რაზე ანერვიულა ქმარმა გვანცა დარასელია და რა უდიდესი სიურპრიზი მიიღო მისგან მეუღლემ
უმშვენიერესი გვანცა დარასელია გათხოვდა და მისი რჩეულის ვინაობაც უკვე მთელმა საქართველომ გაიგო. ვახო მჭედლიძე ყოფილი მორაგბეა და დიდი ხნის განმავლობაში ცხოვრობდა ჩეხეთში. წყვილთან ინტერვიუ ქორწილამდე ორი დღით ადრე ჩავწერეთ, როდესაც ისინი მზადების ციებ-ცხელებაში იყვნენ და თითოეულ დეტალზე ძალიან ნერვიულობდნენ, თუმცა, ჩემ მიერ დასმულ შეკითხვებს მაინც სიამოვნებით და ხალისით უპასუხეს.
– გვანცა ერთ-ერთი ყველაზე ძნელად მისაწვდომი მშვენიერი გოგონა იყო...
ვახო მჭედლიძე: ვისთვის როგორ (იცინიან). ჩვენი ურთიერთობა ძალიან მარტივად დაიწყო: შვიდ იანვარს, კლუბ „ტრიუმფში” ვიყავით – რუსა მორჩილაძის შემოქმედებითი საღამო იყო, სადაც გვანცამ იმღერა.
– იმღერე და მოაჯადოვე?
გვანცა დარასელია: ასე გამოდის (იცინიან).
ვახო: ერთი სიტყვით, რომ დავინახე ძალიან მომეწონა. გვანცას ტელევიზიიდანაც ვიცნობდი, ერთი-ორჯერ მყავდა ეკრანზე ნანახი. საქართველოში არ ვცხოვრობდი. იმ ღამესაც პრაღაში მივფრინავდი. სანამ წავედი, გვანცას ტელეფონის ნომერი გავიგე და პრაღიდან ვუმესიჯებდი. თავიდან ერთ-ორ მესიჯზე არ მიპასუხა, მაგრამ მერე მანაც მომწერა (იცინიან). როდესაც ჩამოვედი, პირველ ორ თხოვნაზე არ შემხვდა, მერე რაღაც მომატყუა და, საბოლოოდ, შეხვედრაზე დავითანხმე, ოღონდ სულ ხუთი წუთით მოვიდა, ისე რომ ყვავილების გადაცემა მოვასწარი და წავიდა.
– გვანცაზე ბევრი რამ ვიცით, ვახო, შენ მოგვიყევი რას საქმიანობდი ამ მშვენიერ ადამიანთან შეხვედრამდე?
– 27 წლის ვარ, აქტიურად ვთამაშობდი რაგბის და ჩეხეთშიც სათამაშოდ ჩავედი. შემდეგ უკვე მეგობრებმა პატარ-პატარა საქმეები წამოვიწყეთ და თან ვთამაშობდი, თან საქმეებს ვაკეთებდი. ახლა უკვე რვა თვეა, აღარ მითამაშია. ძალიან მაგრად მიყვარს რაგბი, უმაგრესი სპორტია, მაგრამ ჰონორარები და ნორმალური შემოსავალი არ არის. თან, თუ ხარ, ბოლომდე მოითხოვს შენს დროსა და ენერგიას. ნახევრად ყოფნა აღარ გამოდიოდა. ამიტომ, გადავწყვიტე, საქმეებისთვის მიმეხედა – ესეც საჭირო იყო.
– რა იყო ის მიზეზი, რის გამოც ბოლოს ვახოს შეხვდი?
გვანცა: პირველად, კლუბში რომ დამინახა, იქ დაახლოებით ერთი საათი ვიყავით და მთელი ამ ხნის განმავლობაში ვგრძნობდი მზერას, ვიღაც თვალს რომ არ გაშორებს. არ დავკვირვებივარ, ვინ იყო, ძალიან ჩვეულებრივ ამბად მივიღე ეს ყველაფერი. „ესემესი“ რომ მომწერა, მივხვდი ვინც იყო, მაგრამ, ვერ მივხვდი, უცხოეთის ნომრიდან როგორ მწერდა – ექვსი საათის წინ თბილისში ვნახე! მეორე კვირას ისე მოხდა, რომ რატომღაც ძალიან ბევრი ადამიანი მელაპარაკებოდა ვახოზე, ყველა ამბობდა: ისეთი საქმიანია, წესიერი, პატიოსანი... სულ ვიღებდი რაღაც ინფორმაციას და ეს ინფორმაცია ყოველთვის დადებითი იყო. აქედან გამომდინარე, გარისკვა არ გამიჭირდა – გარისკვაში უცხო ადამიანთან შეხვედრას ვგულისხმობ. პირველი ყვავილების შემდეგ, მეორე დღეს, კიდევ დამირეკა, მერე ჩემს დაქალებთან ერთად შევხვდი, ვახოც მეგობრებთან ერთად იყო და თავიდანვე ძალიან მარტივად აგვეწყო ურთიერთობა, ჩემმა მეგობრებმაც გადასარევად გაუგეს და, მეგონა, მთელი ცხოვრება ვიცნობდი. იმის შემდეგ, დღე არ გასულა, რომ ერთმანეთი არ გვენახა.
– სიყვარული როდის მოვიდა?
ვახო: ეტაპობრივად. თავიდან ძალიან მომწონდა, თუმცა ბევრი გოგოა ისეთი, შეიძლება, მოგეწონოს, მაგრამ მიხვდე, რომ ის შენი არ არის, რადგან სხვანაირად ფიქრობს, სხვანაირად აზროვნებს. კარგად რომ გავიცანი, მივხვდი, ეს სხვა შემთხვევა იყო. ვგრძნობდი, როგორ მიყვარდებოდა.
– მაინც ძალიან მოკლე დროში გადაწყვიტე ხომ ვახოს ცოლად გაყოლა?
გვანცა: საკმაოდ. იანვრის ბოლოს გავიცანი ვახო და ხუთ თვეში ცოლად გავყევი. ქორწილის სამზადისმა ვახოს ბინაში გადასვლის პროცესი ცოტა შეაფერხა. თან გადავდივართ, თან სამზადისი გვაქვს, ერთი სიტყვით, დიდ გაწამაწიაში ვართ.
– თბილისში იცხოვრებთ?
– დიახ, აქ ვიქნებით. ანუ, ჩემი ცხოვრების საქმიანი წესიც არ შეიცვლება. ვახოსთან ურთიერთობაში ამანაც ითამაშა ძალიან დიდი როლი – რომ მართლა მთელი გულით მოსწონს ის, რასაც ვაკეთებ, ყველანაირად ხელს მიწყობს და, დარწმუნებული ვარ, სულ ასე იქნება.
– საქორწინო მოგზაურობაში სად მიდიხართ?
– ევროპაში. რომანტიკული ევროტური გვაქვს. ქორწილიდან ორი დღის შემდეგ ჩავალთ პრაღაში, იქიდან ვგეგმავთ ვენაში წასვლას და მერე ნიცაში. ორკვირიანი მოგზაურობა იქნება და ძალიან მიხარია, რადგან მართლა საშინლად გადაღლილი ვარ.
– როგორი იყო ეს ხუთი თვე?
– ყველაზე მნიშვნელოვანი რაც ამ ხუთი თვის განმავლობაში მოხდა – სიყვარულია. ჩემს ცხოვრებაში პირველად შემიყვარდა და ამიტომ ეს თვეები და ეს დღეები განსაკუთრებული იყო. ჩემ გვერდით გაჩნდა ადამიანი, რომელსაც ვენდობი, რომლის გვერდითაც თავს დაცულად ვგრძნობ, რომლის იმედიც მაქვს და რომელიც სიგიჟემდე მიყვარს. ეს გრძნობა ჩემთვის ბომბივით არ ყოფილა, ძალიან ბევრი ეტაპი გავიარე საკუთარ თავში და, როცა მივხვდი, რომ უკვე შეყვარებული ვარ, მაშინღა გავაცნობიერე, როგორი ბედნიერი ვყოფილვარ.
ვახო: ეს გრძნობა ჩემთვისაც განსაკუთრებულია. იმდენად დამახვია თავბრუ, რომ საკმაოდ მალე გადავწყვიტე ცოლად მოყვანა.
გვანცა: სხვათა შორის, ძალიან დიდხანს მთხოვდა ხელს (იცინიან).
ვახო: პირველად რომ ვუთხარი, მიპასუხა: ორი წელი საერთოდ დაივიწყე – რა გათხოვება, რა ქორწილი, არ არსებობსო. კარგი, მაგრამ, მამაშენი მაინც გამაცანი-მეთქი და არაო – მამამისიც არ გამაცნო. მერე ნელ-ნელა მივიდა იმ დასკვნამდე, რომ აზრი არ ჰქონდა ორი წელი ლოდინს, როდესაც ურთიერთობაში უკვე ყველაფერი გარკვეული იყო.
გვანცა: მამაჩემის გაცნობა იყო ძალიან სასაცილო. ჩემი ძმა და ყველა სხვა ასე თუ ისე, უმტკივნეულოდ გადავიტანე, მაგრამ, მამაჩემმა გადაწყვიტა, რომ მხოლოდ კაცებს უნდა ელაპარაკათ. დაურეკა ვახოს და ავიდნენ ბიძაჩემის აგარაკზე. ხომ წარმოგიდგენია, რა დამემართებოდა. ისე ვნერვიულობდი, კინაღამ მოვკვდი. ვურეკავ, მაგრამ, არც ერთი, არც ვახო, არც მამაჩემი და არც ბიძაჩემი – ყურმილს არ იღებენ.
ვახო: არადა, ჩვენ უკვე კარგად ვსვამდით, მწვადების შეწვაში და ერთ ამბავში ვიყავით (იცინიან). იოლად გავუგეთ ერთმანეთს და არანაირი პრობლემა არ ყოფილა. ძალიან თბილად შემხვდა გვანცას მამა.
გვანცა: სხვათა შორის, მამაჩემმა მითხრა, ძალიან დიდი მადლობა იმისთვის, რომ ასეთი ადამიანი შეგიყვარდა და ასეთი ადამიანი შემოიყვანე ჩვენს ოჯახშიო. ჩემი ოჯახის წევრების აზრს ძალიან დიდი მნიშვნელობა ჰქონდა ჩემთვის, მაგრამ, ამ სიტყვებმა საერთოდ გამაოგნა. უბედნიერესი ვიყავი.
– ვახო, მითხარი, როგორია შენი გვანცა – არა ის, რომელსაც ეკრანზე და ჟურნალებში ვხედავთ, მარტო შენი გვანცა როგორია?
– როგორიც წარმომედგინა, როგორზეც ვოცნებობდი, ზუსტად ისეთია. რაც მთავარია, ჭკვიანია და, მიმაჩნია, რომ კაცს გვერდით აუცილებლად ჭკვიანი ქალი უნდა ჰყავდეს. როგორც მეგობარი, ყოველთვის გვერდით მიდგას და რჩევებსაც გასათვალისწინებელს მაძლევს. ამ ყველაფერთან ერთად, უზომოდ ლამაზია.
– რამე უარყოფითი არ აქვს?
– ვთქვა?! მეგრელია (იცინიან).
გვანცა: თუ რაღაც ისეთში დამიჭირა, რომ ბოლომდე სიმართლეს არ ვამბობ, სულ აფერისტს მეძახის (იცინიან). რაღაც ხომ უნდა ეპოვა მინუსი! მაგალითად, ჩემთვის ვახოს მინუსი არ აქვს (იცინიან). მართლა – როგორიც შემიყვარდა და როგორიც გავიცანი, სულ ისეთია. ხასიათში არასასიამოვნო სიურპრიზები არ აღმომიჩენია.
– პირველი საჩუქარი რა იყო?
– იმ ყვავილებს თუ არ ჩავთვლით, საათი მაჩუქა, რომელიც ახლაც ხელზე მიკეთია. მაშინ ერთი საათი მეკეთა მუდმივად და, ერთხელაც, მკითხა, რა საათი გიკეთიაო. ჩვეულებრივი, „კელვინ ქლაინის“ საათია-მეთქი და უცებ მკითხა, თაყვანისმცემლის ნაჩუქარი ხომ არ არისო? კი-მეთქი, ვუპასუხე – მართლა ასე იყო (იცინიან). მეორე დღეს ეს საათი მომიტანა – იმას აღარ გაიკეთებო.
ვახო: უფრო სასიამოვნო არ იყო, ჩემი ნაჩუქარი ჰკეთებოდა?!
– ანუ, ეჭვიანია?
გვანცა: ეჭვიანი რაღაც მომენტში არის, ოღონდ, ისეთ ფარგლებში, სასიამოვნო რომაა. საათის ჩუქება კი უფრო ისეთი ჟესტი იყო, რომელმაც ძალიან გამახარა. სხვათა შორის, ვიცი, რომ თავის წინა ურთიერთობებში ვახო გაცილებით უფრო ეჭვიანი ყოფილა. მისი მეგობრები და ოჯახის წევრები მეკითხებიან რა უქენიო. შეიძლება მეც ვიმოქმედე დადებითად, შეიძლება, თვითონაც მოემატა წლები, მაგრამ, ასეა.
ვახო: გვანცას მხრიდან კი ყველაზე დიდი საჩუქარი და სიურპრიზი ის იყო, დაქორწინება ასე მალე რომ გადაწყვიტა.
– არ გიჩხუბიათ ამ ხუთ თვეში?
გვანცა: კი, სულ ორჯერ ვიჩხუბეთ – „საერთოდ აღარ გაგცემ ხმას“ – და მსგავსი ტექსტებით. მაგრამ, ზუსტად ნახევარ დღეში ყველაფერი მოგვარდა.
ვახო: არა, ორ საათში. ორივე გავბრაზდით და მერე შევრიგდით. როდესაც ვჩხუბობთ, ორივეს ჩვენი არგუმენტები გვაქვს, ორივე მართლები ვართ, მაგრამ დათმობა ორივეს შეგვიძლია. მგონია, რომ სიყვარულში მთავარი მაინც დათმობაა.
გვანცა: თავიდან ცოტა ვჯიუტობდი, მაგრამ, მერე მიხვდი, რომ გაცილებით უფრო კარგად და ბედნიერად ვგრძნობ თავს, როდესაც ვთმობ სიყვარულის სასარგებლოდ.
P.S. გვანცა დარასელიამ და ვახო მჭედლიძემ ჯვარი ამაღლების ტაძარში დაიწერეს, ხელი კი „ბაგრატიონში” მოაწერეს, სადაც სამასკაციანი ქორწილი გაიმართა. გვანცას თეონა თავართქილაძის ულამაზესი საქორწილო კაბა ეცვა, რომლისთვისაც საოცარი ფატა სპეციალურად პარიზიდან გამოიწერეს. ჟურნალის სახელით ვულოცავთ გვანცასა და ვახოს ბედნიერებას და სიცოცხლის ბოლომდე ისეთ დიდ სიყვარულს ვუსურვებთ, როგორიც ეს მათი ქორწილის დღეს იყო.