სად ეკარგება დროის შეგრძნება ეკა გაბიტაშვილს და საიდან გაურბის მას მეუღლე
მომღერალი ეკა გაბიტაშვილი გათხოვების შემდეგ მეუღლესთან ერთად მოსკოვში ცხოვრობს. რაც მთავარია, მშვენიერი ეკა კვლავ განაგრძობს თავის კარიერას და ამაში მეუღლეც ძალიან უწყობს ხელს.
ეკა გაბიტაშვილი: მოსკოვური ცხოვრების სტილი ძალიან განსხვავდება თბილისურისგან და იქ ცხოვრება საკმაოდ რთულია, რადგან, სახლიდან გარეთ რომ გახვალ, მთელი დღე „საცობში“ დგახარ და ერთი საქმის გაკეთება თუ მოასწარი, კარგია.
– ნოსტალგია გაქვს?
– მეგობრებს სკაიპში ყოველდღე ვუყურებ, ველაპარაკები და ეს ძალიან მეხმარება. ხანდახან სალაპარაკოც აღარ გვაქვს, იმდენს ვსაუბრობთ. ჩემი დაქალი და მეჯვარე, ქეთუნა, გერმანიაშია გათხოვილი. ჩვენი დილა იწყება ერთად, მე სკაიპში, ისიც – სკაიპში, ყავას ვსვამთ და თან ვლაპარაკობთ.
– როგორც ვიცი, შენს მუსიკალურ კარიერაში სიახლეებია.
– მოსკოვში არის „გელიკონ ოპერა,” რომელიც დიდ თეატრს, სჯობია იმ მხრივ, რომ სულ გასტროლებზე დადიან, კარგი ანაზღაურებაც აქვთ და პროფესიონალები მუშაობენ. მაყვალა ქასრაშვილმა გამიწია რეკომენდაცია და გამიშვა მოსმენაზე. როდესაც მივედი, მეგონა, კლასში მომისმენდნენ, მაშინვე სცენაზე გამიყვანეს. ცოტა დავიძაბე, თან, რაც არ მინდოდა, სწორედ ის მამღერეს. როდესაც მომისმინეს, მკითხეს, როგორ სწავლობ, ადვილად თუ ითვისებო, რა თქმა უნდა, ადვილად ვითვისებ-მეთქი. მათაც, ოთხი ნაწარმოები მომცეს – ეს უნდა აითვისო ორი კვირის განმავლობაშიო. ოთხივე საკმაოდ რთულია. იმდენად მცირე დრო მომცეს, რომ კვირაში ერთი ან ორი გაკვეთილი არ მეყოფოდა, იქ კი მყავს კონცერტმაისტერი, მაყვალა ქასრაშვილიც მამეცადინებს, მაგრამ, ის ძალიან დატვირთულია. ამიტომ, თბილისში წამოვედი ჩემს პედაგოგთან, სვეტლანა ეგოროვასთან. დიდი ხანია, მასწავლის, მეხმარება. რომ ჩავალ, ისევ უნდა გავიდე მოსმენაზე, ოთხივე პარტია უნდა ვიმღერო და, შეიძლება, რომელიმე დამიტოვონ. არ ვიცი, რა იქნება, რადგან ძალიან დიდი კონკურენციაა, ბევრი მომღერალი ჰყავთ. „კარმენი” მომცეს სასწავლად, თან მითხრეს, ცოტა თავშეკავებული ხარ და გამოამჟღავნე შენი ქართული ტემპერამენტი, ემოციები გამოუშვიო.
– როგორი იყო შეფასებები?
– „კარმენი” ვიმღერე – „კაბანერა” და, მეუბნებიან: ახლა, წარმოიდგინე, ვითომ ბევრი დალიე, საშინელ ხასიათზე გაგეღვიძა და ეს მიმიკით გადმოეციო. რა თქმა უნდა, გამიჭირდა, „პახმელია” რომ განასახიერო, უნდა იცოდე, რა არის. მოკლედ, მოეწონათ, ძალიან კარგი სკოლა გაქვს გავლილი, ხმის ფანტასტიკური ტემბრი გაქვს, მაგრამ ცოტა შებოჭილი ხარ და გაიხსენიო. მომერიდა, მაინც უცხო ხალხთან ვიყავი, თან, ყველანი პროფესიონალები არიან. ახლა, იმედია, უკეთესად ვიმღერებ.
– ანუ, თბილისში არა დასასვენებლად, არამედ სამეცადინოდ ჩამოხვედი?
– მე და ჩემი მეუღლე ერთად ვაპირებდით ჩამოსვლას. ვამბობდი, ჩავალ, კარგად გავერთობი, გოგონებს ვნახავ-მეთქი, მაგრამ, ისეთ რეჟიმში ვარ, ყოველდღე დავდივარ სამეცადინოდ. თან, ხვიჩაც ვეღარ წამოვიდა. ცოტა მერე ვაპირებდით წამოსვლას, მაგრამ, დავალება რომ მომცეს, აუცილებლად უნდა წამოვსულიყავი, მას კი შვებულება ჯერ არ ჰქონდა.
– ასეთი რეჟიმი გაქვს მოსკოვშიც?
– არა, იქ კვირაში ორი გაკვეთილი მაქვს. უბრალოდ, წინა დღეს არ უნდა იყვირო, არ უნდა იჩხუბო, კარგად უნდა იკვებო და ადრე უნდა დაიძინო.
– მეუღლე გიწყობს ამ მხრივ ხელს?
– ძალიან, ერთადერთი, რაც ვერ ვისწავლე, ეს არის ხორცის შეწვა. სამაგიეროდ, ხვიჩა წვავს კარგად. მე სხვა კერძებს ვამზადებ: ბორშჩს, „მადამ ბოვარის“, შამპინიონებს ნაღებში, ბლინებს ვაცხობ, ჩინურ ტორტს.
– მეუღლე როგორი შემფასებელია?
– როცა გამღერებას ვიწყებ, გადის ოთახიდან, არ მიყვარს, რომ მისმენს. საკმარისია ხუთი წუთი გავიმღერო, მეკითხება: მორჩი? რატომ ასე ცოტა ხანიო, – კონტროლიორი მყავს. მოსმენაზეც რომ ვიყავი, გარეთ მელოდებოდა. ისიც ნერვიულობდა, მაგრამ, აქეთ მამხნევებდა.
– ხშირად ამბობენ, თანაცხოვრების პირველი პერიოდი საკმაოდ რთულიაო. თქვენ თუ გქონიათ სირთულეები?
– არა, არც კი გვიჩხუბია. ჩემთვის მთავარი ის არის, რომ ჩემი მეუღლე საერთოდ არ შეცვლილა და როგორიც ქორწინებამდე იყო, ისეთი დარჩა.
– ანუ, როგორია?
– ძალიან კარგია, ჩემთვის იდეალურია. პატივს მცემს მე და ჩემს საქმესაც, ოჯახის წევრებსაც ვუყვარვარ და ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ კარიერაში ხელი შემიწყოს, ქალს კი ამაზე მეტი რა უნდა უნდოდეს?!
– შენ როგორი მეუღლე ხარ?
– რომ ჩამოვედი, სოფო მასხულიამ მითხრა, როგორი დანაზებული ხარ, მშვიდი გამხდარხარო. ეს, პირველ ყოვლისა, მეუღლის დამსახურებაა – რომ არ განერვიულებს და არ გეჩხუბება, მერე შენც მშვიდი ხარ, არ გინდა, ვინმესთან იჩხუბო, საქმეები არჩიო.
– შენ უფრო რთული ხასიათი გაქვს?
– დიახ. მაგალითად, სახლს რომ დავალაგებ, ჯობია, არავინ მოვიდეს. როგორც კი ხვიჩა შემოვა, ვეუბნები: ფეხზე გაიხადე, ეს იქ არ დადო, აუ, ეს აქ რატომ დადე... – დავდევ უკან და ტვინს წავიღებ ხოლმე. ისიც ეგუება ამ ყველაფერს, თან, რომ მოდის, იმდენს ვწუწუნებ, სახლი დავალაგე-მეთქი, მეუბნება, არ გინდა, დაანებე თავიო. ძალიან უპრეტენზიო ადამიანია, არაფერს მსაყვედურობს, თუნდაც იმაზე, საჭმელი რატომ არ გააკეთეო.
– ამბობენ, სიყვარული გარკვეულ ეტაპებს გადის, იცვლებაო, თქვენს შემთხვევაში როგორ მოხდა?
– ჩვენს შემთხვევაში ყველაფერი უკეთესობისკენ შეიცვალა, შეყვარებულობის დროს უფრო ვჩხუბობდით. თან, ის მოსკოვში იყო, მე – თბილისში, სულ ტელეფონზე ვიყავით ჩამოკიდებული. ძალიან რთულია, როცა გენატრება და ვერ ხედავ. მერე ეს უკვე აგრესიაში გადაგდის. ახლა 24 საათი ერთად ვართ, ამიტომ, არც ვჩხუბობთ, არც აგრესია გვაქვს, სულ ჩემს გვერდით არის. თან, იმდენად მშვიდია და კარგი აურა აქვს, რომ ჩემზეც გადმოდის – ვანეიტრალებთ ერთმანეთს. ახლაც სულ მირეკავს, როდის ჩამოხვალო.
– როგორ ძლებ ახლა მის გარეშე?
– რომ ჩამოვედი, მეორე დღეს დამირეკა, შენ, რომ აქ არ ხარ, აღარ მინდა სახლში მისვლაო. მეც ისე ვიყავი, გოგონებს რომ ვუთხარი, მენატრება-მეთქი, გაეცინათ – მეორე დღესვე როგორ მოგენატრაო.
– ისე, ცალ-ცალკე ყოფნა დაგებედათ.
– შეყვარებულობისა და ნიშნობის შემდეგაც, ორი თვე ერთად ვიყავით, ოთხი თვე – ცალ-ცალკე, მარტო ტელეფონით ვსაუბრობდით. ჯვარი რომ დავიწერეთ, ისე მოხდა, ხვიჩა წავიდა და მე ვერ წავედი. სამი თვე არ მყავდა ნანახი და ძალიან ბევრს ვჩხუბობდი. ვეღარ გავიგე, მივდიოდი თუ არა, ნევროზი მქონდა. ისიც გაგიჟებული იყო, ეკითხებოდნენ, ცოლი თუ მოიყვანე, სად არისო.
– მოსკოვში სად გიყვართ ყველაზე მეტად სიარული?
– ხშირად დავდივართ კინოში. „სექსი დიდ ქალაქში” ვნახეთ ერთად, თან, მისი მეგობარი თავის გოგონასთან ერთად წამოვიდა. ხვიჩა და სერიოჟა მთელი ფილმის განმავლობაში გარეთ იდგნენ, ხუთი წუთი შემოვიდოდნენ – არ მოდიხართო? – და გადიოდნენ, დავტანჯეთ, გავაგიჟეთ. საყიდლებზეც ერთად დავდივართ, ყველგან დამყვება. შეუძლია, ქალების მაღაზიაში მთელი დღე იაროს ჩემთან ერთად, აინტერესებს, მიხდება თუ არა, რასაც ვიყიდი, უნდა ჩავიცვა, დავენახო. ერთადერთი, საიდანაც გარბის, ხელს ჩამავლებს და მიმარბენინებს – ბიჟუტერიის მაღაზიაა, იმიტომ, რომ იქ დროის შეგრძნება მეკარგება.
– გათხოვების შემდეგ რაიმე ამოიღე შენი გარდერობიდან?
– მისთვის მთავარია, მე მომწონდეს, თუმცა, ძალიან მინი კაბა არ უნდა იყოს. მეც, რადგან არ უყვარს, არ ვიცვამ, მხოლოდ ზამთარში მაცვია, შავ, მუქ „კოლგოტკებზე”. მის ჩაცმულობაში არ ვერევი, რადგან ძალიან დახვეწილი გემოვნება აქვს და ბოლომდე ვენდობი.
– სიურპრიზების მოწყობაც უყვარს?
– დიახ, ვალენტინობამდე რამდენიმე დღით ადრე „ცუმში” ვიყავით. „პრადას” ჩანთა მომეწონა, მაგრამ არ ვიყიდე, რადგან ძალიან ძვირი ღირდა. ვალენტინობის დღეს კი საჩუქრად მომიტანა, თავიდან შოკი მივიღე, მაგრამ, ძალიან გამიხარდა.