კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რით ტკბება ირინა სარიშვილი მამაკაცებთან და ვინ უწყობს მას „მალჩიშნიკებს“


მას შემდეგ, რაც ირინა სარიშვილმა პოლიტიკური ტაიმაუტი აიღო, მის ცხოვრებაში სრული ნირვანაა. ახლა ის იმით ცხოვრობს, რაზეც წლების წინ ბევრს ოცნებობდა – მეოჯახე ქალის როლი მოირგო და მთელ დროს შვილებს და მეგობრებს უთმობს. მართალია, მარტოხელა ქალის ცხოვრების სირთულეებს თავს იოლად ვერ ართმევს, მაგრამ ეს ისე ექცა ცხოვრების წესად, რომ უკვე ამ მდგომარეობასაც უპოვა ხიბლი.


– დიდი ხანია, არსად აღარ ჩანხართ, ტაიმაუტი აიღეთ თუ პოლიტიკური დეპრესია გაქვთ?

– პოლიტიკური დეპრესია არ მაქვს. დეპრესია იმ ადამიანებს დაემართათ, რომლებიც ამ ორწლიანი მოვლენების შედეგად რაღაცას ელოდნენ. ძალიან ვწუხვარ, მაგრამ ჩემთვის მოულოდნელი არაფერი მომხდარა. ეს იყო მიზეზი, რომ მე ამ პროცესებში მონაწილეობა არ მივიღე. მართალია, არც ეგრეთ წოდებულმა ოპოზიციამ ისურვა ამ პროცესებში ჩემი ჩართვა, მაგრამ ამ თამაშს მეც არ ვაპირებდი.

– თუმცა, თამაში გიყვართ.

– თამაში კარგია და მეც მიყვარს, მაგრამ როცა თამაშად იქცევა სტრატეგია, ეს თამაში აღარაა და ადამიანი მატყუარა ხარ. როცა იტყუები მიზნობრივად, რაც ამ ორ წელიწადში მოხდა, ეს ან სრული სიჩლუნგეა, ან საერთოდ დაგეგმილიც არაფერი ყოფილა. ნამდვილ თამაშზე თუ გადავალთ, მე კარგად ვთამაშობ კარტს – ჯოკერს და პრეფერანსს, მაგრამ არ ვითვლები აზარტულად. ჩემთვის მნიშვნელოვანია თამაშის პროცესი, არ ვნერვიულობ წაგებას, მოგება – მიხარია. არა იმიტომ, რომ წაგებას ვარ შეჩვეული, თუმცა როგორც ყველას, მეც ბევრჯერ წამიგია ცხოვრებაში.

– რას აკეთებს პოლიტიკიდან გაუჩინარებული ირინა სარიშვილი. როგორ ცხოვრობთ?

– ალბათ, ყველაფერი ხდება ისე, როგორც არის საჭირო და როგორც უნდა მოხდეს. მე დიდხანს, წლების განმავლობაში მენატრებოდა და მინდოდა სახლში ყოფნა, რადგან ამისთვის არასდროს მრჩებოდა დრო. მშვენივრად მოვირგე მეოჯახის როლი, ვალაგებ სახლს, ვაკეთებ საჭმელს, დავდივარ საყიდლებზე, ვყრი ნაგავს, დროდადრო ვაკეთებ „უბორკებს,“ უფასოდ და ხარისხიანად. მეგობრები მეხუმრებიან, ვერ წარმოვიდგენდით, შენ თუ ამას „გაქაჩავდიო“ (იცინის) და ყველაზე მთავარი, ბავშვებთან ურთიერთობისთვის მაქვს ბევრი დრო. მოკლედ, ყველაფერი ავინაზღაურე, რაც კი მაკლდა. მე არასდროს მეცალა ამისთვის. როცა სახლში რაღაცას ვაკეთებდი, ეს იყო ეგზოტიკური დღე. ახლა, როცა ჩემი ეგზოტიკა დიდი ხანი გრძელდება, მივხვდი, რომ ამაზე ოცნება მაგარი სისულელე ყოფილა. მხოლოდ იმით ვარ კმაყოფილი, რომ ამ პერიოდს მთლიანად ბავშვებს ვუთმობ, უფროსებს გარდატეხის ასაკი დაეწყოთ და ახლა მათთვის აუცილებელია, რომ მშობელთან ჰქონდეთ ურთიერთობა და არა ბებია-ბაბუასთან, ან მეგობრებთან. საბა ამ საუკუნეში დაბადებულია და როგორც ყველა მისი თანატოლი, ძალიან სხვანაირი ბავშვია. განსხვავებული აღქმის უნარი აქვს, განსაკუთრებული ტემპი. 5 წლის ასაკში, ტელევიზორით ისწავლა რუსული და ინგლისური. ისეთი მოუსვენარია, 24-საათიან რეჟიმში თავბრუს გახვევს. ხანდახან ავყვირდები ხოლმე, რაც ძალიან ცუდია. არ მიყვარს ბავშვთან ყვირილი, მაგრამ ვჩხუბობ მაშინ, როცა ბიჭები ერთმანეთს ეჩხუბებიან. კამათს იწყებენ სისულელეზე, მაგრამ დროულად თუ არ ჩავერიე და არ მივასწარი, უკვე სერიოზულ კონფლიქტს გამოაცხობენ ხოლმე. ახლა მათ ისეთი პერიოდი აქვთ, რომ უკვე „მალჩიშნიკებს“ აწყობენ. ეს ყველაფერი ჩემს თვალწინ ხდება და ძალიან საინტერესოა.

– სამი ბიჭის მოვლა იოლი საქმე არაა.

– გეთანხმებით, მაგრამ მე გოგოს გაზრდა ძალიან გამიჭირდებოდა. არ ვიცი, როგორ უნდა გავზარდო გოგო, რა არის მისთვის უკეთესი. შეიძლება ის, რაც ჩემი აზრით სწორია, გოგოს საერთოდ არ გამოადგეს ცხოვრებაში. ბიჭის გაზრდა სანერვიულოა, მაგრამ უფრო მარტივი. საერთოდ, მე გოგოს მდგომარეობას, საკმაოდ დრამატულად ვუყურებ. გოგო რომ მყავდეს და გათხოვდეს, ალბათ, მოვკვდები ნერვიულობით. მე ძალიან კარგად ვიცი, როგორი დედამთილი ვიქნები – რაც არ უნდა მოხდეს, მაინც გოგოს მხარეს ვარ. გოგოს ცხოვრებისთვის პატარა ნიუანსებსაც კი მნიშვნელობა აქვს, ბიჭის შემთხვევაში ასე არაა. მე ორი ძმა მყავს, ბიჭების წრეში გავიზარდე, ასე რომ ამ სქესს კარგად ვიცნობ. თუმცა, კაცებს თავად არ ესმით თავიანთი ენა, ამიტომაც ამას ვერც მე დავიჩემებ.

– კაცებმა უფრო გიერთგულეს თუ ქალებმა?

– იქიდან გამომდინარე, რომ ქალი მეგობარი ცოტა მყავს, მათგან გულისტკენა ნაკლებად მახსოვს. საქმეში, ძირითადად, მამაკაცებთან ერთად ვიყავი, აქედან გამომდინარე, ცუდი რაღაცეებიც უფრო მამაკაცებისგან მახსოვს.

– მით უფრო, თუ ეს პირად ცხოვრებას ეხება? ამბობენ, რთულად გადაიტანა ზვიადთან დაშორებაო.

– არა, ეს ასე არ არის. მართალია, ეს დაშორება ჩემი ინიციატივით მოხდა, მაგრამ, როცა ადამიანი წლების განმავლობაში რაღაცას მიეჩვევი, მერე ამასთან გადაჩვევა რთულია. ადამიანური ურთიერთობების შეწყვეტა, გინდ ცოლქმრობა იყოს და გინდ მეგობრობა, არაა იოლი. პირიქით, ამაზე განცდა რომ არ გქონდეს, არაადამიანი უნდა იყო. მე ვფიქრობ, ეს ის შემთხვევა იყო, როცა ზუსტად ვიცოდი, რა მინდოდა, რა როგორ გადავიტანე, ეს სხვა საქმეა.

– მარტოხელა ქალის ცხოვრება არ გიჭირთ?

– ძალიან ძნელია, მაგრამ აქვს თავისი ხიბლიც. მე ჩემს გათხოვებასაც იმიტომ მივიჩნევ შეცდომად და ზვიადს არაფერს ვაბრალებ, რომ მარტო ცხოვრებას ვიყავი მიჩვეული. მე ვიყავი მარტო და დანარჩენი ყველაფერი, გარდა შვილებისა, იყო ჩემი სახლის კარს მიღმა. ასე ბევრად ადვილი იყო ცხოვრება, ძალიან გამიჭირდა სხვისი შემოშვება. ეს ძნელია, როცა უკვე შენი სამყარო გაქვს. მე ასე ჩამოვყალიბდი როგორც ადამიანი, ეს კარგია თუ ცუდი, სხვა თემაა. ასეთი ცხოვრება ალბათ, ძალიან ძნელია ისეთი ქალისთვის, რომელმაც არც იცის, რა არის მარტოობა და არც უნდა. მე ასე მირჩევნია, ასე მეც ნაკლებად გავწვალდები და სხვასაც არ გავაწვალებ. ასეთი შეგრძნება არ მქონია, როცა მე და გია ცოლ-ქმარი ვიყავით. მაშინ სხვა ასაკი გვქონდა, სხვა გარემოებებში გვიწევდა ცხოვრება, იმის მიუხედავად, რომ მე და გიას არ გვყავდა შვილები, ერთმანეთთან ძალიან ჰარმონიული ურთიერთობა გვქონდა. ვიყავით ერთი დიდი ოჯახი. ზვიადთან ეს ოჯახი ვერ შედგა, ამას მას არასდროს დავაბრალებ. მე არ მიყვარს საქმეების გარჩევა, რაც არ უნდა უდანაშაულო ვიყო, ოღონდ იმ ადამიანმა თავი დამანებოს და ყველაფერს მე თავად დავიბრალებ. იქ, სადაც რაიმეს გარჩევა ხდება, ურთიერთობა ისეთი აღარაა, როგორიც უნდა იყოს. ახლა მე და ჩემი სამი შვილი ვართ ერთი მთლიანი, რაც არ უნდა დავიშალოთ ოჯახებად, მაინც ერთნი დავრჩებით. ჩვენი ოთხეულიდან სამს აქვს სრულფასოვანი შანსი, გააგრძელოს დამოუკიდებელი ცხოვრება.

– თქვენ რატომ უკარგავთ საკუთარ თავს ამ შანსს?

– მე უკვე ვნახე, რომ ეს, უბრალოდ, არ ღირს. გიას გარდაცვალებიდან ამდენი დრო რომ არ გასულიყო და უფრო ადრე გადამედგა ეს ნაბიჯი, შეიძლებოდა, უფრო ამწყობოდა ზვიადთან ურთიერთობა. თან, ეს იყო მძიმე ათი წელი. მეც შევეჩვიე ასე ყოფნას, როცა ხარ მარტო, თავისუფალი. თუმცა, დილით მარტო გაღვიძება კარგიც არის და საშინელიც, მაგრამ მე ხომ მარტო არასდროს ვიღვიძებ – ხანდახან ყურების დაცობა მინდა, რომ ჩემი ბიჭების ხმაური არ გავიგო (იცინის). მარტოობის განცდა უფრო მიმძაფრდება, როცა თბილ ოჯახებს ვხვდები. ფილმში რომ უყურებ, როგორია ოჯახური იდილია, როგორ ბრუნდება ცოლ-ქმარი სამსახურიდან, დასხდებიან ერთად და საუბრობენ, – ეს შეიძლება შენც მოგინდეს. ეს ჩვეულებრივი, ბუნებრივი მოთხოვნაა.

– თქვენს ეგზოტიკურ ცხოვრებაში, მეოჯახეობის გარდა, კიდევ რა არის ყველაზე მნიშვნელოვანი?

– ვგიჟდები მეგობრებთან ერთად ყოფნაზე, მათ გარეშე ცხოვრება არ შემიძლია. ასეთი ვარ დაბადების დღიდან. მიყვარს გართობა მეგობრებთან. ახლო წრეში ჩემგან კატეგორიულად აკრძალულია პოლიტიკური ჭორაობა. დამიჯერეთ, რომ პოლიტიკაში მყოფ ადამიანს ძალიან ეზარება პოლიტიკაზე ლაპარაკი, ისე როგორც ქირურგს აღარ უნდა სუფრასთან ღვიძლისა და ელენთის ხსენება (იცინის). ხანდახან ჩემთანაც აქვს ხოლმე პოლიტიკაზე საუბრის მცდელობას ადგილი, მაგრამ ამ მცდელობას ძირშივე აღვკვეთ ხოლმე. ისეც მშვენივრად ვერთობით, გვიყვარს სუფრა, მერე ვიწყებთ წანწალს, ჯგუფ-ჯგუფად დავდივართ, ხან ერთ ახლობელს მივადგებით, ხან – მეორეს. ასე ვიყავი მაშინაც, როცა ვიცე-პრემიერი ვიყავი. ღამის ორ საათზე დავადგებოდი ხოლმე მეგობრებს თავზე. მეგობრებთან ერთად კარტს ვთამაშობ, ვჭორაობთ. კაცებს ძალიან უყვართ ჭორაობა. ერთი თემა უნდა გადაუგდო და ჭორაობა მერე ნახეთ. როცა კაცები ჭორაობენ, ამით მაგრად ვტკბები (იცინის).

– ბოლო დროს ბევრჯერ შეიცვალეთ ბინა, გადაბარგდით, გადმობარგდით, თქვენც ეკონომიკური კრიზისი გიტევთ?

– ამ თემაზე საუბარი არ მიყვარს, მაგრამ როგორც ყველა, მეც ეკონომიკურ კრიზისში მოვყევი. უბინაობა ჩემი ყველაზე დიდი პრობლემაა. მე მომიწია ჩემი ბინის გაყიდვა. ამ სფეროში ბედი საერთოდ არ მაქვს. ბინა გავყიდე მაშინ, როცა ფასები დაცემული იყო და ყიდვას ვაპირებ მაშინ, როცა ფასები სამ-ოთხჯერ გაიზარდა. იმ ადამიანების თანადგომის წყალობით, ვინც გვერდით მყავს, ისე არ ვარ, როგორც ადამიანი ნული შემოსავლის პირობებში. ამ მხრივ ვერ დავიწუწუნებ. ჩემს შვილებს არაფერი არ აკლიათ, რაც მათ სჭირდებათ, მაგრამ მე არ მიყვარს, როცა სხვაზე ვარ დამოკიდებული. ესეც არის ჩემი მარტოობის ერთ-ერთი მიზეზი. ეს პრობლემა რამენაირად უნდა მოვაგვარო, თან როგორ მიყვარს ფულის ხარჯვა (იცინის). არ არსებობს, რომ მე ფული გადავდო და დავზოგო. რამდენი ფულითაც არ უნდა გავიდე გარეთ, სახლში უფულოდ შემოვდივარ. ვის არ უყვარს ფულის ხარჯვა, მაგრამ როცა უფულოდ ვარ, საშინელ ხასიათზე ვდგები. მომენატრა ის მდგომარეობა, როცა რასაც მინდოდა იმას ვყიდულობდი, როცა ჩემს საყვარელ ადამიანებს საჩუქრებით ვანებივრებდი. ახლა ამისი ფუფუნება აღარ მაქვს. კიდევ კარგი, სამკაულები და ძვირფასეულობა არ მიყვარს, თორემ რა მეშველებოდა? საბედნიეროდ, იმის საშუალება მაქვს, მეგობრებთან ერთად გავერთო, ვიარო ტაქსით. ბავშვობიდან მიყვარს ტაქსი, მჭირდება თუ არა, მაინც უნდა ჩავხტე ტაქსიში. ვგიჟდები ამაზე.

– აშკარად კომერცია გჭირდებათ.

– ამ ქვეყანაში ჩემი სახელი და გვარის გამოჩენა როგორ შეიძლება? მით უფრო ბიზნესთან კავშირში. მირჩევნია, ის ბიზნესი ჩემს სახელზე არ იყოს. მაგრამ, რაღაც აუცილებლად უნდა ვცადო. იქნებ, რაიმე შეიცვალოს და ისეთი სამსახური მქონდეს, ნორმალური ხელფასი ავიღო. ბოლოს და ბოლოს საპარლამენტო პენსიის დრო მომივა, მაგრამ პენსიის ლოდინში ვერ ვიქნები, რაღაც უნდა მოვიფიქრო (იცინის).


скачать dle 11.3