კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რა ჩაიდინა მეფის რუსეთის მიერ უფლებებით აღჭურვილმა დიმიტრი ორბელიანმა ისეთი, რისი „პატივიც” მხოლოდ შაჰ-აბასსა და თემურ ლენგს ჰქონდათ მანამდე



ისე, როგორც საქართველოს ისტორიის ყველა მძიმე მომენტებში, 1812 წლის სახალხო აჯანყებაშიც გამოჩნდა ქართველი ხალხის როგორც დადებითი და გმირული თვისებები, ასევე, ანტიგმირობის მაგალითებიც, სამწუხაროდ. ჩვენი რესპონდენტი ისტორიკოსი, პროფესორი ვაჟა კიკნაძე ამ აჯანყების მიზეზებზე, შედეგებზე, გმირობასა და ანტიგმირობაზე გვესაუბრება.


ვაჟა კიკნაძე: უნდა ითქვას, რომ ეს აჯანყება იყო ერთ-ერთი ყველაზე მძლავრი საერთო-სახალხო მოძრაობა მთელი მეცხრამეტე საუკუნის განმავლობაში. მასში ისეთი ძალები იყვნენ ჩართულნი, რომ მეფის რუსეთის ხელისუფლება აშკარად შედრკა და ყველა ღონეს მიმართა (გამყიდველების მოსყიდვას), რომ როგორმე გაეტეხა ქართველთა სული.

– მიაღწიეს მიზანს?

– თუ არა ქართველების შეუთანხმებლობა და გამყიდველები, რომელთა რიგებშიც აღმოჩნდნენ როგორც თავადები, გენერლები, ასევე ერთი არქტიმანდრიტიც, განსაკუთრებით უარყოფითი როლი რომ შეასრულა ამ აჯანყების დროს, ალბათ, მეფის რუსეთის მთავრობა ვერაფერს გახდებოდა.

– რა იყო ამ აჯანყების გამომწვევი მიზეზი?

– შეიძლება ითქვას, რომ აჯანყება სპონტანურად დაიწყო თიანეთში, სადაც ქალი გააუპატიურეს რუსმა სალდათებმა. ჯარი იქ ეგზეკუციისთვის იდგა. საქმე ისაა, რომ ამ დროისთვის რუსული ჯარი მცირე ნაწილებად ქართულ სოფლებში იყო ჩაყენებული, რომ მოსახლეობიდან ამოეღოთ სურსათი, განსაკუთრებით კი პური. რუსი სალდათისგან გაუპატიურებული თიანელი ქალი გახდა ამ აჯანყების ნაპერწკალი. შემდეგ, უკვე უფრო ორგანიზებული გამოსვლები დაიწყო ახმეტაში 1812 წლის 31 იანვრიდან. აქაც, მთავარი მიზეზი ამ გამოსვლებისა მოსახლეობისადმი რუსი ჯარისკაცების ზღვარგადასული შეურაცხყოფა და ცინიკური დამოკიდებულება გახლდათ. იმ დროისთვის, აღმოსავლეთში, ირანთან ომში იყო რუსეთი ჩართული და სწორედ იქ მებრძოლი რუსული ჯარებისთვის ართმევდა იძულების წესით მოსახლეობას პურს, ძალიან დაბალ ფასებში. იმ დონეზე მივიდა საქმე, რომ ოჯახში პურს თავის გასატანად აღარ უტოვებდნენ ქართველებს. ქართულ სამართალს მიჩვეულ მოსახლეობაში აჯანყება გამოიწვია. განსაკუთრებით სერიოზული სახე ამ აჯანყებამ ახმეტაში მიიღო, რასაც ხელს ის ფაქტიც უწყობდა, რომ მთავარმართებელი – მარკიზი ფილიპ პაულუჩი თბილისში არ იმყოფებოდა. ის ფრონტის ხაზზე იყო წასული. ამის გამო ძალიან არაორგანიზებულად მოქმედებდა დაბნეული რუსის ჯარი.

პირველ ეტაპზე აჯანყება აჯანყებულთა აშკარა უპირატესობით მიმდინარეობდა. მაგალითად, უკვე თებერვლის დასაწყისში ბებურიშვილმა და მაყაშვილმა კახეთში ლაშქარი შეკრიბეს და თელავი აიღეს.

– თელავის აღების შემდეგ რა მოხდა?

– თელავის შემდეგ აჯანყებულებმა სიღნაღიც აიღეს. შეშინებული რუსული ჯარის ნაწილები და მათი მეთაურები ეკლესიაში შეკეტილან.

– რა ბედი ეწიათ მათ?

– მოსახლეობამ მოახერხა მათი იქიდან გამოდევნა და ძალიან ცინიკურადაც გაუსწორდნენ. როგორც ცნობილი მწერალი, ქართველთა სიძე, გრიბოედოვი აღშფოთებული ყვება – რუსი ჯარისკაცები გამოიყვანეს ციხიდან, გააშიშვლეს, აქეთ-იქით არბენინეს და მერე, როგორც ნადირს ისე ხოცავდნენო. ალბათ, ეს ყველაფერი შედეგი და პასუხი იყო იმ ქმედებებზე, რაც მათ დათესეს კახეთში. თორემ, აჯანყებულთა სხვა მოქმედებებში ჩანს, რომ ისინი, ბევრად უფრო შემწყნარებლები იყვნენ, ვიდრე რუსული ხელისუფლება და მათი დამქაში ქართველი გენერლები. არის ცნობები, რომ ერთ შემთხვევაში აჯანყებულებმა 300 ტყვე გაათავისუფლეს. ისინი ერიდებოდნენ ზედმეტ კაცისკვლას. ამის შემდეგ, უკვე ფშაველები, მთიულები და ხევსურები შეუერთდნენ აჯანყებულებს. ფასანაური და დუშეთი აიღეს, რითაც საშინელი საფრთხე შეუქმნეს რუსულ ხელისუფლებას. მთავარი სამხედრო გზა გადაკეტეს, თუმცა რუსებმა სწრაფად შეძლეს ამ გზის გახსნა, რადგან იქიდან დამხმარე ჯარს ელოდნენ. სწორედ აქ გამოიჩინა თავი ერთ-ერთმა ანტიგმირმა კონსტანტინე მუხრანბატონმა. მან ისეთი დაუნდობლობა გამოავლინა აჯანყებულების მიმართ, რომ რუსებსაც კი გადააჭარბა.

– ამ დროისთვის პაულუჩი უკვე თბილისშია?

– შეშფოთებული პაულუჩი ფრონტის ხაზიდან თბილისში დაბრუნდა და აქ დახვდა სრული არეულობა და ქაოსი.

აჯანყების ერთ-ერთი მეთაური, ოთარ ქობულიშვილი წინადადებით მიმართავს აჯანყებულებს, მეთაურად სამეფო ოჯახის წარმომადგენელი, მოვიწვიოთ, რაც ძალასაც შეგვმატებს და ერთიანობასაცო. მართლაც, ერეკლეს შვილიშვილი, გრიგოლ იოანეს ძე ბაგრატიონი მოიწვიეს ქართლიდან კახეთში და მეფედაც გამოაცხადეს.

ამის შემდეგ, ერთი უსიამოვნო ფაქტი მოხდა აჯანყებულებისთვის.

– რას გულისხმობთ?

– აჯანყებულებმა, ქართლის მისამხრობად რამდენჯერმე გაგზავნეს ავჭალაში კაცი, – აგვყევით და ერთად უფრო ძლიერები ვიქნებითო. ქართლის თავადები და მოსახლეობა არ ჩაება აჯანყებაში. ამის შემდეგ, კახელები და მთიულები მარტო დარჩნენ რუსული ჯარის წინააღმდეგ.

პაულუჩი პირველად ხაშმისკენ გაემართა, სადაც აჯანყებულთა ერთ-ერთი ძლიერი კერა იყო და 1 500 კაცი წაიყვანა ზარბაზნებით, ამ ერთი პატარა სოფლის წინააღმდეგ. როგორც კი რუსეთის ჯარის სიმრავლე დაინახეს, ქართველთა შორის გამყიდველებიც მყისვე გამოჩნდნენ. ერთ-ერთი ასეთი გახლდათ ელეფთერ ზუკაკიშვილი. ის არქიმანდრიტი იყო. ალექსანდრე ფრონელმა (ყიფშიძემ), რომელმაც ამ აჯანყებას პირველად მიუძღვნა მონოგრაფია, შესანიშნავად შეიცნო ამ ადამიანის ბუნება, რომ ეს პირი დაბადებული გახლდათ გამყიდველობისთვის.

– მაინც რას სჩადიოდა ასეთს ელეფთერ ზუკაკიშვილი?

– ის თურმე, როგორც სამღვდელო პირი, მიდიოდა გლეხებთან აჯანყებულთა ბანაკებში. იქ კი სიხარულით იღებდნენ, როგორც ქართველს და როგორც სასულიერო პირს. ის ათვალიერებდა, ყველაფერს და გამოკითხავდა, რამდენი ჯარი ჰყავდათ, მიიღებდა გულწრფელ პასუხს, მერე კი მიდიოდა და ყველა ცნობას პაულუჩის პირადად მოახსენებდა ხოლმე.

– რაც შეეხება აჯანყებულთა მიერ მეფედ აღიარებულ გრიგოლ ბატონიშვილს, ის სადაა ამ დროს?

– ის ცდილობდა, ძალები მოეზიდა, ბორჩალოში და ლეკებში გააგზავნა წერილები, დაგვეხმარეთო. 1812 წლის მეორე ნახევარში ჩამოვიდნენ კიდეც ლეკები, მაგრამ მალევე გაბრუნდნენ. ასე რომ, ფაქტობრივად, აჯანყებულები მარტო დარჩნენ.

ხაშმში პაულუჩიმ საზარელი საქმეები ჩაიდინა. თუ დავით ბატონიშვილს ვენდობით, რომელიც რუსების სისასტიკითა და ქართველების გამყიდველობით აღშფოთებულია და ზოგჯერ აზვიადებს კიდეც ფაქტებს, ასეთ რამეს ამბობს: ხაშმში ჩვილებიც არ დაინდო პაულუჩიმ და ისინიც ამოწყვიტაო. გარდა ამისა, ბატონიშვილი მოგვითხრობს, რომ 80 წლის მონაზონი – აბაშიძე მარიამიც მოუკლავთ. ამ დონეზე იყო რუსების მხრიდან სისასტიკე. რუსულ ხელისუფლებას ვერ წარმოედგინა, როგორ გაბედეს ქართველებმა და ხმა აიმაღლეს უსამართლობის წინააღმდეგ. ამის შემდეგ, პაულუჩი სიღნაღისკენ გაემართა და როცა ქართველებმა დაინახეს, რომ გზად ის ყველაფერს ანადგურებდა, ბევრმა შენდობა ითხოვა, თავადების ნაწილი შედრკა და რუსების მხარეს გადავიდა. ამ დროს გლეხებს სიმონ და სოლომონ ანდრონიკაშვილებისთვის ღალატის გამო სახლი დაუწვავთ.

ერთ-ერთი გადამწყვეტი ბრძოლა სოფელ ჩუმლაყთან მოხდა. ეს იყო მარტში. 4 000 მეამბოხე ებრძოდა რუსებს, მაგრამ, რა თქმა უნდა, ისინი ცუდად შეიარაღებულნი და არაორგანიზებულნი იყვნენ. ამ ბრძოლაში დაიღუპა ვახტანგ ორბელიანი, რომლის შვილი, მწერალი და პატრიოტი ალექსანდრე ბოლომდე ვერ პატიობდა მამას, რუსების მომხრეობას. ამიტომ, მამის სიკვდილი ალექსანდრე ორბელიანმა რუსთა ზარალში ჩაწერა და არა ქართველთა. სხვათა შორის, ამავე ბრძოლაში დაიჭრა რუსების მხარეს მეომარი, ცნობილი ქართველი რომანტიკოსი პოეტი, ალექსანდრე ჭავჭავაძე.

– საბოლოოდ რა მოხდა?

– საბოლოოდ, თავი იჩინა გამყიდველობამ და ღალატმა. მაგალითად, ნინია ზურაბიშვილი, რომელიც მარტყოფის მოურავი იყო, ძალიან ცუდად მოიქცა. მან აჯანყებულების მთავარი ბანაკი ფარული გზებით მიასწავლა რუსების ჯარს, რითაც დიდი როლი ითამაშა მათ დამარცხებაში. ამ ბანაკში 5 კაცი შეპყრობისთანავე ადგილზევე ჩამოუხრჩვიათ, პაულუჩის ბრძანებით. ქართველი ისტორიკოსი წერს, რომ ამ 5 ქართველის სანაცვლოდ, იქვე 5 რუსი ჯარისკაცი, რომელთა დასჯას ქართველები არც აპირებდნენ, ასევე, ჩამოახრჩვეს. სწორედ აქ ჩავარდა ტყვედ გრიგოლ ბატონიშვილიც.

ეს იყო აჯანყების პირველი ეტაპი, ამის შემდეგ თითქოს შეწყდა დარბევები. პაულუჩი გაიწვიეს პეტერბურგში და აპრილიდან ახალი მთავარმართებელი ნიკოლოზ რტიშჩევი ჩამოვიდა. მან მაშინვე გააძლიერა თავისი წინამორბედის ქმედებები. კახეთში მმართველად დანიშნა გენერალი სტალი და ძალიან დიდი უფლებებით აღჭურვა დიმიტრი ორბელიანი, რომელიც ერთ-ერთი საშინელი დამარბეველი და ჯალათი აღმოჩნდა კახეთის აჯანყებისა.

სწორედ ამ დროიდან აშკარად ებმება ბრძოლაში სპარსეთიდან შემოსული ერეკლეს ვაჟი ალექსანდრე. არ გადავაჭარბებ თუ ვიტყვი, რომ ის პროტოტიპია ქაიხოსრო ჩოლოყაშვილისა. როგორც კი შეიტყო დიმიტრი ორბელიანმა, რომ ალექსანდრე ბატონიშვილი შილდასა და საბუეში იმყოფებოდა, იქით გაემართა და ამის გამო, გლეხები დასაჯა.

– რა სასჯელი მოუვლინა მან გლეხებს?

– ჯერ ეს ორი სოფელი გადაწვა და შემდეგ ვენახების გაკაფვის ბრძანება გასცა, ანუ ქართველმა კაცმა ასეთ ბარბაროსულ და არნახულ საშუალებას მიმართა! მსგავსი რამ მხოლოდ სამჯერ მოხდა საქართველოს ისტორიაში: თემურ ლენგის, შაჰ-აბასისა და შემდეგ რუსების დროს, მხოლოდ ამჯერად, ქართველის ხელით.

ამგვარად, 1812 წლის მეორე ნახევარში უკვე აშკარა გახდა, რომ წარმატება აჯანყებულთა მხარეს აღარ იყო. მართალია, ერთ პერიოდში, კვლავ მიეცათ გამარჯვების იმედი, ვინაიდან ივნისში ნაპოლეონმა რუსეთის საზღვარი გადალახა, თუმცა ამაოდ. საბოლოოდ, ოქტომბერში ერთ-ერთი დიდი შეტაკება მოხდა, სადაც აჯანყებულნი დამარცხდნენ. ამის შემდეგ, აჯანყებულთა მხრიდან მცირე გაბრძოლებას ჰქონდა კიდევ ადგილი სოფელ მანავთან და იქაც დამარცხდნენ.

ალექსანდრე ბატონიშვილი ხევსურეთში გადავიდა. რუსის ჯარი იქაც ავიდა. 700 ხევსური ამოწყვიტეს და არავინ გასცა ალექსანდრეს ადგილ-სამყოფელი. მათ ვერაფრით ჩაიგდეს ხელში ალექსანდრე.

თავადები ძალიან შეშინდნენ. მათ დაინახეს, რომ არავითარი საშველი აღარ იყო, ამიტომ მივიდნენ ელეფთერ ზუკაკიშვილთან და სთხოვეს შუამდგომლობა რუსეთის ხელისუფლების წინაშე. სწორედ მაშინ გაეხსნა ხელ-ფეხი მთავარ ანტიგმირს. ის ყველას დაჰპირდა დახმარებას. შემდეგ კი მივიდა მთავარმართებელთან, ყოველი მათგანის ვინაობა შეატყობინა და ისინიც ზუკაკიშვილის ძალისხმევით, ციმბირის გზას გაუყენეს, ანუ, დაჰპირდა მათ უვნებლობას და სინამდვილეში კი, უსინდისოდ უღალატა. ის პირადად დაერია სამღვდელოებას, თავისი ხელით აწამებდა დაბალი სამღვდელო წოდების წარმომადგენლებს, რომლებიც აჯანყებულთა მხარეს იყვნენ და შემდეგ ასე ნაწამებთ რუსულ ხელისუფლებას აბარებდა. ფრონელს ასეთი ცნობაც კი აქვს. თურმე ზუკაკიშვილის მიერ „ჩაბარებულ“ მღვდლებს გარუსებული ეგზარქოსი ვარლამი 100 თუმანს თხოვდა თითოეულს, რომ გაგამართლოთო. მაგრამ, 100 თუმანი არავის ჰქონდა და ამიტომაც სათითაოდ აგზავნიდნენ მათ ციმბირში.

საბოლოო ჯამში, აჯანყების შედეგად მიყენებული დიდი ზარალის ასანაზღაურებლად გადასახადები რუსებმა ისევ ქართველ მოსახლეობას დააკისრეს. იყო ბევრი მსხვერპლიც. ყველაზე უფრო სამწუხარო ფაქტი კი ის იყო, რომ ქართველების ერთმა ნაწილმა – მოსახლეობის ყველა ფენიდან, ძალიან ცუდად წარმოაჩინა თავი. ეს მოხდა იმ გმირობათა პარალელურად, რომელსაც აჯანყების დროს ჰქონდა ადგილი. ჯანყების საბოლოოდ ჩახშობის შემდეგ, რუსებმა ეგზეკუციების გადასინჯვა დაიწყეს და გარკვეულ საკითხებში უკანაც დაიხიეს. რაც მთავარია, რუსეთის ბიუროკრატიულმა მანქანამ – იმპერატორით სათავეში, დაინახა, რომ თურმე, ასე დაუსჯელად, როგორც თავად რუსეთში ხდებოდა, ქართველი ხალხის მართვა და განუკითხავად ყველაფრის ჩადენა არ შეიძლება.


скачать dle 11.3