კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ვის ცხოვრებას აკონტროლებს ინგა გრიგოლია და როდის ხდება ის აუტანელი ადამიანი


ინგა გრიგოლია ის ადამიანია, რომელზეც ყოველთვის ყველა ლაპარაკობს და მისი არც ერთი გადადგმული ნაბიჯი ყურადღების მიღმა არავის რჩება. წარმატებული ჟურნალისტის პოლიტიკაში გადასვლა ბევრისთვის მიუღებელი იყო, ბევრისთვის კი – პირიქით. რაც შეეხება თავად ინგას, დიდი გეგმები აქვს და აცხადებს რომ პოლიტიკაში ჟურნალისტის რანგში წასული ადამიანი არასდროს იქნება და ხმამაღალი ჟურნალისტი, პოლიტიკაშიც ხმამაღალი სიტყვით დააფიქსირებს საკუთარ პოზიციას.


– ცხოვრების ახალი ეტაპი დაიწყო – ჟურნალისტიკიდან პოლიტიკაში გადაინაცვლეთ. როგორ შეეგუეთ?

– ჯერჯერობით ისევ შეგუების პროცესში ვარ, რადგან პირველივე დღე ძალიან მძიმე და დატვირთული აღმოჩნდა. როგორც კი საკრებულოში მოვხვდით, იმდენი ადამიანი რეკავდა და შეხვედრებს გვთხოვდა, იძულებული გავხდით, ამ ზაფხულს ფრაქციის თითო წევრს კვირაში ორ-ორი შეხვედრა დაგვენიშნა. ძალიან მძიმე რეჟიმია. არჩევნების შემდეგ, ფაქტობრივად, ერთი დღეც არ დამისვენია, ეგრევე თავით გადავეშვი მუშაობაში. მართალია, ეს ყველაფერი რთულია, მაგრამ, ძალიან საინტერესოა.

– ყოველთვის პასუხობთ სატელეფონო ზარს?

– სხვათა შორის, ნომერიც არ შემიცვლია. როგორც ჟურნალისტობის დროს, ახლაც ბევრი ადამიანი მირეკავს, მათ შორის – ხულოდან, გორიდან, ახალგორიდან. ზუსტად ვიცი, რომ ყველა ზარს ვუპასუხებ და ყველა ადამიანს შევხვდები, რადგან, ჩემი ჟურნალისტობის დროს, ყოველთვის მაღიზიანებდა, ვიღაც დეპუტატი, თანამდებობის პირი თუ ცნობილი ადამიანი ზარებს რომ არ პასუხობდა. ნამდვილად არ მინდა, მათ დავემსგავსო. საკრებულოს ყოველი წევრი ვალდებულია, ყველა ადამიანს შეხვდეს და ყველა ზარს უპასუხოს. ნომრის შეცვლა შემომთავაზეს, მაგრამ უარი ვთქვი. დასამალავად და გასაქცევად ნამდვილად არ მოვსულვართ საკრებულოში. მართლა ისეთი განცდა მაქვს, თითქოს მთელმა საქართველომ იცის ჩემი ნომერი, იმდენი ადამიანი მირეკავს.

– როცა ჟურნალისტი პოლიტიკაში მიდის, ხშირად ხალხი მის მიმართ კრიტიკული ხდება და ამბობენ, როგორც ჟურნალისტი უკეთესი იყოო. ამ მხრივ როგორი ემოცია მოდის თქვენკენ?

– საერთოდ, რაღაც უცნაური ბედი დამყვება. ჟურნალისტიკაშიც ყველაზე მეტად გამორჩეული ვიყავი იმ თვალსაზრისით, რომ, იმდენი არავინ უგინებიათ და უკრიტიკებიათ, რამდენიც მე. ხან მიმაჩნდა, რომ დამსახურებული იყო, ხან კი – დაუმსახურებელი. როცა პოლიტიკაში გადასვლა გადავწყვიტე, იმ ადამიანებს, რომლებიც ჟურნალისტობის დროს ჩემი რესპონდენტები იყვნენ, იმის ნაცვლად, რომ ეთქვათ, წარმატებას გისურვებო, პირიქით, ვისაც არ ეზარებოდა, ერთმანეთის მიყოლებით გამოცვივდნენ და განცხადებები აკეთეს – ჟურნალისტიკაში კი იყო წარმატებული, მაგრამ, წარმატებული ჟურნალისტი არ ნიშნავს წარმატებულ პოლიტიკოსსო. გამეცინა, რადგან, როცა ჟურნალისტობა დავიწყე, სულ თავდასხმის ობიექტი ვიყავი, ახლა კი პოლიტიკაში წამოვიდა თავდასხმების კასკადი. შეიძლება, მე მაქვს ასეთი ბედი – რაც არ უნდა გავაკეთო, ყველაფერი ყვირის. ალბათ, ყველაფერი ნელ-ნელა ჩადგება კალაპოტში, რადგან მე არ ვაპირებ, პოლიტიკაში ჟურნალისტის რანგში წასული ადამიანი ვიყო. მე ვაპირებ სრულფასოვანი წევრი გავხდე იმ სპექტრისა, რომელშიც ფეხი შევდგი. ერთადერთი ადამიანი იყო ეკა ბესელია, რომელიც ლონდონში სკაიპით მეკონტაქტებოდა და მითხრა, რომ მთელი გულით და სულით მისურვებს წარმატებას და ჩემს პირველ განცხადებებზე სულ მეუბნებოდა თავის შეფასებებს.

– მახსოვს, ტელეკომპანია „მზის“ ეთერში, როცა საინფორმაციო გადაცემა „მზერა“ გაიხსნა, მიხეილ სააკაშვილიც იყო თქვენი სტუმარი და თეთრი ვარდი და მოვარდისფრო სათვალე გაჩუქათ.

– რა კარგად გახსოვს! მაშინ ვერ მივხვდი, ეს ვარდი რას ნიშნავდა, რევოლუციის შემდეგ კი ყველაფერი ნათელი გახდა. რაც შეეხება სათვალეს, მითხრა, ვარდისფერი სათვალით არ უყურო ცხოვრებასო. დღეს დიდი სიამოვნებით მე გავუგზავნიდი მას სათვალეს, რომ ვარდისფრად კი არ უყუროს ყველაფერს, რეალური ფერებით დაინახოს, რაც ხდება. ამაზე არასდროს მიფიქრია, კარგი რაღაც შემახსენე.

– ძალიან გადატვირთული გრაფიკი გაქვთ. როგორ ახერხებთ, თავს ყურადღება არ მოაკლოთ და ყოველთვის ფორმაში იყოთ?

– 60 წლის რომ გავხდები, არ ვიცი, რა განწყობაზე ვიქნები, მაგრამ, ჯერჯერობით 39 წლის ვარ და ყოველთვის მაქვს სურვილი, თავს მივხედო. მიმაჩნია, რომ საქმემ არ უნდა შეჭამოს ადამიანი. ნებისმიერი საქმე ჩემთვის უინტერესო გახდება, თუკი მე თვითონ გავხდები უინტერესო ჩემი მეგობრებისთვის და ჩემივე თავისთვის. პირველ ყოვლისა ხარ ქალი, მერეა სამსახური და სხვა დანარჩენი. ჩემთვის ჯერ ჩემი ოჯახია მნიშვნელოვანი და მერე – სამსახური. თუ ცხოვრებაში წარუმატებელი ხარ, ვერაფრით ვერ იქნები სამსახურში წარმატებული.

– მარიამი ხომ არ აპროტესტებს მისთვის ბოლო დროს ცოტა დრო რომ გრჩებათ?

– სხვათა შორის, მისთვის ცოტა დრო არ მრჩება. არასდროს მიკონტროლებია მარიამის ცხოვრება ისე, როგორც ბოლო ორი-სამი წლის განმავლობაში. ალბათ გაიზარდა და იმიტომ.

– დებივით ხართ.

– დიახ. მარიამი მალე 21 წლის გახდება და სრული ჰარმონია გვაქვს. ადრე ასე არ ვიყავით, თითქოს ზედმეტი ტვირთივით იყო. ეს იმიტომ, რომ მე თვითონ ვიყავი პატარა, ძალიან ბევრს ვმუშაობდი და მისთვის არასდროს მეცალა. მერე და მერე მარიამი გაიზარდა, მეც გავიზარდე, მივხვდი, რომ პასუხისმგებლობები გამიძლიერდა და დღეს ჰარმონიულად ვცხოვრობთ. ძალიან ბევრ რამეში მეხმარება, მაგალითად, ძალიან საინტერესო იდეების მოწოდებაში. ჰილარი ქლინთონი რომ იყო ჩამოსული, შეხვედრაზე ვერ წავედი, რადგან ავად ვიყავი და მაღალი სიცხე მქონდა. მთელი დღე ხმას არ მცემდა და ბოლოს მითხრა, როგორ შეიძლება ჰილარი ქლინთონი იყო ჩამოსული და შენ ავადმყოფობის გამო არ წახვედი. მე რომ შენს ადგილას ვყოფილიყავი, 40-გრადუსიანი სიცხით მაინც დავესწრებოდი იმ შეხვედრასო. იმდენად ჩართულია ჩემს ცხოვრებაში, რომ ასეთ რაღაცეებში რჩევებსაც კი მაძლევს.

– მარიამი ჯერ 20 წლისაა. რა მსგავსებას ხედავთ თქვენ შორის, როცა თავად იყავით მის ასაკში?

– მარიამის ასაკში მე ბევრად უფრო ქარაფშუტა, რბილი და „ლაითი“ ვიყავი, მარტო ჩემს თავზე, კარიერასა და პირად ცხოვრებაზე ვფიქრობდი. ნაკლებად ვფიქრობდი ოჯახზე, ნაკლებად ვფიქრობდი შვილზე, რადგან, მარიამი 2 წლის რომ იყო, მე 20 წლის ვიყავი. მე თუ „ლაითი“ ვიყავი, ის ძალიან რთული პიროვნებაა. სწავლობს სამართალზე, აინტერესებს სისხლის სამართალი და ცოტა უფრო მძიმე თემებით არის დაინტერესებული, ვიდრე მე მაინტერესებდა მის ასაკში.

– მარიამი იმ ასაკშია, არ არის გამორიცხული, რომ მალე სიდედრი გახდეთ.

– მინდა, ვაღიარო, რომ სულაც არ გავაპროტესტებ ამას, რადგან ეს მისი ცხოვრებაა. მარიამს არ ჰყავს შეყვარებული, ანუ ეს საფრთხე არ არსებობს. რატომაც არა, დიდი სიამოვნებით გავხდებოდი სიდედრი, მაგრამ, ერთი პირობით – სასიძო უნდა მომეწონოს.

– ინგა, ჟურნალისტიკაში ყოველთვის გამოირჩეოდით ხმის ტემბრით. როგორ ფიქრობთ, პოლიტიკაში ყველაზე „ხმამაღალი“ იქნებით?

– პოლიტიკაში ყველაზე ხმამაღალი რომ ვიყო, ამისთვის მარტო ხმის ტემბრი არ არის საკმარისი. ჩემი ხმის ტემბრი ჟურნალისტიკაში ხომ იყო თავის ტკივილი და, როგორც ჩანს, პოლიტიკაშიც რაღაც დოზით თავის ტკივილის მსგავსია. ხმა იმდენად გახდა ჩემი სავიზიტო ბარათი, ბევრჯერ უთქვამთ, შენი ხმა მეორე სართულზე გავიგეო.

– საკმაოდ მკაცრი იმიჯი გაქვთ. რეალურად როგორია ინგა გრიგოლია?

– რომ გითხრა, ძალიან მკაცრი არ ვარ-მეთქი, მართალი არ ვიქნები. რაღაცეებში არ ვარ რბილი. სამსახურში ძალიან მკაცრი ვარ – ეს ყველამ იცის. არასდროს ყოფილა ჩემთან მუშაობა ადვილი. წლების განმავლობაში, ყოფილა შემთხვევა, ჩემი გუნდიდან იმის გამო წასულან ადამიანები, რომ რაღაცეებისთვის ვერ გაუძლიათ, თუმცა, დღემდე ყველასთან ვმეგობრობ. ის ბედნიერებაც მქონდა, რომ ჩემს გადაცემას სულ ერთი და იგივე გუნდი აკეთებდა, ერთი-ორი ადამიანის გამოკლებით – მათაც ვერ გაუძლეს ჩემს სიმკაცრეს. მიმაჩნია, რომ, რაც ჩემი გასაკეთებელია, თავი უნდა დავაკლა. როცა ვიღაცის გამო საერთო საქმე ფუჭდება, ძალიან აუტანელი ვხდები. ალბათ, ასეთმა სიმკაცრემაც განაპირობა იმ გადაცემების რეიტინგები, რომელზეც მიმუშავია. ცხოვრებაში ძალიან აუტანელიც არ ვარ, თუმცა მკვეთრი ხასიათი უკვე ჩამოყალიბებული მაქვს. ყოველ შემთხვევაში, ის ნამდვილად ვიცი, რომ სუსტი არ ვარ, ნებისმიერ პრობლემას ვუძლებ. შეიძლება, ბევრი ვიყვირო, ვინერვიულო, საშინელი ემოციები გადავიტანო, მოვკვდე, მაგრამ საქმე არ გაფუჭდება. დილით ქუჩაში რომ გამოვალ, ჩემი შვილის ან რომელიმე უახლოესი მეგობრის გარდა, არავის ეცოდინება, ვიყავი თუ არა ცუდად. ყველაფერი ჩემს სამყაროში ხდება, რასაც უცხო თვალი ვერასდროს ხედავს, ან, თითქმის ვერასდროს. ადრე ღრუბლებში დავფრინავდი, ლექსებს ვწერდი და რომანტიკოსი გოგო ვიყავი. მას შემდეგ, რაც ძალიან სერიოზულად დავიწყე ჟურნალისტიკაში მოღვაწეობა, რომანტიკა ნელ-ნელა გაქრა და ძალიან მყარად ვდგავარ მიწაზე. არასდროს ვიკვებები ილუზიებით და ჩემი ემოციების მიხედვით არ ვცხოვრობ. ყოველთვის პრაგმატული ადამიანი ვარ. არ მიყვარს სუსტი ქალები, უფრო მეტიც – მაღიზიანებენ. ცხოვრება ძალიან მკაცრია, მით უმეტეს – ქალისთვის.

– როცა პოლიტიკაში წასვლა გადაწყვიტეთ, ბევრმა ისიც თქვა, იმხელა პოტენციალია ინგაში, არ არის გამორიცხული, რამდენიმე წლის შემდეგ საპრეზიდენტო კანდიდატადაც კი ვიხილოთო.

– უი, არა, რა სისულელეა! ერთს კი გეტყვით: 2012 წელს ჩვენ გვეყოლება ჩვენი საპრეზიდენტო კანდიდატი, მაგრამ ეს მე არ ვიქნები.


скачать dle 11.3