კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ინტიმური საუბრები


დასთან შერიგება მინდა

გადავწყვიტე, ჩემს დასთან შესარიგებლად თქვენი რუბრიკა გამოვიყენო. ამიტომ, ძალიან გთხოვთ, ეს წერილი დამიბეჭდოთ.

სამწუხაროდ, ყველაფრის სამზეოზე გამოტანა მომიწევს...

მე და ჩემი და სამაგალითო ოჯახში ვიზრდებოდით. ორივემ წარმატებით ჩავაბარეთ ფილოლოგიის ფაკულტეტზე. რამდენიმე წელი ვმუშაობდით ბაგა-ბაღში, მაგრამ მერე ბაღი დაიხურა და უმუშევრები დავრჩით.

რამდენიმე წლით ადრე მშობლებმა მიწის ნაკვეთი დაგვიტოვეს, მაგრამ, გაუგებრობის გამო ვერ გავიყავით და წავკინკლავდით, მე კი სასამართლოში ვუჩივლე. ბოლოს ნაკვეთი გავყიდეთ და ფულიც თანაბრად გავინაწილეთ, მაგრამ ერთმანეთს დავემდურეთ.

ჩემი და ისე გათხოვდა, მის ქორწილშიც არ მივსულვარ, მე კი გაუთხოვარი დავრჩი – ეტყობა, ჩემი ბედიც ეს ყოფილა. ამჟამადაც მარტო ვცხოვრობ და თავს ცხობით ვირჩენ.

აღარ მინდა თავი შეგაწყინოთ და ამიტომ ბევრს აღარ გავაგრძელებ. მინდა, თქვენი ჟურნალის საშუალებით ვთხოვო ჩემს დას, შემირიგდეს. უკვე ასაკში შევდივართ და ერთმანეთის გვერდით ყოფნა გვჭირდება. თვითონ მორწმუნე და ღვთისმოშიში ქალი ვარ. მოძღვარმაც მირჩია, შეურიგდიო.

ვიცი, რომ ჩემი და „თბილისელების” მუდმივი მკითხველია და ჩემს წერილსაც აუცილებლად წაიკითხავს.

ძალიან ვნანობ, სასამართლოში რომ ვუჩივლე და ბოდიშს ვუხდი ამის გამო, ეს ნამდვილად არ უნდა გამეკეთებინა.

კიდევ ერთხელ ვთხოვ, შემირიგდეს, მოუთმენლად ველი მის ზარს ან მოსვლას.

მარინა, 47 წლის.



ჩემი გამოუცდელობის გამო ცხოვრება დამენგრა

მას შემდეგ, ოთხი წელი გავიდა, რაც ჩვენ ერთმანეთს დავშორდით.

მანამდე ცხოვრებას ვარდისფერი სათვალით ვუყურებდი, მაგრამ ახლა ყველაფერი პირიქითაა.

პირველი კლასიდან ვიზრდიდი თმას სკოლის ბანკეტისთვის. სკოლა რომ დავამთავრე, თმა კოჭებამდე მწვდებოდა. ისეთი ლამაზი ვიყავი, ყველა მე მიყურებდა.

სულ იმ დღეს ვწყევლი, თმის გაზრდა რომ დავიწყე – ამხელა თმის გარეშე ასეთი ლამაზი, ხომ არ ვიქნებოდი და ცხოვრებაშიც აღარ დავიტანჯებოდი ასე.

სკოლის დამთავრების შემდეგ კარგა ხანს ვგრძნობდი, რომ ვიღაც გამუდმებით მიყურებდა და თვალს არ მაშორებდა. ჩემი გარეგნობის გამო, მიჩვეული ვიყავი ბიჭებისგან ყურადღებას და არ გამკვირვებია. თან, გამოუცდელი ლაწირაკი ბავშვი ვიყავი, მომწონდა ეს ამბავი და მეც ბიჭებისკენ გამირბოდა თვალი.

არ ვიცი, როგორ, მაგრამ, ორი კვირის შემდეგ მან სახლში მომაკითხა და მითხრა, ჩემთან წამოდიო. კი ვუთხარი, ხომ არ გაგიჟდი-მეთქი, მაგრამ მაინც ჩავუჯექი მანქანაში, მან კი მომიტაცა. ვუთხარი, ხელი არ მახლო-მეთქი, მაგრამ ყურიც არ მათხოვა. მოკლედ, ჩვენ ერთად ვიწექით, თან, ისეთი სულელი აღმოვჩნდი, რომ თავიც არ დამიცავს, რასაც საკუთარ თავს ვერ ვპატიობ. უცებ მისმა ტელეფონმა დარეკა და ის გიჟივით გავარდა, მე კი მარტო დამტოვა. მოგვიანებით გაირკვა, რომ დედამისს ავტობუსი დასჯახებია და საავადმყოფოში წაუყვანიათ. მეც, დრო ვიხელთე, ტაქსი გავაჩერე და სახლში წავედი. მშობლებისთვის ცხადია, არაფერი მითქვამს.

ორი კვირის შემდეგ, დაქალის თხოვნით, ტესტი ჩავიტარე და აღმოჩნდა, რომ ორსულად ვიყავი. როცა ოჯახს ყველაფერი ავუხსენი, მამამ სახლიდან გამომაგდო და იძულებული გავხდი, იმ ბიჭს ცოლად გავყოლოდი. სხვათა შორის, სიამოვნებით მიმიღო და მასთან გადავედი საცხოვრებლად. სანამ ორსულად ვიყავი, თავს მევლებოდა, მაგრამ მერე ყველაფერი შეიცვალა. საქმე ისაა, რომ ჩემი ქმარი სამსახურიდან გამოუშვეს და მას შემდეგ, დაიწყო ჩვენ შორის დაკა-დაკა.

მალე ჩვენი ურთიერთობა კიდევ უფრო გაუარესდა, რადგან ის გალოთდა და ჯავრს ჩემზე იყრიდა – ხშირად მლანძღავდა და მცემდა. ერთ დღეს ამ ყველაფერს ჩვენი მეზობელი, ქალბატონი ნელი შეესწრო. მას შევეცოდე და, რადგან თვითონ ვერ დამიცავდა, იფიქრა, პატრულში დავრეკავო. მობილურს რომ დაუწყო ძებნა, ჩემმა ქმარმა ხელი ჰკრა, ქალბატონი ნელი წაიქცა და მძიმე ფორმის ტვინის შერყევა მიიღო. მაგრამ, როგორც კი გამოკეთდა, ჩემს ქმარს უჩივლა და დააჭერინა.

ამჟამად, ბავშვთან ერთად ვცხოვრობ სოფელ დიღომში, საშინელ პირობებში, მაგრამ იმაზე უკეთესად მაინც ვარ, ვიდრე ქმართან ცხოვრების პერიოდში ვიყავი.

ანა, 20 წლის.



ვნანობ, ძმისშვილს ჩემთან ცხოვრების უფლება რომ მივეცი

ვარ 67 წლის მარტოხელა, გაუთხოვარი ქალბატონი. ცხოვრებაში ბევრი მაქვს ნანახი, მაგრამ, მაინც არ ვიცი, ახლა როგორ მოვიქცე.

ყველაფერი იმით დაიწყო, რომ ჩემი ძმისშვილი გათხოვდა. მის მეუღლეს არც სახლი ჰქონდა, არც კარი, მაგრამ ერთმანეთი ძალიან უყვარდათ, წასასვლელი კი არსაც ჰქონდათ. ვიფიქრე, მაინც მარტო ვარ-მეთქი და შევთავაზე, ჩემთან ეცხოვრათ. სიამოვნებით დამთანხმდნენ (ან კი, რატომ უნდა ეთქვათ უარი?!)

ორი წლის შემდეგ გაუჩნდათ ორი ანგელოზივით გოგონა (ტყუპები), შემდეგ ბიჭი შეეძინათ, ბოლოს კი – ისევ გოგონა (შვიდთვიანი). მეხუთეს გაჩენაც უნდოდათ, მაგრამ, მე ვუთხარი, მეტი აღარ გინდათ, ვინც გყავთ, ამათ მიხედეთ-მეთქი. ამ სიტყვებზე ჩემი ძმისშვილი რაღაცნაირად შეიშმუშნა. მეორე დღეს კი ყური მოვკარი მისი და მისი ქმრის საუბარს, რამაც ძალიან მატკინა გული: ჩემმა ძმისშვილმა ქმარს უთხრა, ჩემზე, ეკლად გვესობაო.

არაფერი მითქვამს, მაგრამ ძალიან დამეწვა გული. სახლში შემოვუშვი, საკუთარი შვილივით მივიღე და, ვერ წარმოვიდგენდი, ასეთი უმადური თუ აღმოჩნდებოდა. მაგრამ, ეს კიდევ არაფერი.

დაახლოებით ოთხი წლის შემდეგ ჩემი სიძე ხანგრძლივ მივლინებაში გაუშვეს, ჩემი ძმისშვილი კი მარტო დარჩა. არსად არ მუშაობდა და ცხადია, ქმრისა და ჩემს კისერზე იყო.

ერთხელაც, ბავშვები წავიყვანე ბაღში და იქიდან სამსახურში უნდა წავსულიყავი, მაგრამ, ტრანსპორტში რომ ავედი, გამახსენდა, რომ საფულე შინ დამრჩა და იძულებული გავხდი, დავბრუნებულიყავი. კარი ჩემი გასაღებით გავაღე, ჩემს ოთახში შევედი, რომ საფულე ამეღო, მაგრამ, ჩემი ძმისშვილის საძინებლიდან რაღაც უცნაური ხმები შემომესმა. გული გამისკდა, ვიფიქრე, ცუდად ხომ არ გახდა-მეთქი, მის ოთახში შევვარდი და რას ვხედავ – ვიღაც უცხო კაცი არ უწევს ლოგინში?! ისე შემრცხვა, არ ვიცოდი, სად წავსულიყავი, ძლივს გამოვაგენი გზას იქიდან. იმ კაცმა მაშინვე მოკურცხლა, ნანამ კი ბოდიშების მოხდა დაიწყო. მე შევარცხვინე, რაღა აღარ ვუთხარი, მაგრამ, რა აზრი ჰქონდა.

თქვენ წარმოიდგინეთ, არც ამით დამთავრებულა ყველაფერი. საქმე ისაა, რომ ნანას ქმარიც კარგი ნაძირალა აღმოჩნდა. წესით, ოთხ წელიწადში უნდა ჩამოსულიყო, მაგრამ, უკვე შვიდი წელია, არ ჩანს – არც ჩამოდის, არც რეკავს და არც არაფერს უგზავნის თავის ცოლ-შვილს და, ფაქტობრივად, ამხელა ოჯახი მთლიანად ჩემს კისერზეა. ნანა მუშაობის დაწყებაზე არც კი ფიქრობს, მე კი უკვე მოვხუცდი, აღარც ჯანმრთელობა მიწყობს ხელს, მალე, ალბათ, პენსიაზეც გამიშვებენ და მერე რა უნდა ვქნა, წარმოდგენა არ მაქვს. ან, რომც არ გამიშვან, ჩემი საცოდავი კაპიკებით ამდენი სული როგორ ვარჩინო?

საერთოდ, როცა სიკეთეს აკეთებ, არ უნდა ინანო, მაგრამ, გამოგიტყდებით და, ვნანობ, სახლში რომ შემოვუშვი. ეს რომ არ მექნა, იქნებ, თვითონ უფრო გაყოჩაღებულიყვნენ. ახლა კი, რა გამოვიდა? თან გადავყევი, დავასახლე, ვარჩენ, შვილების გაზრდაში ვეხმარები და, რამე რომ დამემართოს, ალბათ, არც კი მომხედავს.

ციცინო, 67 წლის.



ჩვენ მაინც ერთად ვიქნებით

თუ ამ წერილს დაბეჭდავთ, მადლობელი დაგრჩებით. უკვე დიდი ხანია, მე და ჩემს შეყვარებულს დაქორწინება გვინდა, მაგრამ მისი ოჯახის პრობლემების გამო ვერ ვახერხებთ. მის მშობლებს სულაც არ ადარდებთ თავიანთი შვილის ბედნიერება და მომავალი. როგორ შეიძლება, დედამ 9 თვე მუცლით ატაროს ბავშვი და მერე გვერდით აღარ დაუდგეს ცხოვრებაში ან, მამამ სიძულვილი აგრძნობინოს?! მით უმეტეს, რომ ფინანსურად არ უჭირთ. ნეტავი, რად გინდა ქონება, თუ შენი სისხლი და ხორცი უბედურია? წამია ეს ცხოვრება, ამიტომ, დათესე სიკეთე და იზრუნე შენიანზე. ვინ რა წაიღო იმქვეყნად ადამიანობის გარდა? ნორმალური ადამიანი შთამომავლებისთვის ცხოვრობს. ასეთი გულგრილობა და შვილების ერთმანეთისგან გარჩევა ჯერ არ მინახავს. ათი შვილიც რომ გყავდეს, ყველა ერთნაირად უნდა გიყვარდეს და ყველაზე ერთნაირად უნდა ზრუნავდე, სოსოს კი ძალიან უსამართლოდ ექცევიან მშობლები. მაგრამ, ადრე, თუ გვიან, ჩვენ მაინც ერთად ვიქნებით და დავანახვებთ, რომ ჩვენც ადამიანები ვართ და არა ზურგშესაქცევი ნადირები. ერთმანეთი უზომოდ გვიყვარს და ჩვენი სიყვარული ყველაფერს გაუძლებს – გაჭირვებასაც და უარყოფასაც, რადგან, არც ღმერთის იმედი დაგვიკარგავს და არც ადამიანების. მე სოსოს ყოველთვის გვერდით დავუდგები, რომ ვაგრძნობინო ის, რაც ოჯახისგან აკლდა. იმედია, ამას დაინახავენ მისი მშობლები და მიხვდებიან თავიანთ დანაშაულს, რადგან შვილის უარყოფა ცოდვაა, ცოდვა კი ბოლოს ყველას მოეკითხება.

თამთა, 25 წლის.



უცნობმა წყვილმა

კინაღამ ცხოვრება დამინგრია

სკოლა წელს დავამთავრე და ახლა მისაღებ გამოცდებს ვაბარებ. მიუხედავად ასეთი საგამოცდო ციებ-ცხელებისა და უდროობისა, მაინც გამოვნახე ნახევარი საათი, რომ ეს წერილი დამეწერა და თქვენთვის გამომეგზავნა, რადგან, ის, რაც ჩემს ცხოვრებაში ამ დღეებში მოხდა, ჯერჯერობით ვერავისთვის მითქვამს, რადგან თვითონაც ვერ გავერკვიე, სიტუაციაში, მაგრამ ვერც გულში ვიტევ და ამიტომ გადავწყვიტე მოწერა.

ჩემს მშობლებს სამი შვილი ჰყავთ, რომელთაგან უფროსი მე ვარ. მომდევნო და ექვსი წლითაა ჩემზე უმცროსი, ნაბოლარა ძმა კი – ცხრა წლით. ძალიან ბედნიერი ოჯახი გვაქვს, ყოველ შემთხვევაში, აქამდე ასე იყო. უფრო სწორად, ინგლისურის გამოცდამდე. გამოცდიდან ცოტა ადრე გამოვედი, რადგან მალე მოვრჩი ყველა საკითხს. გულშემატკივრები არ წამიყვანია, რადგან, ვერ ვიტან ამ სიცხეში თითო აბიტურიენტის ათი პატრონი რომ იხრუკება და გაფართოებული თვალებით, აჩქარებული გულით და აწითლებული, ოფლიანი სახით მას რომ ელოდება. ჩემებს ყველას ავუკრძალე წამოსვლა. ამხელა კაცს რაში მჭირდებოდა კუდის ამწევები. მოკლედ, დროზე ადრე გამოვედი და ხალხი შევათვალიერე, მაინტერესებდა, ჩემი მეგობრებიდანაც ხომ არ გამოვიდა ვინმე, ერთი-ორი ნაცნობიც ვნახე, ვიღაცეების გულშემატკივრად მოსული, ცოტა ხანს ველაპარაკე და პირდაპირ ავტობუსის გაჩერებისკენ წავედი, რომ სახლში დროზე მივსულიყავი, რადგან საშინლად ცხელოდა, თან, ძალიან დაღლილი ვიყავი და არაფრის თავი აღარ მქონდა. ავტობუსმა დაიგვიანა და, ის იყო, ტაქსი უნდა გამეჩერებინა, რომ ვიღაც უცნობი ქალი მომიახლოვდა და მთხოვა, შენთან საქმე გვაქვს და, თუ შეგიძლია, ხუთი წუთი დაგვითმეო. რა გნებავთ, ქალბატონო, თუ საკითხების სირთულე გაინტერესებთ, ზოგს გაუჭირდა და ზოგს არა-მეთქი. არა, შვილო, მე და ჩემს მეუღლეს სულ სხვა საქმე გვაქვს შენთანო, მითხრა და მოშორებით უხერხულად მდგარ კაცზე მიმითითა, მერე მთხოვა, ჩრდილში დავდგეთ, ხუთ წუთზე მეტს არ დაგაყოვნებო. სხვა რა გზა მქონდა, გავყევი. დავდექით მე და ეს ქალი ჩრდილში და ველოდები, როდის მეტყვის სათქმელს, ეს კი ხმას ვერ იღებს, დაბნეული ჭმუჭნის ცხვირსახოცს. მერე იმ კაცს მიუბრუნდა და დაუძახა, მოდი, შენც ამოიღე ხმაო. ის კაცი რაღაცნაირი უცნაური ლასლასით მოვიდა, გაშტერებული შემომცქეროდა სახეში და იმანაც ხმა ვერ ამოიღო. მერე ისევ ქალმა „იმარჯვა” და პირდაპირ მომახალა, ჩვენ შენი მშობლები ვართო. ყველაფერს მოველოდი, ამ სიტყვების გარდა. ჯერ ვიფიქრე, ალბათ, გიჟები არიან-მეთქი, მაგრამ, რომ დავაკვირდი, შეშლილებს ნამდვილად არ ჰგავდნენ.

მერე ვიფიქრე, ჩემს მშობლებს რამე შანტაჟს ხომ არ უწყობენ-მეთქი, მაგრამ, ეს აზრიც უარვყავი, რადგან, არც ისეთი მდიდარი დედ-მამა მყავდა და არც რაიმე განსაკუთრებული თანამდებობის პირები იყვნენ, რომ ვინმე ამაზე წასულიყო. თანაც, ეს ცოლ-ქმარი რაღაცნაირი მოსოფლელო გარეგნობის ხალხი იყო და თანაც, გამომძალველებსა და თაღლითებს არ ჰგავდნენ. ამიტომ, დავიბენი და აღარ ვიცოდი, რა მეფიქრა ან რა მეთქვა. ალბათ, ჯობდა, არაფერი მეპასუხა, მიმეტოვებინა და სახლში წავსულიყავი, მაგრამ, ხომ იცით, საერთოდ, ადამიანი როგორი მოყვარულია ინტრიგების, ჰოდა, მეც წამოვეგე და მცირეხნიანი გაოგნების შემდეგ სიცილით ვუთხარი: ვიღაცაში გეშლებით, ქალბატონო, მე ჩემი მშობლების შვილი ვარ და უმცროსი და-ძმაც მყავს-მეთქი. ამ სიტყვებზე იმ კაცმა ერთი ღრმად ჩაისუნთქა და მითხრა, იმათი კი არა, ჩვენი შვილი ხარ, იმათ კი გიშვილესო. მე არ ვიჯერებდი. მაშინ, ქალმა მითხრა, შენც აყვანილი ხარ და შენი და-ძმაც, ოღონდ, ისინი ერთმანეთისთვის მართლა და-ძმა არიან, შენმა გამზრდელებმა ისინიც იშვილეს, ერთმანეთს არ დააშორესო. არ დავიჯერე, მაგრამ მათმა სიტყვებმა მაინც საშინლად იმოქმედა ჩემზე. კარგა ხანი დამჭირდა, რომ დავწყნარებულიყავი. ცოტა გონზე რომ მოვედი, გაღიზიანებულმა მივმართე: ჯერ ერთი, არ მჯერა, რასაც მეუბნებით, მაგრამ, ვთქვათ, ეს სიმართლეა, ახლა რა გინდათ, რატომ მომძებნეთ, რას მოელით ჩემგან-მეთქი. შენი დაბრუნება გვინდა, უშენოდ ცხოვრება გვიჭირსო.

თუ ასე გიყვარდით, რატომ გამაშვილეთ, თანაც, დარწმუნებული ვარ, თუ ეს მართალია, ფულსაც ბლომად აიღებდით, ანუ, ინდაურივით გამყიდეთ, თვრამეტი წელია, არ გაგხსენებივართ და ახლა გაგიჭირდათ უჩემოდ ცხოვრება? თანაც, გამოცდებზე მხვდებით, ნერვებს მიშლით და მაღიზიანებთ, რა გინდათ, რომ ჩავიჭრა-მეთქი?

ამ სიტყვებზე ორივემ ტირილი დაიწყო. ამაზე უარესად ამეშალა ნერვები, ერთი კარგად მივაგინე ორივეს და წასვლა დავაპირე, მაგრამ, გადამეკიდნენ, არ წახვიდე, ბარემ ბოლომდე მოგვისმინე, უნდა იცოდე, სინამდვილეში რა მოხდაო.

აღმოჩნდა, რომ ამათ სამი შვილი ჰყოლიათ, მესამე მე ვიყავი. მატერიალურად ძალიან უჭირდათ და ჩემი გაშვილება გადაუწყვეტიათ. ნათესავ ქალს მიუყვანია მათთან ჩემი გამზრდელები, რომლებიც უშვილოები ყოფილან და გარკვეული თანხის გადახდის შემდეგ მე წამოვუყვანივარ თბილისში. ესენიც ერთ-ერთი რაიონიდან იყვნენ. რამდენიმე წლის შემდეგ კი ჩემს გამზრდელებს კიდევ უშვილებიათ და-ძმა, იმ მიზნით, რომ თუ გიორგის, ანუ – მე, ვინმე ეტყვის, რომ აყვანილია, არ დაუჯერებს, და-ძმაც თუ ეყოლებაო. როგორც ჩემი ციდან ჩამოცვენილი მშობლები მიმტკიცებდნენ, მთელი ეს თვრამეტი წელი ჩემზე ფიქრობდნენ და დარდობდნენ, მაგრამ მოძებნასაც კი ვერ ბედავდნენ. სამი წლის წინ კი მათი ორი უფროსი შვილიდან ერთი უცხოეთში წასულა სამუშაოდ, იქ დარჩენილა და მშობლებთან ყველანაირი კავშირი შეუწყვეტია, მეორე კი ნარკოტიკების გაყიდვის გამო დაუჭერიათ და, მგონი, უვადო პატიმრობა მიუსჯიათ. ჰოდა, მარტო რომ დარჩენილან, უფიქრიათ, პატრონი გჭირდებაო და მაშინ დაუწყიათ ჩემი ძებნა. ერთი წამითაც არ მიგრძნია მათ მიმართ არც სიბრალული, არც თანაგრძნობა. ერთი კი მივუგე, ჩემს სიახლოვეს აღარ დაგინახოთ, თორემ პატრულს დავაჭერინებ თქვენს თავს-მეთქი და სახლში წამოვედი. იმავე საღამოს დავისვი დედაჩემი და მამაჩემი და ყველაფერი ვუამბე. ორივე ისე გადაირია, ვეღარ ვაკავებდი. სიმართლე გითხრათ, გულის სიღრმეში იმ ცოლ-ქმრის მონაყოლი დავიჯერე, თუმცა, ნამდვილად არ მინდოდა, ასე ყოფილიყო. ახლა კი აღარ ვიცოდი, ვისთვის დამეჯერებინა. დედაც და მამაც მიმტკიცებდნენ, რომ სამივე ჩვენი ღვიძლი შვილი ხართო. რითი დამიმტკიცებთ-მეთქი – არ დავიხიე მე. მაშინ მამამ ათასნაირი საბუთი დამიწყო წინ: თავიანთი ქორწინებისა და ჩემი დაბადების მოწმობები, რომელთა თანახმადაც მე ზუსტად მათი ქორწინებიდან ერთი წლის თავზე დავბადებულვარ. იმ ცოლ-ქმარმა კი მითხრეს, უშვილო წყვილმა წაგიყვანაო. მამაჩემი რომ მიხვდა, ქაღალდებით ვერ დამარწმუნა, ჩაგვკიდა ხელი სამივე შვილს, წაგვიყვანა საავადმყოფოში და ოთხივეს (ჩვენი და თავისი) დნმ-ის ანალიზი გააკეთა. პასუხი ჩემთვის სასიხარულო აღმოჩნდა – მეც, ჩემი და-ძმაც და მშობლებიც ნამდვილად სისხლით ნათესავები, ანუ, დედ-მამა და შვილები ვართ. რა თქმა უნდა, ბავშვებს ამის შესახებ არაფერი ვუთხარით. დედაჩემი ისეთი გამწარებული იყო, იმუქრებოდა, იმ აფერისტებს მიწიდან ამოვთხრი და დავაჭერინებო, მაგრამ ისინი ჯერჯერობით არ გამოჩენილან და ნეტავი აღარც გამოჩნდნენ.

გიორგი, 18 წლის.



რედაქციაში შემოსული უამრავი წერილიდან ამოვარჩიეთ საუკეთესო ამბები და ვთავაზობთ მკითხველს.

„ინტიმური საუბრებისთვის“ SMS-ები შეგიძლიათ გამოგზავნოთ ტელეფონის ნომერზე: 897 33-08-81.

ელექტრონული ფოსტით: tbiliselebi2001@yahoo.com

ან მოიტანოთ რედაქციაში

წერილის სახით.


скачать dle 11.3