რას წერდა თბილისის პრესა 130 წლის წინათ
„ფოცხოვის ხეობაზედ, ყარსისკენ, სიახვეს ახლოს, აღმოუჩენიათ მარმარილოს მადანი. ამ მარმარილოს სანიმუშო ნატეხები გაუსინჯავთ კავკასიის სამთო სამმართველოში და უთქვამთ, რომ ფოცხოვის თეთრი და მომწვანო მარმარილო ძალიან კარგი თვისებისაა და გამოსადეგია წვრილ ქანდაკებათათვისო“.
„დროება“
„ვიღაც იაპონელი ამზადებს თურმე ერთ ისეთ ქაღალდს, რომელიც ისეთივე გამჭვირვალეა, როგორც მინა. მხოლოდ ამ ქაღალდს ის უპირატესობა აქვს მინასთან შედარებით, რომ მოიქნება და რბილიც არის“.
„დროება“
„მთვარის შუქს იგივე გავლენა ჰქონია, როგორც მზისას. მთვარის შუქზე პირის სახე ისევე შავდება თურმე, როგორც მწველი მზის დროს“.
„დროება“
„ნიუ-იორკში გამოუციათ ქურდებისათვის კალენდარი, სადაც დაწვრილებით არის თურმე ნაჩვენები ადრესი ყველა მდიდრისა, ბანკირებისა, ვაჭართა, მწარმოებელთა და საზოგადოდ იმ პირთა, რომელნიც თავისთან ინახავენ დიდ ფულს“.
„დროება“
„კახეთიდან იწერებიან, რომ იქაური ნაიბი ძალიან კარგად იქცევაო; კვირა-უქმ დღეებში წირვა-ლოცვაზე არ აკლდება თურმე და ამით მაგალითს აძლევს ახლად გაქრისტიანებულ ინგილოებსო. გაქრისტიანებული ბავშვები წირვის წესსაც კი ჰგალობენ რუსულადო“.
„დროება“
„გორის მაზრიდან წერენ, რომ ცხინვალის მახლობლად მდებარე სოფელში გლეხების საზოგადოებას გადაუწყვეტია და წესად დაუდვია, რომ ქრისტეს აღდგომიდან ამაღლებამდე ეკლესიაში ქალები არ შეუშვან, რადგანაც ხალხის აზრით, თუ ქალი ამ დროს ეკლესიაში შევიდა, სეტყვა მოვაო“.
„დროება“
„მეცნიერებს დაუდგენიათ, რომ თუ ხელსახოცის ერთ ნახევარს დაასველებ ცივ წყალში, დაიფენ უკან კისერზედ და ზურგზე წელს ზევით, სიგრილის გამო თავის ტვინი დამშვიდდება და ტკბილად დაგეძინებაო“.
„დროება“
„ბატონ კლუშინს უთხრეს, როგორც საკვირველი მოვლენა, რომ ერთ კაცს ექვსი წელიწადი ეძინაო (ლიტარგიული ძილით). კლუშინმა ამის მთქმელს მიუგო:
– თქვენ ეს რად გაგკვირვებიათ! თბილისის პოლიციას 15 წელიწადია სძინავს უფრო ღრმა ძილითო!“
„დროება“
„ბორნეოსა და ფილიპის კუნძულებზედ, აგრეთვე, ამერიკაში გამოჩენილა ერთგვარი მხეცი, რომელიც ადამიანს ძლიერ წააგავს. ეს მხეცები დადიან ორ ფეხზედ, კაცივით ამართულნი და სიმაღლით არიან 2 მეტრი. სადგომებს არ იკეთებენ, ერთმანეთის შეხება არ იციან, თითქმის ცალ-ცალკე ცხოვრობენ, სძინავთ ხეებზე და გამოქვაბულ ადგილებში. სჭამენ გველებს, მწერებს, ჭიანჭველებს და ხანდახან – ერთმანეთსაც. მოშინაურება და მუშაობა იმათი შეუძლებელია. იმათი ხმა ადამიანის ხმას წააგავს. სახის გამომეტყველებითაც ემსგავსებიან ადამიანებს“.
„დროება“
მოამზადა
თეონა ზაზიკაშვილმა