როგორ დაძლია ორლანდო ბლუმმა მძიმე ბავშვობის ტრავმა და რა მავნე ჩვევა ვერ მოიშორა მან
ინგლისის ერთ-ერთ ქალაქ კენტერბერში 1977 წლის 13 იანვარს ბლუმების ოჯახში დაიბადა პატარა ბიჭუნა, რომელსაც უნდა გაეგრძელებინა ბლუმების განთქმული ევროპული გვარი. გარი ბლუმს წარმოდგენაც არ ჰქონდა იმაზე, რომ ამ პატარა, შავთვალა ბიჭში მისი სისხლის არც ერთი წვეთი არ იყო. მხოლოდ გარი ბლუმის გარდაცვალების შემდეგ გაუმხილა დედამ პატარა ორლის, რომ მისი ნამდვილი მამა, არა პროფესორი ბლუმი, არამედ თავისი თანამშრომელი კოლინს სტოუნი იყო. უცნაური შეგრძნება ჰქონდა ორლანდოს იმ დროს. მას თავზარი დაეცა, ერთდროულად დაკარგა და იპოვა. იგი სრულ გაურკვევლობაში იყო. ვერ ხვდებოდა, რომელი უფრო ახლოს იყო მის გულთან, დაკარგული, თუ ახლად შეძენილი მშობელი. საბოლოოდ იგი შეეგუა ამ აზრს, მაგრამ გვარი მაინც არ შეიცვალა.
ორლანდოს ოჯახში მთავარი ფიგურა ყოველთვის დედა იყო. მხიარული და ამავე დროს მკაცრი. ყველა მას ემორჩილებოდა. თითქოს მთელი სამყარო მის ირგვლივ ტრიალებდა. დედას პატარა ორლი ყოველთვის თან დაჰყავდა ყველა თეატრალურ პრემიერაზე.
მისი აღმზრდელი მამა, პროფესორი გარი ბლუმი სამართალმცოდნეობას ასწავლიდა კენტერბერის უნივერსიტეტში. 16 წლის ორლანდო ლონდონში გაემგზავრა, სადაც ორი წელი წარმატებულად გამოდიოდა ნაციონალურ-ახალგაზრდულ თეატრში. გახდა სტიპენდიანტი.
სამსახიობო ხელოვნების ბრიტანულ-ამერიკულ აკადემიაში სწავლის პერიოდში, ორლიმ როლი მიიღო სპექტაკლში „გასეირნება ვენის ტყეებში,” შემდეგ პატარა როლი შეასრულა ბრაიან გილ ბერცის ფილმში Wilde, რომელიც კინოგაქირავებაში 1997 წელს გამოვიდა. ამან საფუძველი დაუდო მის კარიერას კინოში. კრიტიკოსებმა ეს ფილმი მიწასთან გაასწორეს, მაგრამ ამ ეპიზოდურმა როლმა ვარსკვლავის მომავალი განსაზღვრა.
ორლანდო ბლუმს ძალიან უყვარდა ლონდონი. განსაკუთრებით კი მის ქუჩებში დილიდან შუადღემდე ხეტიალი იყო მისთვის სასიამოვნო. დღის ამ მონაკვეთში სრული სიჩუმე სუფევდა. ცარიელი იყო კაფეები, სკვერები, მეტრო. თითქოს ქალაქი ისვენებდა ხმაურიანი დილისგან.
ორლანდოს კარიერა დღითიდღე წინ მიიწევდა. მან აიყვანა საკუთარი აგენტი, რომლის დახმარებით ორლი ბლუმმა ერთ-ერთი მთავარი როლი მიიღო პიტერ ჯექსონის ტრილოგიაში „ბეჭდების მბრძანებელი.” ამან კი ორლი კინოეკრანის კაშკაშა ვარსკვლავად აქცია. ორი წლით ადრე მან ჰილდჰოლის მუსიკისა და დრამის პრესტიჟულ სკოლაში ჩააბარა, რამაც დიდი გავლენა იქონია მის კარიერაზე.
მომდევნო წლების განმავლობაში ორლანდო მონაწილეობას იღებდა, როგორც დაბალბიუჯეტიან, ისე მაღალშემოსავლიან ფილმებში. ასეთებია: „ტროა,” „კარიბის ზღვის მეკობრეები,” „ზეციური სამეფო” და ასე შემდეგ.
ორლანდო ბლუმი ყოველთვის სასურველი სასიძო იყო ჰოლივუდში. მას რომანი არაერთ ცნობილ ჰოლივუდელ ლამაზმანთან ჰქონდა: უმა თურმანთან, მირანდა ჯერისთან, პენელოპა კრუზთან. ეს ორლანდო ბლუმის მეგობარი ქალების არასრული სიაა. 2007 წელს ვარსკვლავმა არჩევანი მირანდა კერიზე გააკეთა. ეს მიმზიდველი გოგონა „ვიქტორია სიკრეტის“ მოდელია. ორლანდოსა და მირანდას ერთობლივი ცხოვრება დიდხანს გაგრძელდა. თუმცა მირანდა ის ქალი იყო, რომლისგანაც ორლიმ არასდროს იცოდა რა ელოდა. მას შეეძლო ტელეშოუში თამამად ეთქვა, რომ ორლი ხშირად არ იცვლის წინდებს და ფრჩხილებს იჭამს ან თუნდაც ის, რომ უაზრო იუმორი აქვს და ასე შემდეგ. ამ ყველაფრის მიუხედავად, ორლანდო მაინც მასთან რჩებოდა, რადგან „თუ მირანდა კარგ ხასიათზეა, მასთან შეიძლება ყველაზე კარგი დრო გაატარო”, – ამბობს ორლი.
ორლანდო თავისუფალ დროს აწყობდა პიკნიკებს, დადიოდა სათევზაოდ თავის ნამდვილ მამასთან ერთად. ცხოვრებაში ჰქონდა ხოლმე მომენტები, როცა მარტო დარჩენის სურვილი უჩნდებოდა, სურდა დაევიწყებინა ვარსკვლავური ცხოვრება, სახლი ლოს-ანჯელესში, მდიდრული მანქანები, მილიონიანი ჰონორარები.
ორლანდო თანდათან უფრო და უფრო ცნობილი მსახიობი ხდებოდა, მან უამრავი პრემია თუ ჯილდო დაიმსახურა. ბავშვობაში მის ასეთ წარმატებას ვერავინ წარმოიდგენდა. მისი ფსიქოლოგი ამტკიცებდა, რომ ბიჭს დისლექსია აქვსო. დაავადება, რის შედეგადაც ადამიანს არ შეუძლია, აითვისოს ტექსტები, გონება აქვს შეზღუდული. გარდა ამისა, ბავშვობაში იყო მსუქანი და უშნო. თანაკლასელები მას „დედიკოს ბიჭს” ეძახდნენ, მაგრამ ეს პატარა, პუტკუნა ბიჭუნა, სკოლის დრამატულ წრეში შევიდა და გახდა ვარსკვლავი. ბიბლიის ტექსტების ხანგრძლივმა კითხვამ, შედეგი გამოიღო. ის უკვე ადვილად ითვისებდა კლასიკას და იმახსოვრებდა დიდ ტექსტებს. ისე კითხულობდა ბიბლიას, რომ მსმენელებს ცრემლები მოსდიოდათ.
ბლუმის ცხოვრებაში იყო შემთხვევა, როცა მისი კარიერა საფრთხის წინაშე აღმოჩნდა. მეგობრებთან ერთად ერთ-ერთ წვეულებაზე შეზარხოშებული მსახიობი მესამე სართულის ტერასაზე ფანჯრიდან გადაძვრა, წყლის მილს დაეყრდნო, რომელმაც უმტყუნა და ექიმის ვერდიქტი მძიმე გამოდგა. უთხრეს, რომ ხელჯოხის გარეშე ვერ ივლიდა. არც ის დაუმალავს, რომ ოპერაცია წარუმატებლად ჩაივლიდა და ფეხზე ვეღარასოდეს დადგებოდა. მისი ბავშვობის ოცნებას – სუპერმენი გამხდარიყო, საფრთხე დაემუქრა. საბედნიეროდ, ყველაფერი უკეთესობისკენ განვითარდა. ორლანდო გამოჯანმრთელდა და მისი ოცნება, გამხდარიყო ჰოლივუდის კაშკაშა ვარსკვლავი, მხოლოდ განუხორციელებელ ოცნებად არ დარჩენილა. ის იძულებული გახდა, შეესრულებინა პროსტიტუტი გეის როლი.
ამჟამად, ორლანდო ბლუმი და ჯეიმს კორდენი შეუერთდნენ ანდერსონის 3D ვერსიით შექმნილ ფილმს „სამი მუშკეტერი.” ფილმის წარმოებით დაკავებულია კომპანიები – Cohstantion Film და Impact pictures. ბლუმი შეასრულებს ჰერცოგ ბეკინგემის როლს. ბრიტანელი კომიკოსი კორდენი კი დარტანიანის მსახურისას.
ორლანდო ბლუმი ასევე გახდა გაეროს ბავშვთა ფონდის „უნისეფის” საერთაშორისო ელჩი.
ორლანდომ ცოტა ხნის წინ დაასრულა მუშაობა ფილმზე The good doctor, სადაც მან არა მარტო ითამაშა, არამედ პროდიუსერიც იყო. ფილმის გადაღება დაგეგმილია 2010 წლის სექტემბერში. პრემიერა კი 2011 წლის ზაფხულშია დანიშნული.