ვინ მოაჯადოვა გოგელამ ერიკ კლეპტონის სიმღერით და რა ბარიერის გადალახვა მოუწევს ნინი დედალამაზიშვილის რჩეულს „მგზავრების“ ბიჭებთან
ჯგუფი „მგზავრები“ არა მხოლოდ თინეიჯერებში, არამედ ყველა თაობის მსმენელშია პოპულარული და მათ სიმღერებს სიამოვნებით უსმენენ. მათი ალბომი გაყიდვებით პირველ ადგილზეა და „მგზავრების“ თუნდაც ერთი სიმღერა ყველა ოჯახში მოიპოვება. დღეს ჩვენი რესპონდენტები ჯგუფ „მგზავრების“ ორი წევრი – ნინი დედალამაზიშვილი და დათო გოგელია არიან. ისინი დიდი ხანია, მეგობრობენ და ერთმანეთს ყოველთვის მხარში უდგანან. როგორც „გოგელამ“ აღნიშნა ნინი მისი მეგობრის დაა და ამიტომ, ხელშეუხებელია. რაც შეეხება ნინის მომავალ რჩეულს, გოგონას ადვილად ვერავის დაუთმობენ და სანამ ვინმე ამ სტატუსით ისარგებლებს, ჯერ ყველა „მგზავრს“ უნდა მოაწონოს თავი.
– რამდენი ხანია ერთმანეთს იცნობთ?
დათო გოგელია (გოგელა): 2003 წელს დავიწყე „გეპეის“ კაპელაში სიმღერა, რომლის ხელმძღვანელიც ნინის დედა იყო. ნინიც მაშინ გავიცანი და მას შემდეგ ვმეგობრობთ. ნინი ჩემი ძმაკაცის დაა და ხელშეუხებელია. მას თუ ვინმე თითს დაადებს, ცუდად ექნება საქმე.
ნინი დედალამაზიშვილი: გეტყვი, როგორ გავიცანი და როგორ მივხვდი, რომ ბოლომდე ჩემიანია. დედამ კაპელას წევრები ექსკურსიაზე წაიყვანა, ორი ავტობუსი ბიჭები იყვნენ. საღამოს ჩემთვის ვიჯექი მინდორზე და „ადიელაში“ ვიყავი გახვეული. ამ დროს ერიკ კლეპტონის სიმღერის ხმა შემომესმა, რომელსაც გოგელა მღეროდა გიტარაზე.
გოგელა: ნინი ერიკ კლეპტონის სიმღერით მოვაჯადოვე (იცინის).
ნინი: გიგი ჩემი ბიოლოგიური ძმაა, დათო არაბიოლოგიური. თუ რამე პრობლემა მაქვს, ან რჩევა მჭირდება, მაშინვე დათოს ვურეკავ.
– გოგელ, ცოტა ხნის წინ თქვი, ძმაკაცის და ხელშეუხებელიაო და ამიტომ იყავი ასეთი მოკრძალებული ფოტოების გადაღების დროს?
– გიგი რომ შეხედავს ამ ფოტოებს, ნახავს, რომ მე ხელი არ მქონია გადახვეული, თვითონ მეხუტებოდა... ვხუმრობ, რა თქმა უნდა (იცინის). რაც მე და ნინის ერთად გვიგიჟია.
– რა გაგიკეთებიათ?
ნინი: მინსკში ვიყავით ფესტივალზე. დაჯილდოების ცერემონიალის წინა დღეს პროდიუსერებმა ჩუმად მითხრეს, რომ „მგზავრები“ მეორე ადგილზე გადიოდნენ. მე საიდუმლოდ დათოს ვუთხარი ეს ამბავი. მერე ვიღაცეებს ტელეფონები გამოვართვით და თბილისში დავრეკეთ, მეორე ადგილზე გავედითო. საბოლოოდ, ეს ამბავი ჩემი და დათოს გარდა კიდევ მთელმა ჯგუფმა იცოდა.
გოგელა: ერთ კურიოზს გავიხსენებ ამასთან დაკავშირებით. ფესტივალზე 12 ქვეყანა იღებდა მონაწილეობას. რომ ჩავედით, სასტუმროში გაგვაფრთხილეს, ჰოლში მოწევა და დალევა არ შეიძლებაო. პირველ დღეს კი დავიცავით ყველაფერი, მაგრამ მეორე დღეს უკვე სუფრა გვქონდა გაშლილი ქართული ჭაჭით, კონიაკითა და სიმღერებით. ხალხი შემოდიოდა და გვისმენდა. ბოლოს შეეჩვივნენ, რომ ყოველდღე ვიმხობდით იქაურობას. დაჯილდოების ცერემონიალის წინა ღამე თითქმის ქეიფში დაგვათენდა. საკონცერტო დარბაზში გამოაცხადეს, მეორე ადგილი ჯგუფი „მგზავრებიო.“ რომ არ გამოვჩნდით, ერთი-ორჯერ კიდევ დაიძახეს „მგზავრები“, „მგზავრებიო.“ მერე რომელიღაც მონაწილეს უთქვამს „ანი ნავერნა სპიატო“ და ასეც იყო. ღამენათევებს, ყველას მშვიდად გვეძინა. სასტუმროში მოდიოდნენ და გვილოცავდნენ. ჩვენ კი სუფთა „გრუზინულად“ მოვიქეცით. კი გაგვიხარდა მეორე ადგილი, მაგრამ არ გავიკვირვეთ.
ნინი: უფრო მაგარს მოგიყვები – ძმამ უწამლოდ რომ დამტოვა. ფესტივალზე რომ ვიყავით, ერთ დღეს ძალიან ცუდად გავხდი, ძალიან მაღალი სიცხე მქონდა. დედაჩემი, ჩვენგან განსხვავებით, ძალიან მოწესრიგებულია და სადმე რომ მივდივართ, წამლებით სავსე „აპტეჩკას“ გვატანს. თან, ყველას აწერია, რა რისთვისაა. ამიტომ ვიცოდი, აუცილებლად გვექნებოდა სიცხის დამწევი საშუალება. ძლივს ვლაპარაკობდი, გავედი ამათთან და გიგის ვუთხარი: მიშველე, წამალი დამალევინე-მეთქი. არანაირი წამალი არ მაქვსო, მიპასუხა. თურმე, რა ხდება: მოდიან ჩემთან კონკურსის რუსი და უკრაინელი მონაწილე გოგონები და მეუბნებიან, რა კარგი და ყურადღებიანი ძმა გყავს, ვისაც ყელის ან სხვა პრობლემა ჰქონდა, ყველას წამლებს გვაძლევდაო. გიგის დაურიგებია თუკი რამე წამალი გაგვაჩნდა და მე კინაღამ მოვკვდი.
– რა იყო, ამდენ ბიჭს ერთი გოგო გებარათ და ვერ მოუარეთ?
გოგელა: რა ჩვენი ბრალია, გიგი წამლებით თუ აბამდა გოგონებს და ყველაფერი მათ დაურიგა.
– ყველასთვის ცნობილი სიმღერა – „არადა მიყვარხარ,“ რომელიც შენ გეკუთვნის და გოგა ქაცარავასთან ერთად მღერი, თქვეს, რომ თავის დროზე, ეს სიმღერა ნინის დაუწერე. მართალია?
– არა. ამას რატომ მეკითხები, ინტრიგა გჭირდებათ თუ რა ხდება?
– არა, უბრალოდ, ასე ამბობენ.
– ამ სიმღერის თაობაზე ჩვენ ხომ უკვე ვისაუბრეთ?
– კი, მაგრამ იქ გოგოს სახელი არ გითქვამს.
– თქვენთან ხუმრობა არ შეიძლება, მერე არ მიაწეროთ ფრჩხილებში, იცინისო და ვინმეს მართალი ეგონება.
ნინი: არა, ღმერთმა დამიფაროს, ჩემთვის არ დაუწერიათ ეს სიმღერა. მათთან ისეთი ურთიერთობა მაქვს, რომ ვერც დათოს და ვერც გოგას მამაკაცად ვერ აღვიქვამ. ისინი ჩემი მეგობრები არიან, განსაკუთრებით დათო.
– წესით, ჯგუფში ამდენი ბიჭი, ერთ გოგოს უნდა ანებივრებდეს.
– ჩვენი ბიჭები, ისე, მართლა მანებივრებენ, ამას ყოველთვის ვგრძნობ. რაღაცეებს უფრო მეტად მპატიობენ.
გოგელა: ბოსის და არის, რა (იცინის). ნინის განებივრება არ სჭირდება. ისე, გიგი ხანდახან ზედმეტად მკაცრიც არის ნინის მიმართ. ვინც არ იცნობს, ვერ მიხვდება, ეს რა ადამიანია. ერთი შეხედვით ნინი საყვარელი და უსუსურია, მაგრამ ჩვენი განებივრება და რაღაცაში შველა, არ სჭირდება, დედას უტირებს, თუ დასჭირდა, ყველაფერს თავით გაიტანს. ერთი სიტყვით, ჭკვიანი ბავშვია, ცოტა „ხულიგანიც“.
– ნინი, გოგელა როგორია, როგორ დაახასიათებ?
– დავიწყებ იქიდან, რომ გოგელა სულ კარგ ხასიათზე მაყენებს, ძალიან პოზიტიური და ნიჭიერი ადამიანია. უსიტყვოდ ესმის ყველაფერი. ძალიან ერთგულია, რომლის იმედზეც შეგიძლია იყო. სხვათა შორის, შეყვარებულის ერთგულია ძალიან. სალომე ძალიან უყვარს.
– როგორი რეაქცია გექნებათ „მგზავრებს“, რომ გაიგოთ ნინის შეყვარებული ჰყავს, ან ვინმეს მოსწონსო?
გოგელა: ვაი, ის უბედური! ნინის შეყვარებული რომ გახდე, ჯგუფის ყველა წევრი სათითაოდ უნდა ჩამოიარო და ბარიერი გადალახო. თუ უღირს, ღმერთმა შეარგოს. ჩემი მხრიდან, როგორც ძმას, ისეთი რეაქცია მექნება და აუცილებლად, მოვისურვებ იმ პიროვნების ნახვას, ძალიან კარგად და ზრდილობიანად.
ნინი: აბა, მითხარი, როგორი უნდა იყოს?
გოგელა: ახლა, ნინი მეკითხება, როგორი უნდა იყოს თავისი შეყვარებული, მე რა ვიცი.
– მაშინ ის გვითხარი, როგორი არ უნდა იყოს?
– ჯიგარი და ჩვენნაირი ტიპი თუ იქნება, რა თქმა უნდა, გაგვიხარდება. ნინი ისეთი გოგო არ არის, ვინმემ დაჩაგროს. ამის იმედი ნამდვილად მაქვს. შანსი არ არის, ამას ვერავინ დაჩაგრავს.
– ნინის და გიგის ჩხუბზე ლეგენდები დადის. თუ შესწრებიხარ?
– ღადაობაა, რა. გიგი რომ ჩხუბობს, ნინი სერიოზული სახით უყურებს, ვითომ უსმენს. მერე გამოიხედავს, თვალს ჩამიკრავს და გიგის ენას უყოფს. მაგრა ემაიმუნება.
ნინი: გიგი რომ მეჩხუბება, საწყალ სახეს ვიღებ, თვალში ხელს ვიტაკებ, ცრემლები რომ წამომივიდეს. მერე ბიჭებს ვეცოდები და აღარაფერს მეუბნებიან. ოთახის გარეთაც აღმოვჩენილვარ გაპანღურებული.
– გჩაგრავენ?
– ერთადერთი ადამიანი, ვისაც ჩემი დაჩაგვრა შეუძლია, არის გიგი, ისიც ჩემი ნებართვით.
– ერთმანეთს რას უსურვებთ?
გოგელა: მინდა, ნინიზე ყოველთვის კარგი გავიგო, ასჯერ გაზომე და ერთხელ გაჭერიო, ხომ გაგიგიათ?
ნინი: გოგელას თავის გიტარაზე, რომლითაც კონცერტებზე გამოდის, მარკოს მილერის ავტოგრაფი აქვს. მე კი ვუსურვებ, რომ სხვა ბასისტებს გიტარაზე დათო გოგელიას ავტოგრაფი ჰქონოდეთ.