როგორ დავიცვათ ოთხფეხა მეგობარი სითბური დარტყმისგან და როგორ უნდა გავუწიოთ მას პირველადი დახმარება
სულ ცოტაც და სიგრილეს ცხელი ამინდი შეცვლის. მართალია, ყველამ ვიცით, რომ სიცხეში გარეთ ყოფნა ჯანმრთელობისთვის არცთუ ისე სასარგებლოა, მაგრამ არ დაგვავიწყდეს, რომ ეს მხოლოდ ადამიანებზე კი არა, ცხოველებზეც ვრცელდება. ცხელ ამინდში ცხოველის გარეთ ყოფნამ შესაძლოა, სითბური დაკვრა გამოიწვიოს. ეს რომ თავიდან ავაცილოთ ჩვენს ოთხფეხა მეგობარს, საჭიროა, ვეტერინარ ზაქრო ბაჯიაშვილის რჩევები გავითვალისწინოთ.
ზაქრო ბაჯიაშვილი: სანამ სითბურ დაკვრაზე ვისაუბრებდეთ, ორიოდე სიტყვით, ცხოველებში თერმორეგულაციის ფიზიოლოგიურ მექანიზმს შევეხები.
ტემპერატურის ჰომეოსტაზი არის ის მდგომარეობა, როდესაც ხდება დაბალანსება სითბოს პროდუცირებასა და მის გაცემას შორის, რომელიც თავის ტვინში რეგულირდება.
– რაზეა დამოკიდებული სითბოს გამომუშავება?
– სითბოს გამომუშავება დამოკიდებულია გარემოსა და ორგანიზმის ტემპერატურაზე, რაც გამომუშავდება მეტაბოლიზმის შედეგად.
სითბოს გაცემა ხდება სხვადასხვა მექანიზმების საშუალებით. მაგალითად, როგორიცაა: ოპტიმალური პოზის შერჩევა, სისხლის მიმოქცევის ცვლილება, სისხლძარღვების გაფართოება-შევიწროება, გაგრილება-აორთქლება, კერძოდ სუნთქვის გახშირება. ძაღლებს არ აქვთ საოფლე ჯირკვლები, ამიტომ მათში სითბოს გაცემა ხდება სუნთქვის გახშირებით. გახშირებული სუნთქვის დროს სითხის აორთქლება და გაცემა ხდება ზემო სასუნთქი გზებიდან.
– მართალია, ხშირად გვსმენია სიტყვა მზის დაკვრა, მაგრამ იქნებ უფრო ზუსტად, გვითხრათ, რას ნიშნავს ეს?
– სითბოს დაკვრა არის მძიმე ჰიპერთერმიის მდგომარეობა, როცა ორგანიზმის ტემპერატურა მომატებულია 40,5-43,0 გრადუსამდე, გარემოს მაღალი ტემპერატურის ზემოქმედებით ან სითბოს გაძლიერებული პროდუცირებით.
სითბოს გაცემის შემცირების მიზეზი შეიძლება, იყოს ზემო სასუნთქი გზების გამტარობის შემცირება, ლორწოს დიდი რაოდენობით გამოყოფის გამო ბრახოცეფალებში (ფრანგული ბულდოგი, მოპსი, პეკინესი, ბოქსიორი), ტრაქეის კოლაფსის დროს (ტოი ტერიერი, იორკშირის ტერიერი, ჩიხუა-ხუა, პატარა პუდელი). ცხოველებს, რომლებთაც აქვთ ტრაქეის ან ხორხის სიმსივნე, აღენიშნებათ სითბოს გაცემის საშუალების შემცირება, ჰიპოვოლემია (დაბალი წნევა), გულის ქრონიკული უკმარისობა. სიმსუქნე, ამცირებს სითბოს გაცემას და ახდენს სითბური დარტყმის პროვოცირებას.
სითბური დაკვრა ხშირად ვითარდება იმ შემთხვევაში თუ ცხოველს ჩაკეტილს ტოვებენ გახურებულ ავტომობილში, ან თუ ცხოველები სიცხეში ქუჩაში პირდაპირი მზის სხივის ქვეშ არიან. სითბური დაკვრის პროვოცირებას იშვიათად იწვევს ძლიერი ფიზიკური დატვირთვა, ასეთ შემთხვევას ადგილი აქვს იმ ძაღლებში, რომლებსაც ავარჯიშებენ ცხელ და ნესტიან ამინდში, ან ცხოველებში, რომელთაც შეზღუდული აქვთ სითბოს გაცემის საშუალება.
– რა სიმპტომები აღენიშნება გადახურებულ ცხოველს?
– ცხოველს, რომელიც განიცდის გადახურებას, აღენიშნება შემდეგი ნიშნები: ქოშინი (სუნთქვითი მოძრაობის გახშირება), ტაქიკარდია (გულის ცემის გახშირება), ლორწოვანი გარსის სიწითლე და სიმშრალე.
სითბური დაკვრის განვითარების დროს ხდება ცენტრალური ნერვული სისტემის დათრგუნვა, რაც გამოიხატება სუსტი პულსით, ლორწოვანი გარსის სიფერმკრთალითა და გონების დაკარგვით. სითბური დაკვრის დროს შეიძლება, განვითარდეს ღებინება ან დიარეა, რაც განპირობებულია თავის ტვინში შესაბამისი ცენტრების დაზიანებით. ამას კი მივყავართ კრუნჩხვებამდე. შეიძლება განვითარდეს კომა ან მოკვდეს კიდეც ცხოველი.
განვიხილეთ რა სითბური დაკვრის გამომწვევი მიზეზები, გადავიდეთ მის მკურნალობასა და პროფილაქტიკაზე. სითბური დაკვრის პროფილაქტიკური საშუალებაა მისი გამომწვევი მიზეზებისგან თავის არიდება. როგორც აღვნიშნეთ ცხელ ამინდში, გადატვირთულ მოძრაობაში, თავი უნდა ავარიდოთ ცხოველის მანქანით გადაყვანას. უმჯობესია, დღის ისეთი მონაკვეთი შეარჩიოთ, როცა შედარებით გრილა, მაგალითად დილა ან საღამო.
– ცხოველის ფიზიკურ დატვირთვას რაც შეეხება?
– რასაკვირველია, მზიან, ცხელ ამინდში ცხოველი ფიზიკურ დატვირთვას უნდა მოვარიდოთ. განსაკუთრებით გრძელბეწვიანი ცხოველები. ასევე ისინიც, რომელთაც აწუხებთ გულის უკმარისობა.
– იმ შემთხვევაში რა ხდება, თუ ცხოველი ოთახის პირობებში კი არა, ეზოში ცხოვრობს?
– თუ ცხოველს ვინახავთ, დაუშვათ, ქალაქგარეთ, ეზოს პირობებში, ის აუცილებლად უნდა იყოს ჩრდილქვეშ და მუდმივად ჰქონდეს წყალი. სითბური დარტყმის პროფილაქტიკისთვის შეიძლება, ოთხი ძირითადი პუნქტი გამოვყოთ. სუფთა ჰაერი, წყალი, ჩრდილი და შესაბამისი დატვირთვა. თუ არ გაითვალისწინეთ ეს ოთხი პუნქტი და თქვენს ცხოველს განუვითარდა სითბური დარტყმა, აუცილებელია შემდეგი მკურნალობის პროცედურების ჩატარება. ყველაზე უბრალო, სწრაფი და ეფექტური პროცედურაა წყლის დასხმა, რაც უზრუნველყოფს სითბოს გაცემის გაძლიერებას. ცხოველი ჩრდილში გავიყვანოთ და სუფთა ჰაერის სუნთქვის საშუალება მივცეთ.
ჩემი, როგორც ვეტერინარის რჩევაა, სითბური დარტყმის დროს ცხოველი დაუყოვნებლივ მიიყვანოთ უახლოეს ვეტერინარულ კლინიკაში!