რამდენი ცოლი და შვილი ჰყავს სვაზილენდის აბსოლუტურ მონარქს მსვატი მესამეს და რით ჩამორჩება ის მამას
ის არის ფართობით ერთ-ერთი ყველაზე პატარა აფრიკული სახელმწიფოს მონარქი, რომელიც სამეფო ტახტზე 18 წლის ასაკში ავიდა. სვაზილენდის მეფე, მსვატი მესამე, აფრიკის უკანასკნელი აბსოლუტური მონარქია, რომლის შესახებ უამრავი საინტერესო ცნობა ვრცელდება და რუბრიკაში სწორედ მის შესახებ გავრცელებულ საინტერესო ფაქტებს შემოგთავაზებთ.
* მსვატი მესამე 1968 წელს დაიბადა რელი ფიტკინის სამხედრო ჰოსპიტალში, სვაზილენდში. ის არის სვაზილენდის მეფის – სობჰუზი მეორის, 67 ვაჟიშვილიდან მეორე. როდესაც სობჰუზი მეორე 1982 წელს პნევმონიისგან გარდაიცვალა, მსვატი, რომლის სრული სახელია მაჰოსეტივე ნგვენიამა, რეგენტად და ტახტის მემკვიდრედ დასახელდა. 1983 წელს ის კრონპრინცად გამოაცხადეს, ხოლო დიდ ბრიტანეთში სწავლის დასრულების შემდეგ, 1986 წელს, მეფედ აკურთხეს. მსვატი მესამე უკანასკნელი აბსოლუტური მონარქია აფრიკის კონტინენტზე.
* 1973 წელს მეფემ, სობჰუზი მეორემ, უარყო კონსტიტუცია, დაშალა პარლამენტი და აკრძალა პოლიტიკური პარტიების საქმიანობა. ქვეყნის სათავეში მოსვლიდან მეორე წელიწადს, ახალმა მეფემ, მსვატი მესამემ შექმნა სპეციალური კომისია, რომელიც ახალი კონსტიტუციის შექმნაზე იზრუნებდა. კონსტიტუციაზე მუშაობა ათწლეულობით გაიწელა. ამით უკმაყოფილო ოპოზიციური მოძრაობები, სვაზილენდში მიღებულ უკმაყოფილების გამომხატველ ფორმებს იყენებდნენ და ხალხში გამოსულ მეფეს შიშველ უკანალს უჩვენებდნენ. საბოლოოდ, ქვეყნის კონსტიტუციის შემუშავება მეფის ძმას, დანიაში სვაზილენდის ელჩს დაევალა და 2005 წელს სვაზილენდის განახლებული „აბსოლუტურ-მონარქიული“ კონსტიტუცია მიღებულ იქნა. აღსანიშნავია, რომ სვაზილენდის სამთავრობო ვებგვერდზე განთავსებულია კონსტიტუცია და ნებისმიერ მსურველს შეუძლია მისი გადმოწერა უფასოდ.
* სვაზილენდის მეფე მრავალ კანონზე მუშაობს. მის მიერ არის შემუშავებული რამდენიმე ისეთი კანონი, რომელიც ღიმილს იწვევს დანარჩენ მსოფლიოში. მაგალითად: სვაზილენდში აკრძალულია წყლის ქვეშ სექსით დაკავება და კანონის დამრღვევებს ერთწლიანი პატიმრობა ემუქრებათ. მამაკაცებისთვის აკრძალულია მისალმებისას ხელის ჩამორთმევა, ხოლო ქალებისთვის – შარვლის ტარება. სვაზილენდში სექსი არასრულწლოვან ახალგაზრდებთან სამუდამო პატიმრობას ითვალისწინებს, აგრეთვე, აკრძალულია მეფისთვის ან მთავრობის რომელიმე წევრისთვის სახალხოდ უკანალის ჩვენება.
* რამდენიმე წლის წინ მსვატი მესამემ გადაწყვიტა, თავისი საგარეო ვიზიტებისთვის 45 მილიონ დოლარად შეფასებული სუპერთანამედროვე ავიალაინერი – „ბომბარდირ გლობალ ექსპრესი“ შეეძინა, რომელიც 19 მგზავრზეა გათვალისწინებული. სვაზილენდის ნაციონალურმა ასამბლეამ ჩათვალა, რომ ამდენი მილიონის დახარჯვა თვითმფრინავში, მაშინ, როდესაც მოსახლეობის მეოთხედი გაეროდან მიღებულ ჰუმანიტარულ დახმარებაზე ცხოვრობს, მიუღებელია. თუმცა, მეფემ გამოიყენა თავისი კონსტიტუციური უფლება და ასამბლეის გვერდის ავლით შეიძინა საფრენი აპარატი. ეს ქმედება მონარქმა შემდეგნაირად ახსნა: „აუცილებელია, რომ მე უცხოეთში ვიფრინო ამ თვითმფრინავით, რადგან ჩემზეა დამოკიდებული უცხოური ინვესტიციების შემოტანა სვაზილენდში“.
* სვაზილენდის მეფე მსვატი მესამე პოპ-მეფესთან მაიკლ ჯეკსონთან მეგობრობდა და არაერთხელ შეხვედრია მას კერძო წვეულებებზე. ცნობილია, რომ მეფე გატაცებულია დისკო-მუსიკით და თავისი ერთ-ერთი სასახლე მან დისკოთეკადაც კი გადააქცია, სადაც ერთხანს პერიოდულად დიჯეის ფუნქციასაც ასრულებდა. სხვათა შორის, მონარქი მღერის კიდეც და რამდენიმე ხნის წინ მან სპეციალური კომპაქტდისკი გამოუშვა, სადაც ცნობილი სიმღერების თავისებური „ქავერვერსიები“ ჩაწერა.
* სვაზილენდის მეფე მსვატი მესამე ორიგინალურობის მოყვარულია და სიამოვნებს გაზეთების პირველ გვერდებზე მოხვედრა. მაგალითად, ოთხი წლის წინ მისი სახელი ყველა პოლიტიკურ მიმომხილველს ეკერა პირზე. მეფემ სვაზილენდის პრემიერ-მინისტრი სიბუსისო დლამინის „ესემესით“ შეატყობინა, რომ მოხსნილი იყო თანამდებობიდან. თავისი ქცევა მეფემ იმით ახსნა, რომ დაეზარა თანამდებობიდან გათავისუფლების განკარგულების ქაღალდზე გადატანა.
* სვაზილენდის მეფე ყოველწლიურად ამტკიცებს თავის უფლებას, რომ სათავეში ედგას ამ აფრიკულ სახელმწიფოს. უძველესი ტრადიციების მსგავსად, მეფე ვალდებულია, იცეკვოს ეგრეთ წოდებული „დაუმარცხებელი ცეკვა“, რომლის განმავლობაში უნდა დაამტკიცოს თავისი მოხერხებულობა და ძალა. მონარქის ცეკვა „ინკვალას“ წმინდა ცერემონიის მწვერვალად ითვლება სვაზილენდის კულტურულ კალენდარში. ცეკვის შესრულებას კი მხოლოდ სამეფო ოჯახის წევრები და სვაზილენდის უხუცესები ესწრებიან.
* სვაზილენდის მეფე მსვატი მესამე ავტომობილებისა და სწრაფი სიარულის დიდი მოყვარულია. ყოველწლიურად ის მილიონ დოლარამდე ხარჯავს საკუთარი ავტოპარკის განახლებაზე. გასული წლის დეკემბერში მსვატიმ ნახევარ მილიონ დოლარად ახალი „დაიმლერ კრაისლერ მაიბაჰი“ შეიძინა. ავტომობილი უახლესი ტექნოლოგიებით არის აღჭურვილი და სალონში მაცივარი, 21 დინამიკი, უზარმაზარი პლაზმური ტელევიზორი და „ბლიუ-რეი“ დისკების ფლეიერია დამონტაჟებული. გარდა ამისა, თავის 36-ე დაბადების დღეზე მეფე მსვატი მესამემ საკუთარ თავს ათი ცალი მეშვიდე სერიის „ბეემვე“ აჩუქა. საინტერესოა, რომ ავტომობილებით მსვატი თავის 14 მეუღლესაც ანებივრებს და თითოეული მეხუთე სერიის „ბეემვეს“ ავტომობილებით დაასაჩუქრა.
* ყოველი წლის აგვისტოს ბოლოს სვაზილენდში „ლერწმის ცეკვის“ ფესტივალი იმართება, რომლის განმავლობაში მეფე მსვატი მესამე თავისთვის მორიგ მეუღლეს ირჩევს. 6 ათასამდე შიშველი გოგო ცეკვავს მეფის წინაშე და მეფე ვალდებულია, აირჩიოს მხოლოდ ერთი, რომელიც მისი საცოლე გახდება. აღსანიშნავია, რომ ყოფილა შემთხვევა, როდესაც მეფეს არ აურჩევია საცოლე მხოლოდ იმის გამო, რომ არ მოსწონებია არც ერთი კანდიდატურა.
მსვატი მესამეს ამჟამად ჰყავს 14 მეუღლე და 23 შვილი, თუმცა მეუღლეების რაოდენობა მეტი იქნებოდა, 2000 წელს მისი ორი ცოლი ქვეყნიდან რომ არ გაქცეულიყო. საინტერესოა, რომ მამის რეკორდამდე მსვატის ძალიან ბევრი უკლია – მეფე სობჰუზი მეორეს 90 ცოლი ჰყავდა.
* სვაზილენდის მეფე, მსვატი მესამე, ერთ-ერთი ყველაზე მდიდარი მონარქია მსოფლიოში. მისი პირადი კაპიტალი 68 მილიონ ფუნტ სტერლინგს შეადგენს. გარდა ამისა, იგი სრულად აკონტროლებს სვაზილენდის ნაციონალურ ფონდს (10 მილიარდ დოლარს). გაზეთ „ინდეპენდენტის“ ვერსიით კაპიტალის რაოდენობით, მსვატი მესამეს მე-16 ადგილი უკავია მსოფლიო მონარქებს შორის.