კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რატომ ათენებდა ღამეებს ნინო ვარდოსანიძე ტყეში და რას გადაურჩა ის მსუბუქი ყოფაქცევის ქალებთან


ორი წელია, რაც ნინო ვარდოსანიძე „ტელეიმედში“ საინფორმაციო გადაცემის წამყვანია და ამ ამპლუას მშვენივრად მოერგო. მისი ჟურნალისტური წარსული საკმაოდ მრავალფეროვანია, საყვარელი პროფესიის ხიბლს ადრეული ასაკიდან ეზიარა და ფიქრობს, რომ პროფესიულ არჩევანში ნამდვილად გაუმართლა. მისი მშვიდი გარეგნობის უკან ექსტრემისა და აზარტის დიდი სიყვარული დგას – ხალისიან, ენერგიულ და კომუნიკაბელურ ტელეწამყვანს, რომელიც სკანდალურ თავგადასავლებში არასდროს ეხვევა, საინტერესო ცხოვრება აქვს – კლდეებზეც ცოცავს, კარაოკეების პრიზებსაც აგროვებს და მაჭანკლების დიდ შემოტევებსაც უძლებს.


ნინო ვარდოსანიძე: ბავშვობიდან ვოცნებობდი, რომ ვყოფილიყავი ან მომღერალი, ან გამოჩენილი ჟურნალისტი. ძალიან მომწონდა მიკროფონი და მისი ხათრით, „სახლობანას“ ნაცვლად, ხან „მომღერლობანას“, ხან კი „ჟურნალისტობანას“ ვთამაშობდი. როდესაც დადგა დრო, რომ პროფესიის არჩევანი უნდა გამეკეთებინა, მივხვდი, რომ ჟურნალისტიკაზე უნდა ჩამებარებინა, როცა სტუდენტი გავხდი, უკვე ვიცოდი, რა უნდა გამეკეთებინა. ძალიან მინდოდა, წამყვანი ვყოფილიყავი ტელევიზიაში და ამისთვის სამზადისი სახლშიც კი დავიწყე: ბევრს ვმეცადინეობდი, ვიწერდი ჩემს საუბარს და მერე ვამოწმებდი, როგორი მეტყველება მქონდა, საკუთარ თავს საკონტროლოებს ვაბარებდი (იცინის). ვიცოდი, შეიძლებოდა, უცებ დამდგარიყო მომენტი, რომ ტელევიზიაში მუშაობა დამეწყო და ამისთვის მზად უნდა ვყოფილიყავი. როცა „მზეში” დავიწყე მუშაობა, საკუთარ თავს ვუთხარი: ახლა რაც არ უნდა დაგავალონ – სიუჟეტი, ჩართვა, ეთერში დაჯდომა – ყველაფერი უნდა შეძლო-მეთქი.

– თავიდან ძალიან აქტიური ჟურნალისტი იყავი, თუმცა, მერე ტელეწამყვანის ამპლუა უფრო მოირგე.

– ხუთი წელი ვიმუშავე ჟურნალისტად, გადავიტანე ყველაფერი, რაც ჟურნალისტის საქმიანობას ახლავს, ბევრი სიმწარეც ვნახე და სიტკბოც. მახსოვს, როგორ ვიღვიძებდი ღამის სამ საათზე და როგორ გავრბოდი სპეცოპერაციების გადასაღებად (თან, მაშინ სპეცოპერაციები იშვიათობა ნამდვილად არ იყო); როგორ ვათენებდი ღამეებს ოსიაურის ტყეში. იარაღიც მისვრია და რეზერვისტებთან ერთად ბევრჯერ მირბენია კიდეც. ერთხელ ბორდელშიც კი მოვხვდი, იმ ქალების დანახვამ ისე დამაბნია, ოპერატორები რომ არ მყოლოდნენ გვერდით, ვერაფრის გაკეთებას ვერ შევძლებდი. ჩემდა ბედად, იმ სპეცოპერაციაზე მახლდა სამი ოპერატორი, ერთმა მიკროფონი დაიჭირა, მეორემ შტატივი, მესამემ – კამერა და გადაღებული მასალა გამომიტანეს, ასე რომ, მსუბუქი ყოფაქცევის ქალებთან და მამაკაცებთან ურთიერთობას გადავრჩი (იცინის). საბედნიეროდ, ძალიან კარგ ადამიანებთან მომიწია მუშაობა, მარტო ისინი კი არ მიცავდნენ, ერთხელ მელქო როსტიაშვილს თავზე კაპიუშონი დავაფარე, რომ „დუბინკები“ არ მოხვედროდა. ამაზე მელქომ მაგრად იცინა. „კაპიშონი“ რას დამიცავს, შენ თავს მიხედეო, მეუბნებოდა (იცინის). იმ პერიოდში ძალიან ბევრჯერ მომიწია, ექსტრემალურ სიტუაციაში მოხვედრა. ალბათ, სწორედ ამიტომაც არის ჟურნალისტობა ყველაზე საინტერესო პროფესია და აქვს ძალიან დიდი ხიბლი, რომელსაც თუ ერთხელ ეზიარე, ვეღარასოდეს შეელევი. ორი წელია, რაც „იმედის“ საინფორმაციო გადაცემის წამყვანი ვარ.

– უკვე, იმხელა გამოცდილება გაქვს, როგორც თევზი წყალში, ისე უნდა გრძნობდე თავს.

– რაც უნდა დიდი გამოცდილება გქონდეს, მარტივად მაინც არ უნდა მიუდგე საქმეს, ორ-სამ არასასიამოვნო ინციდენტს მაინც ვერ გადავურჩი. მქონდა ისეთი შემთხვევაც, როცა ისე მაცინებდნენ, ოპერატორი და პროდიუსერი, რომ მაყურებელს ვერ დავემშვიდობე და „ნახვამდის” ვერ ვთქვი. ერთხელ რაღაც შემეშალა და ძალიან სერიოზულ თემაზე ისეთი საოცარი რამ ვთქვი, რომ სასაცილოდ არავის ეცალა, მე ძალიან სერიოზულად გავაგრძელე საუბარი, სიტყვაც შევასწორე, მაგრამ ამას აზრი აღარ ჰქონდა.

– დაგტუქსეს ამის გამო?

– კი, დამტუქსეს, ოღონდ, მსუბუქად გადავრჩი (იცინის). მე არ ვარ ისეთი ადამიანი, ვინც შენიშვნას არ იღებს, პირიქით, ახლობელი ადამიანების აზრს ყოველთვის ვითვალისწინებ. თავიდან, როცა ახალი დამჯდარი ვიყავი ეთერში, უამრავ შეკითხვას ვუსვამდი ახლობლებს, მეგობრებს. ვკითხულობდი, გასაგები თუ იყო ჩემი საუბარი, როგორ გამოვიყურებოდი ეკრანზე. მერე, იცით, რა დამემართა? ძალიან დავიბენი, რადგან ყველა სხვადასხვა რამეს მეუბნებოდა. მერე ერთმა კომპეტენტურმა ადამიანმა მირჩია, არავის არაფერი ჰკითხოო და მეც მივხვდი, რომ მართლა ასე ჯობდა.

– ერთი შეხედვით, ექსტრემალური ადამიანის შთაბეჭდილებას არ ტოვებ, როგორ უძლებდი იმ ექსტრემს, რაც აქტიურ ჟურნალისტიკაში ყოფნას ახლავს?

– ეტყობა, როცა ჟურნალისტი ხარ, გამძლეობა და აზარტიც გემატება. ალბათ, გახსოვს მოჭიდავეების დაკავების ამბავი, იმ პერიოდში ძირითადად შარვლით დავდიოდი ხოლმე და მაინცდამაინც იმ დღეს ჩავიცვი ქვედაბოლო, რომელიც ისეთი ვიწრო იყო, ფეხს ძლივს ვდგამდი, არადა, ნეტავ იცოდეთ, რამდენი სირბილი მომიწია, გადავრიე „სპეცნაზელები“ (იცინის). მაშინ ახალი დაწყებული მქონდა მუშაობა, მახსოვს, როგორ შეეშინდა ჩემს დას, როცა პირდაპირ ეთერში მხედავდა. გამუდმებით მირეკავდა ტელეფონზე და მეუბნებოდა, დააგდე ეგ მიკროფონი და წამოდი სახლშიო, სად უნდა წამოვსულიყავი, მოვლენების ეპიცენტრში ვიყავი. ჟურნალისტი ყველაფრისთვის მზად უნდა იყოს. მე, მაგალითად, ძალიან გამომადგა ის, რომ ფიზიკურადაც გამოწრთობილი ვიყავი. ეს მამაჩემის დამსახურებაა, მამა მე და ჩემს დას ყოველთვის გვეუბნებოდა, რომ უნდა გვევარჯიშა. ვერ ვიტყვი, რომ კულტურისტი ვარ, მაგრამ, დღემდე ვვარჯიშობ. მამაჩემი მთამსვლელი და მოთხილამურეა, ზამთარში ყოველ შაბათ-კვირას გუდაურშია და ყველა ჩემპიონატებში მონაწილეობს, ის ერთადერთი მამაკაცია, რომელმაც ამ ყველაფერში ამიყოლია. მამა ბავშვობიდან დაგვატარებდა მე და ჩემს დას მთაში, თითქმის მთელი საქართველო მაქვს ფეხით შემოვლილი, ცნობილი „პახოდისტი“ ვარ, ვგიჟდები კლდეებზე ცოცვაზე (იცინის). ერთხელ მეგობრები ყაზბეგში ყუროს დასალაშქრავად ავდიოდით. მე გზა არ ვიცოდი, მაგრამ ყველაზე წინ გავრბოდი. ასე რომ, ჩემი გარეგნობა ნუ მოგატყუებთ, მწვერვალებიც კი მაქვს დაპყრობილი – პატარები, მაგრამ მაინც მწვერვალები.

– შენ ცნობილ ტელესახეთა შორის იშვიათი გამონაკლისი ხარ, ვისზეც არც სკანდალურ ისტორიებს თხზავენ და არც ბევრს ჭორაობენ. როგორ ახერხებ ამას?

– ამას მოხერხება არ უნდა, უბრალოდ, არ ვარ ხმაურიანი ადამიანი, არ მიყვარს ბევრი ლაპარაკი და არ ვეხვევი ისეთ თავგადასავლებში, რომლებიც სკანდალებამდე მიდის. ალბათ ამიტომაც, თუ რამე ისეთი მომხდარა ჩემს ცხოვრებაში, ძალიან არ გახმაურებულა. ზოგიერთი ადამიანი ისეთია მისი პატარა საქციელიც კი ჩანს და მასზე მერე ბევრი ისტორია ითხზვება, მე კი არ ვარ ასეთი, ცხოვრების სტილიც ჩვეულებრივი მაქვს. კაფეშიც დავდივარ, დისკოთეკაზეც, ქალაქგარეთაც მეგობრებთან ერთად, მაგრამ ხმაურიან თავგადასავლებში არ ვეხვევი. ძალიან მიყვარს ცეკვა, მუსიკა. არ გამომიტოვებია არც ერთი კარაოკე, რომელიც ჟურნალისტების წრეში მოეწყო. სახელი ისე გამივარდა, რომ უჩემოდ ერთი კარაოკე აღარ ტარდება, თან, როგორც გამარჯვებულმა, საკმაოდ ბევრი პრიზიც მივიღე. იმდენ რამეზე ვიტყვი ხოლმე, ეს კარაოკეში მოვიგე-მეთქი, რომ მეგობრები ხუმრობენ, შემოსავლის სხვა წყაროც გაიჩინაო. ძალიან მიყვარს მეგობრებთან ერთად წასვლა ქალაქგარეთ, ტაძრების მოსალოცად, ლამაზი ადგილების მოსანახულებლად. არიან ადამიანები, რომლებსაც იდეაფიქსად აქვთ გადაქცეული, რომ სულ უნდა იარონ და მეც სულ მეპატიჟებიან – იციან, რომ მეც დიდი მოხალისე ვარ და ჩემი „რუკზაკიც“ სულ მზადაა.

– ახლა იმის ფუფუნება აღარ გექნება, რომ უცხოეთში იარო და, დროა, დატკბე აქაურობით.

– როცა აქტიური ჟურნალისტი ვიყავი, თვეში ორჯერ მაინც მივდიოდი სადმე, ახლა ისე ხშირად ვეღარ დავდივარ, მაგრამ, ხანდახან ჩემითაც გავძვრები ხოლმე – თურქეთშიც ვიყავი, ესპანეთშიც. ესპანეთში დასასვენებლად წავედი, მაგრამ დასვენება ვერ მოვახერხე. იქ ძალიან ბევრი რამ არის სანახავი, იმდენი ვიარეთ, ბოლოს ფეხები აგვტკივდა და სიმწრისგან ვტიროდით, ერთი მუზეუმი არ დაგვრჩენია უნახავი.

– პერსპექტიულ საპატარძლოთა სიაში როდემდე უნდა იყო, ოჯახის შექმნას რატომ აგვიანებ?

– არ ვიცი. ეს ის თემაა, რომელსაც ვერ დაგეგმავ და თავად ვერ გადაწყვეტ. მე არ ვფიქრობ, რომ ყველა 20 წლის ასაკში უნდა გათხოვდეს, თუმცა, ყველა ნორმალურ გოგოს უნდა, რომ ოჯახი შექმნას. მე ძალიან ტრადიციების დამცველ ოჯახში ვარ გაზრდილი და მინდა, რომ ასეთივე ოჯახი მქონდეს, მაგრამ, ჯერჯერობით ეს თემა დღის წესრიგში არ დგას. ცხოვრებაში ყველაფერი ხდება. მე არ მწვევია ისეთი დიდი სიყვარული, რომ ოჯახის შექმნამდე მივეყვანე. მე არ ვარ ისეთი ადამიანი, რომ ვინმესთან ერთად ორი-სამი წელი პაემნებზე ვიარო (იცინის).

– წუნია ხომ არ ხარ და მკაცრად ხომ არ აფასებ მამაკაცებს?

– არა, წუნია არ ვარ, თუმცა, მაქვს ჩემი მოთხოვნები. თუ მამაკაცი მომეწონა, რაღაცეებზე თვალის დახუჭვაც შემიძლია, მაგრამ მთავარზე ვერ დავხუჭავ თვალს. მთავარი კი ჩემთვის ისაა, რომ მამაკაცი უნდა იყოს ღირსეული ადამიანი, ჭკვიანი და ისეთი, რომელზე დაყრდნობასაც შევძლებ, ოღონდ, ამას იმიტომ არ ვამბობ, რომ თავი სუსტ ქალად მიმაჩნია, პირიქით, იმაზე მეტი სიძლიერე აღმოვაჩინე საკუთარ თავში, ვიდრე წარმოვიდგენდი, მაგრამ, ქალს მაინც ყველაზე მეტად ზრუნვა და დაცვა სჭირდება. ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია ერთგულება და ურთიერთგაგება.

– მაჭანკლები არ გიტევენ?

– ძალიან მიტევენ, გავგიჟდი უკვე. სიტყვიერი შემოთავაზებებით დაწყებული და ნათესაური კავშირების გამოყენებით დამთავრებული, ყველა მეთოდს იყენებენ, მაგრამ მე ესეთი რაღაცეები არ მიყვარს. ვერ ვიტან, როცა მეუბნებიან: „ნინო იცი? იმას შენი გაცნობა უნდა.“ მამაკაცს, რომელსაც ჩემი გაცნობა ნამდვილად უნდა, აქვს ამისი შანსი და მაჭანკალი არ უნდა სჭირდებოდეს (იცინის).


скачать dle 11.3