კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რას აიძულებს ნიკა მემანიშვილი ცოლს და რატომ დაშორდა ის ევროპის მეფეთა მემკვიდრე ქალს


ბოლო დროს ინტერვიუებს ხშირად აღარ იძლევა – არ სცალია და იმიტომ, თორემ, ვარსკვლავური სენი ნამდვილად არ შეჰყრია – ეს არც კი იცის, რა არის. სახლიდან სამსახურში ყვითელი ავტობუსით დადის, სადაც ბილეთზეც „ეპატიჟებიან“ და სიყვარულშიც ხშირად უტყდებიან. წარმატებებს ადრეული ასაკიდან გაუგო გემო, მაგრამ, იღბლის ნებიერა რომ იყო, გვიან მიხვდა... 31 წლის ასაკში ნიკა მემანიშვილმა ცხოვრებისგან იმაზე მეტი ნახა და მიიღო, რაზეც ოდესმე შეიძლებოდა, ეოცნება, თუმცა, ამას ბევრი რამ არ შეუცვლია – „კარნეგი ჰოლს“ მშობლიური რაჭის ღელე ურჩევნია, სამეფო შთამომავლობის ქალს კი – ჩვეულებრივი ქართველი ქალის დიდი სიყვარული, რომელსაც ბევრი ღირსებით დაჯილდოებული მუსიკოსი იღბალმა ჯერ კიდევ ვერ შეახვედრა...


ნიკა მემანიშვილი: რა თქმა უნდა, იღბლიანი ადამიანი ვარ – ამის თქმის ძალიან ბევრი საბაბი მაქვს: იღბლიანი ვარ იმიტომ, რომ მყავს ისეთი დედა, როგორიც მყავს; ისეთი მასწავლებლები და მეგობრები, რომლებიც შემხვდნენ; იღბლიანი ვარ იმიტომ, რომ ასეთი პროფესია მაქვს, რომ ასეთ ქვეყანაში დავიბადე, რომ ამ ქვეყანას ზუსტად იმ დროს, როცა მე ვცხოვრობ, ასეთ პატრიარქი ჰყავს და, კიდევ ის, რომ ისეთ საინტერესო სამყაროში მომიწია ცხოვრება, როგორიც არის მეოცე და ოცდამეერთე საუკუნეების მიჯნა. იღბლიანი ვარ იმიტომ, რომ მომეცა შანსი, რომლის წყალობითაც ვხელმძღვანელობ სახელმწიფო სიმფონიურ ორკესტრს და, საერთოდ, ეროვნულ მუსიკალურ ცენტრს; იღბლიანი ვარ იმ სიყვარულისთვის, რომელსაც ხალხისგან ყოველთვის ვგრძნობ – ეს ხომ ცოტა არაა იმისთვის, ვთქვა, რომ იღბლიანი ვარ?!

– ამ ქვეყანას მაშინ მოევლინეთ, როცა მშობლები უკვე აღარ „გელოდნენ“. ალბათ, ამაშიც ერია იღბლის ხელი?

– როგორც დედასგან ვიცი, ჩემი გაჩენა ძალიან რთული იყო, მეც ვიჩქარე, რვა თვის „ვიყავი,“ როცა გავჩნდი. იმისთვის, რომ სრულყოფილი ვყოფილიყავი, ექიმებს ბევრის გაკეთება დასჭირდათ. თურმე, დედას იმასაც ეუბნებოდნენ, ვერ გადარჩება და, თუ გადარჩა, ნორმალური არ იქნებაო. ამის გამო ზედმეტად მიფრთხილდებოდნენ კიდეც. ამას ისიც ემატებოდა, რომ, როცა გავჩნდი, ჩემი მშობლები ასაკში იყვნენ, და ძალიან მანებივრებდნენ. იმის მიუხედავად, რომ დედას ჩემ მიმართ ასეთი დამოკიდებულება ჰქონდა, არ მახსოვს, ოდესმე შევექე, მისი კრიტიკა კი ბევრჯერ გამიგია (იცინის). ვფიქრობ, რომ ეს სწორი იყო, ბევრი ქებით დათვურ სამსახურს გამიწევდა, გამათავხედებდა.

– ბიჭი ნოტებით ხელში – მეგობრების ხუმრობის თემა არ ხდებოდა?

– არა, პირიქით, იმ უბნელებისგანაც კი მოწიწებას ვგრძნობდი, რომლებსაც მუსიკასთან არაფერი აკავშირებდათ და სხვა განზომილებაში ცხოვრობდნენ. არსებობენ ბავშვები, რომლებიც მუდმივად მეცადინეობენ და თანატოლებთან გაუცხოება სჭირთ, მე არ ვიყავი ასეთი. თავისუფალ დროს ვატარებდი მეგობრებთან – მათთან ერთად ვიპარებოდი მეზობლის ბაღში და ვიპარავდი თხილს, დავრბოდი წინ და უკან, მეც ვეწეოდი ჩუმად სიგარეტს, დავდიოდი „შატალოზე“. ასე რომ, არ ვიყავი ძალიან ბუნჩულა ბიჭი, ყველაფერი გავიარე და ვნახე, რაც იმ ასაკს ახლავს.

– თურმე კარატეზეც კი დადიოდით. ნიკა მემანიშვილი და ჩხუბი ერთად – ძნელი წარმოსადგენია.

– 13-14 წლის ვიყავი, როცა მოვინდომე და მალულად დავიწყე კარატეზე სიარული, სერიოზულად ვეკიდებოდი სპორტის ამ სახეობას. ჩემი მასწავლებელი იყო თავდაცვის ყოფილი მინისტრი, დათო თევზაძე. დათო ძალიან კარგი მასწავლებელი იყო, მეც ძალიან შემაყვარა კარატე. წელიწად-ნახევარი ვმალე ეს ამბავი, მერე რაღაც „ჩეპე“ დამემართა, ხელი ცუდად მოვიქნიე და დამიზიანდა, ამას მთელი გამოძიება მოჰყვა და მეც ვაღიარე, რომ ეს ტრავმა კარატეზე დამემართა. ჩემი მშობლები მივიდნენ დათოსთან და უთხრეს, რომ კარატე მუსიკაში ხელს შემიშლიდა, მერე თვითონ დათო დამელაპარაკა: შენი საქმისთვის ჯობია, რომ არ გააგრძელო კარატეზე სიარულიო, ასე ნაადრევად დავამთავრე კავშირი ამ სპორტთან, მაგრამ ილეთების სწავლა მაინც მოვასწარი.

– როგორ გადაგქონდათ რთული პერიოდები, რომლებიც თქვენს ცხოვრებაში საკმაოდ ხშირად იყო?

– ტაშით. ჩემს ცხოვრებაში იყო ძალიან ბევრი შთამბეჭდავი ტაში: იყო შემთხვევები, როცა ჩემს ბოლო აკორდზე ათასობით ადამიანი წამომდგარა ფეხზე, როცა დარბაზში მყოფთა უმეტესობა ტიროდა. მახსოვს ის სიჩუმე, რამდენიმეწამიანი სიჩუმე, რომლადაც ღირს ყველაფრის შექმნა. მიყვარს ტაშამდე სიჩუმე, მაგ დროს გულისცემა ისე გესმის, როგორც ბომბის ხმა... ტაშს იმდენად დიდი ზემოქმედების ძალა აქვს, რომ ერთი ტაშიდან მეორე ტაშამდე შუალედში, ტკივილის მიუხედავად, არ გეძლევა საშუალება, უიღბლობაზე იფიქრო, თუ არ ჩავთვლით ტკივილს, რომელიც ახლობელი ადამიანების დაკარგვას უკავშირდება. ასეთი მძიმე იყო ჩემთვის მამის, დეიდის, ჩემი მასწავლებლის – მიხეილ შუღლიაშვილის გარდაცვალება. გავიდა დრო და დავკარგე ბევრი ახლო მეგობარი, მათ შორის ფლეიტისტი დათო ოძელაშვილი... რატომღაც, ისე მოხდა, რომ სიკვდილი ჩემი ბავშვობიდან მოყოლებული იყო ჩემთან ახლოს. 3 წლის ვიყავი, როცა მამის ბებია გარდამეცვალა, დაკრძალვის პროცესი ისე ჩამრჩა მეხსიერებაში, რომ როგორც კი ფანქარი ავიღე ხელში, დასაფლავების ცერემონიალების ხატვა დავიწყე. დღემდე შემონახული გვაქვს ჩემი ასეთი ნახატები, ეტყობა, ამან ისე იმოქმედა ჩემზე, რომ დღეს მე სიკვდილის მიმართ მოსიყვარულე დამოკიდებულება მაქვს. არასდროს მეცოდება გარდაცვლილი ადამიანი და არასდროს არ მაქვს იმის განცდა, რომ სიკვდილის უნდა მეშინოდეს. სიკვდილი ჩემთვის ახლის დასაწყისია და, მგონია, რომ მაგ დროს განსაკუთრებით ცუდი არაფერი ხდება.

– ბედისწერის გჯერათ?

– მჯერა ბედისწერის, მაგრამ, ვფიქრობ, რომ ჩვენ გვაქვს არჩევნის საშუალება. ეს ჩვენი ბიბლიიდანაც მოდის – ევას ჰქონდა არჩევანი, არ დაეჯერებინა გველისთვის და ის ვაშლი არ ეჭამა... ჩემი აზრით, ბედისწერა ჰგავს ხეს, რომელიც მოდის ფესვიდან, მიდის ზემოთ და იტოტება. ცხოვრების რაღაც ეტაპზე ჩვენ თავად ვირჩევთ, რომელ ტოტს უნდა გავყვეთ და, შესაბამისად, ჩვენი ბედისწერაც იქით მიემართება. მერე იქაც გვეძლევა განშტოებები – ბედისწერა სწორხაზოვნად არასდროს მიდის.

– თქვენი ბედისწერის ყველა ტოტი ხომ მუსიკასთან მიდიოდა?

– არა, იყო სხვა ტოტებიც. ყველა ტოტი, შეიძლება, მუსიკასთან მიდიოდა, მაგრამ ცხოვრებისეული მოვლენების შეცვლა ნამდვილად შემეძლო. 14 წლის ვიყავი, როცა ძალიან ბევრგან ვუკრავდი, რომ ოჯახი მერჩინა, მათ შორის იყო სასტუმრო „მეტეხი“. სწორედ იმ პერიოდში, „მეტეხში“ უცხოელების დიდი დელეგაცია ჩამოვიდა, დელეგაციის წევრებს შორის იყო ბერკლის ჯაზის აკადემიის პრორექტორი და ბრწყინვალე მესაყვირე, მან შემთხვევით მოისმინა, როგორ ვუკრავ, გავარდა თავის ნომერში, ჩამოიტანა თავისი ინსტრუმენტი და იქ საოცარი იმპროვიზირებული საღამო გავმართეთ. ამ ადამიანმა სასწრაფოდ მოითხოვა დედაჩემთან შეხვედრა და დედას უთხრა: მთელ ხარჯს მე ვიღებ, წავიყვან ჩემთან და მისგან დიდ ჯაზურ მუსიკოსს გავზრდიო. მე უარი ვთქვი, რადგან მიმაჩნდა, რომ ჯაზური მუსიკოსი არ უნდა გავმხდარიყავი, მე რომ სხვა არჩევანი გამეკეთებინა, ახლა ვიქნებოდი ამერიკაში მოღვაწე ქართველი ჯაზმენი, მაგრამ, არ ვარ (იცინის).

– ნიკა მემანიშვილს სრული ბედნიერებისთვის ბევრი რამ აკლია?

– რა თქმა უნდა, არა. ნიკა მემანიშვილს არ ჰყავს ცოლი და შვილები. ამაზე მეც ვწუხვარ, დედაც და ჩემი ყველა მეგობარიც (იცინის). ერთ გოგონასაც მივაგენი და მეტსაც, ვინც ნიკა მემანიშვილს მოეწონებოდა, მაგრამ, ჩვენი ურთიერთობები ვერ აეწყო, ალბათ, იმიტომ, რომ არასდროს მიმიღია გადაწყვეტილება, რომ ეს ურთიერთობები მარადიული უნდა გახდეს. ამას მაინცდამაინც არ ვუფიქრდები, მაგრამ, მინდა, რომ მყავდეს ცოლი და შვილი, შინაგანად მზად ვარ იმ სიყვარულის გასაცემად, რომელიც ოჯახს სჭირდება.

– როგორც ვიცი, სამი მეფის შთამომავალთან გქონდათ რომანი. ის ურთიერთობა რატომ დასრულდა ასე? თუ, მაინცდამაინც ქართველი გოგო გინდათ ცოლად, რაჭული ლობიანის ცხობა რომ იცოდეს?

– სამწუხაროდ, ჩვენ ერთმანეთს დავშორდით, თავიდან გაგვიჭირდა ერთმანეთის გარეშე, მაგრამ მერე გავძელით. ალბათ, არც ერთს არ გვჭირდა ის სიგიჟე, რაც სიყვარულს სჭირდება. იმ გოგონასთან ჩემს ურთიერთობას აუცილებლად ასეთი ფინალი ექნებოდა, მისი ოჯახი საცხოვრებლად პოლონეთში გადავიდა, მე ვერ წავყვებოდი მათ პოლონეთში, თუმცა, ძალიან კარგი გოგო იყო, არაჩვეულებრივი მწერალი. გამიხარდება, რომ ქართველი ცოლი მყავდეს, კარგი იქნება რაჭულ ლობიანსაც თუ გამოაცხობს, მაგრამ, თუ არ ეცოდინება, არც ესაა პრობლემა – ვაიძულებ, რომ ისწავლოს (იცინის).

– დიდი სიყვარულის მოლოდინში მყოფი ნიკა მემანიშვილი მუსიკის გარდა კიდევ რით ცხოვრობს?

– მოგზაურობა მიყვარს – ეს სისხლის გადასხმაა ჩემთვის. ჩემი ყველაზე დიდი ჰობია ნოტებისა და დისკების შეძენა და მოგროვება. როცა ავსტრიაში ვცხოვრობდი, იყო შემთხვევები, ერთი კვირა საჭმელი არ მქონია და იმ თანხით, რაც გამაჩნდა, ჩანაწერები მიყიდია. როცა მსუქანი ვიყავი, არანაირი ტანსაცმელი არ მეტეოდა, ფული, რომელსაც მე ჩემი შრომით ვშოულობდი, რაღაცაში ხომ უნდა დამეხარჯა? ვერ ვყიდულობდი ტანსაცმელს, სამაგიეროდ, ვყიდულობდი ნოტებსა და დისკებს. ზოგადად ფულთან ძალიან ცუდი დამოკიდებულება მაქვს – ვერასდროს ვერ ვაგროვებ თანხას, სულ მაქვს ვალები, არც ერთ ბანკში კრედიტს არ მაძლევენ, რადგან ყველა „შავი სიის“ მოწინავე პოზიციაზე ვარ.

– ახლა, როცა წარმატებებით განებივრებული ხართ, არის რამე, რაც იმ რთული წარსულიდან გენატრებათ?

– არის და ეს რაჭაა. რაჭა ყველგან და ყოველთვის მენატრება, იქ მიყვარს ყველა ბუჩქი, ღელე, ქვა, ქათამიც კი (იცინის). სიამოვნებით ვიცხოვრებდი რაჭაში, კომფორტი რომ იყოს. ბევრჯერ მიფიქრია რაჭაში გაქცევაზე, იქ ცხოვრებაზე – იქაური გარემო ხომ ყველაზე კარგი გარემოა მუსიკის შესაქმნელად. მე ვცხოვრობ რაჭით – ესაა ჩემი ყველაზე დიდი კარნეგი ჰოლი.


скачать dle 11.3