რომელმა იმპერატორმა დადგა რომის, ომის ღვთაების ტაძარში ქართველი მონარქის ქანდაკება
საქართველოს ისტორიაში ძნელად თუ მოიძებნება ისეთი დიდი დიპლომატი, როგორიც ქართლის მეფე ფარსმან მეორე გახლდათ. ეს მონარქი მეორე საუკუნეში მოღვაწეობდა. მის პატივსაცემად, რომის იმპერატორ ანტონინე პიუსის ბრძანებით, რომში, ომის ღვთაების ტაძარში, ცხენზე ამხედრებული ფარსმან მეორის ქანდაკება დაიდგა. ჩვენი რესპონდენტი, ისტორიკოსი გოჩა საითიძე გვიამბობს.
გოჩა საითიძე: ქართლის მეფე ფარსმან ქველი ახალი წელთაღრიცხვით მეორე საუკუნეში მოღვაწეობდა. მას თამამად შეგვიძლია, ვუწოდოთ საქართველოს ისტორიაში ერთ-ერთი გამოჩენილი და გამორჩეული მონარქი, რომლის მეფობის პერიოდშიც ძველმა საქართველომ თავისი ძლიერების უმაღლეს საფეხურს მიაღწია. მეტსაც გეტყვით, საქართველოს ისტორიას თუ გადავხედავთ, დავრწმუნდებით, რომ ფარნავაზის მეფობის შემდეგ, მოყოლებული ვახტანგ გორგასლამდე, ჩვენ ასეთი მეფე არ გვყოლია.
– როგორი იყო ფარსმან მეორის დროინდელი ქართლი?
– თავისი მდებარეობის გამო, საქართველო, ყოველთვის სხვადასხვა დამპყრობლის ინტერესს იწვევდა. ფარსმანის მეფობის ხანაშიც ასე იყო. იმხანად, რომი და პართია ეცილებოდნენ ერთმანეთს ამ რეგიონში გაბატონებისთვის.
მეორე საუკუნეში საქართველოს ტერიტორიაზე ორი პოლიტიკური ერთეული მდებარეობდა: ქართლი და ეგრისი. ქართლი იმხანად, ოფიციალურად რომის ვასალი იყო. ფარსმან მეფემ, ისარგებლა რომის და პართიის დასუსტებით მეორე საუკუნის პირველ ნახევარში და გამოვიდა, როგორც ერთი, ასევე მეორე სახელმწიფოს დაქვემდებარებიდან. მან ქვეყანა აქცია დამოუკიდებელ სახელმწიფოდ, თავისი შიდა ავტონომიითაც და საგარეო პოლიტიკითაც.
– ეს როგორ მოახერხა?
– 128 წელს, როდესაც იმპერატორი ადრიანე მცირე აზიაში სამოგზაუროდ ჩამოვიდა, მან დაიბარა თავისი ვასალი ქვეყნების მმართველები. წესით და რიგით, მასთან არხლება, ავტომატურად, აჯანყებას ნიშნავდა. ფარსმან ქველი არ ეახლა.
– რა მოჰყვა ფარსმან მეორის ასეთ საქციელს?
– ნიშნად მოწყალებისა, იმპერატორმა ადრიანემ, მას გამოუგზავნა სპილო, რომელსაც 50-კაციანი რაზმი გამოაყოლა. მაშინ უდიდესი პატივი იყო საბრძოლო სპილოს გამოგზავნა. ეს იმპერატორისგან ვასალისადმი გამოხატული წყალობის ნიშანი გახლდათ. ამის საპასუხოდ, ფარსმანი აუცილებლად უნდა გამოცხადებულიყო იმპერატორთან. ეს ქართლის მეფემაც კარგად უწყოდა, თუმცა, ფარსმან ქველი კი არ გამოცხადდა იმპერატორთან, არამედ როგორც თანასწორმა თანასწორს, მანაც გაუგზავნა რომის იმპერატორს ძალიან ლამაზი ოქრომკედით მოქარგული, საგანგებოდ შეკერილი მოსასხამები.
– ანუ, საჩუქარს საჩუქრითვე უპასუხა?
– რაც, ფაქტობრივად, აჯანყებას ნიშნავდა, მაგრამ ფარსმან ქველმა სწორად გათვალა ყველაფერი. როგორც ძლიერმა და ნიჭიერმა დიპლომატმა იცოდა, რომ რომს იმ დროისთვის ძალა არ შესწევდა, ამ საქციელისთვის დაესაჯა ის. თუმცა, უდავოა, რომ ფარსმანის საჩუქარმა გააცოფა და გააბოროტა იმპერატორი, რაც იქიდანაც ჩანს, რომ მან ქართლის მეფის ძვირფასი საჩუქრით 300 გლადიატორი შემოსა, გამოუშვა არენაზე და ერთმანეთი დაახოცვინა. ამით მან შეურაცხყოფა მიაყენა ფარსმან ქველის საჩუქრებს, მაგრამ მეტი ვერაფერი შეძლო. შერჩა ეს საქციელი ქართლის მეფეს. ის კი არა, გაბრაზდა კიდეც, იმპერატორის საქციელზე და ამის გამო შურიც იძია.
– როგორ?
– მოგეხსენებათ, ქართველი მეფეები კავკასიონის კარს ძალიან კარგად იყენებდნენ. მაშინ ხომ არ იყო როკის გვირაბი. არსებობდა მხოლოდ ერთიანი კავკასიონი. ერთადერთი ვიწრო ზოლი გამოდიოდა და დარიალის ხეობაში ვინც ამ გზას ჩაკეტავდა, კავკასიასაც ის აკონტროლებდა. მაშინ ეს სადავეები ფარსმან ქველს ეპყრა, რომელმაც საზღვრის მეორე მხრიდან ალან-ოსები გამოატარა და პართიისა და რომის პროვინციებს შეუსია. ამგვარად იძია შური ფარსმან ქველმა რომის საქციელზე. ააოხრებინა მათი სოფლები და მერე ისევ გაატარა მებრძოლები ჩრდილო კავკასიაში. ეს ამბავი 135 წელს მოხდა.
რომი ვერ ახერხებს ფარსმანის დამორჩილებას, რომელიც თავის მხრივ, არც პართიელებს ემორჩილება. ქართლის მეფე, ორივე დამპყრობელს პარალელურად ებრძოდა. დასავლეთ საქართველო იმხანად რომის საკუთრებაა. ფარსმან მეფემ მოახერხა დაეპყრო ეგრისის დიდი ნაწილი და გასულიყო შავ ზღვამდე, რასაც რომი კატეგორიულად არ აღიარებდა ადრიანეს მმართველობის პერიოდში. ადრიანე წინააღმდეგი იყო ეცნო ქართლის ასეთი გაფართოებული საზღვრები. 138 წელს იგი გარდაიცვალა და ტახტზე ავიდა მისი ვაჟი ანტონინე პიუსი, რომელიც მამამისზე გაცილებით ჭკვიანი პოლიტიკოსი აღმოჩნდა. როდესაც დაინახა, რომ ძალით ვერ ახერხებდა ფარსმანის დამორჩილებას, პოლიტიკა შეცვალა.
– რა ხერხს მიმართა ანტონინე პიუსმა?
– ანტონინე პიუსი მიხვდა, რომ ჯობია დათმობაზე წასულიყო ფარსმან მეორესთან – დაუყვაოს და უფრო მეტი მოიგოს პოლიტიკურად, ვიდრე ბრძოლით. მან ქართლთან ურთიერთობაში ტაქტიკა შეცვალა. ანტონინე პიუსმა თხოვნით მიმართა ფარსმან ქველს და ოჯახთან და მხლებლებთან ერთად მიიწვია რომში. ფარსმანი ამ მიწვევას გამოეხმაურა. ის მართლაც ჩავიდა რომში.
– როგორ ჩაიარა ქართლის მეფის ამ ვიზიტმა რომში?
– ეს არის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ვიზიტი ჩვენი მონარქისა – ქართველი მეფის მიღებისა, იმხელა იმპერიის მიერ, როგორიც რომი იყო. ფარსმან ქველს ძალიან დიდი პატივით იღებენ, რაც იმით გამოიხატა, რომ ანტონინე პიუსმა ცნო და აღიარა ქართლის გაფართოებული საზღვრები. იქ, სადაც რომი დაარსდა, კაპიტოლიუმში, რომაელთა ყველაზე წმიდა ადგილას, ანტონინე პიუსმა ქართლის მეფეს, მსხვერპლი შეაწირვინა. ამგვარი პატივი რომს არც ერთი სხვა მონარქისთვის არ მიუნიჭებია.
– კიდევ რა მოხდა ამ ვიზიტისას?
– რომის ერთ მთავარ, მარსის, ანუ ომის ღვთაების სახელობის ტაძარში, ანტონინე პიუსის ბრძანებით, ფარსმან ქველის ცხენზე ამხედრებული ქანდაკება დადგეს. ეს იმპერატორებისადმი გატოლებული პატივი იყო.
კიდევ ერთი, რომის ამფითეატრში, იმპერატორის მიწვევით, ფარსმან ქველმა, მისმა ვაჟებმა და მხლებლებმა სამხედრო ვარჯიშები ჩაატარეს. რომაელები, რომელნიც განთქმულნი იყვნენ თავისი ბრძოლით, წყობით, შეიარაღებითა და ასე შემდეგ, ქართველების სამხედრო ვარჯიშებს გატაცებით უყურებდნენ, თავის იმპერატორთან ერთად. თამამად შეიძლება ვთქვათ, რომ ის, რაც მოხდა რომში, იყო ქართული სახელმწიფოებრიობისა და ქართული დიპლომატიის ტრიუმფი. თუმცა, ეს ვიზიტი თვითონ რომისთვისაც ძალიან მნიშვნელოვანი იყო.
– რა გვაძლევს ამ დასკვნის გაკეთების საფუძველს?
– მოგახსენებთ. ტრადიციულად რომში ყოველი წლის ბოლოს, წინა წლის მნიშვნელოვან ამბებს, ამოკვეთდნენ ხოლმე დიდ ქვაზე, სტელაზე. ამას ეწოდებოდა ფასტები. ამ ფასტებს მნიშვნელოვანი ქალაქების მთავარ მოედნებზე დგამდნენ. ბუნებრივია, დრომ დაფარა ისინი, მაგრამ თანდათანობით, თანამედროვე ეპოქაში ბევრმა არქეოლოგმა აღმოაჩინა ასეთი ფასტები. იმ წლის მნიშვნელოვან მოვლენათა ჩამონათვალში, რომელ წელსაც ფარსმანი ესტუმრა რომის იმპერიას, ქალაქ ოსტიაში აღმოჩენილ ფასტზე, წლის ნომერ პირველ მნიშვნელოვან მოვლენად ამოტვიფრულია ქართლის მეფე „ფარსმანის“ ვიზიტი რომში.
– რატომ უწოდეს ფარსმან მეორეს ქველი?
– ყველაზე ზუსტი საზომი მონარქის მოღვაწეობის აღწერისა, არის ხალხი. ის თავად არქმევს სახელს მეფეებს: აღმაშენებელი, ბრწყინვალე, დიდი, ქველი... „ქველი“ მოგეხსენებათ არის ვაჟკაცობის, გმირობისა და შემართების სინონიმი. ისტორიკოსებს ფარსმან ქველი აღწერილი ჰყავთ, როგორც ბუმბერაზი აღნაგობის, საოცრად დიდი ფიზიკური ძალის პატრონი და ამავდროულად, გამჭრიახი პოლიტიკოსი. ლეონტი მროველი წერს, რომ ის 4 ათეული წლის განმავლობაში მეფობდა ქართლში. რის შემდეგაც იგი მოწამლეს.
– როგორ მოხდა ეს?
– სპარსელებმა, ანუ პართიელებმა, მოისყიდეს ფარსმან ქველის პირადი მზარეული და მოწამლეს ის. ამ გზით გამოასალმეს სიცოცხლეს უდიდესი მეფე ქართლისა. ფარსმან ქველის სიკვდილის შემდეგაც ძალიან დიდი ხნის განმავლობაში ქართლის სახელმწიფო ანგარიშგასაწევ ძალად ითვლებოდა იმდროინდელ მახლობელ აღმოსავლეთში.