ამაოების ბაზარი
ანუ რეკლამის უნუგეშო მსხვერპლნი
კარგა ხანია, სატელევიზიო რეკლამა ჩვენს არცთუ ჯიბესავსე თანამემამულეებს „საშოფინგოდ“ „სტამბულბაზარში“ ეპატიჟება, პრინციპით – „მუქთა იყოსო“, მიწვევას საკმაოდ ბევრი მსურველი გამოეხმაურა. ან კი როგორ არ გამოეხმაურებოდა, როდესაც, ჯერ ერთი, თბილისიდან თურქულ „სტამბულბაზრამდე“ მგზავრობაც უფასოა; მეორეც, 500 ლარამდე ღირებულების საქონელი განბაჟებას არ ექვემდებარება (ყოველ შემთხვევაში, სწორედ ასე არწმუნებდნენ და არწმუნებენ გულუბრყვილოებს „შოფინგტურის“ მასპინძლები) და, რაც მთავარია, ამ ნანინანატრ „სტამბულბაზარზე“ თითქმის უფასოდაც არიგებენ, თურმე, ბრენდების ნაწარმს (რა თქმა უნდა, გულუბრყვილო ჩიტების მახეში გასაბმელად). უფრო მეტიც, 10 ივლისს, ანუ გახსნის დღეს ჩასულებს გალა კონცერტსაც ჰპირდებოდნენ, თუმცა ეს ის ერთადერთი რამაა, რაც „საშოფინგოდ“ წასულებს აუსრულეს. მაგალითად, კონცერტის ერთ-ერთმა მონაწილემ (ან კი რა ეშხი ექნებოდა ბაზრობის გახსნას ღირსებისორდენოსანი ქალბატონის გარეშე?!) – ლელა წურწუმიამ არა მხოლოდ იმღერა, იქ წასვლამდე სატელევიზიო რეკლამის პოტენციური მსხვერპლნი კიდეც დაარწმუნა, რომ „სტამბულბაზარზე“ ბრენდების ნაწარმი გროშებად იყიდებოდა (ვივარაუდოთ, რომ ისიც „მწარედ მოატყუეს“). როგორც უნდა ყოფილიყო, თბილისიდან, თუმცა რატომ მხოლოდ თბილისიდან, საქონლის იაფად და განუბაჟებლად შეძენის მსურველები მთელი საქართველოდან დაიძრნენ სარფისკენ. რაც მართალი, მართალია, სამარშრუტო ტაქსებმა ისინი უფასოდ მიიყვანეს აგრერიგად ნაქებ „სტამბულბაზრამდე“, თუმცა, იქ მისულებმა ვერც ბრენდების ნაწარმი აღმოაჩინეს და ვერც რამე ნაკლებ ხეირიანი. ჰოდა, რაკი ვერ აღმოაჩინეს, „ქემალ ფაშაში“ შეიარეს და სიმწრით ნაგროვები ფულით იქ მაინც შეიძინეს რაღაც-რუღაცეები, რა თქმა უნდა, იმ იმედით, რომ, დაპირებისამებრ, საზღვარზე განუბაჟებლად გადაიტანდნენ. მაგრამ, როდესაც ქართულ საბაჟოს მოადგნენ, აღმოჩნდა, რომ არათუ რაიმე უფრო სერიოზული, თვით საცვალიც კი ექვემდებარება განბაჟებას. გამომდინარე იქიდან, რომ უმეტესობას, რაც თან ჰქონდა, ის ფული უკვე დაეხარჯა, შენაძენის საბაჟოზე გადაყრა მოუწიათ. ჩვენ არ ვიცით (იმედია, ვინც იცის და ევალება, ის გაარკვევს), ვინ ატყუებს ასე მწარედ ჩვენს თანამემამულეებს, თუმცა, რაკი სატელევიზიო რეკლამა გასაბრიყვებლებს კვლავაც იწვევს განბაჟების გარეშე „საშოფინგოდ“: ჯერ ერთი, არ მოტყუვდეთ; მეორეც, თავად მოატყუეთ და მათი ცრუ-სერვისით ბათუმში უფასოდ ჩასასვლელად ისარგებლეთ.