„საერთაშორისო აქტივობის ფესტივალი“
ქალის ტვირთი – ქართულ მთავრობაში
მართალია, ოპონენტები იწუნებენ ჩვენი ხელისუფლების საკადრო პოლიტიკას, თანაც, განსაკუთრებით, მდედრობითი სქესის ჩვენი მინისტრები მიაჩნიათ თანამდებობებისთვის შეუფერებლებად (იმედია, არა იმიტომ, რომ ქალის ადგილი „კუხნაშია“), მაგრამ ბოლო ხანს განვითარებულმა მოვლენებმა (რომლებსაც ჩვენმა პირველმა პირმა ხატოვნად უწოდა „საერთაშორისო აქტივობის ფესტივალი“) ცხადყო, რომ ქალბატონებისთვის (რაღა ქალბატონებისთვის, ორიოდ ქალბატონისთვის) მინისტრის პორტფელების ჩამორიგებას სულ სხვა პრაქტიკული დანიშნულება ჰქონია. კერძოდ, ქ-ნების კალმახელიძისა და ქობალიას პირდაპირი მოვალეობა მეორეხარისხოვანია (ყოველ შემთხვევაში, ჩემი „იწრო, დედაკაცური ჭკუით“).
ჯერ კიდევ საქართველოში ჰილარი ქლინთონის ვიზიტისას (რომელიც თავის თანამდებობაზე ქვედაბოლოს პრინციპით ნამდვილად არ დაუნიშნავთ) გამჟღავნდა, თუ რატომ ჩააბარეს ქ-ნ ქობალიას მდგრადად განსავითარებელი ქართული ეკონომიკის საჭე: პრეზიდენტმა აშშ-ის სახმდივანს რუსულ აგრესიაზე საუბრისას აუწყა, რომ ჩვენი ეკონომიკის მინისტრი დევნილია, ანუ, ქ-ნი ქობალია, უპირველესად, შტრიხია ოკუპაციურ მძიმე შთაბეჭდილებაში მეტი სიმძაფრისა და გროტესკის შესატანად, რაც, მე თუ მკითხავთ, ჩვენს გარე აზრზე ორიენტირებული პოლიტიკისთვის ეკონომიკის სიმდგრადეზე მეტია (მით უფრო, რომ ქ-ნ ქობალიას განათლების ცენზის ასავალ-დასავალი კვლავაც უცნობია). მართალია, სწორედ ამ უკანასკნელმა გვამცნო (სხვათა შორის, საჯარო გამოსვლებისას უკვე შეეტყო, რომ ბოლო 15 წელია, ქართულთან მწყრალადაა), რომ მისი პრიორიტეტები ტურიზმის განვითარება და სამუშაო ადგილების შექმნაა. ამ საქმეში კი, როგორც ჩანს, მას კომპანიონი გამოუჩნდა (თუმცა რატომ კომპანიონი, მთავრობა ხომ ერთი გუნდია?). ამიტომაც საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრს, ფრიად წარმომადგენლობითი აუდიტორიის წინაშე ქართული ციხეების პირველმა ქალბატონმა ტურისტული მიმართულების კითხვა დაუსვა. კერძოდ, ქ-ნმა კალმახელიძემ ბ-ნ კუშნერს საქართველოს ტურისტული პოტენციალის შესახებ მოახსენა და ისიც დააზუსტა, საპატიო სტუმარი საქართველოში ხომ არ ისურვებდა დასვენებას. ბ-ნ კუშნერს დიდხანს არ უფიქრია: ჩვენი ქ-ნი კალმახელიძე აათვალიერ-ჩაათვალიერა და მასთან ერთად დასვენებასაც უყოყმანოდ დაჰყაბულდა. თუკი სტუმრის რეაქციით ვიმსჯელებთ და იმითაც, რომ საქართველო საფრანგეთის უზომოდ მადლიერია, წესით, ქ-ნ ხათუნას ქ-ნი ვერაც რომ შეშველებოდა (ყოველ შემთხვევაში, ამ კონკრეტულ საკითხში), იქნებ დასასვენებლად ნიკოლა სარკოზიც კი ჩამოგვეტყუებინა, თუ, რა თქმა უნდა, ქ-ნი კარლა ბრუნი ასე უმეთვალყურეოდ გვანდობდა.