რატომ აგონებს ეკა ანდღულაძეს ტოლედოს ქუჩები ძველ თბილისს და სად შეიძინა მან გაუდის თეფში
თბილისელი ეკა ანდღულაძე საინტერესო და მრავალფეროვანი კოლექციის მფლობელია, რომელშიც ოთხმოცამდე თეფშია თავმოყრილი. მათი შეძენით, სხვადასხვა ქვეყანაში მოგზაურობისას, ეკას გარდა მთელი მისი სამეგობრო და საახლობლოა ჩართული. თუ რის შემდეგ დაიწყო ეკამ კოლექციონერობა, ვინ უსახსოვრა ერთი საუკუნის თეფში ბებიის მზითვიდან და როგორი თეფშები მოსწონს ჩვენს რესპონდენტს, ამას ინტერვიუდან შეიტყობთ.
ეკა ანდღულაძე: ერთ დღეს ახლობელთან ვნახე თეფშების კოლექცია და ძალიან მომეწონა. იმ პერიოდში ბინა გაქირავებული მქონდა უნგრელზე, რომელიც უნგრეთში მიდიოდა და მკითხა, რა ჩამოგიტანო საჩუქრადო. მე ვუთხარი, რომ ძალიან გამეხარდებოდა თეფში, რომელზეც გამოსახული იქნებოდა პეიზაჟი. მან ეს თხოვნა შემისრულა და ისე მოხდა, რომ უნგრეთიდან ჩამოტანილი თეფში გახდა ჩემი კოლექციის პირველი ნიმუში.
– დღეისთვის რამდენი თეფშია ამ კოლექციაში თავმოყრილი?
– ოთხმოცამდე იქნება, მათ შორის უმრავლესობა ახლობლებისა და მეგობრების ნაჩუქარია. უკვე ტრადიციად იქცა ჩემს ახლობლებს შორის, თუ ვინმე უცხოეთში მიდის, ყველას თითო ნიმუში მაინც ჩამოაქვს ჩემი კოლექციისთვის. ეს თეფში, მაგალითად, მეგობარმა ჩამომიტანა პარიზიდან, ეს – ვენიდან, ეს – მიუნჰენიდან, ეგვიპტიდან, უკრაინიდან... ამას ისიც დაერთო, რომ სამსახურიდან რამდენჯერმე მივლინებით მომიხდა წასვლა. ამ პერიოდშიც არაერთი თეფში შეემატა ჩემს კოლექციას. ჩემი მოგზაურობები იმდენად ხშირი არ იყო, უფრო ჩარტერული რეისებით მიხდებოდა მგზავრობა. ეს კი საშუალებას მაძლევდა, უფრო მრავალფეროვანი გამეხადა ჩემი კოლექცია.
საერთოდ, უფრო მეტად მომწონს პეიზაჟით მოხატული თეფშები, ვიდრე, ვთქვათ, გერბებითა და დროშებით.
– პირადად თქვენ მიერ რომელი თეფშებია შეძენილი ამ კოლექციისთვის?
– ჩემ მიერაა შეძენილი ეს ორი თეფში ჩინეთში. იქ პატარა ზღვისპირა ქალაქ ცინდაუში გახლდით. ეს ისტორიული ქალაქი არაა, პირიქით, ახალი აშენებული გახლავთ. ერთადერთი ისტორიული შენობა, რომელიც მასში ვნახე, ყოფილი პრეზიდენტის რეზიდენცია იყო. იქ რომ შეიტყვეს, საქართველოდან ვიყავი, მაშინვე აღნიშნეს, რომ იციან სტალინის სამშობლო და კიდევ – ქართული ღვინო.
ეს თეფშებიც მე ვიყიდე ბარსელონაში და ესპანეთის ერთ-ერთ პატარა ქალაქ ტოლედოში. მე იქ ერთი ღამით მომიწია ყოფნა. საერთოდ, დიდ ქალაქებზე უფრო პატარა, ისტორიული ქალაქები მიზიდავს. ტოლედოში თითქმის ყველა შენობა ისტორიული იყო. ერთი მომენტი, ისეთი შეგრძნება დამეუფლა, თითქოს მანამდე იქ ნამყოფი ვიყავი, რადგან ამ ქალაქისთვის დამახასიათებელი რიკულებიანი აივნები ძველ თბილისს მაგონებდა.
ძალიან ხშირად ადამიანებს მოგზაურობას ახსენებს ფოტოსურათი. მე გადავწყვიტე, რომ ჩემს მოგონებებთან დაკავშირებით ეს თეფშები შემეძინა. მართლაც, ტოლედოს თეფშს რომ შევხედავ, იმ წუთში გამახსენდება ხოლმე ის მომენტი და ის განცდები მიახლდება.
ეს გაუდის თეფშიც ესპანეთშია შეძენილი, საგრადა ფამილია და გაუდის ცნობილი ხვლიკის ფიგურაც გაუდის პარკში დგას.
თურქეთშიც არაერთხელ მომიწია ყოფნა და ეს თეფშები იქ მაქვს შეძენილი. ვენაშიც ვიყავი, ვერონაში კი ჩემი მეგობარი იყო და ეს თეფში მისი სახსოვარია.
– პოლონეთიდან თქვენ ჩამოიტანეთ ეს თეფში ამ კოლექციისთვის?
– პოლონეთში რამდენიმე ქალაქში მომიწია ყოფნა, ეს თეფში კრაკოვშია შეძენილი. იქ ერთი ჩემი მეგობარი მიწევდა მასპინძლობას და, როდესაც შეიტყო, რომ თეფშებს ვაგროვებდი, წინასწარ არაფერი უთქვამს და, მეორედ სტუმრობისას, მის მიერ სხვადასხვა ქვეყანაში ჩემთვის შეძენილი ხუთი თეფში დამახვედრა.
– კოლექციონერისთვის ეს ნამდვილად სიურპრიზი იქნებოდა.
– ნამდვილად, გარდა ამისა, მაჩუქა კიდევ ერთი თეფში, რომელიც მისი ბებიის მზითევი ყოფილა. ბებია ჰოლანდიელი ჰყავს და, თურმე, ეს თეფში მათ ოჯახში ერთი საუკუნის განმავლობაში ინახებოდა.
პოლონეთში ყოფნისას, შევედით ერთ-ერთი სწრაფი კვების ობიექტში, რომლის დეკორაციაც აყვავებული ატმის ბაღის იმიტაცია იყო, ჭერში კი ფერადი მძივებით მოჭედილი კვახებისგან გაკეთებული აბაჟურები ეკიდა. ისე მომეწონა, რომ ძალიან დიდი სურვილი გამიჩნდა, ჩემი ხელით დამემზადებინა მისი მსგავსი, რისთვისაც, სადაც კი მოვხვდებოდი, მსხლის ფორმის კვახს ვეძებდი. ერთხელ, ისევ მოგზაურობის დროს, ალანიის ციხესიმაგრეზე ავედი, სადაც სუვენირების მაღაზიაში აღმოვაჩინე ჩემთვის საინტერესო გოგრა. ძალიან გამიხარდა და ვთხოვე, დამელოდეთ-მეთქი, რომ მეყიდა, მაგრამ როდესაც მოვუყევი, თუ როგორ ვაპირებდი ამ გოგრის სადგისით დახვრეტას და აბაჟურის დამზადებას, მითხრეს. არ შეიძინო, ჩვენ მიგიყვანთ ისეთ მაღაზიაში, სადაც მსგავსი აბაჟურები იყიდებაო. თურმე, იქვე ყოფილა მუსლიმანი ქალბატონების სამყოფელი, სადაც ისინი თავიანთი ხელით ამზადებდნენ გოგრისგან ჩემთვის საინტერესო ჭრელა-ჭრულა აბაჟურებს, რომლებიც შემდეგ მთელ მსოფლიოში გადიოდა მხოლოდ და მხოლოდ ამ ალანიიდან. მართალია, ალანიიდან თეფში ვერ წამოვიღე, მაგრამ, ეს აბაჟური შევიძინე, რომელიც ჯერ კიდევ პოლონეთში ყოფნისას მომეწონა და მას შემდეგ მინდოდა მსგავსის შეძენა.
– ახლა გასაგებია, რატომ მიუჩინეთ ამ აბაჟურს ადგილი მაინცდამაინც თეფშების კოლექციასთან. რაც შეეხება თეფშებს, რომელ მათგანს გამოყოფდით ამ კოლექციიდან?
– ყველაზე ძალიან მომწონს ჩემი პირველი თეფში, მასზე გამოსახულია ბუდაპეშტის ცნობილი ჯაჭვის ხიდი, რომელიც აკავშირებს ბუდასა და პეშტს. ამბობენ, ულამაზესი ქალაქი ყოფილა, მე იქ არ ვყოფილვარ, მაგრამ, იმედია, მოვახერხებ სამომავლოდ. კიდევ, განსაკუთრებულად მომწონს გაუდის თეფში და ახალი ზელანდიიდან ჩამოტანილი სადაფებით მოჭედილი თეფში.
– რამდენი წლისაა თქვენი კოლექცია?
– ჩემი კოლექცია უკვე ოთხი წლისაა. სულ ბოლოს, ამ რამდენიმე კვირის წინ, მაჩუქეს ეს ვაშინგტონის თეფში. ეს ბრაზილიის თეფშიც საჩუქარია.
– რას ნიშნავს თქვენთვის ეს კოლექცია?
– ეს კოლექცია ჩემთვის ნიშნავს მოგონებებს, მოგზაურობის სიყვარულს.
– გაჩუქება შეგიძლიათ?
– იცით, არავინ არ აგროვებს ჩემ გარშემო თეფშების კოლექციას, თუმცა, რომც აგროვებდეს, მაინც ვერც ერთს ვერ შეველეოდი.