რა არჩია პოლიციის აკადემიის რექტორის შვილმა ოქროს ბიზნესს და ვისთან მალავს ის დედის ვინაობას
პოლიციის აკადემიის რექტორს, ხატია დეკანოიძეს, ერთი შვილი ჰყავს – 11 წლის თორნიკე კოპალეიშვილი, რომელიც ძალიან მხიარული, კეთილი და საყვარელი ბიჭია და, თავის ასაკთან შედარებით, ძალიან აქტიური და მარჯვეც – სულ ახლახან უცხო კონტინენტსაც არ შეუშინდა და ამერიკიდან მარტო ჩამოსვლაც კი შეძლო. იმის მიუხედავად კი, რომ თორნიკეს დედა პოლიციის აკადემიას ხელმძღვანელობს, თავად თორნიკეს სულ სხვა გატაცებები აქვს – ძალიან უნდა, რომ ამერიკულ თრილერში გადაიღონ, თუნდაც მაფიოზის როლში, თავისუფალ დროს კი თბილისში ტანსაცმლის ბიზნესში ჩაებას.
თორნიკე კოპალეიშვილი: მე ვარ თორნიკე კოპალეიშვილი, ჯერ მარტო 11 წლის ვარ, სკოლა „ოლიმპში“ ვსწავლობ. ეს „ოლიმპი“ მაგარი სკოლაა, ბასეინიც გვაქვს, ფეხბურთის სტადიონებიც, მარტო ცურვას და ფეხბურთს კი არა, გაკვეთილებსაც გვასწავლიან. ეხლა ძალიან მიხარია, რომ არდადეგები გვაქვს. ყველა ბავშვს სჭირდება დასვენება.
– რატომ, დაღლილი ხარ?
– აბა რა, მთელი წელი ვსწავლობდი. მაგრამ, ძალიან ცუდია, არდადეგები რომ ცოტაა, დაახლოებით ოთხი თვე მაინც უნდა გვასვენებდნენ, რომ კარგად დავისვენოთ.
– მისწერე მინისტრს წერილი, იქნებ გაახანგრძლივონ არდადეგები.
– ეხლა შაშკინი მე დამიჯერებს?! (იცინის). რა აზრი აქვს წერილის მიწერას, არდადეგებს მაინც არ გააგრძელებენ, სწავლა, სწავლაო – იძახიან. სახლში დედაჩემი მელაპარაკება სულ სწავლაზე, სკოლაში – მასწავლებლები. მე ცუდად არ ვსწავლობ, მაგრამ, მაინც... აი, მაგალითად, ხელოვნება ვერაფრით ვერ შევიყვარე, რთული კი არაა, მაგრამ, რაღაც ისეთია რა, მაინც.
– სკოლაში ბევრი მეგობარიც გეყოლება.
– კი, ძალიან ბევრი მეგობარი მყავს, უფრო მეტად ბიჭებთან ვმეგობრობ, ვიდრე გოგონებთან. მე ბიჭი ვარ და გოგონებთან უფრო ახლოს ხომ ვერ ვიქნები, ისინი ერთმანეთთან მეგობრობენ, სულ გოგურ თემებზე ჭორაობენ, ტანსაცმელი, სერიალები და ბიჭები აინტერესებთ.
– შენ არ გაინტერესებს სერიალები და მოდა?
– მოდა არა! მოდა რა კაცის საქმეა? კაცი შეიძლება იყოს მოდური, მაგრამ, ისეთი არა, ყურებზე ასი საყურე რომ უკეთია და ხელებზე – ბეჭდები, ერთი საქორწინო ბეჭედი და ერთი საეკლესიო – შეიძლება, მაგრამ, ყელზე, ხელებზე და ფეხებზე ასი ბეჭედი და სამაჯური რომ უკეთიათ, ეგეთი ბიჭები ცოტა ტეხავსნაირად.
– აბა, ბიჭი როგორი უნდა იყოს?
– კაცურად უნდა ეცვას, კარგი და მეგობრული ხასიათი უნდა ჰქონდეს, ცოტა ჩხუბიც უნდა იცოდეს, იმიტომ რომ ისე არ გამოვა, იქნებ, ცოლი უნდა დაიცვას, ან თავისი ოჯახის წევრი? კაცი არ უნდა იყოს ძალიან ბუტია, ცოტა რომ ეწყინოს, შეიძლება, მაგრამ გოგოსავით არ უნდა იბუტებოდეს. გოგო უფრო კარგად უნდა ექცეოდეს ბიჭს, ისე არა, როგორც ჩვენი გოგოები გვექცევიან, სულ ჩვენს დაჩაგვრას რომ ცდილობენ. ჰგონიათ, რომ ბიჭებზე მაგრები არიან და ამით თავს იწონებენ, მაგრამ ნინო მასწავლებელი სულ ჩვენ, ბიჭებს გვიცავს.
– მერე, არ იციან, ვისი შვილი ხარ?
– იმ გოგოებმა არ იციან, დედაჩემი სად მუშაობს და არც არის საჭირო. ხომ არ „ვიმარიაჟებ“, რომ დედაჩემი პოლიციის აკადემიის დირექტორი თუ რაღაცა როა.. ჩემმა მეგობრებმა იციან, დედაჩემი რომ პოლიციაშია, მეტის გაგება არაა საჭირო. თან, დედაჩემი სხვანაირი პოლიციელია, ხალხს არ იჭერს, პოლიციის ფორმა აქვს, მაგრამ, მარტო პარადებზე აცვია. ამ აკადემიაში ათასი უცხოელები ჩამოდიან ხოლმე და დედა იმეებზე დადის, შეკრებები თუ რაღაც ჰქვია და ლაპარაკობენ.. (ფიქრობს, – ავტორი).
– მარტო შეკრებებზე დადის დედა?
– არა, აქაც სულ რაღაც საქმე აქვს, ამ აკადემიაში პოლიციელებს ასწავლიან, როგორ გახდნენ პოლიციელები, როგორ დაიცვან თავისი თავი, ცოლი, შვილი და ქართველი ხალხი სხვებისგან.
– დედას სამსახური მოგწონს?
– მომწონს, მაგრამ ქართულის მასწავლებელი რომ იყოს, უკეთესი იქნებოდა, ხუთ საათზე მოვიდოდა ხოლმე სახლში და ნამცხვარს მაინც გამომიცხობდა (იცინის). ეხლა სულ არ სცალია, მაგრამ ხანდახან სადღაც-სადღაც მაინც მივყავარ ხოლმე – კინოში ან სხვა ადგილებში. მე ჩემს მეგობრებთან ერთად რესტორანშიც ბევრჯერ ვარ ნამყოფი, თუ სულელური სურვილი არ გამიჩნდა, დედა ყველა სურვილს მისრულებს. ზღვაზეც ერთად მივდივართ ხოლმე, მე წყალში შორს ვიპარები და მთელ პლაჟზე ბებიაჩემის ყვირილი ისმის.
– დედა მკაცრი არაა?
– ხანდახან ხდება მკაცრი, თუ ცუდად მოვიქეცი. ბევრ ცუდ საქციელს არ ვაკეთებ, შატალოზე მე არ დავდივარ, ჩვენს სკოლაში ისეთი დაცვაა, ძალიანაც რომ გინდოდეს, ვერსად გაიპარები. დედას სამსახურში როცა მოვდივარ, აქაც სულ დაცვა დგას, აკადემიაში მოსვლა ძალიან მიყვარს – ტირში ვისვრი, ნამდვილ პოლიციელებსაც კი ვეჯიბრები ხოლმე.
– დედას უფროსს, ვანო მერაბიშვილსაც ხომ არ იცნობ?
– არა, საიდან უნდა ვიცნობდე, მარტო ტელევიზორში მყავს ნანახი, სიმპათიური და კარგი კაცი მგონია. მე პოლიტიკაში არ ვერევი და არც მაინტერესებს.
– შენ ვინ გინდა გამოხვიდე, როცა გაიზრდები?
– მე მინდა, რომ ვიყო მსახიობი და გადამიღონ ჰოლივუდის ფილმებში.
– მე დარწმუნებული ვიყავი, რომ პოლიციელობა გენდომებოდა.
– ყველას თავისი აზრი აქვს ამ ქვეყანაზე, პატრულობა და პოლიციელობა მომწონს, მაგრამ, ჩემთვის არ მინდა; მე მინდა, რომ მსახიობი ვიყო. ძალიან მინდა, რომ კარგ კინოებში გადამიღონ, კომედიურშიც და თრილერებშიც, რა როლსაც მომცემენ, ყველას შევასრულებ, მაგრამ ყველაზე ძალიან მინდა, რომ შევასრულო ამერიკელი შერიფის ან მაფიოზის როლი. მაფიოზი ახლოს არ მინახავს, მაგრამ ამერიკაში ბევრი შერიფი ვნახე, იმათი ჩაცმულობა ძალიან მომწონს. როცა თავისუფალი დრო მექნება, ბიზმესმენიც შეიძლება ვიყო, თბილისში ტანსაცმელების მაღაზიებს გავხსნი და, როცა ჰოლივუდიდან ჩამოვალ ხოლმე, ტანსაცმელებს გავყიდი. ამ საქმეში ფულიც იშოვება. სხვა ბიზნესი – ან ოქროს ქარხანა, ან სხვა ქარხანა რომ მქონდეს – არ მინდა, ტანსაცმლის მაღაზია მირჩევნია.
– ახლა გაქვს შენი ფული?
– დიახ, ყოველთვის მაქვს ჩემი სახარჯო ფული, ხან დედა მაძლევს, ხან – ბაბუ. მე ჩემი გადამალული ფული მაქვს ხოლმე, რომ, სადმე როცა წავალ, დავხარჯო. როცა ამერიკაში მივდივარ, ჩემი ფული ყოველთვის მიმაქვს.
– ამერიკაში ხშირად დადიხარ?
– კი, მამაჩემი იქ ცხოვრობს. მე იქ სკოლაშიც კი ვსწავლობდი, ჩემს კლასში ძალიან ბევრი ზანგი ბავშვი იყო, იქაც ბევრი მეგობარი მყავდა, მაგრამ ქართველ მეგობრებს ვერ შეედრებოდნენ, მით უმეტეს – ზანგი გოგოები, იმათ ვერაფერი გავუგე, იმათ მარტო ფერი კი არ აქვთ სხვანაირი, ხასიათიც სხვანაირი აქვთ, იმათ ჩვენი ქოფაკი გოგოები ჯობიან (იცინის). ამერიკა ძალიან მომწონს, მაგარი შენობები აქვთ, ყველაზე მეტად მანჰეტენზე გავგიჟდი, იქ სხვანაირი გარემოა, ბევრი ისეთი რამეა, რაც საქართველოში არ არის. იქ ერთი „ბილდინგი“ იყო, ისეთი რაღაცეები იყო გამოსახული, კაცები როგორ დახტუნავდნენ, ისეთი ამბავი იყო, თითქოს კინოში ხდებოდა. ამერიკულ ცათამბჯენშიც ვიყავი, მესამოცე თუ ესეთ სართულზე, სულ ოფისები იყო. ყველაფერი ძალიან მომეწონა. ერთადერთი, რაც არ მომწონს, ისაა, რომ ამერიკელები სულ გვეუბნებიან, დაგეხმარებითო, მაგრამ, მგონი, გვატყუებენ. იმათაც თავისი გაჭირვება აქვთ. პატარა დახმარება შეიძლება, მოგვცენ, მაგრამ თავზე ვერ გადაგვყვებიან. მაინც არ შეგვიერთებენ – რად უნდათ, მეორე ქვეყანა? მე არც მინდა, რომ ამერიკელებმა შეგვიერთონ, მე მინდა, რომ ქართველებს ჩვენი ცალკე ქვეყანა გვქონდეს.
– შენ არ გინდა იქ ცხოვრება.?
– არა, საქართველოში მირჩევნია. ამერიკაში არ არიან ქართველები და იქ ვერ ვიცხოვრებ, სადაც ჩემი ქვეყნის წევრები არ იქნებიან. მირჩევნია, თბილისში ვიცხოვრო და ამერიკაში დასასვენებლად წავიდე ხოლმე – ეს არის ჩემი ოცნება. კიდევ მინდა, როცა დიდი ვიქნები, კარგი მაგარი მანქანა მქონდეს. როცა დიდი კაცი ვიქნები, ჩემი მშობლები უკვე პენსიის ხალხი იქნებიან და მათ მე თვითონ მივხედავ, ყველაფერს ვუყიდი, რაც კი მოუნდებათ. ამერიკაში წაყვანასაც თუ მომთხოვენ, იქაც წავიყვან ხოლმე.
– როგორც ვიცი, ახლა მარტო ჩამოხვედი ამერიკიდან, არ შეგეშინდა?
– არ შემშინებია, სტიუარდესას ჩააბარეს ჩემი თავი. გულზე მეკიდა პასპორტი, რომ გაეგოთ, ვინ ვიყავი და სად მივდიოდი. მამამ ჩამსვა თვითმფრინავში, როუმინგში ჩართული ტელეფონიც მომცა, მაგრამ, როცა თვითმფრინავი თურქეთში გაჩერდა, იქ სპეციალურ ოთახში შემიყვანეს, ის ტელეფონი არ ჩაირთო, ვერსად ვერ დავრეკე და ჩემს მშობლებს თურმე გული გაუსკდათ, ეგონათ, რომ დავიკარგე (იცინის). თვითმფრინავში ყველამ გაიგო, რომ მარტო მოვფრინავდი და ყველა მე მელაპარაკებოდა, მაგრამ კომპიუტერი არ მუშაობდა და ძალიან დავიტანჯე, მარტო ფანჯრიდან ვიყურებოდი. ახლა საზაფხულო ბანაკში მივდივარ, მაგრამ, ბაკურიანში წასვლას რა უნდა, ამერიკიდან ჩამოვედი და..... (იცინის).