დაფიქრდი, რას კარგავ!
უნდა შეურიგდე და წყენაც დაივიწყო – ამას გვირჩევენ ფსიქოლოგები, როცა არ შეგვიძლია, დავკარგოთ ადამიანი, რომელმაც ნებსით თუ უნებლიეთ გული გვატკინა. წყენა, რომლის დავიწყებასაც ვერ ახერხებთ, მთელი ცხოვრების განმავლობაში „ახერხებს” ჩვენთვის სიცოცხლის გამწარებას. „ცივი ომი” პრობლემას ვერ გადაწყვეტს, მაშინ ურთიერთობაც უნდა დაამთავროთ. მაგრამ, სანამ ამას გააკეთებდეთ, ჯერ კარგად დაფიქრდით, რას კარგავთ. შეიძლება, უმნიშვნელო კამათით ისეთი კარგი და დადებითი რაღაცის დაკარგვის რეალობის წინაშე აღმოჩნდეთ, რომ მერე ძალიან ინანოთ.
არასდროს მიიჩნიოთ საკუთარი თავი მსხვერპლად. ნებისმიერ კონფლიქტში შეიძლება ორივე მხარის დანაშაულის პოვნა. ანუ, წარმოუდგენელია, დამნაშავე მხოლოდ ერთი მხარე იყოს. ნუ ეცდებით, დანაშაულის მთელი სიმძიმე მეორე მხარეს აჰკიდოთ. დაფიქრდით და დაინახეთ საკუთარი შეცდომა და აღიარეთ ის, თუნდაც საკუთარ თავთან. ეს უკვე მოგცემთ იმის შანსს, წყენა დაივიწყოთ და უფრო დამთმობი გახდეთ. არ არის დანაშაული ის, რომ ადამიანი თქვენს ინტერესებს არ იზიარებს და იცავს თავისას.
თუ შერიგება მართლა გინდათ, ნუ დაელოდებით რაიმე დღესასწაულს. ყველა დღე მნიშვნელოვანია, მით უმეტეს, თუ ის თქვენი შერიგებისა და შეხმატკბილების სიმბოლო გახდება. რაც მალე გაარკვევთ ურთიერთობას საყვარელ ადამიანთან და მოსპობთ უთანხმოებას, მით უკეთესი.
გადადგით პირველი ნაბიჯი. იქნებ, მასაც უნდა შერიგება, მაგრამ, არ იცის, ეს როგორ გააკეთოს, ან, თქვენი რეაქცია აშინებს?! მამაკაცები უფრო მტკივნეულად აღიქვამენ ქალის სიცივეს, როცა შერიგებისკენ ნაბიჯს თავად დგამენ. ის, ვინც პირველი მიდის შერიგებაზე, პარტნიორზე გაცილებით ძლიერია. პატიება არამც და არამც არ არის სისუსტე. დიდსულოვნება და პატიების უნარი მხოლოდ რჩეულებისთვის არის დამახასიათებელი.