რა ინტიმურ დეტალებს იგებს ნიკა ლომიძე და ვის ეშინია მისი ექსპერიმენტების
ნიკა ლომიძის ბოლოდროინდელი სატელევიზიო ცხოვრება ისე აეწყო, რომ ხან რისი გათამაშება უწევს და ხან – რისი. ავტომობილით დაიწყო და ახლა საოჯახო ტექნიკაზე გადავიდა, მარტივ კითხვებზე პასუხის გაცემით კი ოჯახებში უზომოდ დიდი დადებითი აურა შეაქვს. აურა კი ძირითადად მატერიალიზებულია და მაცივრის, გაზქურის, მტვერსასრუტის და სხვა ნივთების სახით არის გამოხატული.
– შენ როგორი ტექნიკა გაქვს სახლში?
– დღეს ტექნიკას მე კი არა, მგონი, მთელი საქართველო უჩივის (იცინის). ჩემს სახლში იმდენად არ დგას ეს პრობლემა, რამდენადაც დედაჩემთან. სერიოზულად მეჩხუბება ხოლმე, მაგრამ, რა ვქნა, საკუთარ სახლში ხომ არ მივიტან რაღაცეებს, არ შეიძლება. უკვე მეორედ ვარ ასეთ მდგომარეობაში. ჯერ იყო და, ყველას ავტომობილის მოგება უნდოდა, ახლა – ტექნიკის. ჩემი მეგობარი, ლადო ტატიშვილი, მლანძღავს – სულ ისეთი გადაცემები როგორ უნდა მიგყავდეს, რომ ყველა გლოცავდესო. კარგია, მაგრამ, მთავარი ის არის, იქ რა იქნება. იცი, რატომ მომწონს ეს გადაცემა?! არ ვარ ჩაკეტილი სტუდიაში, არ მოდიან ცნობილი ადამიანები, რომლებიც ძალიან მიყვარს, მაგრამ, რომლებსაც უკვე ყველა გადაცემაში ვხედავთ. ჩვენთან მთავარ როლში ჩვეულებრივი ადამიანები არიან. ჯაბა მარგალიტაშვილია ამ პროექტის ავტორი და, კარგი ქნა, რომ ხალხს ვეთამაშებით. ჯერ ერთი, ამდენ ახალ ადამიანს ვხვდებით, ამდენ ოჯახში მივდივართ, საინტერესო ისტორიებს ვისმენთ. მილიონი ინტიმური რაღაც ხდება ოჯახში, რომელიც მხოლოდ მისმა წევრებმა იციან და ეს ყველაფერი ძალიან საინტერესოა.
– პლუს ამას, მაცივართან და ტელევიზორთან დაკავშირებით აქვთ ხოლმე საინტერესო ისტორიები, ხომ?
– ეს ცალკე საკითხია. იქ რაებიც ხდება, ეს ძალიან სასაცილო ამბავია. როგორ კომუნისტურ რაღაცეებს ვნახულობ, იცი?! გადავირიე. მაგრამ, ყველაზე მეტად მაინც მტვერსასრუტმა „რაკეტამ“ გამაკვირვა (იცინის). მართლა არ მეგონა, რომ თბილისში შეიძლება „რაკეტა“ კიდევ ვინმეს ჰქონოდა. „ნუ პაგადიში“ რომ არის, წვეტიანი თავით, ის ჰქონდათ სახლში.
– ამ „რაკეტების“ შესახებ წერილებს გწერენ?
– დიახ, წერილი მოდის. პროდიუსერები მიდიან ოჯახებში და ნახულობენ, რეალურად რა არის შესაცვლელი, როგორი ოჯახია, როგორი შოუ გამოვა.
– სახლში გაზქურა არ მაქვს, პატარა „ბალონჩიკი“ მაქვს, ლურჯი.
– „ბალონჩიკს“ შეგიცვლით, პრობლემა არაა. ანუ, პრაქტიკულად, ოთხი კაცის საჭმელს ვერ აკეთებ, ხომ?! „ერთკამფორკიან“ საჭმელებზე ხართ, ესე იგი. დაწერე წერილი, გამოგზავნე და ვნახოთ. უფრო „პრიკოლნი“ ამბები ჭრის. რაც უფრო სახალისოა წერილი, მით უფრო ფიქრობს ყველა, რომ კარგი შოუ გამოვა. ერთი წერილი მახსოვს, მაცივარზე იყო. ავტორი მაცივარზე როგორც ცოცხალ ადამიანზე, ისე ყვებოდა: როგორ ჩხუბობს, როგორ დადის ოთახიდან ოთახში, მეზობლებს რას უშვრება. რომ მივედით მართლა ეგეთი „ტიპი“ დაგვხვდა – რომ ირთვებოდა, ერთ-ორ ნაბიჯს მართლა აკეთებდა. ერთი სიტყვით, იქ მოიგეს მაცივარი და ოჯახის წევრებზე მეტად ბედნიერი მეზობელი იყო, რადგან მათ კედელზე იყო მიდგმული და ღამეში ათჯერ აღვიძებდა, საშინელი კივილით რომ ირთვებოდა.
– რამდენი ოჯახი გააბედნიერე, რამდენმა დაგლოცა?
– ძალიან ბევრი, აღარც ვითვლი უკვე. მაგრამ, ისეთი შემთხვევაც იყო, საჩუქარიც და ძველი ნივთიც კინაღამ უკან რომ წამოვიღეთ. ანუ ახალი მაცივარი ვერ მოიგეს, მაგრამ, რადგან ერთ კითხვას პასუხი გასცეს, ძველი დავუტოვეთ. რეალურად ძალიან მარტივი კითხვებია.
– ამ გადაცემის გარდა კიდევ რამეზე მუშაობ?
– ჩემი ძირითადი საქმიანობა სარეკლამო კომპანია „ზებრაა“, ლამაზ რეკლამებს ვაკეთებთ. სატელევიზიო ამბავში კი მხოლოდ ამ გადაცემით შემოვიფარგლები. არის კიდევ რაღაც ახალი და კარგი იდეები, მაგრამ, ვნახოთ, არ ვიცი, როგორ და რა იქნება.
– შენ თვითონ სად გრძნობ თავს კარგად, რა ტიპის გადაცემა გექნებოდა სიამოვნებით?
– „ტოროლაზე“ ვიმუშავებდი ისევ სიამოვნებით. თან ძალიან დიდი სიამოვნებით. ყველაზე მაგარი პერიოდი იყო და ყველას კარგად ახსოვს. ვისაც ვხვდები, ლაპარაკს ყველა ამით იწყებს, ეს ახსოვთ. სხვათა შორის, არანაირი შემოთავაზება არ ყოფილა არც ერთი დილის გადაცემიდან და, კარგი იქნება, თუ ვინმე ასეთ მხიარულ დილას გააკეთებს. რა თქმა უნდა, ზუსტად ისეთი „ტოროლა“ ვეღარ იქნება, ტელევიზია შეიცვალა და გაიზარდა, მაგრამ, ზომიერად იუმორში შეიძლება გაკეთდეს დილის გადაცემა, რომელიც მოსაწყენი არ იქნება.
– ერთ დროს „ტოროლამ“ გარკვეული ჩარჩოები დაანგრია.
– ძალიან სერიოზული სიტყვა თქვა ტელე-სივრცეში, დიდი გარდატეხა მოახდინა, მყარი ჩარჩოებიც დაანგრია და ამას მხოლოდ მე არ ვამბობ. „მაესტროს“ დაუბრუნეთ პირვანდელი სახე, თუ შეიძლება! (იცინის). სულ მომწონდა და მომწონს ჩარჩოების რღვევა. ამ ასაკიდან არ გამოვსულვარ და არც არასდროს გამოვალ. სიახლეები მიყვარს. „ტყუპები“ ვარ ჰოროსკოპით და ერთფეროვნებას ვერ ვიტან, სულ რაღაცეებს ვცვლი – ვცდილობ, კარგისკენ შევცვალო, რა გამომდის, ეს მეორე საკითხია. თუმცა, ვერ ვიტყვი, რომ ამას მხოლოდ სიკეთე მოაქვს. ძირითადად ჩემი ექსპერიმენტული და „გიჟური“ იდეების გამო, ხშირად უამრავ წინადადებაზე უარი მიმიღია, თუნდაც, სარეკლამო ბიზნესში – დაგვიწერია საინტერესო სცენარი და უარი უთქვამთ, მაშინ, როცა სადღაც სხვა ქვეყანაში მას აუცილებლად გადაიღებდნენ. ჯერ, ალბათ, ადრეა, მივალთ მანდამდეც. უბრალოდ, მე მეჩქარება ყოველთვის (იცინის).
– საშინლად მოუხელთებელი ტიპი ხარ, უგრაფიკო.
– ზუსტად ასეა, დაუგეგმავი ვარ. მიუხედავად იმისა, რომ გეგმები კარგია, ვერ ვგეგმავ, სპონტანური კეთება მიყვარს. რომ გითხრა, ხვალ ოფისში 4 საათზე მოდი-მეთქი, ზუსტად უნდა იცოდე, რომ იქ არ დაგხვდები. მაგრამ, არ მგონია, ამის გამო ვინმეს დისკომფორტს ვუქმნიდე ჩემი ასეთი ქცევით, რადგან საქმეს არასდროს არ ვაფუჭებ.
– ზაფხულში არ ჩერდები?
– გადაცემა ერთი თვე ჩერდება, მაგრამ ჩვენ ჩაწერებს ვაგრძელებთ. ცოტა ხნით ალბათ დასვენებასაც მოვახერხებთ. ძალიან მინდა ზღვაზე წასვლა და ტელეფონის გამორთვა. მეეჭვება, ეს რომ გამომივიდეს – უკვე მერამდენე წელია, ვერ გამოვრთე. თუ არ თიშავ ტელეფონს, ესე იგი, არც ისვენებ. ისეთ ადგილას უნდა წახვიდე ტელეფონი რომ არ იჭერს. როგორ ვარ სულ იცი?! ვთქვათ, ზღვაზე წავედი. კვირაში ერთხელ მაინც მიწევს თბილისში ჩამოსვლა და ძირითადად ტრასაზე ვარ. თუ იქ მაქვს საქმე, ეს კარგია. ძალიან მშვიდ გარემოში ვისვენებ. იმდენად ბევრი მაქვს თბილისში ხმაური, მუსიკა, ხალხი, რომ დასვენების დროს მივდივარ ერთ არაჩვეულებრივ ოჯახში, სადაც არის ბევრი სიმწვანე, სახლი დგას პირდაპირ ზღვაში და ჩემთვის ჩუმად, წყნარად ვარ. ბათუმი, კვარიათი, გონიო, ქობულეთი – არა; სხვა ადგილია, რომელსაც არ ვამბობ, მერე ბევრი ხალხი რომ არ ჩამოვიდეს (იცინის). ბათუმში თხუთმეტი წუთით ჩავდივარ აჭარულის საჭმელად.
– პირად ცხოვრებაში რა ხდება? მეორე შვილს ხომ არ ელოდებით?
– არა, ყოველ შემთხვევაში, ჯერჯერობით. ჯერ ახალი სახლი გვჭირდება, რომ დავეტიოთ.
– თბილისში სულ არის საუბარი შენზე და თეაზე, რომ ზუსტად ისევე გიყვართ ერთმანეთი, როგორც ეს შეყვარებულობის დროს იყო.
– შეყვარებულობის დროს – არა, შეყვარებულები ვართ ისევ, თან, ძალიან მაგრად (იცინის). მივხვდი, შენ რას გულისხმობ. არ ვიცი, რას ნიშნავს მიჩვევა და რაში გადადის სიყვარული ქორწილის შემდეგ. დედაჩემი და მამაჩემიც ასე იყვნენ – სულ შეყვარებულები. ჩემთვის პირიქით, ერთადერთი ცვლილება მოხდა ჩვენს ურთიერთობაში – უფრო გაღრმავდა. შეყვარებულობის პერიოდმა უკვე რვა წელია, არ გადაგვიარა და აღარც გადაგვივლის. როგორ ვახერხებთ, იცი?! ამის ყველაზე დიდი საიდუმლო ძალიან მარტივია – უბრალოდ, უნდა დაუთმოთ ერთმანეთს ყველაფერი. თუ სადმე რამეში გამოეკიდები, კამათს თუ აჰყვები და პატარა რაღაცას ძირამდე ჩაჰყვები, ძალიან დიდი კონფლიქტი გაჩნდება. პირველივე დათმობაზე მეორე ნახევარიც გითმობს, გავიწყდება ყველაფერი და უფრო დიდი სიყვარულით ივსები.
– ეს ყველაფერი ჩხუბს ეხება, მაგრამ ორ მანქანას რომ არ ყიდულობდით, ცალ-ცალკე რომ არ გევლოთ – ეს კიდევ სხვაა.
– ახლა ორი მანქანა გვყავს და ეს ამბავი ძალიან არ მოგვწონს. ძალაუნებურად, ცალ-ცალკე გვიწევს სიარული. ადრე უნდა გამევლო ან თეას უნდა გამოევლო და უფრო მეტ დროს ვატარებდით ერთად. უბრალოდ, ახლა ფიზიკურად შეუძლებელია ამის მოსწრება. საჩუქრებსაც კი ვერ ვყიდულობთ ერთმანეთისთვის, სულ ერთად ვართ და სიურპრიზების გაკეთება არ გამოდის. წამოდი, ახლა ჩვენს თავს რაღაც ვუყიდოთ, ვამბობთ – მივდივართ და გვიხარია (იცინის). მესიჯებია ყველაზე მაგარი. თითქმის ყოველდღე ერთმანეთს რაღაც მესიჯს ვწერთ, ისეთს, „ლუბოვნის“ (იცინის). თან, ორივეს ყველა მესიჯი შენახული გვაქვს, რაც კი ოდესმე მიგვიწერია. ტელეფონებს რომ ვცვლით, მესიჯები გადაგვაქვს. რომელიმეს რომ დახედავ და თავის თარიღიანად და დღის მონაკვეთიანად გაქვს, ზუსტად გახსენდება, რა სიტუაციაში მოგწერა ან მისწერე. რამდენი წლის მესიჯებია და, ხომ წარმოგიდგენია, რა რაოდენობისაა.
– იმედია, სულ ასე იქნება!
– სად წავალთ (იცინის)!