როგორი გოგონებისკენ აქვს მიდრეკილება კოტიკო თოლორაიას და ვის მოყვანას აპირებს ის ცოლად
კოტიკო თოლორაიას ჩვენი მკითხველის წინაშე განსაკუთრებული წარდგენა ნამდვილად არ სჭირდება. სექტემბრიდან ის და სალომე გოგიაშვილი ახალი გასართობი გადაცემის გაკეთებას გეგმავენ, რომელიც შეიძლება მაყურებელმა „იმედის” არხზე იხილოს.
კოტიკო თოლორაია: არის ადამიანების კატეგორია, რომლებიც – ლა-ლა-ლა-ლა მარტო თვითონ საუბრობენ, არ ჩერდებიან, არ აინტერესებთ გვერდით უდგათ თუ არა მეორე ადამიანი. ზოგი შეიძლება საერთოდ დუმდეს და მარტო შენ მოგიწიოს საუბარი. ყველაფერს ინდივიდუალურად უნდა მოერგო. თანაც, ეს არის საქმე, რომელსაც სიამოვნებით ვაკეთებ და არ მბეზრდება ტელევიზია, კონცერტების წაყვანა. თუმცა, ბევრი ჩავარდნა, „ჩეპე“ მქონია, ენაც დამბმია. ერთხელ მახსოვს, გამოვედი, უნდა დამეწყო ლაპარაკი – ვერაფერი ვთქვი, ბნედა დამეცა, რაღაც განათდა თვალებში და ყველას ბოდიში მოვუხადე.
– ცხოვრებაში ყველას აქვს ჩავარდნები, ცუდი პერიოდები, ამ დროს როგორი ხარ?
– სულ ასე ვარ – ცხოვრების რაღაც პერიოდში მაქვს კარგი „პალასა” და მერე – ცუდი. აქედან გამომდინარე, როცა შავი „პალასა” მაქვს, ვიცი, რომ ადრე თუ გვიან, მას თეთრი შეცვლის. როცა შავი რაღაცეები „იქოქება,” ვცდილობ, ცოტათი გავუწიო წინააღმდეგობა, თუმცა ზოგჯერ არის შემთხვევა, როდესაც ყველაფერი თავისით გვარდება, იოლად გამოდის.
– წარმატება თუ მოდის იოლად შენთან?
– 13 წლიდან სულ ვმუშაობ და თავიდანვე ჩემი შრომითა და ენერგიით ვცდილობდი, დამემკვიდრებინა თავი და დამემტკიცებინა, რომ ვარ შრომისმოყვარე. საბოლოო ჯამში, ამას საკუთარი თავი, ღმერთიც, ცხოვრებაც, საზოგადოებაც, ყველა ერთად გიფასებს და კარგად ლაგდება ყველაფერი. ბარმენად, მიმტანად ვმუშაობდი და უცებ აღმოვჩნდი ტელევიზიაში, წამყვანი გავხდი. მიმაჩნია, რომ ენერგეტიკასაც აქვს დიდი მნიშვნელობა. არასდროს ვყოფილვარ დაბოღმილი, ბოროტი ადამიანის როლში, მქონია დაძაბული მომენტები, მაგრამ ეს ჩემს გარშემო მყოფებს არასდროს უგრძნიათ.
– სულ ენერგიული, ხალისიანი და როგორც შენ ამბობ „მოქოქილი” ხარ. ამას როგორ ახერხებ?
– ალბათ, ამ ყველაფრის მიზეზი შინაგანი განწყობაა, სულ ვცდილობ, ყველაფრისგან მაქსიმალური სიამოვნება, დადებითი ენერგია მივიღო და მერე უკანვე გავცე. შესაბამისად, როდესაც ასეთ პოზიტიურ ენერგიაში ტრიალებ, მერე შენც პოზიტიური ხდები. დილით რომ გამოვდივარ გარეთ, ვცდილობ, ყველაფერს ახლებურად შევხედო, მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება, რაღაც პრობლემა მქონდეს. მის გადასაჭრელადაც ისეთ „ხოდზე” მივდივარ, რომ ის აუცილებლად მოგვარდება. უბრალოდ, ქართველები ძალიან ზარმაცი ხალხი ვართ და ამას მაშინ მივხვდი, როდესაც ცოტა ხანს მომიწია უცხოეთში წასვლა. დილით 6 საათზე ვდგებოდი, სხვა ქალაქში მივდიოდი, ხან სტადიონებზე ვმუშაობდი, ხან – ბარმენად, მერე მოვდიოდი სახლში, ვმეცადინეობდი, ძილის დრო კი მინდოდა გართობაში გამომეყენებინა. ამდენი საქართველოში რომ იარო, ვარკეთილიდან გლდანში გახვიდე-გამოხვიდე, იმდენ ნაცნობს შეხვდები, ვერაფერს გააკეთებ. არადა, ასე რომ იმუშაო, მილიონერი გახდები. უბრალოდ მე იქ სამუშაოდ, ოჯახის სარჩენად არ ვყოფილვარ წასული. ვცდილობდი, სწავლის ფული დამეზოგა, საკვების, სიგარეტის, ბინის ქირის, კომუნალური გადასახადების. ყველაფერი გათვლილი მქონდა, მაგრამ დილით რომ ვიღვიძებდი, იმდენი ვალი მქონდა, კინაღამ გავგიჟდი.
– გადაწვის პიკზე ყოფილხარ?
– როცა გადაწვის პიკზე ვარ, მივდივარ და ვიძინებ მანამდე, სანამ შემიძლია. მაგალითად, მძინებია გადაბმულად 38 საათი – გამიღვიძია, მიჭამია, დამიძინია; გამიღვიძია, მიჭამია, დამიძინია, ტუალეტშიც კი არ შევსულვარ. ვარკეთილში ვცხოვრობ და მოგეხსენებათ, იქ სულ სხვანაირი ცხოვრებაა. „დაჩაზე” გავდივარ, ჩიტების მეტი არაფერია, ძალიან რომანტიკული სამყარო მაქვს შექმნილი – „ინჩეს, სუზამე.” ორივე ტელეფონს ვთიშავ, დედაჩემს ვეუბნები, რომ სახლში არც ვყოფილვარ და არც ვიქნები. ამის მერე ისეთ „ხოდზე” მოვდივარ, ვერავინ მაჩერებს, სანამ მომავალი გადაწვის პერიოდი არ მოვა. ხან გართობისგან ვიწვები, ხან – შრომისგან. დილიდან რომ გავდივარ სახლიდან, მთელი დღე „ვპახაობ” – 240 ადგილზე უნდა მივიდე და 240 საქმე უნდა გავაკეთო.
– შენ თქვი 13 წლიდან ვმუშაობო. ისეთი პერიოდი თუ იყო, როცა არ გქონდა საქმე და არ იცოდი, რა გაგეკეთებინა?
– 13 წლიდან რომ ვმუშაობდი, მერე იმიტომ ავიკიდე უმუშევრობის „ლომკა”. მახსოვს, პირველად ხელფასი რომ მომცა ბუღალტერმა – ხუთი ლარი, წავედი და ნაყინი ვიყიდე. მამაჩემს რესტორნები ჰქონდა და ერთხელაც მითხრა, იქნებ, არ წახვიდე დასასვენებლად, იმუშავე, ფული დააგროვე, მე დაგიმატებო. უნდოდა, ბავშვობიდან საქმის კეთებას მივჩვეულიყავი. მომეწონა მუშაობა, პირველად მაშინ ვისწავლე ყავის მოდუღება. ძალიან პატარა ვიყავი, ბარის „სტოიკას” ვერ ვწვდებოდი. ვინც მოდიოდა, დამინახავდნენ პატარას, წერტილივით, თან მსუქანი ვიყავი, მაშინვე ბევრ ფულს მჩუქნიდნენ.
– ასე მგონია, ძალიან ცელქი ბავშვი იქნებოდი.
– არა, დამჯერი, პუსკუნა ბავშვი ვიყავი. 16 წლის რომ გავხდი, სახლიდან ტელევიზორი წამოვიღე, ოთახები ვიქირავეთ სარდაფში, ერთი ტელევიზორი, კომპიუტერი დავდგით და ბავშვებს ვათამაშებდი. ჩემი მეგობარი შემოვიდა წილში, ერთი კომპიუტერი მოიტანა. 17 წლისას 9 კომპიუტერი, 9 ტელევიზორი და გენერატორი მქონდა. ეს აწყობილი ბიზნესი ერთ დღესაც 1 500 დოლარად გავყიდეთ.
– საქმე კარგია, მაგრამ რა ხდება პირად ცხოვრებაში, არ არის კოტიკო შეყვარებული?
– არა, თუმცა ძალიან მაგარია, როდესაც შეყვარებული, მეგობარი გოგონა გყავს, სტაბილური ურთიერთობა გაქვს. ეს დიდ სტიმულს გაძლევს.
– ეს სტაბილურობა რამდენ ხანს გრძელდება. ხშირად შენი მიზეზით სრულდება ურთიერთობა?
– ხან ასეა, ხან ისე. თუმცა, ურთიერთობა 90 პროცენტი ჩემი მიზეზით მთავრდება, დიდხანს ვერ ვჩერდები ადამიანთან. შეიძლება, ის ვერ ვიპოვე, ვინც მინდა, რომ ბოლომდე ჩემთან იყოს. ამის მერე ვისაც ვიპოვი, მიხვდები, რომ ეს პერიოდი სხვადასხვა სტილის გოგონები მომწონდა. ადრე „კრასავიცებზე” ვგიჟდებოდი, მერე ჭკვიანები მომწონდა, ეს კარგია და დღემდე მაქვს ასეთებისკენ მიდრეკილება. მერე „ტიპშებზე” გადავედი, ერთი პერიოდი იუმორზე „ვჭედავდი.” შეიძლება შეუხედავი ყოფილიყო, მაგრამ თუ იხუმრებდა, იე! უკვე მიყვარდა. ახლა გაურკვევლად ვარ, მგონი, ისეთები მომწონს, ეს ყველაფერი რომ აქვთ. მოკლედ, არ მინდა ზედმეტად ლამაზი გოგონა. იყოს „პრიატნი,” განათლებული, ჰქონდეს იუმორის გრძნობა და ჯიგარი იყოს, მეტს არაფერს მოვთხოვ.
– წარმოგიდგენია საკუთარი თავი მეუღლისა და მამის ამპლუაში?
– ჩემი შვილი, პატარა კოწიკა რომ „გაიჩითება,” რა იქნება?! რომ ვფიქრობდი შვილის გაზრდაზე, ბევრი ვიხალისე. სულ მასთან ერთად ვიქნები, შუაზე გავიჭრები და შევეცდები ბოლომდე ფერადი ბავშვობა ჰქონდეს, ზღაპარში იყოს. ჩემს ძმისშვილთან „ბესტ” ურთიერთობა მაქვს, ერთად ძალიან მაგრად „ვხურდებით.”