რამ შეაშინა ფატუნა ბუშიჰედი ჰაიტის კუნძულზე და რატომ არის მისი საძინებლის კედელზე 2 000 ლურსმანი
დიზაინერ ფატუნა ბუშიჰედისთვის მოგზაურობა არა პრესტიჟი, არამედ ღმერთისგან ბოძებული ძალიან დიდი საჩუქარია. ის თითქმის ყველა ქვეყანაშია ნამყოფი და, როგორც თავად აღნიშნა, მოგზაურობის დროს ის აბსოლუტურად სხვა პიროვნება ხდება. ბედნიერია, რომ სამოგზაუროდ მეუღლესთან ერთად დადის და მთელი ევროპა და ამერიკა ერთად აქვთ შემოვლილი.
ფატუნა ბუშიჰედი: ძალიან ბევრ ქვეყანაში ვარ ნამყოფი. მე და ჩემი მეუღლე ჩავსხდებოდით მანქანაში და, სად ამოვყოფდით თავს, თვითონ არ ვიცოდით. ტელეფონზე როუმინგი მქონდა ჩართული და ნავიგატორის საშუალებით ვიგებდით, რომელ ქვეყანაში და ქალაქში ვიმყოფებოდით. მთელი ევროპა ასე გვაქვს ორივეს შემოვლილი. ასევე, შემოვლილი გვაქვს ამერიკა – თითქმის ორმოცდაათივე შტატში ვართ ნამყოფი. მოგზაურობისას თითოეულ სოფელს, ქალაქსა და მათ ღირსშესანიშნაობებს ვნახულობთ. ათასნაირ მუზეუმში ვარ ნამყოფი. ფეხების გადატყავებამდე შემიძლია სიარული. ჩემი მეუღლე მეუბნებოდა, დაისვენეო, მაგრამ, მიმაჩნია, რომ ფეხი გამივლის და, რასაც ვნახავ, ის აუცილებლად დამამახსოვრდება. აი ეს არის მოგზაურობა, და არა ის, რომ წახვიდე და ტანსაცმელი იყიდო. ჩემთვის ძალიან მიუღებელია მოგზაურობაში მიზანდასახულად შოპინგისთვის წავიდე, მიუხედავად იმისა, რომ ჩემნაირი ჩაცმის ფანი, არ მგონია, თბილისში ვინმე იყოს. დილა რომ თენდება, უკვე იმას ვფიქრობ, რა ჩავიცვა.
ნამყოფი ვარ დანიელ სვაროვსკის სახლ-მუზეუმში, რომელიც არაჩვეულებრივია. ჩემმა მეუღლემ რომ მითხრა, კარგი ფატუნა წავედითო, ორი წლის ბავშვივით ამიკანკალდა ნიკაპი – ყველაზე კარგად აქ ვგრძნობ თავს და, გინდა, ამ სილამაზიდან გამიყვანო-მეთქი?
– სად არ ხარ ნამყოფი?
– ნამყოფი არ ვარ ჩინეთში, იაპონიაში და აფრიკაში, დანარჩენი თითქმის ყველგან ვიყავი. ჩემი ერთადერთი მინუსი ის არის, რომ საქართველო არ მაქვს თავიდან ბოლომდე შემოვლილი. ამის გამო თავს ძალიან დამნაშავედ ვგრძნობ.
– ყველაზე მეტი დადებითი ემოცია რომელი ქვეყნიდან წამოიღე?
– ყველა ქვეყნიდან დადებითი ემოციით მოვდივარ. ვაგროვებ სუვენირებს, სხვადასხვა ფორმის მაგნიტების კოლექცია მაქვს. ყველა ქვეყნიდან, ქალაქიდან, სოფლიდან და შტატიდან მაქვს წამოღებული მაცივარზე მისაკრავი პატარა მაგნიტები. ეს მაგნიტები მე ჩემი საძინებელი ოთახის კედელს მილამაზებს. მაქვს, ასევე, ნიღბები, ბერლინის კედლის ნატეხი. მთელი ჩემი კედელი სუვენირებით არის სავსე. კედელზე დაახლოებით 2 000-ზე მეტი ლურსმანია. ნებისმიერი ამ სუვენირის შეხედვისას ის ადგილი მახსენდება, სადაც ის შემიძენია. მაგნიტებთან ერთად, სუნამოებსაც ვაგროვებ. დიდ პატივს ვცემ ძვირფას სუნამოებს, ძალიან ბევრი მაქვს. სუნამოს ბრენდის მიხედვით კი არა, შემადგენლობის მიხედვით ვარჩევ. სუნამოებს, რომელსაც მე ვყიდულობ, თბილისში რამდენიმე წლის შემდეგ ხდება პოპულარული. ბოლომდე არც ერთ სუნამოს არ ვხარჯავ. ეს არ არის ერთ დღეში შეგროვებული კოლექცია, ამას წლები სჭირდება. სუნამოს შუშა რომ გადავაგდო, მაშინ, დამავიწყდება, სად ვიყიდე და რა ისტორია ჰქონდა მას. ძალიან განვითარებული მაქვს წარმოსახვის უნარი ყველა იმ ყვავილთან და ციტრუსთან მიმართებაში, რომელი ინგრედიენტებითაც სუნამოა დამზადებული. უკვე ვიცი, რა შემთხვევაში რა სურნელი შეიძლება „დაჯდეს“ და იქნება თუ არა ის მდგრადი. უკვე რამდენიმე ხანია, ჩემს პარფიუმზეც ვმუშაობ. მართალია, ჩემი სუნამო უკვე მაქვს, მაგრამ, ჯერჯერობით ვერ ვახერხებ მის გამოშვებას, რადგან ძალიან ძვირი ჯდება ლიცენზია.
– ახლო მომავალში სად გეგმავ გამგზავრებას?
– ჯერჯერობით ავსტრია და მაიამი დავგეგმეთ. მაიამიში ჩემი კოლექციის ჩვენება მაქვს. იქ ვცხოვრობდი და ძალიან მიყვარს. შეიძლება, ქალაქში გახვიდე და უცებ კენიჯი დაინახო ან სხვა ძალიან ცნობილი ადამიანი. ფილიპ კირკოროვს იქ სახლი აქვს, ისევე, როგორც ბევრ რუს მსახიობს. 30 ოქტომბერს მაიამიში დაგეგმილი მაქვს ჩემი კოლექციის ჩვენება, სადაც, ალბათ, 20 კოსტიუმს გავიტან თავისი ყველაფრით: იქნება აქსესუარები, ფეხსაცმელი, ხელჩანთები და ასე შემდეგ. ეს საქმიანი ვიზიტებია, სამოგზაუროდ ჯერ ვერ ვახერხებ გამგზავრებას საქმის გამო. სხვათა შორის, შარშან მსოფლიოში ყველაზე დიდი გემით მთელი ამერიკა მოვიარე. ეს არის გემი, რომელსაც აქვს თავისი პატარა ქუჩები, უამრავი აუზი, კორტები, გოლფის კლუბები, მაღაზიები, 5 და 10-ვარსკვლავიანი რესტორნები, არის ბროდვეის შოუები, ოპერები. ბროდვეის შოუები ძალიან მიყვარს და ხშირად დავდივარ. რაც არ მქონდა ნანახი, გემზე მომეცა საშუალება და ორი კვირის განმავლობაში დღეში რამდენიმე სპექტაკლს ვესწრებოდი. ეს გემი ერთი დიდი ქალაქია და აბსოლუტურად სხვა სამყაროში ხარ.
– უცხო ქალაქში არასდროს დაკარგულხარ?
– არა, რადგან ძალიან მშიშარა ვარ და ქმარს გვერდიდან არ ვშორდები. ჩემი მეუღლე ძალიან ორგანიზებული ტიპია და მეც გამომწვრთნა – როცა სადმე მივდივარ, სასტუმროს მისამართი და ტელეფონი სულ თან მაქვს. თუ დავიკარგე, ტაქსის გავაჩერებ, ვუჩვენებ და ადგილზე მიმიყვანს.
– ენის ბარიერი არ გქონია რომელიმე ქვეყანაში?
– სადაც ვყოფილვარ, თითქმის ყველგან იციან ინგლისური ენა, თუ არ იციან, ესმით მაინც. ალბანეთში რომ ვცხოვრობდი ცოტა მიჭირდა ენის მხრივ. თან, რატომღაც ყველას ალბანელი ვეგონე, რომელიც საკუთარ ენაზე არ ლაპარაკობს. რომ ვეუბნებოდი, ქართველ-ამერიკელი ვარ-მეთქი, არ სჯეროდათ.
მოგზაურობის დროს, ასევე, ძალიან მიყვარს ზოოპარკის მონახულება. ნებისმიერი ქვეყნის ზოოპარკი მაქვს ნანახი, სადაც კი ნამყოფი ვარ. საოცრებაა, როგორ უვლიან ცხოველებს ზოოპარკებში.
– ექსტრემალი თუ ხარ?
– ექსტრემალი არ ვარ, მაგრამ, ჰაიტიზე, ჩემი შვილის თხოვნით, პარაშუტით ვიფრინე. პარაშუტი კატერზე იყო თოკით მიმაგრებული. სანამ ავფრინდებოდით, ინსტრუქტორი გავაფრთხილე, ძალიან მეშინია ასეთი რაღაცეების და ფეხებით დაგეკონტაქტებით – თუ ფეხები ძალიან სწრაფად გავამოძრავე, ქვევით დაგვწიე-მეთქი. რაზეა ლაპარაკიო, მითხრეს და ავფრინდით. მოკლედ, ზუსტად მაშინ, როცა ჩვენ ძალიან ზევით ვიყავით, ოკეანეში რაღაც თევზი უცნაურად ამოხტა და ყველას ყურადღება მიიპყრო, მათ შორის ინსტრუქტორებისაც. ამასობაში ვიქნევ ფეხებს, მაგრამ ვის ვახსოვდი, კაციშვილი არ მიყურებდა. ისე ცუდად გავხდი, გულს ყელში ვგრძნობდი.
– სუვენირებს დავუბრუნდები. თუ გამოარჩევ ყველაზე ორიგინალურ სუვენირს შენი კოლექციიდან?
– ყველა სუვენირი თავისებურად საინტერესო და ორიგინალურია. სხვათა შორის, ჩემს სუვენირებში დევიდ კოპერფილდის ნაჩუქარი ჭიქებიც არის. ლას-ვეგასში ერთ-ერთ სასტუმროში დევიდ კოპერფილდის შოუ ეწყობოდა. ჩემმა მეუღლემ სიურპრიზი გამიკეთა და „ვიაიპი“ მაგიდასთან დავსხედით. ძალიან მინდოდა კოპერფილდის შოუს ჩუმად გადაღება, მაგრამ, გაგვაფრთხილეს რომ არ გადაგვეღო. ვიდრე ამას იტყოდნენ, კამერით ერთი დეტალი გადაღებული მქონდა. კამერა მაშინვე გამოვრთე, ჩაქრა შუქი და შოუ დაიწყო. წამებში ჩვენს მაგიდასთან კოპერფილდი გაჩნდა. მოულოდნელობისგან ვიკივლე, ისე შემეშინდა, თან, ვიფიქრე რომ გადავიღე, ალბათ, ამიტომ დამადგა თავზე-მეთქი და ძალიან შემრცხვა. გამოგვხედა, მოგვესალმა, ორი ჭიქით კოქტეილი მოგვართვა და გაქრა. ცოტა კი შემეშინდა, ჭიქას ხელი რომ მოვკიდო არ გამაქროს ან რამე არ მიქნას-მეთქი. ულამაზესი კოქტეილის ჭიქებია, რომლებიც სახსოვრად გამოგვატანეს დევიდ კოპერფილდისგან. აი, ამიტომ ყოფილა ჩვენი მაგიდა „ვიაიპი“. ძალიან მესიამოვნა და მსოფლიოსთვის მინდოდა მეთქვა, რომ დევიდ კოპერფილდმა საკუთარი ხელით მომართვა კოქტეილი. სხვათა შორის, „ენტევეს“ არხზე კოპერფილდის შოუს ვუყურებდი. რაც იქ იყო, ყველაფერი მეცნო. თურმე, ეს ის შოუ იყო, რომელიც ლას-ვეგასში გადაიღეს. დედაჩემს ვუთხარი, აქ თუ კივილი გაისმა, ესე იგი, ეს ის შოუა, რომელზეც მე ვიყავი-მეთქი და უცებ ჩემი კივილიც გაისმა.