ვისი ნაჩუქარი ტექნიკა აღარ ითვლება ქონებად იმისთვის, რომ ღარიბად გაღიარონ და რა უფლებები მიენიჭათ ამხანაგობის თავმჯდომარეებს სოციალურად დაუცველი ოჯახების შეფასებისას
იმის მიუხედავად, რომ, ერთი შეხედვით, უამრავი დამხმარე და სტრატეგიული მეგობარი გვყავს, საქართველოში სიღარიბე მაინც ყველაზე მნიშვნელოვან პრობლემად რჩება. დღეს სახელმწიფოსგან მინიმალურ საარსებო თანხას ყოველთვიურად ნახევარ მილიონზე მეტი ადამიანი ელის, ორჯერ მეტი კი, კუთვნილ ვალიდოლსა და ციტრამონს, თუმცა არც ამ ყველაფრის მიღებაა იოლი, რადგან სოციალურად დაუცველთა ბაზაში მოსახვედრად საკმაოდ ბევრი პროცედურის გავლაა საჭირო. 1 ივნისიდან შეიცვალა ამ ბაზაში რეგისტრირებული პირების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების მეთოდოლოგია და ამ ცვლილებების შესახებ ჯანდაცვის სამინისტროს სოციალური მომსახურების სააგენტოს სოციალური პროგრამების დეპარტამენტის უფროსს, ბატონ გელა ჩივიაშვილს გავესაუბრეთ.
გელა ჩივიაშვილი: მოგეხსენებათ, რომ პროგრამის განხორციელება 2005 წლიდან დაიწყო, ამ წლების განმავლობაში საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ მუდმივად მიმდინარეობდა მონიტორინგი პროგრამის განხორციელებაზე. მიღებულმა გამოცდილებამ დღის წესრიგში დააყენა არსებული კრიტერიუმების გადახედვა და მათი აქტუალურობის საკითხი.
– წლების განმავლობაში იყო საკმაოდ ბევრი პრობლემა, სოციალურად დაუცველთა სიებში ვერ ხვდებოდნენ ისინი, ვინც რეალურად ძალიან გაჭირვებული იყო, შეფასების კრიტერიუმებიც საკმაოდ არადამაჯერებლად გამოიყურებოდა.
– როგორც უკვე გითხარით, ბოლო წლებში გამოვლინდა ის კრიტერიუმები, რომლებმაც ამ პერიოდისთვის თავისი აქტუალობა დაკარგა. ქონების ბლოკიდან ამოღებულია რამდენიმე საგანი, თუ ადრე ოჯახს ჰქონდა საბჭოთა წარმოების ტელევიზორი, მაცივარი, სარეცხი მანქანა, ის ვერ ხვდებოდა სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ბაზაში. ახლა ეს კრიტერიუმი გაუქმებულია. ამ ტექნიკას თავისი ფასი აღარ გააჩნია. რაც შეეხება უცხოურ ტექნიკას, იგი დღემდე ითვლება ფუფუნების საგნად და ეს ეფუძნება არა ჰაერიდან მოტანილ სიტყვებს, არამედ ჩატარებულ კვლევას, რომელიც განსაზღვრავს იმ საგნის წონას, რომელიც ოჯახს გააჩნია. ოჯახი, რომელიც უცხოური წარმოების ელექტრო და გაზის მოწყობილობით სარგებლობს, ღარიბად ნამდვილად ვერ ჩაითვლება, რადგან უმწეო ოჯახი ათასლარიან დანაზოგს ვერ გააკეთებს. ამას გარდა, არის კიდევ ერთი სიახლე – როდესაც ოჯახს აქვს კომპიუტერი ან თხევად-კრისტალური, ან პლაზმურეკრანიანი ტელევიზორი, რომელიც ნაჩუქარია ადგილობრივი თვითმმართველობის ან საჯარო სამართლის იურიდიული პირის მიერ და ეს დასტურდება შესაბამისი დოკუმენტაციით, ასეთი ქონება აღარ იქნება გათვალისწინებული, როგორც ოჯახის ქონება და ეს ოჯახი უკვე მოხვდება სოციალურად დაუცველთა მონაცემების ბაზაში.
– თუ საჩუქარი კერძო პირისგან – მეგობრისგან ან ნათესავისგან აქვთ მიღებული?
– ფიზიკური პირების მიერ ნაჩუქარი ნივთები გათვალისწინებული ვერ იქნება, ვინაიდან საქართველოში ჯერჯერობით შემოღებული არაა ქონების სრული აღწერა. საჯარო რეესტრი არ ახდენს ყველა კუთვნილი ქონების აღწერას, გარდა ბინის კუთვნილებისა. როდესაც ეს მოთხოვნა იქცევა ვალდებულებად და იარსებებს მონაცემთა ბაზა, შემდეგ შესაძლებელი გახდება ფიზიკური პირების მიერ მიძღვნილი საჩუქრის დადასტურებაც. წინა წლებში გვქონდა რამდენიმე შემთხვევა, როდესაც მონაცემთა ბაზაში ვერ ხვდებოდა ოჯახი, რომლის ბავშვსაც სკოლაში კომპიუტერი აჩუქეს. არ არსებობდა მექანიზმი, რომლითაც ეს ნივთი დადასტურდებოდა, როგორც საჩუქარი. ეს ხარვეზი ცვლილების შედეგად გამოსწორდა და ასეთი ნივთები ქონებად აღარ ჩაითვლება.
– შეიცვალა შეფასების ქულების რაოდენობაც, რომლის მიხედვითაც განისაზღვრება, რომელ კატეგორიას მიეკუთვნება ოჯახი?
– ზღვარი დარჩა უცვლელი, 57 001-ზე ნაკლები ქულის შემთხვევაში, ოჯახი იღებს ფულად დახმარებასა და სამედიცინო დაზღვევის პოლისს, ხოლო ოჯახი, რომელსაც აქვს 57 000-დან 70 000-მდე ქულა იღებს მხოლოდ სამედიცინო დაზღვევის პოლისს. სახელმწიფოს მიერ ფედერალური ბიუჯეტიდან ფინანსდება მხოლოდ ეს ორი დახმარება. რაც შეეხება სხვა სოციალურ დახმარებებს, მათ ადგილობრივი თვითმმართველობები ახორციელებენ. არ შეცვლილა ფულადი დახმარების ოდენობა – ის კვლავინდებურად რჩება 30 ლარი პლუს 24 ლარი თითოეულ წევრზე. როდესაც ამ პროგრამის განხორციელება დაიწყო, სახელმწიფოს მიზანი იყო, რომ ამ სიაში მოხვედრილიყვნენ ის ადამიანები, რომლებიც განიცდიდნენ ცილოვან შიმშილს და ჰქონდათ საკვების ყიდვის პრობლემა. ეს საკითხი უკვე გადაჭრილია: დღეის მონაცემებით ფულად დახმარებას იღებს 155 ათასი ოჯახი, ეს არის დაახლოებით 530 ათასი პირი, ხოლო სამედიცინო დაზღვევას იღებს მილიონამდე ადამიანი. ამ სიაში შედიან როგორც სიღარიბის პროგრამაში მოხვედრილი ადამიანები, ასევე ობოლი და მზრუნველობას მოკლებული ბავშვები, 2008 წლის აგვისტოს მოვლენების შემდგომ კომპაქტურად ჩასახლებული დევნილები. 1 ივნისიდან დეკლარაციაში ფიქსირდება ოჯახის იმ წევრთა ჯანმრთელობის მდგომარეობა, რომლებსაც არ აქვთ მინიჭებული ინვალიდობის სტატუსი, თუმცა, მათი მდგომარეობიდან გამომდინარე, საჭიროებენ მედიკამენტოზურ და ქირურგიულ დახმარებას.
– რატომ გახდა საჭირო ოჯახების სოციალურად დაუცველთა ბაზაში ჩართვის პროცესში ამხანაგობების თავმჯდომარეების ჩართვა?
– ესეც სიახლეა, თანაც, ძალიან მნიშვნელოვანი: მონაცემთა ბაზაში დარეგისტრირების პროცესში უფრო აქტიურად ჩაერთვება ადგილობრივი თემი. თუ ადგილობრივი თვითმმართველობა ჩათვლის, რომ ოჯახი არის ღატაკი და გააკეთებს შესაბამის შუამდგომლობას. მათი რწმუნებულისა და ჩვენი სამსახურის წარმომადგენელთან ერთად, მოხდება ოჯახის გადამოწმება. თუ ოჯახის მდგომარეობა შეფასდება, როგორც უკიდურესად მძიმე, ოჯახი გახდება ფულადი დახმარების მიმღები. ვის გამოყოფს რწმუნებულად ადგილობრივი თვითმმართველობა ამხანაგობის თავმჯდომარეს, თუ ვინმე სხვას – ეს მათი გადასაწყვეტია, თუმცა, მე ვერც ამხანაგობის თავმჯდომარის ჩართვაში ვხედავ პრობლემას.
– როგორ ხდება დიფერენციაცია: რომელ კატეგორიას მიეკუთვნება ოჯახი, არსებობს სტანდარტი, რომლის მიხედვითაც ოჯახი ღატაკია, ღარიბია ან არის ზღვარზე ღარიბსა და ღატაკს შორის?
– ზუსტი დიფერენციაცია არ არსებობს, დღეს ძალიან რთულია, გაავლო ზღვარი ღატაკსა და უკიდურესად ღატაკს შორის, ეს არის პირობითი დაყოფა, ვინაიდან ეს განისაზღვრება სტატისტიკური მეთოდით, რომელიც სუბიექტურ შეფასებაზეა დაყრდნობილი. ამ სტატისტიკურ მეთოდს გააჩნია თავისი ცდომილება, რადგან სიღატაკის გაზომვა 100-პროცენტიანი მეთოდით არ არსებობს. შესაძლებელი რომ იყოს საქართველოს მცხოვრებლების შემოსავლების ელექტრონული აღრიცხვა, უფრო მარტივი იქნებოდა დიფერენციაცია, ვინაიდან ჯერჯერობით ეს მეთოდი არ არსებობს, ამიტომაც არის არჩეული დიფერენციაციის სტატისტიკური მეთოდი, რომელსაც თავისი ჩართვისა და გამორიცხვის ცდომილება გააჩნია – პროგრამის გარეთ შეიძლება დარჩეს ოჯახი, რომელიც სხვადასხვა მიზეზის გამო ვერ მოხვდა პროგრამაში, ან პირიქით, პროგრამაში ჩართული იყოს ოჯახი, რომელიც დახმარებას არ საჭიროებს გარკვეული სუბიექტური მიზეზების გამო. ზოგადად, ოჯახების სოციალური მდგომარეობა შეიძლება დაიყოს საფეხურებად: უკიდურესად ღატაკი, ღატაკი, ღარიბი, საშუალო შეძლების და საშუალოზე მაღალი, ანუ მდიდარი. როცა ოჯახი აკეთებს განაცხადს, მისი განაცხადის საფუძველზე, სააგენტოს თანამშრომლის მიერ დადგენილი მეთოდით ხდება მისი სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასება, ამაში შედის ოჯახის დემოგრაფიული მდგომარეობა, ოჯახის წევრების ასაკობრივი და ფიზიკური მდგომარეობა, თუ რამდენი პენსიონერი, არასრულწლოვანი და შეზღუდული შესაძლებლობების პირია ოჯახში. ამ ადამიანების შემოსავლები, მათ მფლობელობაში არსებული ქონება – ეს ყველაფერი ქმნის მათ სარეიტინგო ქულას, ეგრეთ წოდებული კეთილდღეობის ინდექსს, რომელიც განსაზღვრავს, მოხვდება თუ არა ოჯახი იმ ბენეფიტებში, რაც დღეს სახელმწიფოს მიერ არის დადგენილი. ძალიან ბევრ გაჭირვებულ ოჯახს ჰყავს ოჯახის წევრი უცხოეთში და იქიდან ახორციელებენ დახმარებას. თითოეული შემთხვევა განიხილება ინდივიდუალურად, უცხოეთიდან ნათესავის შემოწირულობა არ გახდება ხელისშემშლელი ფაქტორი, მაგრამ ეს აუცილებლად უნდა დააფიქსიროს ოჯახმა თავის დეკლარაციაში, რომლის შევსებაც წარმოებს ოჯახის მიერვე მოწოდებული ინფორმაციის საფუძველზე, თუმცა, ინფორმაციის გადამოწმება ხდება სხვადასხვა წყაროებით. ოჯახი, რომელიც გვაწვდის ყალბ ინფორმაციას, მალავს გარკვეულ შემოსავალს, რომელიც შემდგომში გაირკვევა ჩვენ მიერ, ვერ მოხვდება მონაცემთა ბაზაში. უფრო მეტიც, სიყალბის აღმოჩენის შემთხვევაში, ოჯახი კარგავს უფლებას, მომდევნო სამი წლის განმავლობაში განმეორებით მოითხოვოს მონაცემთა ბაზაში რეგისტრაცია.
– ანკეტაში, რომელსაც ავსებს ბენეფიციალობის მსურველი, მან უნდა მიუთითოს, სარგებლობს თუ არა ჰიგიენის საშუალებებით და არის თუ არა ის თამბაქოს მომხმარებელი. კბილის პასტა კვლავ ფუფუნების საგანია? რა შუაშია სიღატაკესთან თამბაქო, არ შეიძლება ღარიბი თამბაქოს ეწეოდეს?
– ეს არის სტატისტიკური კვლევის შედეგად მიღებული კრიტერიუმები, რომლებიც გამოიყენება ინფორმაციის მისაღებად და სქემის დასამუშავებლად, თუმცა ცალკე აღებულ ჰიგიენურ საშუალებებს მნიშვნელობა არ აქვს. ანკეტაში გაცილებით მნიშვნელოვანი ფაქტორებია დასაფიქსირებელი, ვიდრე ჰიგიენური საშუალებებია. ყველა კრიტერიუმი განიხილება ერთობლიობაში, სარეიტინგო ქულაც ერთობლივად დგება, თუმცა ოჯახის დეკლარაციის შევსებისას კვლავ საჭიროა იმის მითითება, სარგებლობს თუ არა ოჯახი კბილის პასტითა და საპნით. სხვა ქვეყნებში, სადაც ქონების ელექტრონული აღრიცხვა არსებობს, სტატისტიკური მეთოდი ნაკლებად არის დანერგილი. შესაბამისად, იქ ანკეტას რომ ავსებდეს მოქალაქე, გრაფაში საპნისა და შამპუნის შეტანა არ დასჭირდება. რაც შეეხება თამბაქოს, ესეც სტატისტიკური კვლევის მეთოდში შედის, თუმცა, თამბაქოს შეტანას ანკეტაში სხვა დატვირთვაც აქვს. თუ ადამიანს აქვს იმის საშუალება, რომ დღეში 5 ლარის სიგარეტი მოწიოს, ის, ბუნებრივია, ღარიბად ვერ ჩაითვლება.