კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ვინ იყო საქართველოს ყველაზე ტრაგიკული და ყველაზე წარმატებული მეფე


მიუხედავად იმისა, რომ არც საბჭოთა კავშირი არსებობს და არც სამეფო ოჯახზე საუბარია იდეოლოგიური ხინჯი, ქართულ გენეტიკურ სკოლას დღემდე არ შეუსწავლია ბაგრატიონების დინასტია (პირადად ჩემი შთაბეჭდილებით, უახლოეს მომავალშიც არ აპირებენ). ქართველი გენეტიკოსები მხოლოდ იმას ჩივიან, რომ ჯერ კიდევ შუა საუკუნეებში დაწყებული გენოციდი არც დამოუკიდებლობის პერიოდში დასრულებულა, იმ განსხვავებით, რომ ამჯერად ამას ინტელექტუალური გენოციდის ფორმა აქვს (საუკეთესო ტვინები ქვეყნიდან გაედინება, რაც ქართულ გენოფონდს შეუქცევადად აღარიბებს). ბაგრატიონების დინასტია ერთადერთია ევროპის ისტორიაში, რომელსაც ტახტში სხვა გვარი არასდროს შესცილებია და ყველაზე დიდხანს მოახერხა სამეფო სკიპტრის შენარჩუნება. ამ გვარის წარმომადგენლების ხასიათისა და ქცევის თავისებურებებზე (რაკი ქართველ გენეტიკოსებს დუმილი ურჩევნიათ), ისტორიულ ფაქტებზე დაყრდნობით, ისტორიკოსი მარიამ ლორთქიფანიძე გვესაუბრება.



– ალბათ, საქართველოს ისტორია გვაძლევს საშუალებას, გავაკეთოთ დასკვნები, თუ რით იყო გამორჩეული ბაგრატიონების გვარი?

– არსებობს ცნობა და მას აქვს არსებობის უფლება, რომ ბაგრატიონები ფარნავაზიანთა განშტოებაა. მაგრამ, ფაქტია, რომ ბაგრატიონები სამხრეთ კავკასიაში სამოღვაწეო ასპარეზზე ჩვენი წელთაღრიცხვის პირველ საუკუნეში გამოდიან და თითქოს სადავო არც არის, რომ ისინი წარმოშობით სპეის პროვინციიდან არიან. ჩვენი წელთაღრიცხვის დასაწყისში ძალიან აქტიურნი ჩანან სომხეთში სომეხი ბაგრატუნები; ჩვენი ბაგრატიონები – დაახლოებით მეოთხე-მეექვსე საუკუნეებიდან და, დაახლოებით ამავე პერიოდიდან – ალბანელი ბაგრატიონებიც. უცნაურია, მაგრამ, აშკარაა, რომ ეს საგვარეულო სამხრეთ კავკასიის პოლიტიკურ ასპარეზზე გამოვიდა და დაიწყო მეფობა საქართველოში, სომხეთსა და ალბანეთში. სომეხმა ბაგრატუნებმა მეთერთმეტე საუკუნის ორმოციან წლებამდე შეინარჩუნეს მეფობა; ალბანელმა ბაგრატიონებმა – დაახლოებით მეთორმეტე საუკუნემდე, ქართველმა ბაგრატიონებმა კი ტახტი მეცხრამეტე საუკუნემდე შეინარჩუნეს, სანამ რუსეთმა არ მოახდინა საქართველოს ანექსია.

– უფრო მძიმე იყო ალბანელი ბაგრატიონებისა და სომეხი ბაგრატუნების მდგომარეობა თუ, რით აიხსნება ქართველი ბაგრატიონების მმართველობის ასეთი ხანგრძლივობა?

– გულწრფელად გეტყვით, უკან რომ მოვიხედავ, შემეშინდება, ისეთი ისტორია გვაქვს გავლილი. როგორც წესი, მუდამ, გარდა მცირე გამონაკლისისა, ვიყავით ჩვენზე უფრო ძლიერი და მრავალრიცხოვანი მტრის გარემოცვაში. ისტორიას თუ გადავხედავთ, აღმოსავლეთის ყველა დიდი დამპყრობელი იბრძოდა, დაეპყრო საქართველო, სადაც ერთმანეთს კვეთს ჩრდილოეთი და სამხრეთი, აღმოსავლეთი და დასავლეთი. მიუხედავად ამისა, ჩვენ მაინც შევინარჩუნეთ არსებობა. მეთერთმეტე საუკუნეში იწერება ბაგრატიონების გვარის ისტორია და მას წერს სუმბატ დავითის ძე. მოცემულია ბაგრატიონთა გენეალოგია, რომ ისინი უშუალოდ უფლის ჩამომავალნი არიან და პირდაპირაა მითითებული გენეალოგიური ხაზი. ძველ აღმოსავლეთში სახელმწიფოს ყველა მეთაური გაღმერთებული იყო, ასე იყო რომის იმპერიაშიც, მაგრამ, ქრისტიანული იდეოლოგია ადამიანის გაღმერთებას არ ცნობს. ჩვენთან კი რა მოხდა? ბაგრატიონები გაღმერთებულნი კი არ არიან, არამედ არიან უფლის ჩამომავლები და, ამავე დროს, მათ ძალაუფლება უფლის მიერ აქვთ ბოძებული.

– ეს, ზოგადად, ქრისტიანული დინასტიებისთვის იყო დამახასიათებელი?

– ქრისტიანული ევროპის დინასტიების უმრავლესობა მიიჩნევს, რომ ისინი უფლის მიერ დადგენილები არიან, მაგრამ, ბევრი ვეძიე და ვერ მოვიპოვე პირდაპირი მითითება იმისა, რომ რომელიმე ევროპულმა ქრისტიანულმა დინასტიამ თავი ცნოს უფლის ჩამომავლად. სხვა საკითხია, დაიჯერებ თუ არა ამას, მაგრამ, ჩამოყალიბებული არ არის ისე, როგორც ჩვენთან. სუმბატ დავითის ძე ბაგრატიონების სახელმწიფოს მეთაურებად ყოფნის ათვლას იწყებს მეექვსე საუკუნიდან. მაშინ სასანიდების ირანმა ქართლში გააუქმა მეფის ხელისუფლება და ამაში ჩვენი ფეოდალებიც იღებდნენ მონაწილეობას, მაგრამ, ძალიან მალე მიხვდნენ, რომ დაკარგეს მდგომარეობა. მალევე გაერთიანდნენ და განაჩინეს ერისთავთა მთავრად გვარამი. ოღონდ, იქვეა მითითებული, რომ ბერძენთა და სპარსელთა შიშით მეფედ ვერ აკურთხეს. ეს ის პერიოდია, როდესაც ბიზანტია და ირანი თავგამოდებით იბრძვიან საქართველოსთვის და ერთ რამეში ერთიანნი არიან: აქ არ უნდა იყოს ერთიანი, ძლიერი სახელმწიფო ძლიერი და ერთიანი მეფით. მაგრამ საქართველოში მეფე სახელმწიფოს არსებობის სიმბოლო იყო. მართალია, ესენი ერისმთავრები არიან, მაგრამ, შემდეგი დროის წყაროებში მეფეებად იწოდებიან, რადგან მეფის არარსებობას ჩვენში ვერ ეგუებიან. საქართველოში მეექვსე საუკუნის შემდეგ არაბაგრატიონი მეფედ არ ყოფილა. რასაკვირველია, დინასტიის შიგნით იყო ბრძოლა, მაგრამ სხვა გვარს გამეფების მცდელობა არ ჰქონია. მართალია, მეჩვიდმეტე-მეთვრამეტე საუკუნეებში დასავლეთ საქართველოში დადიანიც გამეფდა, გურიელიც და მცირე ხნით – აბაშიძეც, მაგრამ ქართველმა ხალხმა არაბაგრატიონი მეფედ არ მიიღო, მაშინ, როდესაც აღმოსავლეთის ქვეყნებში ერთიმეორის მიყოლებით იცვლებოდა დინასტიები. ასევე, ჩვეულებრივი ამბავი იყო დინასტიების ცვლა ბიზანტიაშიც და ევროპის ცივილიზებულ სახელმწიფოებშიც. მართალია, ქართულმა ეკლესიამ აღიარა ბაგრატიონების ღვთიური წარმოშობა და ყოველთვის გვერდში ედგა საქართველოს გაერთიანების მცდელობას, რასაც დიდი მნიშვნელობა ჰქონდა, მაგრამ, ფაქტი ფაქტად რჩება – ევროპის ისტორიაში ეს ერთადერთი დინასტიაა, რომლის ტახტიდან გადაგდების საკითხი არ დამდგარა და არაბაგრატიონი ქართველმა ხალხმა მეფედ არ მიიღო. ძალიან ბევრი მიფიქრია ამ საკითხზე, მაგრამ პასუხი მაინც არ მაქვს. სწორედ ამ ბაგრატიონებმა მოიტანეს ეს ჩვენი ქვეყანა მეცხრამეტე საუკუნის დასაწყისამდე. რა თქმა უნდა, ყველა ერთნაირად ჭკვიანი და სამშობლოსთვის თავდადებული არ ყოფილა და არც შეიძლებოდა, ყოფილიყო, მაგრამ ყველა იყო თავისი სახელმწიფოს მმართველი.

– მაინც, რაში გამოიხატებოდა ის, რომ ყველა იყო თავისი სახელმწიფოს მმართველი?

– თუ შეიქმნებოდა ისეთი მდგომარეობა, რომ მტერი უნდა შემოესიოს და წალეკოს ქვეყანა, ბაგრატიონი მეფე დაიდგამდა თავზე ჩალმას, სადღაც დამალავდა თავის ჯვარს. მიეახლებოდა დამპყრობელს, დაღუნავდა თავს – შენი ყმა და მორჩილი ვარო და გადაარჩენდა ქვეყანას დარბევისგან. მერე დაბრუნდებოდა უკან და იწყებდა მზადებას ხელსაყრელ მომენტში ბრძოლისთვის.

– რამდენმა მეფემ გადადო თავი ქვეყნისთვის?

– დემეტრე თავდადებულის ისტორია კარგადაა ცნობილი, მაგრამ, გავიხსენოთ დავით აღმაშენებლის მამა, რომელსაც ისტორიკოსები ძალიან აკრიტიკებენ ბევრი რამის გამო, თუმცა, როცა საქმე გაჭირდა, ის წავიდა სულთანთან და თავისი პირობები შესთავაზა. როდესაც მიდიოდა, ძალიან კარგად იცოდა, რომ, შეიძლებოდა, ვერც დაბრუნებულიყო. აგრეთვე, წავიდა დავით ულუც – ლაშა-გიორგის ძე. მას იმედი ჰქონდა, რომ აუცილებლად დაბრუნდებოდა? არა, მაგრამ მაინც წავიდა, იმიტომ, რომ სხვა გამოსავალი არ ჰქონდა. დიპლომატიით, ხმლით, შემდეგ კი – თოფით, ბაგრატიონებმა მოახერხეს, რომ ამ უმძიმეს ვითარებაში შეენარჩუნებინათ მეფის ხელისუფლება, როგორც სიმბოლო სახელმწიფოს არსებობისა. სუსტი იყო, ძლიერი თუ დაშლილი, ქართული სახელმწიფო მაინც არსებობდა. რუსეთის ხელისუფლებამ ძალიან კარგად იცოდა, რა მდგომარეობა ჰქონდათ ბაგრატიონებს საქართველოში და, ამიტომ, როდესაც მეფობა გააუქმეს, სამეფო სახლის ყველა წარმომადგენელი უკლებლივ გადაასახლეს საქართველოდან, აქ კი დარჩნენ ბაგრატიონთა მხოლოდ სხვა შტოების წარმომადგენლები. 1801 წლის ცნობილი აქტის შემდეგ, 1802 წლიდან, უკვე იწყება ბრძოლა ეროვნული დამოუკიდებლობის აღდგენისთვის: 1802, 1804, 1806, 1810, 1812 წლებში, როგორც წესი, აჯანყებულები ერეკლეს ჩამომავალს იწვევდნენ და აყენებდნენ მისი გამეფების საკითხს. 1832 წლის აჯანყების დროს, მართალია, სხვადასხვა მიმდინარეობა იყო, მაგრამ ერთ-ერთი მიიჩნევდა, რომ უნდა აღმდგარიყო ბაგრატიონების დინასტია. საბჭოთა ხელისუფლების დროს, როგორც საეკლესიო პირების ხსენება არ შეიძლებოდა, ისევე არ შეიძლებოდა ბაგრატიონების ხსენებაც. „მეფე“ – მხოლოდ სალანძღავი სიტყვა იყო. ამან გამოიწვია ის, რომ საზოგადოებაში დაიკარგა პატივისცემა ამ სახლისა და ამ გვარისადმი.

– რადგან ქართული გენეტიკური სკოლა დუმს, რას გვეუბნება ისტორია, რა გასდევს ჩვენს მეფეებს მთავარ სახასიათო თვისებად?

– როგორც წესი, ყველა სამხედრო ოპერაციის დროს, საქართველოს მეფე თავის ლაშქარს წინ მიუძღოდა, ზოგი უფრო ჭკვიანურად ახერხებდა სამხედრო ოპერაციის ჩატარებას, ზოგი – ნაკლებად, მაგრამ ყოველთვის თვითონ მიუძღოდა თავის ხალხს.

– უარყოფით თვისებებს შორის რომელი ჭარბობს და ძირითადად, როგორმა მეფეებმა ვერ დაამჩნიეს კვალი ჩვენს ისტორიას?

– ბუნებრივია, ყველამ ერთნაირი კვალი ვერ დაამჩნია. გამორჩეული მეფეები არიან: აშოტ დიდი კურაპალატი, ბაგრატ მესამე, გაერთიანებული საქართველოს პირველი მეფე, დავით აღმაშენებელი, თამარი, გიორგი ბრწყინვალე, სიმონი – ტრაგიკული პიროვნება და ერეკლე მეორე.

– და, რით ჰგვანან ისინი ერთმანეთს?

– როგორც ჩანს, მათ გენეტიკურად ჰქონდათ სამხედრო ნიჭი. ამავე დროს, ჩვენში არსებობდა ტახტის მემკვიდრის აღზრდის ჩამოყალიბებული კოდექსი: ტახტის მემკვიდრეს რამდენიმე აღმზრდელი ჰყავდა, მათ შორის ისიც, ვინც მას სამხედრო საქმისთვის ამზადებდა. ბაგრატს მამის ხაზით ქართლის ტახტი ერგო, დედით – აფხაზთა, დავით კურაპალატის შვილობილობით – ტაოს მეფობა. ამ ერთ ადამიანში სამი ტახტი იყო გაერთიანებული. მე ეჭვი მაქვს, რომ გარკვეულ დროს პიროვნებაც ჩნდება ხოლმე. როდესაც ბაგრატი უფლისციხეში დასვეს, ის სრულწლოვანი არ იყო, მაგრამ, ქუთაისში მეფედ კურთხევის შემდეგ იწყება მისი დიდი მოღვაწეობა როგორც ქვეყნის ადმინისტრაციული მოწყობის თვალსაზრისით, ისე ერთიანობისთვის ბრძოლის თვალსაზრისით. თუმცა, მან ძალიან მძიმე ცოდვაც ჩაიდინა: როდესაც ვერაფრით დაიმორჩილა თავისი უახლოესი ნათესავები, მიიწვია სადარბაზოდ ფანასკერტის ციხეში და შეიპყრო. დგება საკითხი – რამდენად სწორი მოქმედება იყო ეს? სუფთა ადამიანური თვალსაზრისით ძნელი გასაზიარებელია მისი ეს ქცევა, მაგრამ ის ერთიან საქართველოს ქმნიდა. საქმე ისაა, რას ემსახურება ასეთი ქმედება: ქვეყნის პროგრესულად განვითარებას თუ პირად ინტერესებს? როდესაც ქვეყნის განვითარების საქმეს ემსახურება – გამართლებულია. დავით აღმაშენებელი ბაგრატ მესამეს ჰგავდა იმით, რომ იბრძოდა ხელისუფლების ცენტრალიზაციისა და ქვეყნის კულტურული განვითარებისთვის. ძალიან დიდი კულტურული ცხოვრება იყო ბაგრატ მესამის დროს, აშენდა ტაძრები, ბევრი წიგნი შემოვიდა. მათ, ყველას, ძალიან კარგად ესმოდა, რომ ქვეყნის განვითარებისთვის კულტურას განსაკუთრებული მნიშვნელობა ჰქონდა. საქართველოს გარეთ არსებული ეკლესია-მონასტრები ამავე დროს კულტურის ცენტრები იყო. დავით კურაპალატს სინას მთიდან დიდი რაოდენობით ლიტერატურა მოსდიოდა. როდესაც ნახა, რომ ეს არ იყო საკმარისი, კაცი გაგზავნა სინას მთაზე, რომელსაც ევალებოდა, რაც კი წიგნი გამოვიდოდა, თუ საჭირო იყო – ეთარგმნა, თუ საჭირო იყო – გადაეწერა და მოეწოდებინა. მეათე საუკუნეში შედგენილი ჰიმნოგრაფიული კრებულის ავტორი დიდ მადლობას უხდის დასავლეთ საქართველოს მეფეს, გიორგის, რომ ხელი შეუწყო კრებულის შედგენაში.

– გიორგი ბრწყინვალე რით ჰგავდა თავის გამორჩეულ წინაპრებს?

– როდესაც გიორგი ტახტზე ავიდა, ქვეყანა, ფაქტობრივად, სამად იყო გაყოფილი. მან შეძლო მონღოლების ნდობის მოპოვება, ამიტომ, მართალია, მონღოლები აქ ას წელს ისხდნენ, მაგრამ, იმ დროისთვის საქართველოში ძალიან მცირერიცხოვანი საოკუპაციო ლაშქარი ჰყავდათ. გიორგიმაც, ვინც ვერ დაიმორჩილა, მიიწვია ცივის მთაზე და გაუსწორდა. მან უბრძოლველად შეძლო დასავლეთ საქართველოში გადასვლა და შემოერთება. სამცხე-საათაბაგოშიც თავისი კანდიდატი დააყენა ათაბაგად და ისევ შემოიყვანა ერთიანი საქართველოს შემადგენლობაში. ანუ, მან მოახერხა დაშლის პირას მყოფი საქართველოს გაერთიანება. ააშენა არაერთი ეკლესია, შექმნა არაერთი საკანონმდებლო ძეგლი, მოჭრა საკუთარი მონეტა, ისევე, როგორც დავით კურაპალატმა, ბაგრატმა, დავითმა. ისინი ძალიან ჰგვანან ერთმანეთს. როგორც გითხარით, არსებობდა კოდექსი, რომლითაც ზრდიდნენ ტახტის მემკვიდრეს.

– პირადად მე ერეკლე მეორე მგონია ყველაზე ტრაგიკული მეფე. თქვენ როგორ დაახასიათებთ მას?

– ერეკლე უდიდესი პიროვნება იყო, უბადლო მეომარი და მხედართმთავარი – ამას აღიარებდა ყველა, მტერიც და მოყვარეც. მას უმძიმეს პერიოდში მოუწია მეფობა: სამხრეთ-დასავლეთით ოსმალეთის იმპერია უტევდა, სამხრეთ-აღმოსავლეთით – ირანი იყო მომდგარი, აქეთ – ჩრდილო კავკასია, სადაც თავის დროზე ქრისტიანობა საქართველოდან შევიდა, მაგრამ თემურ ლენგის დროს გამაჰმადიანდნენ, ანუ, მთლიანად მაჰმადიანურ რკალში ვიყავით. ოსმალეთმა საქართველოს გადაუკეტა გზა ცივილიზებული ევროპისკენ. ერეკლეს ესმოდა, რომ არ შეიძლებოდა ცივილიზებული ევროპისგან მოწყვეტა და მისთვის ევროპა იყო რუსეთიც – მართლმადიდებლური სახელმწიფო, ოღონდ, იქაც ძალიან ფრთხილად იქცეოდა. ტრაქტატში რაც წერია, ყველაფერი მისაღებია და სხვა საქმეა, შემდეგ რა მოხდა. მეტსაც გეტყვით, ერეკლემ 1783 წელს მოაწერა ხელი ტრაქტატს, მაგრამ მანამდე ევროპაში სამი ელჩობა ჰყავდა გაგზავნილი: ერთი ელჩობა უგზო-უკვლოდ დაიკარგა, მეორე ელჩობის მეთაური მოკლეს, მესამე ელჩობამ მიაღწია, რადგან, აღმოჩენილია წერილი იმდროინდელი რომის პაპის ჩანაწერებში. მაგრამ ერეკლეს არანაირი პასუხი არ მიუღია. არადა რას ითხოვდა?! – ან მცირე სამხედრო ძალა გამოგვიგზავნეთ, დაინახონ ჩვენმა მტრებმა, რომ ზურგი გვაქვს, ან მატერიალური დახმარება გაგვიწიეთ, რომ დავიქირავოთ სამხედრო ძალაო. პასუხის ღირსად არ ჩათვალეს ერეკლე და, სხვა გამოსავალი, გარდა რუსეთთან ურთიერთობის დამყარებისა, მას აღარ ჰქონდა. ჩვენთან სწორება, სანამ ბიზანტიის იმპერია არსებობდა, მუდამ ბიზანტიის კულტურაზე იყო, რადგან სწორედ ბიზანტია იყო იმდროინდელი ცივილიზებული სამყარო, თუმცა, ბიზანტიაც გვებრძოდა.


скачать dle 11.3