კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ დაიმკვიდრა ფრანგულ კაფეში შესულმა ორმა უცნობმა ქალბატონმა ადგილი მოდილიანისა და ლადო გუდიაშვილის ბიოგრაფიაში


ლადო გუდიაშვილმა საკმაოდ დიდხანს იცოცხლა და დიდ აღიარებასაც მიაღწია. ის ერთ პერიოდში მოღვაწეობდა პიკასოსთან, ფუჯიტასთან, მოდილიანისთან და მეგობრობდა მათთან... როგორ ცდილობდნენ ბატონი ლადო და მისი თაობის ქართველი მხატვრები „ქართულობის“ შენარჩუნებას, როგორ მოხატა ლადო გუდიაშვილმა ქაშუეთის ტაძარი და რატომ გარიცხეს იგი მხატვართა კავშირიდან – ამ და სხვა საინტერესო დეტალებზე ლადო გუდიაშვილის ცხოვრებიდან, გვესაუბრება ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი, პროფესორი ირინე აბესაძე.


ირინე აბესაძე: ძალიან კარგი მოგონებების წიგნი დაგვიტოვა ლადო გუდიაშვილმა, რომელშიც ბევრი საინტერესო მომენტია შეტანილი მისი ბიოგრაფიიდან. მე ბედნიერება მხვდა წილად და ბატონ ლადოსთან მქონდა დიალოგი სტატიის სახით, რის გამოც მთელი ორი კვირის განმავლობაში, თითქმის ყოველ მეორე დღეს, მისი სტუმარი ვიყავი. ამან მომცა საშუალება, ბევრი ისეთი რამ გამეგო ბატონი ლადოსგან, რაც, შესაძლოა, მის მოგონებებშიც არ მოხვდა.

– გვიამბეთ რომელიმე მათგანი?

– არის ერთი საინტერესო ამბავი, რომელიც უკავშირდება ცნობილ სომეხ მხატვარს, ალექსანდრე ბაჟბელუქ-მელიქოვს. ის თბილისში მოღვაწეობდა და ძალიან კარგი ფერმწერი იყო. ბატონ ალექსანდრეს დაფასება ნამდვილად არ აკლდა იმდროინდელ, ანუ მეოცე საუკუნის ოციანი წლების თბილისში, მაგრამ, მაინც სულ დაჩაგრულად გრძნობდა თავს. მე რომ ახლა სამშობლოში, სომხეთში ვიყო, იქ მეტად დამაფასებდნენო, – ჩიოდა. მოკლედ, ერთი ამბავი იყო ამასთან დაკავშირებით და სულ იმუქრებოდა, უნდა წავიდე საქართველოდან, სომხეთში ყველას ვჭირდები და იქ უფრო მეტად მცემენ პატივსო. როგორც იქნა, გადაწყვეტილება მიიღო. ლადო და ალექსანდრე ახლო მეგობრები იყვნენ და ხშირი ურთიერთობა ჰქონდათ. მართლაც, ყველამ გააცილა ალექსანდრე ბაჟბელუქ-მელიქოვი. სადგურიდან სახლში დაბრუნებულ ლადო გუდიაშვილს დაახლოებით საათ-ნახევრის შემდეგ კარზე ნაცნობი კაკუნი მომესმა. გამიკვირდაო, – იხსენებდა, – ეს ზუსტად ისეთი კაკუნი იყო, როგორიც ბაჟბელუქ-მელიქოვმა იცოდაო. ბატონ ლადოს კარი გაუღია და რას ხედავს: კართან, მართლაც, ალექსანდრე ბაჟბელუქ-მელიქოვი იდგა. როგორ, ხომ წახვედი შენს ერევანშიო, – უკითხავს ბატონ ლადოს. რას ამბობ, როგორც კი მატარებელში ჩავჯექი, ვაგონი მოვათვალიერე და ხალხს შევხედე, ისეთი პირქუში გამოხედვა ჰქონდათ, ერთი ღიმილი არავის სახეზე არ დამინახავს და, მივხვდი, სადაც მივდიოდი, იქ ჩემი ადგილი არ იყოო, – უპასუხია სომეხ მხატვარს. თბილისში ყველა იღიმება, აქ სულ სხვა ურთიერთობებია. მე ამ ურთიერთობებს ვარ შეჩვეული და ამის გარეშე ნამდვილად გამიჭირდებოდაო. იმ დღის შემდეგ საერთოდ აღარ დაუწუწუნია ალექსანდრე ბაჟბელუქ-მელიქოვს და აღარც ჰქონია მცდელობა, რომ სამშობლოში დაბრუნებულიყო. ის სიცოცხლის ბოლომდე ცხოვრობდა და მოღვაწეობდა თბილისში.

– როგორც ცნობილია, ლადო გუდიაშვილს ურთიერთობები მსოფლიოში ცნობილ მხატვრებთან, მათ შორის მოდილიანისთანაც ჰქონდა.

– ლადო გუდიაშვილი კულტურის ეპიცენტრში მოხვდა პარიზში ჩასვლით. მთელი მსოფლიოს მხატვრები პარიზში იყრიდნენ თავს, რადგან პარიზი ითვლებოდა მხატვრობის მექად, იმ პერიოდში – განსაკუთრებით. ერთი სიტყვით, ოციანი წლების პარიზში მოღვაწეობდნენ მოდილიანი, პიკასო, იაპონელი ფუჯიტა, რომელთანაც მერე მეგობრობა გააგრძელა ლადო გუდიაშვილმა და სხვა მრავალი მხატვარი. როგორც გახსოვთ, ორჯერ გადაიღეს მოდილიანზე ფილმი. ერთ-ერთში, რომელშიც ჟერარ ფილიპი თამაშობდა, კარგად არის ნაჩვენები ის მომენტი, როდესაც მოდილიანი, უკვე დასნეულებული, მძიმე ეკონომიკური მდგომარეობის გამო, კაფეში ხატავს ადამიანებს, რომ პურის ფული იშოვოს. ბატონი ლადო იგონებს: მე და მოდილიანი ვისხედით კაფეში, სადაც ორი ქალბატონი შემოვიდაო.

– ანუ, ლადო გუდიაშვილიც ხატავდა ამ პერიოდში, იმავე კაფეში, სადაც მოდილიანი?

– დიახ, მაგალითად, კაფე „როტონდას“ ჩანახატი გუდიაშვილს აქვს გაკეთებული. ეს სწორედ ის პერიოდია, როდესაც მოდილიანი და ლადო გუდიაშვილი ერთად ხატავდნენ კაფეში. ამ დროისთვის აქვს მას შექმნილი ჩანახატი – „ჩარლი ჩაპლინი იმპრესარიოსთან ერთად“.

რაც შეეხება კაფეში შემოსულ იმ ორ ქალბატონს, რომლებზეც ზემოთ ვსაუბრობდით. მოდილიანიმ დახატა ისინი, მაგრამ ამ ქალბატონებს მისი ნამუშევარი არ მოეწონათ და შესაბამისად, – ფულიც არ გადაუხადეს. მოგეხსენებათ, მოდილიანს თავისი სტილი ჰქონდა – ეს იყო სრულიად გამორჩეული, წაგრძელებული კისრისა და სახის მოყვანილობა, რომლითაც გაითქვა კიდეც მხატვარმა სახელი, მაგრამ, როგორც ჩანს, იმ ქალბატონებს უნდოდათ, ფოტოგრაფიული სიზუსტით ასახულიყო მათი გარეგნობა და, ეს რომ არ მიიღეს, ფულიც არ გადაუხადეს მხატვარს. ძალიან შეწუხებულა მოდილიანი – ეს ხომ მისი ფიზიკურად გადარჩენისთვის განსაზღვრული თანხა იყო. ლადო გუდიაშვილს მისი დაწყნარება უცდია, – როგორ ვერ დააფასეს ასეთი შესანიშნავი ნამუშევრებიო. მოდილიანის უპასუხია, რადგან ვერ დააფასეს, ამ ნამუშევრებს შენ გჩუქნიო. მართლაც, ეს ორი ნამუშევარი ბატონ ლადოსთან თბილისში მის სახლში ეკიდა და დღესაც იქ არის.

– როგორ და სად იზრდებოდა ბატონი ლადო გუდიაშვილი?

– საერთოდ, გუდიაშვილები მთიულები არიან. ისინი უკვე რამდენიმე თაობის ჩამოსულები იყვნენ თბილისში, როდესაც ლადო დაიბადა.

ლადო გუდიაშვილი მეოცე საუკუნის ათიანი წლების თაობას განეკუთვნება. ბატონი ლადო, დავით კაკაბაძე, შალვა ქიქოძე, ელენე ახვლედიანი, ქეთევან მაღალაშვილი... – ეს აბსოლუტურად გამორჩეული თაობაა, ის თაობა, რომელიც ყველანაირად ცდილობდა, ეროვნულ და მხატვრულ „ქართულობას” – ასე ამბობდნენ ისინი, ანუ, დაჰფუძნებოდნენ იმ მხატვრობას, რომელიც მოდიოდა ჩვენი შუა საუკუნეების კედლის მხატვრობიდან, ფრესკებიდან და, რაც მთავარია – ფიროსმანს, რომელიც სწორედ, ამ დროს, კერძოდ, 1913 წელს „აღმოჩნდა“. მისი, ასე ვთვქათ, აღმომჩენები იყვნენ კირილე და ილია ზდანევიჩები, მიშელ ლე-დანტიუსთან ერთად. ზდანევიჩების დედა გამყრელიძის ქალი იყო, მამით კი, პოლონელები იყვნენ, მაგრამ, უკვე ასიმილირებულ ქართველებად გვევლინებოდნენ. ეწყინებოდათ კიდეც, მათ ქართველობაში ვინმეს ეჭვი რომ შეჰპარვოდა. მიშელ ლე-დანტიუ კი, რუსეთში მცხოვრები ფრანგი გახლდათ, რომელიც საზაფხულო არდადეგებზე ჩამოვიდა საქართველოში. ამ ადამიანებმა იპოვეს ფიროსმანის ნამუშევრები, რომლებმაც იმდენად იმოქმედა მათზე, რომ ამბობდნენ: ეს არის ჯოტო, ეს არაჩვეულებრივი მხატვრობაა, იტალიური რენესანსის მსგავსიო. აქედან დაიწყო ფიროსმანის საზოგადოებისთვის გაცნობა. ლადო გუდიაშვილიც, დავით კაკაბაძეც, მიხეილ ჭიაურელიც (რომელიც მოქანდაკეც იყო, იმის გარდა, რომ კარგი კინორეჟისორი გახლდათ) და კიდევ სხვებიც, აღფრთოვანებულები იყვნენ ფენომენით, რომელსაც ფიროსმანი ეწოდება.

– მიუხედავად იმისა, რომ ფიროსმანი თითქმის მათი თანამედროვე იყო?

– მათ თვალში ფიროსმანი იყო ის სიმაღლე, რომელიც ყველაზე ახლოს იყო ეროვნულ სულთან. გიგო გაბაშვილი, მოსე თოიძე – საკმაოდ ცნობილი მხატვრები, იმ პერიოდისთვის – უფრო რუსულ მხატვრობას მისდევდნენ, აკადემიურ ევროპულ მხატვრობას, ანუ, ქართული მათში, უფროს თაობაში, ეგრეთ წოდებულ „მამებში“, ვერ დაინახა ლადო გუდიაშვილის თაობამ; სწორედ ის ვერ დაინახეს, რაც ძალიან უნდოდათ და, ამიტომ იყო ასეთი დამოკიდებულება ამ შემთხვევაში ფიროსმანისადმი.

ლადო გუდიაშვილმა ეს ყველაფერი თავისებურად გადაამუშავა და, როდესაც 1920 წელს ის პარიზში ჩავიდა, უკვე იქაური პუბლიკა გააოცა თავისი ქართულობით, ეროვნულობით და, აქედან გამომდინარე – განსხვავებულობით. გუდიაშვილი არ ჰგავს სხვას არავის და ეს განსხვავებულობა არის ის, რაც მან მოიტანა მათთვის იმ პატარა ქვეყნიდან, საქართველოდან, რომელსაც არავინ იცნობდა.

– ამის შემდეგ, როგორც ცნობილია, გუდიაშვილზე წერს მორის რეინალი.

– მორის რეინალი სახელიანი ადამიანი იყო, კრიტიკოსი გახლდათ, რომელსაც უკვე დაწერილი ჰქონდა პიკასოზე და, საერთოდ, ბევრი მონოგრაფია ჰქონდა შექმნილი. ამჯერად კი, წერს მონოგრაფიას ფრანგულ ენაზე სრულიად უცნობ მხატვარზე, სრულიად ახალგაზრდაზე, რომელზეც ჯერ თბილისშიც კი არ ჰქონდათ არაფერი დაწერილი.

– კიდევ ვინ დაინტერესდა პარიზში ლადო გუდიაშვილის შემოქმედებით?

– გუდიაშვილის შემოქმედებით დაინტერესდა ცნობილი პოეტი ანდრე სალმონი – სწორად ის წერს მის შესახებ წინასიტყვაობას კატალოგისთვის. ამის გარდა, ცნობილი ესპანელი მხატვარი იყო იგნასიო ზულუაგა, ამ უკანასკნელმა, როდესაც ნახა გამოფენა ლა ლიკორნის გალერეაში, პარიზში, სადაც ლადოს, დავით კაკაბაძისა და შალვა ქიქოძის ნამუშევრებიც იყო გამოფენილი, იგნასიო ზულუაგამ შეიძინა ლადო გუდიაშვილის ერთი ნამუშევარი. როგორც ჩანს, ზულუაგამ ამის შემდეგ სახელოსნოში მიაკითხა და კიდევ შეიძინა გუდიაშვილის რამდენიმე ნამუშევარი. ბატონ ლადოს გამოქვეყნებული აქვს წიგნი, რომელსაც ეწოდება „ზულუაგას ქუდი”, სადაც არის საუბარი იმის, შესახებ, როგორ გადაარჩია და შეიძინა ზულუაგამ ლადოს ნახატები, რის შემდეგაც ქუდი დარჩენია სახელოსნოში, რაც გუდიაშვილისთვის, ქართველი მხატვრისთვის მნიშვნელოვანი იყო.

– რა არის ცნობილი ლადო გუდიაშვილის პირადი ცხოვრებიდან?

– გარეგნობით ლადო გუდიაშვილი მომხიბვლელი მამაკაცი ყოფილა. ის თბილისში ჩამოვიდა ფრანგი მეუღლით, რომელიც კერამიკოსი იყო. თუმცა, დიდხანს ვერ გაძლო იმ ქალმა, დატოვა საქართველო და წავიდა. როგორც ლადო გუდიაშვილის მეორე მეუღლე, ქალბატონი ნინო მგელაძე მიყვებოდა, ლადო საოცარი, ძალიან არტისტული გარეგნობის, ლამაზი მამაკაცი ყოფილა. დადიოდა რომაული სანდლებით და მოხვეული შარფით, თმა ტალღოვანი ჰქონდა. ნინო იყო არაჩვეულებრივი მეუღლე ბატონი ლადოსთვის. იგი ძალიან ნიჭიერი ქალბატონი გახლდათ, პროფესიით ხელოვნებათმცოდნე. გაჭირვების პერიოდში ლადო გუდიაშვილი ფორმალისტად მონათლეს და მხატვართა კავშირიდანაც გააძევეს.

– რა იყო ამის მიზეზი?

– თქვენ იცით, რომ ლადო გუდიაშვილმა ქაშუეთის ტაძარი მოხატა. ამის გარდა, სოციალისტური რეალიზმის პრინციპებში რომ არ ჯდებოდა, ამიტომ, ფორმალისტად მონათლეს, სიცოცხლე მოუწამლეს. ქალბატონი ნინო მას გვერდში ამოუდგა და მასთან ერთად ხატავდა, ქმნიდა, რომ ფიზიკურად გადაერჩინა ოჯახი.

– ცნობილია, რომ არსებობს ლადო გუდიაშვილის სახელობის ვარსკვლავიც.

– დიახ. გერმანელმა ასტროლოგმა ცის კაბადონზე აღმოჩენილ მნათობს ლადო გუდიაშვილის სახელი დაარქვა და ეს ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტია.


скачать dle 11.3