ვეტერინარის რჩევები
კითხვა: თუ შეიძლება რუსულ-ევროპული ჯიშის ლაიკის შესახებ მომაწოდეთ ინფორმაცია?
პასუხი: რუსულ-ევროპული ლაიკის ფესვები რუსეთიდან მოდის. იქ მათ დათვებზე, მელიებზე, ირმებზე, გარეულ ტახებზე და მგლებზე სანადიროდ გამოიყენებდნენ. ლაიკები უშიშარი, ენერგიული და მეტად აზარტული ძაღლები არიან, ისინი დიდ თოვლში საათობით ეძებენ ნადირის კვალს, შემჩნევის შემთხვევაში კი გარეულ ცხოველს ყეფით ედევნებიან და წრეში აქცევენ, სანამ მონადირის თოფის გასროლის ხმას არ გაიგონებენ. ეს ჯიში მშობლიური ქვეყნის ფარგლებს გარეთ ძალიან მცირე რაოდენობით მოიპოვება. გაითვალისწინეთ, ლაიკას სპორტული ცხოვრების ტემპის მქონე პატრონი სჭირდება, მას ვერ იყოლიებთ ბინის პირობებში, რადგან ძალიან მოძრავი და ენერგიულია.
ხვადი ლაიკის სიმაღლე მინდაოში 52-58, ხოლო ძუსი – 50-56 სანტიმეტრია. მათი შეფერილობაა შავი ან რუხი, თეთრი ლაქებით.
კითხვა: ძალიან მინდა, სახლში დიდი ტანის ძაღლი მყავდეს და რას მირჩევთ? ვცხოვრობ კორპუსის 3-ოთახიან ბინაში.
პასუხი: სიმართლე გითხრათ, ნამდვილად არ გირჩევთ, კორპუსის ბინაში დიდი ტანის ძაღლი იყოლიოთ. ეს თქვენთვისაც დისკომფორტი იქნება და ძაღლისთვისაც. დიდი ტანის ძაღლებს დიდი საცხოვრებელი ტერიტორია სჭირდებათ. არც მათი გამოკვება დაგიჯდებათ იაფი. გაითვალისწინეთ ისიც, რომ დიდი ტანის ძაღლის პროფესიული გაწვრთნა აუცილებელია. ახლა კი, თავად განსაჯეთ, ხართ თუ არა მზად, ასეთი ძაღლის მოსავლელად. ამას მხოლოდ სურვილის ან უაზრო ახირების გამო ნუ გააკეთებთ.
კითხვა: რით განსხვავდება ერთმანეთისგან ტიტულები – ცაცი და ცაციბი?
პასუხი: ცაცი არის ქვეყნის შიდა ტიტული, ხოლო ცაციბი – საერთაშორისო. გამოფენაზე ძაღლის რამდენიმე შეფასება არსებობს. შეფასების თანახმად ძაღლი ან იღებს ტიტულ ცაცს, ან – ვერ იღებს. თუ ძაღლმა მიიღო ტიტული ცაცი ერთ გამოფენაზე, ეს იმას არ ნიშნავს, რომ თავისი საქმე კარგად შეასრულა. საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით, ძაღლმა 3 ცაცი სამ სხვადასხვა გამოფენაზე, სხვადასხვა მსაჯთან უნდა მოაგროვოს. მხოლოდ ამის შემდეგ ხდება ის საქართველოს ჩემპიონი და კინოლოგიურ ფედერაციაში საქართველოს ჩემპიონის სერტიფიკატს მიანიჭებენ. ძაღლი ამ სერტიფიკატის მიღებისთანავე, ავტომატურად გადადის ჩემპიონთა კლასში. ანუ, მისი მოწინააღმდეგეები შემდგომ გამოფენაზე მხოლოდ ჩემპიონები იქნებიან. აი, ეს განსხვავებაა ტიტულებს შორის – ცაცი და ცაციბი.