რა 3 500 სიგნალს გამოსცემს ადამიანის ორგანიზმი და რატომ გასცემს მატყუარას უპირველესად საკუთარი სხეული
მართალია, რუსთაველი ამბობს, „სიცრუე და ორპირობა ავნებს ხორცსა, მერმე სულსაო“, მაგრამ, აშკარაა, რომ მისი შთამომავლები, ყოველ შემთხვევაში, აქ და ოცდამეერთე საუკუნეში, მაინცდამაინც არ სწყალობენ სიმართლეს. შესაძლოა, იმიტომაც, რომ მეორე შეგონებაც ახსოვთ – მართლის მთქმელს ცხენი შეკაზმული უნდა ჰყავდესო. ხოლო, რაკი, როგორც ჩანს, არც ცხენზე ვიცით ხეირიანად ჯდომა, არც მისი შეკაზმვის ხელოვნებით გამოვირჩევით და არც ჩვენი ცხენია მარდი, მწარე სიმართლეს ისევ ტკბილი ტყუილი გვირჩევნია. ავიღოთ, თუნდაც, სულ ბოლო ფაქტი: მასწავლებლები უკვე შეამცირეს თითქმის ყველა სკოლაში, რა თქმა უნდა, სამინისტროს მითითებით, თუმცა ამ მითითებას სამინისტროც უარყოფს და დირექტორებიც და რაც ყველაზე საოცარია, თვით შემცირებული მასწავლებლების უმეტესობაც (ვინც დარჩა, მათი უარყოფა გასაგებია, არ უარყოფს და ოპტიმიზაციის მორიგ მსხვერპლად შეიქნება). ერთი სიტყვით, ტყუილის როლზე ამ ჩვენს საზოგადოებრივ-პოლიტიკურ თუ პირად ცხოვრებაში ფსიქოლოგი ნოდარ სარჯველაძე გვესაუბრება.
– როგორ მოქმედებს ტყუილი ადამიანის ორგანიზმზე? რუსთაველი გვეუბნება, „სიცრუე და ორპირობა ავნებს ხორცსა, მერმე სულსაო“...
– ამ შემთხვევაში რუსთაველს შევეკამათებოდი, მიუხედავად მისი გენიალობისა, რადგან კვლევები და მთელი ფსიქოსომატური მედიცინა ამტკიცებს, რომ მთელი რიგი დაავადებები სწორედ ფსიქიკური წარმოშობისაა. რაც შეეხება ტყუილს: სიტყვასა და საქმეს შორის, აზრსა და გამოთქმულს შორის განსვლას ფსიქოლოგები უწოდებენ არაკონგრუენტულობას, ანუ მდგომარეობას, როდესაც შესაბამისობა ირღვევა. შესაბამისობის დარღვევის დროს სხეული თავის რეაქციას იძლევა. სხეულს ტყუილი არ შეუძლია და, როდესაც გონება იტყუება, ამით, ფაქტობრივად, ცდილობს თავისი თავის მოტყუებასაც. როდესაც სხვას ატყუებ, უპირველესად, ატყუებ საკუთარ თავს, სხეულს კი ტყუილის დაჯერება არ უნდა. ამიტომ, იმას, რასაც იტყუები, სხეული პირდაპირ იჯერებს. მაგალითად, როდესაც ტყუი, რომ თითქოს ავად ხარ, თავი გტკივა და არ შეგიძლია რაღაცის გაკეთება, სხეული იღებს ინფორმაციას, თავი უნდა მტკიოდესო და მიჰყვება შენს ძახილს. ამ დროს სხეულის შესაბამისი უჯრედები მოდის მზაობაში, რომ ტკივილის შესაბამის მდგომარეობაში მოვიდეს. თუ ბევრჯერ იტყუები, ხდება სომატიზაცია და შესაბამის ორგანოში დაფიქსირდება ტკივილის კერები. ფაქტობრივად, გამოდის, რომ ჯერ სულს ავნე, იმ თვალსაზრისით, რომ საკუთარი თავი მოატყუე და ამის გამო სხეულიც დააზიანე, ანუ ჯერ სულს ავნებ და შემდეგ – სხეულს.
– ამ ბოლო დროს მოზრდილებსაც შევნიშნე ეს მეთოდი, როდესაც იტყუებიან, რომ ვიღაც გარდაეცვალათ. ამას შეუძლია საბედისწერო როლის შესრულება?
– როდესაც ნათესავებს დამარხავ იმისთვის, რომ თავი გაიმართლო, ბუნებრივია, ეს მორალურად არასწორია, მაგრამ ეს მხოლოდ მორალის დონეზე არ რჩება; რაც მთავარია, რჩება კარმის, ანუ შენი სასიცოცხლო ენერგიის დონეზე და ეს შენი სასიცოცხლო ენერგია უარყოფითად გიბრუნდება. იმ ტყუილ ინფორმაციას, რომ ვიღაც გარდაგეცვალა, საკუთარ თავსაც უგზავნი და არა მხოლოდ გარე სამყაროს. იცი, რომ ტყუილია, მაგრამ შენს თავსაც არწმუნებ ამ ტყუილით და შენზეც მოქმედებს, განგრევს და უკან გიბრუნდება მარცხების სახით. ამიტომაც, თუ ვინმეს „გადააგდებ“, შენც აუცილებლად „გადაგაგდებენ“. ფაქტობრივად, გარე სამყარო არის ჩვენი სარკე და გამოძახილი. სამყაროდან ვიღებთ იმას, რასაც გავუშვებთ ჩვენგან, ამიტომ, თუ უარყოფით იმპულსებს გავუშვებთ, უარყოფითსვე მივიღებთ. მაგალითად, თუ მე ვამპირი ვარ და ვცდილობ, სხვებს ექსპლუატაცია გავუწიო, ჩემს ცხოვრებაშიც ვამპირები შემოაბიჯებენ და გამომწურავენ ბევრ რამეს. თუ ვალებს ვიღებ და არ ვიხდი, იმავენაირად მომექცევიან მეც – ეს მუდმივი ბუმერანგის პრინციპია. ტყუილის ზემოქმედება ასეთია: ერთი მხრივ, ის სხეულს აზიანებს და ადამიანები ავადდებიან და, მეორე მხრივ, საკუთარ თავს ანგრევენ. უარყოფითი აზრები, მოლოდინები და საქციელი უკან უბრუნდებათ ადამიანებს.
– არსებობს ტყუილის კიდევ ერთი სახეობა, მაგალითად, როდესაც მარცხებს არქმევენ გამარჯვებებს. ასეთი „დადებითი“ ტყუილი როგორ მოქმედებს ადამიანზე? ან, როდესაც ადამიანებს ისეთ რამეს ჰპირდები, რასაც იცი, რომ ვერ შეუსრულებ?
– ცხადია, ასეთ ტყუილს იმ წუთას არ აქვს დესტრუქციული ზემოქმედება. მაგრამ, როდესაც იტყუები პოზიტიურად, ნეგატივს პოზიტივად აფორმებ, ანუ რეალობას ღალატობ, საბოლოოდ, რეალობა გსჯის. ბოლოს და ბოლოს, გამოჩნდება, რომ ტყუილს მოკლე ფეხები აქვს. შესაბამისად, უფრო მეტი უარყოფითი რეაქცია წამოვა შენკენ საპირისპირო მხრიდან, ვიდრე იმ მომენტში წამოვიდოდა, სიმართლე რომ გეთქვა: ვერ გავაკეთე ესა და ეს; დავმარცხდი და გავაანალიზოთ ჩვენი შეცდომებიო. მაგრამ, როდესაც ამის ნაცვლად ამბობ, გინდა თუ არა, მოვიგეო, მაინც წინ დაგხვდება ეს ყველაფერი და შენკენ უარყოფითი ტალღა წამოვა. თუ ჩვენს პოლიტიკას ავიღებთ: ის ტყუილითაა გაჯერებული, 7 ნოემბრით დაწყებული და დღევანდელობით დამთავრებული. ოპოზიციამაც ბევრი ტყუილი თქვა.
– რა თქმა უნდა, მატყუარებში ყველა ვიგულისხმე, ჩემი ჩათვლით.
– ხელისუფლება და ოპოზიცია ერთმანეთს გაეჯიბრნენ ტყუილებში, ერთმანეთს ატყუებდნენ და, ბუნებრივია, ორივე მხარე წაგებულია. ამდენი ტყუილი ხელისუფლებას დაუბრუნდება იმით, რომ ისევე გრუხუნ-გრუხუნით დაკარგავს ძალაუფლებას, როგორც მისმა წინამორბედმა დაკარგა – წინამორბედიც მაგარი მატყუარა იყო.
– თვითონ პიროვნებაზე, რომელიც პოზიტიურ ტყუილს ამბობს, როგორ მოქმედებს ეს ტყუილი? უფრო პოზიტიურად, ვიდრე ნეგატიური ტყუილი?
– ასეთი ადამიანი ერთგვარად ხელოვნური ოპტიმისტია. თავს იცავს, როდესაც ალამაზებს რეალობას, ანუ, ეს დაცვითი მექანიზმია. მეორე მხრივ, დაცვითი მექანიზმი გარკვეული დროის განმავლობაში გეხმარება, ის ერთგვარი ჯავშანია, მაგრამ, დროთა განმავლობაში ეს ჯავშანი ხომ მძიმდება?! მძიმე ჯავშანს კი სადამდე ატარებ? ჯავშანი მსუბუქია კარგი, თორემ, თუ დამძიმდა, კარგად ვეღარ დაგიცავს. თუმცა, არის მეორენაირი ვარიანტიც, რომელიც, ტყუილი არ არის. კერძოდ, ყველა მედალს აქვს ორი მხარე და ცუდშიც კი შესაძლებელია კარგის დანახვა. მაგალითად, ფუნა ცუდია, მაგრამ, იმავდროულად, სასუქიცაა; თუ ჭუჭყიან ქაღალდებს მეორედაც გადაამუშავებ, შესაძლოა, ხარისხით უკეთესიც კი მიიღო. ამით იმის თქმა მინდა, რომ, თუ ფლობ ისეთ ტაქტიკას, შენი მინუსი აქციო პლუსად, მაშინ ეს ცოტა სხვა ვითარებაა. ერთ მაგალითს გეტყვით: კონსულტაციას ვუწევდი ერთ ხანდაზმულ ადამიანს, 72 წლის იყო. უჩიოდა, ძალიან ცუდად ვარ, კოშმარულ სიზმრებს ვნახულობ, ვერ ვიძინებო. მიცვალებულები ესიზმრებოდა: დედა, ძმა, მამა, და, ვკითხე, გენატრებიან-მეთქი? კიო, – მიპასუხა. რას მისცემდით, რომ ისინი კიდევ ერთხელ გენახათ-მეთქი. მთელ სიცოცხლესო. მაშინ, მე ვუთხარი, სიზმარი ასეთ საჩუქარს გაძლევთ, ცხადში ვერ ხედავთ თქვენს საყვარელ ადამიანებს, რომლებიც გენატრებათ და სიზმარში მაინც ნახეთ-მეთქი. დაფიქრდა და მიპასუხა, მართალი ხართ, აწი სიზმრის გამო აღარ დავიწყებ წუწუნსო. სიზმარიც გარკვეული რეალობაა, იმიტომ, რომ სიზმარში მართლაც ხდება, რაც ხდება. ჩვენს ცნობიერებას ორი ფაზა აქვს: სიფხიზლე და ძილი, ანუ სიზმარი, რომელიც ჩვენი რეალობის განუყოფელი ნაწილია და, ამდენად, რაც სიზმარში ხდება, არ არის ტყუილი. ერთი სიტყვით, ვლაპარაკობ არა ტყუილზე, არამედ სიტუაციის მინუსის პლუსად გარდაქმნაზე. ადრე ნაგავს ყრიდნენ, ახლა კი ნაგვიდან მეორად საქონელს ამუშავებენ. ანუ ყველაფრის გარდაქმნაა შესაძლებელი დადებითად. მართალია, შეცდომა ცუდია, მაგრამ, მეორე მხრივ, ეს გაკვეთილია, შანსი გეძლევა, აღარ გაიმეორო შეცდომა. ანუ, ყველაფერს აქვს თავისი პლუსი, ოღონდ, ეს არ ეხება ტყუილს.
– სხეულს არ შეუძლია ტყუილის გამოხატვაო. მაგრამ, თუკი ადამიანს სჯერა თავის მიერვე ნათქვამი ტყუილის, ორგანიზმიც იჯერებს ამას?
– ტყუილი გონების ნაწილია, მაშინ, როდესაც არაცნობიერი, რომელიც სხეულში ბუდობს, ვერ იტყუება. ამდენად, სხეული საკმაოდ გულწრფელი ვინმეა. ტყუილი ინტელექტის მიერაა გამოგონილი და თავის ტვინთანაა დაკავშირებული. ჩვენი ზურგის ტვინი კი არასდროს იტყუება. ჩვენ გვაქვს ორი ენა: ერთი – ვერბალური, ვამბობთ სიტყვებს და მათში ვდებთ ამა თუ იმ შინაარსს და მეორე – სხეულის, სხეულიც ლაპარაკობს თავისი ჟესტებითა და მიმიკებით, სიარულის მანერით, გულის აჩქარებითა თუ შენელებით, ოფლის გამოყოფით და ასე შემდეგ. 3 500-ზე მეტი სიგნალი არსებობს, რომელთა გაშიფვრა უკვე მოახერხეს მეცნიერებმა. ეს სიგნალები იწვევენ სხეულის გულწრფელ რეაქციებს იმაზე, რაც ესმით.
– თუ ლაპარაკისას ხშირად ვისვამ ხელს ცხვირზე, ეს რას ნიშნავს?
– ეს ნიშნავს, რომ იტყუებით. თუ ხელები ერთმანეთზე მაქვს გადაჭდობილი, ვზივარ მაგიდასთან და გეუბნებით, გულახდილად გელაპარაკები-მეთქი, სინამდვილეში არ ვარ გულწრფელი. ძალიან ბევრი სიგნალია, ყველას ვერც ჩამოვთვლით. როდესაც ადამიანი ზის მაგიდასთან, ცალი ხელი ნიკაპს ქვემოთ აქვს და საჩვენებელი თითი პირზე აქვს მიდებული, ესე იგი, არ აპირებს თქვენთან გახსნას. ან, თუ გელაპარაკებით და ჩემს ორივე ხელისგულს გაჩვენებთ, ესე იგი, გულღია ვარ. თუ ხელები სულ ჯიბეში მაქვს ჩაწყობილი – რაღაცას ვმალავ. იმ წუთას ადამიანი კი ვერც აცნობიერებს, რას აკეთებს, რადგან ამას სჩადის მისი სხეული. დარვინმა მიაქცია პირველად ყურადღება ამ გამომხატველ მოძრაობებს. პირველად მან შეისწავლა და დააფიქსირა სხეულის ძირითადი გამოხატულებანი როგორც ცხოველებში, ისე ადამიანებში. ის უდიდესი მეცნიერი იყო და ამაშიც დიდი კვალი დატოვა. ამის შემდეგ განვითარდა მეცნიერება გამომხატველობითი ენის შესახებ და, როგორც გითხარით, უკვე 3 500-ზე მეტი სიგნალია გაშიფრული. არიან ადამიანები, რომლებიც ჟესტებით არკვევენ, როდის თქვა სიმართლე ამა თუ იმ ადამიანმა და როდის მოიტყუა. მაგალითად, როდესაც ამერიკის სენატში მოსმენები იმართებოდა ერაყის ომთან დაკავშირებით, ფსიქოლოგებმა დაასკვნეს, რომ კონდოლიზა რაისი ხშირად ტყუოდა. როდესაც კადრები გააანალიზეს, აჩვენეს, როდის მოიტყუა ამერიკის სახელმწიფო მდივანმა. რა თქმა უნდა, ამას არ შეიძლება, ჰქონდეს იურიდიული ძალა, მაგრამ იქ სხვაგვარად იდგა საკითხი – აინტერესებდათ სიმართლის გარკვევა, თორემ, ტყუილისთვის სასჯელი არ არსებობს.
– კარგი იქნებოდა, თუკი ჩვენს პოლიტიკურ ელიტასაც დააკვირდებოდა ვინმე და ჩაინიშნავდა მომავლისთვის მაინც.
– ხომ არსებობს სიცრუის დეტექტორი? ჯერ კიდევ პრეზიდენტ რეიგანს უნდოდა, რომ სწორედ სიცრუის დეტექტორით შეემოწმებინათ საჯარო მოსამსახურეები, მაგრამ არ დართეს ამერიკელებმა ნება – დემოკრატიული არ არისო, რადგან ადამიანებს აქვთ როგორც ტყუილის, ისე სიმართლის უფლება.
– რა თქმა უნდა, გულში, რასაც გვინდა, იმას ვიფიქრებთ.
– მაგრამ, თუ შენ რაღაცას იძიებ, გამომძიებელი ხარ, ამას აქვს მნიშვნელობა, მაგრამ, ჩვეულებრივ, საჯარო სამსახურში ადამინის მიღება-არმიღების დეტექტორით განსაზღვრა დაუშვებელია.
– ჩვენთან საოცარი სიტუაციაა: მსმენელმა, ანუ მოსახლეობამ, იცის, რომ მთქმელი, ანუ პოლიტიკური ელიტა იტყუება. რა გვჭირს?
– ჩვენთან ხალხმა იცის, რომ მთავრობა იტყუება, მთავრობამ იცის, რომ ხალხს ატყუებს, ოპოზიციაც თავს იტყუებს, ანუ, ყველამ ვიცით, რომ ერთმანეთს ვატყუებთ და ამას აქვს მარტივი პასუხი: ჩვენთან სოციალური კაპიტალი დაბალია. ჩვეულებრივ, კაპიტალი ფულთანაა დაკავშირებული, ეს არის ძირითადი სიმდიდრე, რომელიც ეკონომიკას ამოძრავებს. ასეთივე კაპიტალია სოციალური კაპიტალი, რომელიც სამი რამის ნაზავია: პირველია საზოგადოების ნდობის კოეფიციენტი. ეს ჩვენ გვგონია, რომ, მიმნდობი ადამიანი სულელია, თორემ, სინამდვილეში, თუ ნდობა არ არის, ეს ნიშნავს, რომ ადამიანები ერთმანეთისთვის მიუღებლები არიან; მეორე კომპონენტია თანამშრომლობა, როდესაც ადამიანები პარიტეტულად, თანაბრებად გრძნობენ თავს, ერთმანეთს ეთანამშრომლებიან და ერთმანეთისთვის სარგებლობა მოაქვთ; მესამეა ტრანსფარენტულობა, ანუ გამჭვირვალობა, რასაც პატიოსნებას ვუწოდებთ. აი, ამ სამი რამის ხარისხი განსაზღვრავს სოციალური კაპიტალის რაოდენობას. თუკი საზოგადოებაში ყველა ყველას ატყუებს, წარმოიდგინეთ, რა დაბალ დონეზეა ეს სოციალური კაპიტალი და რა საშინელ მდგომარეობაშია საზოგადოება. სოციალური კაპიტალი არათუ არ ჩამორჩება თავისი ძალით ფინანსურ კაპიტალს, არამედ აღემატება კიდეც. მართალია, ფინანსურ კაპიტალს დიდი ძალა აქვს, თუმცა, თუ ფინანსური კაპიტალი დიდია, მაგრამ საზოგადოება გაიძვერებითაა სავსე, უცბად გაიფლანგება ეს ფინანსური კაპიტალი.
– როგორ ადამიანებს უნდა ვერიდოთ, ანუ, არ უნდა ვენდოთ?
– მხოლოდ სხეულის ენით ადამიანებს ვერ გაარჩევ, მაგრამ, უნდობლობა არ არის დადებითი თვისება. ჩვენთან ადამიანთა გარკვეული ნაწილი ბუნებით წუნმდებელია, ანუ ადამიანებში ცუდს ხედავენ. შემდეგ, ძალით რომ დაანახვებ კარგს, გეთანხმება – აქვს ეს, მაგრამ, მაინც ცუდიაო. ასევეა ნდობის ამბავიც. არ არის კარგი, როდესაც უნდობლობაა ყველაფერში. ნუ დამისვამთ კითხვას, ვის არ უნდა ვენდოთო. უფრო ნასიამოვნები ვიქნებოდი, ასე რომ გეკითხათ – ვის ვენდოთო.
– კი ბატონო. როგორ ადამიანებს უნდა ვენდოთ?
– საერთოდ, ადამიანებს უნდა ენდო. მათში, უპირველესად, დადებითი უნდა დაინახო. ჯობია, დადებითი დაინახო და, თუ ვინიცობაა, შეცდი, ხელები თავში დაიშინო, ვიდრე თავიდანვე არ ენდო. რადგან, თუ ყველაფერს თავიდანვე უნდობლობით მიუდგები, ბოღმაში მოგიწევს მთელი ცხოვრების გატარება და, ღირს ასეთი ცხოვრება?
– ანუ, გავცეთ დადებითი ენერგია და კოსმოსი დადებით ენერგიასვე დაგვიბრუნებს?
– სამყარო აღსავსეა დადებითი ენერგიით, ის ჩვენზე მუშაობს, უბრალოდ, ჩვენი ტყუილებითა და თავდაცვებით, როდესაც არავისგან არ გვჭირდება თავის დაცვა, ჩვენი წუნმდებლობითა და გაუთავებელი ბრალდებებით გავამრავლეთ სამყაროში უიღბლობა, არაკეთილგანწყობა… არა მხოლოდ ფიზიკაში, ფსიქოლოგიაშიც არსებობს მიზიდულობის კანონი: შენს ცხოვრებაში შემოდიან ის ადამიანები, რომლებსაც იზიდავ. ამას გარდა, მოქმედებს კიდევ ერთი კანონი: ჩვენ გვაქვს მოლოდინთა სისტემა. მაგალითად, ისე, რომ არ ვიცნობთ, ამა თუ იმ ადამიანზე ვფიქრობთ, რომ არც კი არის სანდო, ამიტომ ზუსტად ისე ვიქცევით ამ ადამიანთან, რომ მართლაც არ აღმოჩნდეს სანდო და ჩვენი მოლოდინი გამართლდეს. ამ კანონს ჰქვია „აღსრულებადი წინასწარმეტყველება“. ოღონდ, ეს არ ნიშნავს, რომ წინასწარმეტყველებები მართლაც არსებობს და ზოგიერთებივით სისულელეები არ უნდა ილაპარაკო; უბრალოდ, რადგან განწყობილი ხარ ამისკენ, ყველაფერს აკეთებ იმისთვის, რომ გამართლდეს შენი მოლოდინები. ასეთი ექსპერიმენტი ჩაატარეს ერთ-ერთ ამერიკულ სკოლაში: სასწავლო წლის დასაწყისში უთხრეს ერთ მასწავლებელს, რომ მის ჯგუფში შეარჩიეს მაღალი ინტელექტის მქონე მოსწავლეები; მეორეს კი, პირიქით უთხრეს, რომ ჯგუფში დაბალი ინტელექტის მქონე მოსწავლეები შეურჩიეს. წლის ბოლოს შეამოწმეს შედეგები და აღმოჩნდა, რომ პირველ ჯგუფს ჰქონდა მაღალი მოსწრება, მეორეს – დაბალი, თუმცა, რეალურად, ბავშვები არავის შეუმოწმებია. ანუ ამ მასწავლებლებმა თავიანთი მოლოდინების მიხედვით იმოქმედეს. ყველაფერი გააკეთეს იმისთვის, რომ მათი მოლოდინები გამართლებულიყო და დაამახინჯეს ამ ბავშვების ცხოვრება. იმავეს თქმა შეიძლება ნდობაზეც.