დასერტიფიცირებულები
„დიდი დღე“
მართალია, სკოლებიდან პედაგოგები უკვე დაითხოვეს (სავარაუდოდ, სამუდამოდ), მაგრამ, ისიც აშკარაა, რომ ჩვენს განმანათლებლებს ხახვივით შერჩათ ოპტიმიზაციად წოდებული შემცირების პროცესი (განათლების სამინისტრომ ხელები საფუძვლიანად დაიბანა, განაცხადა რა, რომ სკოლების შიდა საქმეებში არ ერევა და სწორედ დირექტორების გადასაწყვეტია, ვის დატოვებენ და ვის გაუშვებენო). თუმცა, როგორც არასამთავრობო ორგანიზაციები ვარაუდობენ, თითქოსდა სექტემბრიდან საპროტესტო აქციების ტალღა იგეგმება. ჩემი მოკრძალებული აზრით, პროგნოზი გადამეტებულია, რადგან, თუ „ჯაყოს ხიზნებს“ დავუჯერებთ, მარგოს, თუ თავის გადარჩენა უნდოდა, ხმა პირველი ძალადობისთანავე უნდა ამოეღო (ან, თუნდაც მანამ, ვიდრე გაუტკბებოდა). ერთი სიტყვით, ჩემი ეჭვით, საპენსიო ასაკს მიღწეული და გათავისუფლებული პედაგოგები პენსიას დასჯერდებიან (რაკი საბჭოთა წარსულიდან მოდიან, შესაძლოა, იმის შიშითაც, – ესეც არ დავკარგოთო), არასაპენსიო ასაკისანი კი, სავარაუდოდ, იფიქრებენ, იქნებ მომავალში ჩვენც გაგვიმართლოსო და, ამდენად, ხიდების დაწვასაც მოერიდებიან.
რაც შეეხება გამართლებულ მომავალს: უკვე დაიწყო მასწავლებელთა სასერტიფიკაციო გამოცდები. პედაგოგობის მსურველები ჯერჯერობით საკუთარი ნებით აბარებენ გამოცდას, ოღონდ, ეს იდილია მხოლოდ 2014 წლამდე გასტანს, რადგან შემდეგ საქართველოს საჯარო სკოლებში მხოლოდ სერტიფიცირებული მასწავლებლები დაიშვებიან (ზემოთ ბრძანებენ, ხელფასსაც მხოლოდ ასეთებს მოვუმატებთო). ეროვნული გამოცდების ცენტრის თავკაცმა განმარტა, რომ ამ ნებაყოფლობითი სასერტიფიკაციო გამოცდის შედეგები კონფიდენციალური იქნება, რაც ორ რამეს შეიძლება, ნიშნავდეს: ან ცენტრს თავის მიერვე შედგენილი ტესტების იმედი არ აქვს, ან – პედაგოგების ცოდნა-გამოცდილების.
ასეა თუ ისე, პედაგოგებს სასერტიფიკაციო გამოცდები არ ასცდებათ და თვეში ორასლარიანი ხელფასის მოსაპოვებლად ბლომად ოფლის ღვრაც მოუწევთ. სასერტიფიკაციო გამოცდების პირველ დღესვე ბრძანა განათლების მინისტრმა: დიდი დღეაო. დღე, უდავოდ, დიდია (თუკი მიზანი სწორედ სწავლების ხარისხის ამაღლებაა და არა პედაგოგთა დაწიოკება), ამიტომაც, სასურველი იქნებოდა, თუკი მხოლოდ პედაგოგების სერტიფიცირებას არ დავჯერდებოდით და რომელიმე მადლიანი ორგანო ამ ჩვენი თანამდებობის პირებსაც დაასერტიფიცირებდა (რამდენად შეეფერებიან დაკავებულ თანამდებობას). ვითომ, აწყენთ ჩვენს მინისტრებს ერთი „დიდი დღის“ მოწყობა, მით უფრო, რომ ამ ჩვენს პედაგოგებზე 20-ჯერ მეტი ხელფასიც აქვთ და არცთუ ნაკლები პასუხისმგებლობა?!