რატომ არ გააგრძელა ერნა წიფურიამ დედის სასიმღერო კარიერა და რა იმედები გაუცრუა მან ვასო გოძიაშვილს
ანსამბლ „გვირილას“ ხელმძღვანელი, ქალბატონი ერნა წიფურია, ბავშვობიდან იზრდებოდა მუსიკალურ წრეში, ამიტომ ძალიან ბევრი გასახსენებელი აქვს.
თუ რატომ არ იღებდა ხმას ვასო გოძიაშვილი სპექტაკლის წინ, რატომ ასმევდა კონსერვატორიის რექტორი სულხან ცინცაძე თავის სტუდენტებს არაყს შუა რუსთაველზე და სად გამოადგა ერნა წიფურიას თავისი წინაპრების სახელი, ამაზე თავად ქალბატონი ერნა გვესაუბრება.
ერნა წიფურია: ბაბუაჩემმა, ცნობილმა ქართველმა ლოტბარმა, ლევან ღლონტმა, მეოცე საუკუნის დასაწყისში ბათუმში ჩამოაყალიბა პირველი ხალხური გუნდი. ისინი ბევრს მოგზაურობდნენ და ძირითადად ქალაქურ და ხალხურ სიმღერებს ასრულებდნენ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში. ბებიაჩემიც, მარიამ ღლონტი, ამ გუნდში მღეროდა. ფალიაშვილის, კერესელიძის, ბალანჩივაძისა და სხვა ცნობილი ქართველი კომპოზიტორების სიმღერებზე ჰქონდათ იმპროვიზაციები გაკეთებული და ხმებში შლიდნენ. ბებია და ბაბუა ბათუმში ცხოვრობდნენ და მოღვაწეობდნენ, შემდეგ კი თბილისში გადმოვიდნენ. დედაჩემმა, ეკატერინე ღლონტმა, აქ დაამთავრა რკინიგზის სკოლა. ადრე ხშირად იმართებოდა ჩვენს სახლში სალონური საღამოები, სადაც არაერთი ცნობილი ქართველი შემოქმედი მოდიოდა და იყო ლექსების კითხვა, სიმღერა, ხუმრობაო. მართალია, მე ძალიან პატარა ვიყავი, მაგრამ ეს საღამოები კარგად მახსოვს. ხშირად გვესტუმრებოდნენ ხოლმე გიორგი ლეონიძე, არჩილ კერესელიძე, რევაზ გაბიჩვაძე, სიმონიკა სხირტლაძე, სულხან ცინცაძე, ვასო გოძიაშვილი მეუღლითურთ, მერაბ დონაძე, ფრანგი პოეტესა მარია გელვი, რევაზ ლაღიძე და სხვები. ეს შეხვედრები სასიამოვნო მოგონებად ჩამრჩა მეხსიერებაში. კონსერვატორიაში ოლგა ბახუტაშვილი-შულგინა იყო დედას ვოკალის პედაგოგი. მაშინ სად იყო ფონოგრამა, ყველა მომღერალს თავისი კონცერტმეისტერი ჰყავდა და ერთად მუშაობდნენ. კონსერვატორიის დამთავრების შემდეგ, დედას მუდმივი კონცერტმეისტერი იყო ქალბატონი ჟენია გოძიაშვილი – ვასო გოძიაშვილის მეუღლე.
– ქალბატონო ერნა, თქვენ მათი ოჯახის ხშირი სტუმარი იყავით. პირად საუბარში აღნიშნეთ, ბატონი ვასოს იმედები ვერ გავამართლეო. რას გულისხმობდით?
– თითქმის მთელი ჩემი ბავშვობა ვასო გოძიაშვილისა და მისი მეუღლის ოჯახში გავატარე. ფილარმონიის პირდაპირ ცხოვრობდნენ. არაჩვეულებრივი გარემო იყო მათთან – თბილი, თეატრალური, მუსიკალური და სასიამოვნო. არ დამავიწყდება, პირველად რომ მიმიყვანა მათთან დედამ, იმ საღამოს ვასოს თეატრში როლი ჰქონდა შესასრულებელი. გავიხედე, წევს ეს კაცი და ხმას არ იღებს. თუ რამე დასჭირდება, ხელის მოქმედებით ანიშნებს ცოლს და ისიც უსიტყვოდ უსრულებს. ვერ გავიგე, რა ხდებოდა. ვიფიქრე, ეტყობა ავად არის-მეთქი. კარგად რომ დავაკვირდი და მივხვდი, ავად არ იყო, მუნჯი მეგონა (იცინის) და ბავშვურად ვიკითხე, ეს კაცი მუნჯი რომ არის, როგორ უგებთ-მეთქი? ქალბატონი ჟენია და დედა სიცილით დაიხოცნენ. ამიხსნეს, დღეს როლი აქვს სათამაშო და, ხმა რომ არ დაეღალოს და არ დაეძაბოს, ამიტომ არ ლაპარაკობსო. სხვათა შორის, რევაზ ლაღიძისა და დედაჩემის პირველი შეხვედრა ამ ოჯახში მოხდა. ბატონი რეზო დაინტერესდა დედაჩემის შემოქმედებით. იმ დროს ის წერდა „სიმღერას საქართველოზე“, რომელიც შემდგომში, ძალიან პოპულარული იყო. ეს სიმღერა რეზომ პირველს ვასო გოძიაშვილს მოასმენინა, მან კი ურჩია, პირველად, აუცილებლად, ეკატერინემ უნდა შეასრულოს ეს სიმღერა, თუ გინდა, რომ კარგი მოსასმენი იყოსო. დედას ლირიკულ-დრამატული და საკმაოდ ძლიერი ხმა ჰქონდა. ეს სიმღერა, ასევე, რევაზ გაბიჩვაძის რომანსი „რა ლამაზი ხარ“ და კიდევ, რამდენიმე რომანსი დედას შესრულებით, დღესაც ოქროს ფონდში ინახება. ასე რომ, მისთვის რეპერტუარის შერჩევა ბატონი ვასოს ოჯახში ხდებოდა.
ბატონმა ვასომ მიწინასწარმეტყველა, ეს ბავშვი ცნობილი მომღერალი იქნებაო, მაგრამ მე მისი იმედები ვერ გავამართლე. მართალია კარგი ხმის დიაპაზონი მქონდა, მაგრამ, ყელზე პრობლემები შემექმნა და სასიმღერო კარიერა შევწყვიტე. თუმცა, კონსერვატორიაში მაინც ჩავაბარე საგუნდო-სადირიჟორო ფაკულტეტზე.
– მაშინ რექტორი ბატონი სულხან ცინცაძე იყო. მისი სტუდენტები დღეს ხშირად იხსენებენ: როცა კომუნისტურ ზეიმებზე გამოსვლა გვიწევდა, ბატონი სულხანი არყით გვათრობდა და გვაბრუებდაო. მართალია?
– (იცინის). თქვენ წარმოიდგინეთ, მართალია და ამის მონაწილე მეც არაერთხელ გავმხდარვარ. როცა 1 მაისის ან 7 ნოემბრის ზეიმებისთვის გვამზადებდნენ, საათობით გვიწევდა რუსთაველზე რეპეტიციების გავლა სიცივეში. მახსოვს, ბატონ სულხანს არაყი მოჰქონდა ჩვენთვის და გვასმევდა, გვეუბნებოდა, არ გამეყინოთ, ამით გამხნევდით და, აბა, თქვენ იცით, როგორ მასახელებთო. ის დრო ძალიან კარგად მახსენდება. დღეს კი ჩვენი ოჯახის მუსიკალურ ტრადიციას ჩემი შვილები აგრძელებენ: ნინომ ნიჭიერთა ათწლედი დაამთავრა, არაერთი მუსიკალური კონცერტი-პროექტის ავტორია, მისი ვაჟიც, გიორგიც მღერის და გარკვეული მიღწევებიც აქვს. სულ ვცდილობდი, ის სითბო და გარემო შემექმნა ჩემი შვილებისთვის, რაც მე დედამ და მისმა მეგობრებმა გადმომცეს. ასევე, მინდა ანსამბლ „გვირილას“ ბავშვებს გადავცე ის გამოცდილება, სითბო და, რაც მთავარია, სიმღერისა და მუსიკის სიყვარული, რაც მათ ცხოვრების ბოლომდე გაჰყვებათ და სასიამოვნო მოგონებებად დარჩებათ.
ნონა დათეშიძე