რატომ ჩამოახრჩეს ნინო თარხან-მოურავის წინაპრები რევოლუციის დროს და ვინ აუკრძალა მას სამი გვარის ტარება
რუსთაველის თეატრის მსახიობი, ნინო თარხან-მოურავი, ბევრი საინტერესო და სახასიათო როლის გარდა, თავადური გვარითაც ამაყობს და, როგორც ყველა მსახიობს, მას და მის მეუღლეს ყველაზე მეტად მაყურებლის ტაში ანიჭებს დიდ სიამოვნებას.
ნინო თარხან-მოურავი: ჩემი ოცნება მსახიობობა ნამდვილად არ იყო, სულ სხვა სურვილები მქონდა, მაგრამ, გარემოებამ ისე მოიტანა, რომ მშობლის სურვილს ავყევი, გული არ დავწყვიტე დედას. მე უნივერსიტეტში დასავლეთ ევროპის ენების ფაკულტეტზე ვაპირებდი საბუთების შეტანას, ასევე, დიპლომატობაც მქონდა გადაწყვეტილი, მაგრამ, დედამ გაიგო, რომ თეატრალურ ფაკულტეტზე ერთი თვით ადრე ტარდებოდა გამოცდები და მირჩია, ბედი ჯერ იქ მეცადა, იქიდან გამომდინარე, რომ დამჯერი შვილი ვიყავი, დავემორჩილე დედის რჩევას და გავხდი კიდეც მსახიობი.
– როგორც ჩანს, თქვენი მოწოდება მსახიობობა არ ყოფილა, მშობლის ხათრით არჩეულ პროფესიას როგორ შეეგუეთ?
– მე მოწოდებით ნამდვილად ვარ მსახიობი, მაგრამ, მარტო ეს არ მყოფნის, სულ ახლის ძიებაში ვარ და ასეც უნდა იყოს, სწავლა სიბერემდეო, ხომ გაგიგიათ? რაც მთავარია, მიყვარს ჩემი საქმე, რომელსაც ვაკეთებ და ამითაც კმაყოფილი ვარ. ადამიანში მრავალმხრივი შესაძლებლობები არსებობს, მასში ბევრი საწყისია, ამიტომაც, არაა აუცილებელი, მხოლოდ ერთი ხასიათის პერსონაჟს ასახიერებდე, მსახიობი უნდა ცდილობდეს, საკუთარი თავი ამა თუ იმ მოცემულობებში წარმოიდგინოს. მე აბსოლუტურად ყველა როლი მიყვარს, რომელიც შემისრულებია და მათი გამორჩევა ნამდვილად გამიჭირდება.
– პირადად თქვენთვის ტრაგიკული როლის შესრულება უფრო საინტერესოა თუ რომელიმე კომიკური პერსონაჟის?
– თავისებურად რთული და საინტერესოა ყველა როლი. ჩვენ ვთამაშობდით თეატრში რობიკო სტურუას სპექტაკლს – „სტიქსს” და სცენაზე პლასტიკურ მონახაზს ვასრულებდით, მაგრამ იმდენად დაძაბულები ვიყავით, რომ ბევრსიტყვებიან როლზე უფრო რთული შესასრულებელი იყო. როლში შეჭრაც ადვილი უნდა იყოს მსახიობისთვის და „გამოჭრაც“. იცით, ალბათ, რომ ჩემი მეუღლეც მსახიობია და ამ მხრივ, ერთმანეთის გაგება არ გვიჭირს.
– თუმცა, არსებობს საპირისპირო მოსაზრება, რომ ორი ერთნაირი პროფესიის ადამიანის ერთობლივი თანაცხოვრება საკმაოდ რთულია.
– მაგას სულ ამბობენ, მაგრამ, პროფესია არაფერ შუაშია, ორ ადამიანს ისედაც უჭირს ერთად ყოფნა, ერთი პროფესიის ცოლ-ქმარს კი ერთმანეთისთვის არა მარტო დისკომფორტი, ხშირ შემთხვევაში კომფორტიც მოაქვს, რადგან უფრო კარგად ესმით ერთმანეთის. ჩემი აზრით, ამას უფრო პიროვნული შეგუებლობა ჰქვია და არა პროფესიული. მე სულ მიმაჩნია, რომ, როცა ოჯახში რომელიმე უფრო წარმატებულია, ამით მისი მეორე ნახევარი გახარებული უნდა იყოს. მე და თემო ვართ ერთი მთლიანი არსება, შესაბამისად, როცა სხეულის ერთი ნაწილი გადასარევად გრძნობს თავს, მეორეც კარგად იქნება. უკვე 19 წელია, რაც თემო ჩემი ცხოვრების ნაწილია.
– როგორც მახსოვს, თქვენი სიყვარულის ისტორია სცენაზე დაიწყო.
– დიახ, მე და თემო ძალიან დიდი ხანი ვიცნობდით ერთმანეთს, ვმეგობრობდით, მერე კი ბიძგი მოგვცა ერთ-ერთმა სპექტაკლმა: როცა ვთამაშობდი ანა ფრანკს, ჩემი პარტნიორი შეუძლოდ გახდა და ის შეცვალა თემიკომ, რომელიც სპექტაკლში ჩემი შეყვარებული გახდა. შეიძლება, ამ როლმა ჩაუყარა ჩვენს სიყვარულს საფუძველი, შემდეგ კი, ერთ მშვენიერ დღეს, აღმოვაჩინეთ, რომ აღარ შეგვეძლო ერთმანეთის გარეშე. ზოგადად კი მსახიობისთვის სასიამოვნო ისაა, რომ სპექტაკლის მერე ტაში იკვრება და ჩვენთვისაც, ცხადია, ასეა. თქვენი ნებართვით, მინდა, გავიხსენო ლევან წულაძის სპექტაკლი, სადაც მე და ჩემი მეუღლე ერთად ვთამაშობდით. მთელი სპექტაკლის განმავლობაში მახურავს პარიკი, მერე კი ჩემმა გმირმა ეს პარიკი უნდა მოიხსნას. პრემიერის წინ წავყევი ჩემს მეგობარს სალონში, მან თმა დაიხვია, მე კი სპონტანურად დამარტყა რაღაცამ თავში და თავი გადავიპარსე. თეატრში ისე მოვედი, რომ ქუდი მეხურა და ეს ცვლილება ვერავინ შენიშნა, მიმდინარეობს სპექტაკლი და დადგა პარიკის მოხსნის მომენტი – შუა მონოლოგის დროს უნდა მოვიხსნა პარიკი ჩემი ქმრის თვალწინ და, ცხადია, ასეც მოხდა და უნდა გენახათ თემიკოს რეაქცია – მართლა ელდა ეცა და დაავიწყდა ყველაფერი, რაც სათქმელი ჰქონდა, კინაღამ ჩემს დასახრჩობად წამოვიდა. ეს ჩემი „გაფრენა“ იყო, მაგრამ, არნახული ეფექტი მოახდინა დარბაზში და, ჩემი წყალობით, სცენარი საკმაოდ სახალისო გამოვიდა.
– უკვე ახსენეთ, „გაფრენა“ დამემართაო. ხშირად ხდებიან თქვენი ახლობლები მსგავსი გაფრენების შემსწრენი?
– მე მიყვარს სიახლის შეტანა ცხოვრებაში, მარტო მე კი არა, არც ერთი ადამიანი არაა ორდინარული, ყველა თავისებური და გამორჩეულია.
– ამბობენ, ცოლ-ქმარს ერთმანეთი შუახნის ასაკში უფრო უყვარდებაო, თქვენს შემთხვევაშიც ასეა?
– თავდაპირველი სიყვარულის მერე იგება კიდევ ახალი სიყვარული, გრძნობები, გამოცდილება, ერთად გატარებული წლები, რაც ბადებს რაღაცა ახალს, ამყარებს ურთიერთობას.
– ხომ არ გეხმარებათ თავადური გვარი წარმატების მოპოვებაში?
– არა, რას ამბობთ! – გვარმა, შეიძლება, ხშირ შემთხვევაში, ხელიც კი შემიშალოს, რადგან არისტოკრატიულ გვარს სადღაც სხვაგან მიჰყავხარ. ჩემს გვარს დიდი ხნის ისტორია აქვს: ქართლის თავადები იყვნენ თარხან-მოურავები, ძალიან დიდი გენეალოგიური შტო გვაქვს, რომლის ჩამონათვალი შორს წაგვიყვანს. როცა მე და თემიკო ხელს ვაწერდით, მკითხეს, ქმრის გვარზე ხომ არ გადახვალთო. მეც ვუპასუხე – დაწერეთ ნინო ჭიჭინაძე-მეთქი. ამ დროს წამოხტა ჩემი მეუღლე და აღშფოთებულმა მითხრა: რას აკეთებ, ამ გვარის გამო მომყავხარ ცოლად და შენ გვარს აცამტვერებო? მაშინ, მივუბრუნდი მმაჩის ბიუროში ქალს და ვუთხარი, ჩამიწერეთ თარხან-მოურავი-ჭიჭინაძისა-მეთქი. ის მომიტრიალდა და მკაცრი სახით მითხრა: რას ამბობთ, გენაცვალე, სამი გვარის ტარება არაფრით არ შეიძლებაო. მან, ცხადია, არ იცოდა, რომ თარხან-მოურავი ერთი გვარი იყო.
– როგორც ვიცი, თქვენ ხართ გიორგი სააკაძის პირდაპირი შთამომავალი, მარტო ეს მიზეზიც კმარა, რომ იამაყოთ საკუთარი წინაპრებით.
– თავისი გვარით ყველა ადამიანი ამაყობს და გამონაკლისი არც მე გახლავარ. არსებობს ანა ანტონოვსკაიას წიგნი „დიდი მოურავი გიორგი სააკაძე” და იქაც არის ნახსენები, რომ სააკაძემდე მისი შთამომავლები არიან თარხან-მოურავები. გიორგი სააკაძეზე არსებობდა განსხვავებული მოსაზრებაც – მას ბრალს სდებდნენ ღალატში, თუმცა, არ მგონია, ეს ინფორმაცია სიმართლეს შეეფერებოდეს. ისტორიას წერენ მემატიანეები ისე, როგორც მოუნდებათ, ამიტომ ის გარკვეულწილად მაინც ბურუსითაა მოცული და მას ვერ გადავაკეთებთ, ძალიანაც რომ მოვინდომოთ.
– როცა გადაიღეს ფილმი „გიორგი სააკაძე”, რა რეაქცია ჰქონდათ თქვენს წინაპრებს, გადმოცემით ხომ არ იცით?
– კომუნისტების დროს ჩემი გვარი ჯერ კიდევ იდევნებოდა, საკმაოდ მძიმე ხანა იყო და ამ თემაზე ჩვენებს ლაპარაკი აკრძალული ჰქონდათ – არასდროს არ მახსენებდნენ და მიდებდნენ თავში, რომ გიორგი სააკაძის შთამომავალი ვიყავი. საკმაოდ მძიმე ხვედრი ერგოთ ჩემს წინაპრებს – ბაბუაჩემის დედა ჩამოახრჩეს რევოლუციის დროს. ეს ის პერიოდია, როცა 1921-1922 წლებში თავადები ჩამოაგდეს. ბაბუამ თავისი და-ძმა სასწრაფოდ ჩამოიყვანა თბილისში და გადაუკეთა გვარი თარხნიშვილზე. მოგვიანებით, მანვე გააკეთა გვარის აღდგენა და დაუბრუნა ძველი გვარი ცნობილ მხატვარს – რეზო თარხან-მოურავს. შემდგომ კი, ჯერი ჩვენზეც მიდგა – მაშინ, მე სკოლაში ვსწავლობდი. დედას, როცა გვარის აღსადგენად მივიდა, მმაჩის ბიუროში უყვირეს, როგორ ბედავთ თქვენი გვარის აღდგენას, როცა ასეთ გვარებს ვსპობთო. ბევრი სიძნელის მიუხედავად, საბედნიეროდ, მე დავიბრუნე ჩემი გვარი და, იმედია, მის გამო პრობლემები აღარ შემექმნება.