე მგონია, რომ ჯერ კიდევ არსებობს მენტალური პრობლემები და რაღაც ჩარჩოებში ვართ მოქცეული.
– აქ კიდევ ვინმეს აქვს მენტალური პრობლემები?
– როგორ არა, რამდენსაც გინდა, სრულ თავისუფლებამდე ჯერ კიდევ ძალიან ბევრი გვიკლია. ქალებსაც აქვთ საკმარისი კომპლექსები და კაცებსაც.
– მამაკაცი რომ ხარ, უკვე გაქვს რაღაც უპირატესობა.
– მეც ასე ვფიქრობ და მიხარია, რომ კაცად დავიბადე. ჩემი ცხოვრება ძალიან მომწონს, ძალიან კარგია (იცინის), არანაირად არ მინდა, რომ სხვანაირი ყოფილიყო. ჯერ ერთი, მაღალ ქუსლებზე ვერ ვივლიდი ვერაფრით; კიდევ – შვილს ვერ გავაჩენდი. საშინლად არ მიყვარს და მეზარება ჭურჭლის რეცხვაც... მგონი, საკმარისი მიზეზები ჩამოვთვალე იმისთვის, რომ ქალობა არ მომინდეს. ძალიან ბევრი რამეა ისეთი, რასაც ქალები აკეთებთ და მე არ მომწონს, მაგალითად, სახლის დალაგება-დასუფთავება, დაუთოება...
– ეპილაცია...
– ეპილაციაზე რა მოგახსენოთ, ამას კაცებიც ვიკეთებთ – არის სხეულზე რაღაც ადგილები, სადაც ეს საჭიროა. მაგრამ ქალებს რომ კაცებზე მეტი პრობლემა და საზრუნავი აქვთ, ფაქტია. კაცად ყოფნა უფრო მარტივია, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ დაუბანელმა და მოუწესრიგებელმა უნდა იაროს. კაციც უნდა უვლიდეს თავს, თუმცა, ვერ შეედრება იმ საზრუნავს, რაც ქალს აქვს. ქალი სულ ფორმაში უნდა იყოს. სახლშიც და გარეთაც, კაცს კიდევ ეპატიება რაღაც-რაღაცეები.
– მაგალითად, ღიპი და ზედმეტი წონა.
– (იცინის) ცოტა გამოსწორდა სიტუაცია ამ მხრივ – ქართველი მამაკაცები აშკარად გაევროპელდნენ და ღიპი აღარ მოსწონთ. მეტ ყურადღებას აქცევენ საკუთარ გარეგნობას.
– რას ურჩევ ქალებს, როგორი მამაკაცი არ უნდა მოეწონოთ?
– ზარმაცი და უყურადღებო, პასუხისმგებლობაზე აღარ არის ლაპარაკი. კაცებს ოჯახები ჰყავთ სარჩენი, თუმცა, დღეს გენდერული თანასწორობა უფრო თვალშისაცემი გახდა. ქალიც მუშაობს და ოჯახის რჩენა, ხშირად მამაკაცზე კარგად შეუძლია.
– მამაკაცმაც, მიაჩეჩა თავისი საკეთებელი და არის არხეინად.
– არა. რატომ? მე ასე არ ვფიქრობ, ამიტომაც გითხარი, კაცს პასუხისმგებლობა უნდა ჰქონდეს-მეთქი. ძალიან ბევრს მუშაობენ კაცებიც.
– შენი ბიზნესი ქალისთვის უფრო მომგებიანია, თუ კაცისთვის?
– კაცისთვის, რა თქმა უნდა. თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ კაცები უფრო დიდ წარმატებას აღწევენ ხოლმე მოდის სფეროში. მთელ მსოფლიოში ყველაზე წარმატებული და დიდი დიზაინერები სწორედ კაცები არიან და ამაში არაფერია გასაკვირი – კაცმა ყველაზე კარგად იცის, როგორ ჩააცვას ქალს.
– ანუ, ქალის ჩაცმულობაში კაცი უფრო გემოვნებიანია?
– აუცილებლად, ამას ლაპარაკიც არ უნდა. ცხადია, ყველა კაცს არ ვგულისხმობ, მაგრამ, ხომ ფაქტია, რომ მოდის სფეროში მამაკაცების წარმატება აშკარაა და თვალშისაცემი. კი, ძალიან წარმატებული ქალი დიზაინერებიც არიან, მაგრამ კაცები აშკარად სჯობნიან. ათ კაც დიზაინერზე ხომ მოდის ერთი ქალი დიზაინერი, იმ ერთსაც კაცები სჯობნიან (იცინის). აქვს კაცს ჩაცმაში გემოვნება ქალზე მეტი და რა ვქნათ ახლა! ქალი კლიენტების ჭირვეულობებსაც უფრო კარგად იტანენ. მაგრამ, მინდა გითხრა, რომ ჭირვეულობას რაც შეეხება, კაცები ქალებზე გაცილებით ჭირვეულები არიან. კი, ბატონო და, ძალიან უჭირთ, მიიღონ რაღაც სიახლე. ისეთი პრეტენზიულები არიან, გაოცდები, ქალს არც შევადარებ. ქალი უფრო მოგყვება და გიჯერებს.
– ამბობენ, რომ დიზაინერები ქალების მესაიდუმლეები არიან.
– დიახ, რაღაც-რაღაცეებს მიყვებიან. ძირითადად თავიანთი პრობლემების შესახებ – ეს აქვს ქალს და მეც უნდა მოვისმინო.
– მოისმინო ისტორიები მათი ცხოვრების შესახებ?
– ასეა. ძალიან ბევრი საიდუმლო ვიცი (იცინის), მართლა ძალიან ბევრი. რომ მოვინდომო და ყვითელი გაზეთი გამოვცე, ყველას ჩავძირავ. „პრაიმ ტაიმიც“ დაიხურება (იცინის). რა ტირაჟი მექნება?! აბა!.. მაგრამ, მე ერთგულად ვინახავ ამ საიდუმლოებებს. ჯერ ერთი, ისინი ჩემი მეგობრები არიან და მეგობრების ღალატი არ შეიძლება. თანაც, ჩემი პროფესიის წარმატების საიდუმლოც, გარკვეულწილად, ამ საიდუმლოებების შენახვაშია.
– რატომ დაუჯერა ადამმა ევას, შენ როგორ ფიქრობ?
– მაგ საქმეში მთლიანად ევაა დამნაშავე (იცინის). ადამმა კი დაუჯერა მას, მაგრამ, ეტყობა სხვა გამოსავალი არ ჰქონდა. რა ექნა საწყალს. კაცის შემცდენელი და გამწირველი ყოველთვის ქალია (იცინის).
– არ უნდა ეყოს კაცს ჭკუა, რომ ყველაფერი არ დაუჯეროს ქალს?
– არ ჰყოფნის და რა ქნას!
– ყველა წარმატებული კაცის უკან ჭკვიანი ქალი დგასო...
– არა, არ არის ასე. სულაც არაა საჭირო, რომ კაცს ძალიან ჭკვიანი ცოლი ჰყავდეს. სულელი ცოლები ჰყავთ, მაგრამ, მაინც ძალიან წარმატებულები არიან – მე ვიცნობ ასეთ კაცებს, თანაც, ძალიან ბევრს. ასე, რომ, კაცის წარმატებას მისი ცოლის ჭკუა არ განსაზღვრავს.
– ანუ, მართალია, რომ კაცებს მოსწონთ ლამაზი და სულელი ქალები?
– მართალია. მოსწონთ და იტანენ კიდეც, მათი სილამაზის გამო. ძალიან ბევრ რამესაც ჰპატიობენ.
– შენ თვითონ რას აპატიებ საყვარელ ადამიანს?
– ძალიან ბევრ რამეს, იმიტომ, რომ ბუნებით შემწყნარებელი ადამიანი ვარ. მაგრამ ღალატს არავის არ ვაპატიებ – არც მეგობარს, არც საყვარელ ადამიანს და არც არავის.
– კაცებს რატომ ჰპატიობენ ხოლმე ღალატს უფრო ადვილად, ვიდრე ქალს?
– ეს მენტალურია, თორემ, ევროპაში ქალსა და კაცს ღალატზე პასუხი ერთნაირად მოეთხოვებათ. მე არ ვაპატიებ.
– თუ ძალიან გიყვარს და თუ გულწრფელად მოინანია?
– ის კიდევ გაიმეორებს ამას. ღალატმა შეჩვევა იცის.
– არიან კაცები, რომლებიც ამას ცოლებს ჰპატიობენ.
– მართლა? აქ, საქართველოში? მე არ ვიცნობ ასეთ კაცებს, მართლა. არა, შეიძლება, ვიცნობ, მაგრამ ამის შესახებ არაფერი ვიცი. რატომღაც მეგონა, რომ ქართველი კაცი ცემაში ამოხდის ცოლს სულს, ასეთი რამე რომ შეამჩნიოს-მეთქი (იცინის).
– რა ცუდი წარმოდგენის ყოფილხარ ქართველ კაცებზე!
– (იცინის) არ არის ასე? კარგია. აბა, მაშინ ძალიან წინ წავსულვართ. მე მამაკაცს ვურჩევ, მოუსმინონ ქალებს და ზოგჯერ დაუჯერონ. იყვნენ თავაზიანები და ყურადღებიანები, ხელგაშლილი კი ქართველი კაცი ისედაც არის.