რას ნიშნავს ამერიკულ-რუსული გარანტიით საქართველო-აფხაზეთ-„იუჟნაია ოსეტიას“ ერთობლივი სამხედრო ბლოკის შექმნა
ქართული პოლიტიკური ცხოვრება კიდევ დიდხანს ისაზრდოებს ქ-ნი ჰილარი ქლინთონის, თუნდაც, ექვსსაათიანი, მაგრამ მაინც ვიზიტით. მართალია, აშშ-ის სახმდივანმა ჩვენამდე უკრაინაც მოიარა და ამიერკავკასიის დანარჩენი ორი ქვეყანაც, მაგრამ მაინც მტკიცედ გვწამს, რომ სწორედ ჩვენ ვართ ის ერთადერთი და განუმეორებელი. მეორე მხრივ, შესაძლოა, ასეც იყოს, რადგან, თავის მხრივ, არც ქ-ნ სახმდივანს დაუშურებია დითირამბები და კომპლიმენტები. ვიზიტის შეფასება რუს ჟურნალისტსა და პოლიტოლოგს, ლეონიდ რადზიხოვსკის, ვთხოვეთ.
– ლეონიდ, მაგალითად, სომეხ პოლიტოლოგთა ნაწილის აზრით, მართალია, აშშ არ აღიარებს რუსეთის გავლენის სფეროებს, მაგრამ თითქოს უკრაინასა და ამიერკავკასიაში ქ-ნი ქლინთონის ვიზიტის მიზანი იყო, მოევლო რეგიონები, სადაც აშშ-ის გავლენა სუსტდება. თქვენ რა შთაბეჭდილება დაგრჩათ?
– მე არ ვიზიარებ მოსაზრებას, რომ ამერიკა კარგავს თავის წონას საქართველოსა და აზერბაიჯანში. რამდენადაც ვიცი, აზერბაიჯანის სახელმწიფო სანავთობო კომპანიის პროდუქციას კვლავ „შევრონი“ ამუშავებს. აზერბაიჯანი დაინტერესებულია, რომ მისი ნავთობის მომხმარებელი იყოს ამერიკა. ამერიკა კი, თავის მხრივ, დაინტერესებულია აზერბაიჯანთან თანამშრომლობით, რადგან ორივე ქვეყნის ხელისუფლებას ეშინია ისლამური რევოლუციის. რაც შეეხება საქართველოს: ვიცი, რომ საქართველოში ბევრია ნაწყენი ამერიკაზე. თქვენთან საერთოდ, ძალიან ბრაზიანი და ტემპერამენტიანი ხალხი ცხოვრობს.
– ვერ დაგეთანხმებით, ძალიან ბევრი არ არის ნაწყენი?
– ყოველ შემთხვევაში, რუსული მედია ქმნის ასეთ შთაბეჭდილებას. მით უკეთეს, თუ ბევრი არ არის ნაწყენი, მაშინ ზედმეტია ლაპარაკი იმაზე, რომ საქართველოში ამერიკა კარგავს თავის წონას. პირიქით, საქართველოს ხელისუფლება საფუძვლიანად ეყრდნობა ამერიკას. რაც შეეხება უკრაინას: იქ სიტუაცია მართლაც მკვეთრად შეიცვალა, მაგრამ არ მგონია, რომ იანუკოვიჩს ანტიამერიკული პოზიცია ექნება, თუმცა არც ისეთი პროამერიკული, როგორიც იუშჩენკოს ჰქონდა. მაგრამ, მოდი, გავმიჯნოთ: იუშჩენკოს მმართველობის დროს რა ეკონომიკური, ფინანსური თუ სამხედრო პროექტები, განახორციელა ამერიკამ უკრაინაში?
– პირადად მე არაფერი მსმენია ამის შესახებ.
– არც მე. ამიტომაც არ მესმის, რით გამოიხატებოდა უკრაინაზე ამერიკული გავლენა?! მართალია, იყო ბანდერას უკიდურესი ქება, რუსეთის უკიდურესი ლანძღვა, მაგრამ რა შუაშია ამასთან ამერიკა?! ამდენად, მგონია, რომ ეს იყო ფიარი და არა – რეალობა. რეალური პოლიტიკაა ეკონომიკური ურთიერთობა, სამხედრო ბაზები, დერეფნების შექმნა როგორც სამხედრო ტვირთებისთვის, ისე ენერგომატარებლებისთვის. ამ მხრივ, ჩემი აზრით, უკრაინაში არ იყო ძლიერი ამერიკული გავლენა. მართალია, რუსეთს ძალიან ლანძღავდნენ, მაგრამ ეს არ ნიშნავს პროამერიკულობას. ასე რომ, მე არ გადავამეტებდი ქლინთონის ვიზიტის მნიშვნელობას. ის სახელმწიფო მდივანია და ვალდებულია, იმოგზაუროს სხვადასხვა ქვეყანაში, ბოლოს და ბოლოს, ამისთვის უხდიან ხელფასს.
– ამბობთ, რომ უკრაინაში არ შეიმჩნეოდა დიდი ამერიკული გავლენაო, მაგრამ საკითხი იდგა ასე: ნატოში ჯერ – უკრაინა, შემდეგ – საქართველო. ესეც იუშჩენკოს ფიარი იყო?
– სინამდვილეში ეს უფრო იუშჩენკოს ფიარი იყო, თუმცა ამერიკაშიც არიან პოლიტიკოსები, რომლებიც უბრალოდ ჭკუას კარგავენ იმისთვის, ოღონდ კი უკრაინა და რუსეთი ერთმანეთს დაუპირისპირდნენ. ჩემი აზრით, ნატო საერთოდ არ აპირებდა უკრაინის მიღებას. თვითონ ორგანიზაციის შიგნით საკმაოდ ცუდი ვითარებაა. აქვთ უზარმაზარი დანახარჯები და უკრაინის მიღება მათთვის დიდი თავსატეხი იქნებოდა: უდიდესი ფული სჭირდება უკრაინის არმიის გადაიარაღებას. მოკლედ, დიდ ფულს მოითხოვდა უკრაინის ნატოში მიღება და ამასთან, გარდაუვალი იყო საშინელი სკანდალი რუსეთთან და, ბოლოს და ბოლოს, როგორ უნდა გახდე ნატოს წევრი, როდესაც მოსახლეობის ნახევარზე მეტს ეს არ უნდა?! ამიტომ მგონია, რომ ნატოში უკრაინის მიღება იუშჩენკოს ბლეფი იყო. რაც შეეხება საქართველოს: იქ სხვაგვარი სურათია. მოსახლეობის უმეტესობას უნდა ნატოში; არცთუ დიდი ფული სჭირდება საქართველოს არმიის გადაიარაღებას, მაგრამ სხვა საკითხია, რომ ნატოს წესდება კრძალავს ისეთი ქვეყნის მიღებას, რომელსაც აქვს ტერიტორიული პრობლემები.
– მაგრამ მხოლოდ ეს არ არის წინაღობა. ჩვენ, სამწუხაროდ, ვერ ვაკმაყოფილებთ ნატოს სტანდარტებს.
– მაგრამ იმ დანარჩენის მოგვარება შეიძლებოდა ფულით, აი, ტერიტორიული მთლიანობის პრობლემას კი ფულით ვერ მოაგვარებ.
– ჩვენი დიპლომატია დიდ გამარჯვებად მიიჩნევს ამერიკის სახადმინისტრაციის მიერ რუსეთის მისამართით სიტყვა „ოკუპაციის“ ხსენებას…
– ისინი ყოველთვის ამბობდნენ ამ სიტყვას. რა არის ამაში ახალი?!
– ამას მოჰყვაო პუტინის რეაქცია. თქვენ როგორ გაიგეთ ვლადიმირ პუტინის ნათქვამი, რომ ზოგისთვის ეს ოკუპაციაა, ზოგისთვისაც – თავისუფლება და რომ ქართველმა და ოსმა ხალხმა თვითონ უნდა გამონახოს საერთო ენა?
– ამ გამონათქვამში ორი, ურთიერთგამომრიცხველი აზრი დევს. პირველი აზრი ტრადიციულია: ამით რუსეთი მსუბუქად მიანიშნებს ამერიკას, რომ არ მოსწონს ამერიკული გავლენა საქართველოზე, საქართველოს კი ეუბნება, თუ გინდათ, გადაჭრათ „იუჟნაია ოსეტიასა“ და აფხაზეთის პრობლემა, დაივიწყეთ ამერიკა და იმეგობრეთ რუსეთთანო. რადგან, როდესაც პუტინი ამბობს, უნდა ილაპარაკოთ მეზობელ ხალხთანო, ხომ ფაქტია, რომ ოთხი მილიონი ადამიანი ვერავისთანაც ვერ ილაპარაკებს. ესე იგი, უნდა ილაპარაკონ საქართველოსა და „იუჟნაია ოსეტია“-აფხაზეთის ხელისუფლებებმა. აფხაზეთისა და „იუჟნაია ოსეტიას“ ხელისუფლებები კი სხვა არაფერია, თუ არა რუსეთის მარიონეტები. ამდენად, პუტინის გზავნილის პირველი შინაარსი იყო ის, რომ ამერიკა ვერ დაგეხმარებათ.
– რამდენიც უნდა იძახოს, ოკუპაციააო?
– დიახ, რამდენიც უნდა იძახოს, ოკუპაციააო. აი, პირდაპირი თარგმანი პუტინის სიტყვებისა. მაგრამ მის ამ გამონათქვამში შესაძლოა, დავინახოთ საწინააღმდეგო აზრიც: რას ნიშნავს, დაიწყეთ მოლაპარაკებები? რა შედეგამდე მივალთ? რუსეთი უარს იტყვის აფხაზეთისა და „იუჟნაია ოსეტიას“ აღიარებაზე? ვერ იტყვის, მიუხედავად იმისა, რომ „იუჟნაია ოსეტია“ და აფხაზეთი არავის სჭირდება, საქართველოს გარდა. თუ რუსეთი მათ მიატოვებს, ამით საბოლოოდ გაიფუჭებს იმიჯს საერთაშორისო ასპარეზზე. ამის შემდეგ არავინ აღარ დაიჭერს საქმეს რუსეთთან და მის სიტყვას ფასი აღარ ექნება. ანუ ეს დემაგოგიაა, მაგრამ ამაში მაინც არის ლოგიკა. თუ, ერთი მხრივ, პუტინმა თქვა, ქართველებო, დაივიწყეთ ამერიკა და თაყვანი ეცით მოსკოვსო; მეორე მხრივ, ისიც ითქვა, რომ რუსეთსა და ამერიკას შეუძლიათ ამ პრობლემის გადაჭრა და რას შეიძლება, ნიშნავდეს ეს? მაგალითად, შესაძლოა, ამერიკისა და რუსეთის გარანტიით შეიქმნას სამხედრო კავშირი საქართველოს, აფხაზეთსა და „იუჟნაია ოსეტიას“ შორის და იქ ჩადგეს შერეული რუსულ-ამერიკული სამხედრო ძალები. მესმის, რომ დღეს ეს ფანტასტიკურად ჟღერს, მაგრამ ასეც შეიძლება პუტინის სიტყვების წაკითხვა, რუსეთის სტრატეგიული ინტერესების გათვალისწინებით, თუ მას უნდა, რომ ააწყოს ურთიერთობა ამერიკასთან და უნდა ამერიკული ტექნოლოგიებით მოდერნიზაცია. ვიმეორებ, ამის ალბათობა დღეს ძალიან მცირეა, მაგრამ პუტინმა ამ თავისი რეპლიკით ირიბად უპასუხა ქლინთონს, ირიბად მიანიშნა, ნუ ერევითო. მეორე მხრივ, ეს სრულიად გაუგებარია მედვედევის განცხადების ფონზე, როდესაც მან თქვა, რომ სააკაშვილს არ დაელაპარაკება.
– ჩვენ თეორიულად ვმსჯელობთ და ამიტომ მივდივარ ასე შორს: საქართველოს ამ ნაწილში ისედაც ამერიკის ჰეგემონიაა და ფიქრობთ, რომ მომავალში რუსეთი ამერიკელებს შეუშვებს აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში?
– მე არ მაქვს ზუსტი პასუხი ამ კითხვაზე. არ ვიცი, როგორ უნდა გადაიჭრას ეს პრობლემა. საქართველოს, რა თქმა უნდა, ხელს აძლევს კონფედერაციული ვარიანტი, მაგრამ ეს რუსეთისთვის არ არის ხელსაყრელი იმ მიზეზებით, რაზეც უკვე ვილაპარაკე. ამიტომ თეორიულად სხვადასხვა ვარიანტია შესაძლებელი. გახსოვთ, ალბათ, საბჭოთა დროს იყო ამიერკავკასიის საბჭოთა ფედერაციული რესპუბლიკა, რომელშიც შედიოდნენ საქართველო, სომხეთი და აზერბაიჯანი. ამის ანალოგი შეიძლება, შეიქმნას საქართველოს, აფხაზეთისა და „იუჟნაია ოსეტიასგან“. ანუ არსებობს რაღაც კავშირის კომბინაციები, რომლებიც საშუალებას მისცემს საქართველოს, დააბრუნოს დევნილები და რაღაც ნორმალური ურთიერთობა დაამყაროს ამ ორ ქვეყანასთან. რუსეთს კი ამით მიეცემოდა საშუალება, გაეხსნა ეს რთული კვანძი. ამას გარდა, აფხაზებს მიეცემათ რაღაც საერთაშორისო სტატუსი, რაც მათ თანხებს მოაზიდვინებს, რომ იქ ნორმალური კურორტები შეიქმნას და არა ის, რაც დღეს არის და, რაც მთავარია, ეს აფხაზეთსა და „იუჟნაია ოსეტიას“ აქცევდა არა განხეთქილების ვაშლად, არამედ თანამშრომლობის საშუალებად. თუმცა ამის გაკეთება რთული იქნება, რადგან ბევრი ინტერესი იკვეთება.
– მიხეილ სააკაშვილმა თქვა, მზად ვარ, ვილაპარაკო რუსეთთანო?
– ეს მას ათასჯერ უთქვამს.
– არა, ასე აშკარად არ უთქვამს. ესეც ფიარია?
– ეს ქლინთონის ვიზიტის გავლენა მგონია. შესაძლოა, ეს ამერიკელების ზეწოლის შედეგია. ამერიკელებს უნდათ, რომ ეს გორგალი გაიხსნას. თუ ამერიკელებს უნდათ, ააწყონ ურთიერთობა რუსეთთან და ამერიკელებს ეს მართლაც უნდათ, თუმცა რუსებს უფრო, ამიტომ უნდა მოიხსნას დაძაბულობა საქართველოსა და რუსეთს შორის. ისევე, როგორც რუსეთს არ შეუძლია, უთხრას „იუჟნაია ოსეტიასა“ და აფხაზეთს, თავი დაგვანებეთო, ზუსტად ასევე არ შეუძლია ამერიკას უთხრას საქართველოს, მოგვბეზრდა თქვენი წყენები და პრობლემები, თავი დაგვანებეთ, თავი გაგვჭირვებიაო. ამის შემდეგ ამერიკასთან არავინ აღარ დაიჭერს საქმეს. მოკლედ, თუ ამერიკელებს უნდათ რუსეთთან ურთიერთობის მოწესრიგება, უნდა გადაჭრან საქართველოს პრობლემა, თან ისე, რომ საქართველომაც არ დაკარგოს სახე.
– რუსეთსა და ამერიკას ერთმანეთი სჭირდებათ, ერთმანეთისკენ სავალ გზებს ეძებენ და უცბად იწყება ჯაშუშების სკანდალი. საიდან?
– ბევრი მიზეზია. ჯერ ერთი, ეს ჯაშუშები დიდი ხანია, გაგზავნეს ამერიკაში, 10 წლის წინათ, ჯერ კიდევ ობამამდე და უბრალოდ ახლა გამოავლინეს. ჩვენ ხომ არ ვიცით, რა ოპერატიული მოტივით ხელმძღვანელობდა „ეფბეერი“, როდესაც მაინცდამაინც ახლა გამოავლინა ისინი? პასუხზე მხოლოდ თუ ვიმკითხავებთ. შესაძლოა, ჯაშუშებმა იგრძნეს, რომ საცაა გამჟღავნდებოდნენ, გაქცევა ჰქონდათ გადაწყვეტილი და „ეფბეერმა“ დაასწრო. შესაძლოა, იყოს პოლიტიკური მოტივებიც. მაგალითად, „ეფბეერის“ თანამშრომლებს შორის არიან უკმაყოფილო ადამიანები, რომლებსაც უნდათ, რომ ობამას ხელი შეუშალონ რუსეთთან დაახლოებაში. შესაძლოა სხვა ვარიანტიც: თავად ობამას უნდა, აჩვენოს თავის საზოგადოებას, რა თქმა უნდა, მე მაქვს კონტაქტები რუსეთთან, ვუღიმი მედვედევს...
– მასთან ერთად მივირთმევ კარტოფილ „ფრის“.
– დიახ, მაგრამ, როდესაც საქმე ეხება ამერიკის უსაფრთხოებას, არანაირ დათმობაზე არ მივდივარო. არ ვიცი, სხვადასხვა ვარიანტია შესაძლებელი, მაგრამ ფაქტი ერთია, მთელმა ამ სკანდალმა ძალიან რბილად გადაიარა. ცოტა ირონია იყო, ცოტა ხმაური და უკვე მზად არიან, გაცვალონ ეს ჯაშუშები. ეს ცხადად აჩვენებს სურვილს როგორც ამერიკის, ისე რუსეთის მხრიდან, რომ მოაგვარონ ურთიერთობა. ჩემი აზრით, ეს სკანდალი აჩვენებს, რომ რუს და ამერიკელ ხელმძღვანელებს არ უნდათ ჩხუბი.
– თქვით, დიდ მნიშვნელობას არ ვანიჭებ ქლინთონის საქართველოში ვიზიტს და ის ამაში იღებს ხელფასსო, მაგრამ სახმდივანმა არ დაიშურა ეპითეტები ქართული დემოკრატიის შეფასებისას. გარედან ისე დემოკრატიულად გამოიყურებით, გეთაყვანებითო. ხელფასი ასეთ შეფასებებსაც გულისხმობს?
– არ მომისმენია, რა თქვა ქლინთონმა, მაგრამ, როგორც ვიცი, ამერიკელები ხმამაღალი სიტყვების, რიტუალების, აღმატებით ხარისხში ლაპარაკის ოსტატები არიან. მხარზე ხელის მორტყმა, ხმამაღლა ხითხითი ამერიკული სტილია, მაშინ, როდესაც რუსი ხელმძღვანელები ძალიან სიტყვაძუნწნი არიან. ამერიკელები კი დიდსა თუ პატარა ქვეყნებში საქებარ სიტყვებს არ იშურებენ, სხვათა შორის, ისევე, როგორც ქართველი ხელმძღვანელები, მათაც უყვართ კომპლიმენტების თქმა. მაგრამ რა ფასი აქვს რეალურად ამ სიტყვებს? სიტყვების რაოდენობა და მათი რეალური განხორციელება შორს დგას ერთმანეთისგან. ამერიკულ ფილმებში ყველა ყველას ეუბნება, მე შენ მიყვარხარო, მაგრამ ეს მთლად ასე არ არის. მე არ ვარ ქართული შიდა პოლიტიკის დიდი მცოდნე, მაგრამ ჩემი ნაცნობი ქართველები ამბობენ, საქართველოში არის გარკვეული დემოკრატია, მაგრამ გადაჭარბებულია იმის თქმა, რომ ეს იდეალური და სამაგალითო დემოკრატიააო. როგორც ვიცი, საქართველოს ფედერალური არხები კონტროლდება ერთი ადამიანის მიერ და ეს ადამიანი არის პრეზიდენტი. ეს კი არ არის დემოკრატიის სტანდარტი. როგორც ვიცი, პარლამენტში ნახევარზე მეტი ჰყავს პრეზიდენტს.
– საკონსტიტუციო უმრავლესობა ჰყავს პრეზიდენტის პარტიას. ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებშიც იგივე სიტუაციაა.
– არც ეს არის დემოკრატიის მაღალი მაჩვენებელი. აშშ-ში ეს მაჩვენებელი 50-50-ზეა, ისევე, როგორც დანარჩენ ევროპაში. ასე რომ, მე არ ვიცი, რითაა განსაკუთრებული ქართული დემოკრატია. რა თქმა უნდა, საქართველოში იმაზე მეტი დემოკრატიაა, ვიდრე რუსეთში, მაგრამ მაღალი დონის არ არის. ეს ამერიკული გაზვიადებაა, მაგრამ ამერიკელები დიდ მნიშვნელობას არ ანიჭებენ კომპლიმენტებს. ამასთან, ამერიკელებს ნაკლებად აღელვებთ საქართველოში დემოკრატიის ბედი. ამ მომენტში მათ უნდათ, რომ მხარი დაუჭირონ სააკაშვილს; მათ უნდათ, სააკაშვილს უთხრან, მართალია, ჩვენ ამერიკელებმა თითი თითზე არ დავადეთ, რომ რუსეთს გაეყვანა ჯარი აფხაზეთიდან და „იუჟნაია ოსეტიადან“, არაფერი გავაკეთეთ დევნილების დასაბრუნებლად, მაგრამ ჩვენ მაინც თქვენთან ვართო. ანუ, რეალურად არაფრის გაკეთება არ შეუძლიათ და კომპლიმენტებს მაინც გეტყვიან.
– ამერიკას უნდა სააკაშვილის მხარდაჭერაო, რა ასეთი შეუცვლელი ხიბლი აქვს მიხეილ სააკაშვილს ამერიკულ თვალებში?
– ჯერ ერთი, არსებობს გარკვეული ინერცია; მეორეც, სააკაშვილი ამჟღავნებს უზომო ლოიალობას ამერიკისადმი. ბევრი ქვეყანა ვერ დაიკვეხნის იმას, რომ ასე უყვარს ამერიკელები და მათ გარეშე ცხოვრება არ შეუძლია. ამერიკელებიც ამას აფასებენ. ამერიკელებს შეიძლება, ეშინიათ, რომ სააკაშვილის წასვლით საქართველოს პოლიტიკური სისტემა დაინგრევა, რადგან საქართველოში არ არის არანაირი სტაბილურობა და მთელი სისტემა ერთ კაცზეა აგებული. შესაძლოა, მოვიდეს პრორუსი პოლიტიკოსიც. თუმცა მე ეს არ მესმის, რას შეცვლის თუნდაც, პრორუსი პოლიტიკოსი. აღიარებს აფხაზეთსა და „იუჟნაია ოსეტიას“? ქართველები ხომ მას ნაწილებად დაფლეთენ? მაგრამ ასეთი პოლიტიკოსი, ალბათ, შორს იქნება ამერიკისგან და ფულს აიღებს რუსეთისგან. ამერიკელები არ გამორიცხავენ ასეთ ვარიანტს და ამიტომაც ეჭიდებიან სააკაშვილს. ამერიკელებს რომ ჰყავდეთ მკაფიო მემკვიდრე: პოპულარული პოლიტიკოსი, რომელიც მათ მისცემდა გარანტიებს, რომ მხოლოდ ამერიკაზე იქნებოდა ორიენტირებული, შესაძლოა, ეფიქრათ სააკაშვილის შეცვლაზე, მაგრამ, როგორც ჩანს, ასეთი პოლიტიკოსი არ ჰყავთ. ანუ, ჯერ ერთი, ასეთი პოლიტიკოსი უნდა იყოს პოპულარული; მეორე, ის მზად უნდა იყოს ისეთი რთული ქვეყნის მართვისთვის, როგორიც საქართველოა და მესამე, მან მტკიცე გარანტიები უნდა მისცეს ამერიკას, და ბოლოს, არსებობს ადამიანური ურთიერთობები. სააკაშვილს ძალიან გავლენიანი მეგობრები ჰყავს ამერიკაში, რომლებიც მას ასე ადვილად არ გაყიდიან. მხოლოდ მაშინ გაყიდიან, როდესაც ამის აუცილებლობა იქნება. ახლა, როგორც ჩანს, არ არის აუცილებლობა. თქვენი ოპოზიცია უნიათოა, რაც სააკაშვილმა სათავისოდ გამოიყენა და ახლა მშვიდობიანად ებრძვის მათ.
– ესე იგი, იმ პოლიტიკური კრიზისიდან, რომელიც სააკაშვილს 2008 წლის შემდეგ ჰქონდა, მშრალად გამოვიდა?
– რა თქმა უნდა, თუმცა მას წინ დიდი გამოცდა ელის. ვნახოთ, მართლაც გაიმეორებს თუ არა ის პუტინს და გახდება თუ არა „ვსემოგუშჩი“ პრემიერი სუსტი პრეზიდენტის პირობებში; შეცვლის თუ არა კონსტიტუციას, რომ მესამედაც დარჩეს პრეზიდენტად თუ წავა აქტიური პოლიტიკიდან, მაგალითად, საერთაშორისო ორგანიზაციაში ან, საერთოდაც, ბიზნესში? მას ბევრი ალტერნატივა აქვს, როგორც ნებისმიერ ადამიანს. გააჩნია, რას შესთავაზებას მას ამერიკა და რა გარანტიებს მისცემენ.
– 2012 წელს ამერიკაში არჩევნებია, თუ ისევ „რესპუბლიკელები“ მოვლენ?
– „რესპუბლიკელებიც“ რომ მოვიდნენ ამერიკის ხელისუფლებაში, არც ისინი წაახალისებენ ადამიანს, რომელიც დახევს კონსტიტუციას და სიცოცხლის ბოლომდე იქნება ხელისუფლებაში. ამერიკელებს ასეთი რაღაცეები არ უყვართ. თუ სააკაშვილი ასე მოიქცევა, ამერიკელები მას, ჩემი აზრით, მხარს არ დაუჭერენ.
– ბოლო ორი წლის გათვალისწინებით, რა მიმართულებით შეიცვალა საქართველოს საგარეო მდგომარეობა? გაუმჯობესდა თუ ისევ ისეთივეა?
– მგონია, რომ 2008 წელს სიტუაცია დრამატული და გაურკვეველი იყო. არ იყო გასაგები, წავიდოდა თუ არა რუსეთი შორს, ახლა კი ცხადია, რომ რუსეთი არ აპირებს მთელი საქართველოს ოკუპაციას. მეორე, აშკარაა, რომ რუსეთის სანქციის გარეშე „იუჟნაია ოსეტიიდან“ პროვოკაციები არ იქნება. მესამე, გასაგები გახდა, რომ ქართველმა საზოგადოებამ აპატია სააკაშვილს წარუმატებელი ომი. ეს კარგია სააკაშვილისთვის, მაგრამ არც საქართველოსთვისაა ცუდი, რადგან სიტუაცია დასტაბილურდა, მაგრამ სხვა საქმეა, რამდენად განვითარდა დემოკრატია.