რა მავნებელი შეიძლება, დაესიოს ზაფხულში ნერიუმს და როგორ გადავარჩინოთ დაავადებული მცენარე
თუ გსურთ, ბაღი ან ბინა გაალამაზოთ, „ფლორა ინტერნაციონალის“ მეცნიერი-მუშაკი, ბატონი ამირან ბიწაძე გირჩევთ, გაახაროთ ულამაზესი მცენარე ნერიუმი. როგორც აღმოჩნდა, ის საკმაოდ უპრეტენზიო მცენარეა და დიდ ყურადღებას არ ითხოვს ჩვენგან.
– პრეტენზიული მცენარეა ნერიუმი?
– არც პრეტენზიულია და ამასთანავე, ულამაზესი ბუჩქოვანი მცენარეა ლამაზი ფოთლებითა და ყვავილებით. ამ მცენარის გახარება უმჯობესია ბინაში და არა ეზოში, რადგან ქოთანში ის უფრო ლამაზი და დეკორატიულია.
– რა ზომის იზრდება ეს მცენარე?
– ნერიუმი ეზოს პირობებში საკმაოდ მაღალი იზრდება. თუ ოთახში ზრდით, ერთ მეტრამდე გაიზრდება სიმაღლეში. ეს მცენარე ბინაში თავს მშვენივრად გრძნობს და ყველას ვურჩევ, მის გახარებას, რადგან არც რთული მოსავლელია და ულამაზესიცაა.
– როგორ მოვუაროთ ნერიუმს ახლა?
– ზაფხულში ამ მცენარეს უხვად მორწყვა სჭირდება. მას უყვარს მზე და ასევე, კარგად გრძნობს თავს ნახევრად დაჩრდილულ ადგილას. უკეთესია, მცენარე ახლა ისეთ ადგილას მოათავსოთ, სადაც დილისა და საღამოს მზე მოხვდება. ანუ, ჩრდილოეთ-აღმოსავლეთის მხარეს. ზამთარში შეგიძლიათ, ნერიუმი ჩვეულებრივ ოთახის განათებაზე ამყოფოთ. ის არ არის პრეტენზიული სინათლის კლებისას. ზამთარში მორწყვაც უნდა შეამციროთ და, დაახლოებით, თვეში ერთხელ დაასხათ წყალი.
– როდის იწყებს ნერიუმი ყვავილობას?
– მცენარე ყვავილების გამოღებას იწყებს მაისიდან და ეს ივლისის ბოლომდე გრძელდება. შემდგომ მას უჩნდება სათესლე პარკები, რის საშუალებითაც უკვე შეგიძლიათ, მისი გამრავლება.
– რა ტემპერატურაზე ვამყოფოთ ის ზაფხულში?
– როგორც უკვე გითხარით, ამ დროს მცენარეს სიამოვნებს ნახევრად მოჩრდილული ადგილი. ძალიან მწველ სხივებს უნდა მოარიდოთ. ტემპერატურის მხრივ სირთულეებს არ შეგიქმნით. ზაფხულის ნებისმიერ ტემპერატურას ნერიუმი იოლად ეგუება. რაც შეეხება ზამთარს, ეცადეთ, ამ დროს ნაკლები ტემპერატურა შეუნარჩუნოთ. რაც უფრო ცივა, მით უფრო მალე იძინებს და თავსაც უკეთესად გრძნობს. ნოემბერში მცენარე გარეთ უნდა იყოს თავის ქოთნიანად. ნერიუმი ყინვას გარეთ უნდა შეხვდეს, რომ შეეგუოს. შემდეგ შეგიძლიათ, შინ შეიტანოთ და აპრილამდე სახლში გააჩეროთ.
– იოლია ამ მცენარის გამრავლება?
– მისი გამრავლება ხდება როგორც თესლით, ასევე, კალმითაც. კალამი ორი თვის განმავლობაში ფესვიანდება და ამ დროს უყვარს სიწყნარე. ის უნდა ჩარგოთ ტორფით, სილითა და მიწით ნაზავ ნიადაგში.
– გავრცელებულია თუ არა ნერიუმი საქართველოში?
– მისი შეძენა შეგიძლიათ, ყვავილების მაღაზიებში. იგი მრავლადაა ჩვენს ქვეყანაში და შესაფერისია იმ დიასახლისებისთვის, დიდი დრო რომ არ აქვთ ყვავილების მოსავლელად. მაგრამ, სურთ რომ ბინა ყვავილებით გაალამაზონ.
– რა უარყოფითი თვისება აქვს ამ მცენარეს?
– მისი ერთადერთი ნეგატიური მხარეა ის, რომ შხამიანია. ამიტომ, გირჩევთ, მცენარის გასხვლის დროს, ხელთათმანი გამოიყენოთ.
– ხელის შეხებით თუ შეიძლება, რომ მოვიწამლოთ?
– თუ მცენარის ფოთოლს არ გადატეხავთ და მისი წვენი არ მოგხვდებათ, მოწამვლა გამორიცხულია. ამიტომ, უმჯობესია, ზაფხულში ნერიუმი გარეთ ან აივანზე იყოს.
– ამ მცენარის გასხვლა როდის შეიძლება?
– თუ არ გსურთ, დიდი ზომის გაიზარდოს, შეგიძლიათ, ყოველ გაზაფხულზე გასხლათ. თუ ისე გაიზარდა რომ გასხვლა ვეღარ მოასწარით, მაშინ გარე გრუნტში გადარგეთ.
– რომელ სეზონზე გვირჩევთ მცენარის გადარგვას?
– ეს მცენარე უნდა გადაირგას თებერვალ-მარტში. თუ ამ დროს გადარგავთ, მცენარე უფრო მალე იყვავილებს და უკეთესადაც გაიხარებს.
– მავნებლები თუ ემტერება ნერიუმს?
– ამ მცენარეს საკმაოდ ბევრი მავნებელი ემტერება ზაფხულში. ეს არის კოღო, ქინქლა, ტუბერის მხვრეტია. მცენარე გასხვლით უნდა გადაარჩინოთ. ნერიუმს მავნებელი ღეროს თავებში ეტანება და სასურველია თუ მათ გადასხლავთ. ამის შემდეგ, ის ახალ ყლორტებს ამოიყრის და აღარ გაუჩნდება მავნებელი. რაც უფრო დაიწევს ტემპერატურა, მით მეტად დაიკლებს მავნებელთა რაოდენობა. გაითვალისწინეთ, კიდევ ერთი რამ: არ შეიძლება ლარნაკზე წყლის დატოვება. მავნებელი სწორედ ამ გაფუჭებული წყლიდან ჩნდება. ამიტომ, თუ გსურთ, თქვენს მცენარეს დაავადება აარიდოთ, აუცილებლად დაცალეთ ლარნაკი მორწყვის შემდეგ. ნერიუმს არც ფოთლების დანამვა ესაჭიროება და ზაფხულში დამატებით მოვლასაც არ ითხოვს.