კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

.„წერილის წაღებას“ გადარჩენილი ძმაკაცი, პირღია ჩეკისტი, „პახმელიაზე“ გამოსული უკბილო ძმაკაცი და საიქიოდან მობრუნებული მეზობელი


ექიმი, მომღერალი, პოეტი, ნაღდი თბილისელი, კოლორიტი და, უბრალოდ, კარგი ადამიანი – ასე მოიხსენიებენ გია კობახიძეს მეგობრები და ამაში მასთან ურთიერთობისას ნამდვილად დავრწმუნდი. ბატონი გია ხალასი იუმორით, ვაჟკაცური ქცევითა თუ ნაღდი ქალაქური სიტყვა-პასუხით, ნამდვილად გამოირჩევა. მან ლექსების წერა 50 წლის ასაკში დაიწყო და ეს არავის გაჰკვირვებია. ამით მან გულში დაგროვილი სათქმელი თამამად გამოიტანა სამსჯავროზე და დაგვანახვა, რომ მარადიული მხოლოდ ღმერთი, სიყვარული და ადამიანებს შორის ურთიერთობებია. გია კობახიძე თავისი წარსულითაც და აწმყოთიც, თავაწეული დადის. როგორც თავად ამბობს, მისთვის თბილისის გარეშე ცხოვრება წარმოუდგენელია და ამ ქალაქთან უამრავი ისტორია აკავშირებს.


რესტორანში „გაორებული“

ზაურ ბოლქვაძე და გადარეული ოფიციანტი

ერთხელ, ზაურ ბოლქვაძე და მისი მამიდაშვილი რესტორანში შევიდნენ. ეს რესტორანი მთლიანად სარკეებში იყო „ჩასმული“ და განთქმული იყო იმით, რომ აზერბაიჯანული ვარდისფერი შამპანურის დალევა აქ შეიძლებოდა. მოკლედ, დასხდნენ და ხუმრობა-ხუმრობაში და ლაპარაკ-ლაპარაკში თითომ ხუთ-ხუთი ბოთლი შამპანური დალია. უცებ მამიდაშვილმა უთხრა ზაურს: ბიჭო, ამდენი ხანია ვსხედვართ, გვერდით მაგიდასთან, ვიღაც ორი ტიპი ზის და რამდენჯერაც გავიხედე, იმდენჯერ აქეთ იყურებიან. მაგრად მეცნობა ორივე და ვერ ვხვდები საიდან, მგონი, ჩვენიანები უნდა იყვნენ. მოდი, გავუგზავნოთ შამპანური, ისინიც ამას სვამენო. გაიხედა ზაურმა, დაეთანხმა და ოფიციანტს დაუძახეს. მოვიდა ოფიციანტი და უთხრეს: დაიკო, აი, იმ ტიპებს ჩვენგან ხუთი ბოთლი ასეთი შამპანური მიართვიო და გაახედეს გვერდზე. ოფიციანტმა გაიხედა, მერე ამათ შეხედა და გაოცებული წავიდა. ერთ წუთში მეორე ოფიციანტი მიუახლოვდა და ჰკითხა: უკაცრავად, ბატონებო, მაგრამ, რა გნებავთო? ზაური გაოცდა, გაშალა ხელები და უთხრა: კაცო, ხომ ვუთხარი იმ ოფიციანტს, აი, იმ ორ კაი კაცს ჩვენგან ხუთი ბოთლი შამპანური გაუგზავნე, რა ვერ გაიგოო. ოფიციანტი დაფიქრდა და ჰკითხა: უკაცრავად, მაგრამ ვის უნდა მივართვათ ეს სასმელიო. ზაურმა ხელი გაიშვირა: აი, იმ ორ კაცსო. ოფიციანტი სულ გადაირია: როგორ გეკადრებათ, ბატონო, იმ სარკეში თქვენი გამოსახულება ჩანს, რა დალიეთ ამდენი, საკუთარ თავს რომ ვეღარ სცნობთო.

მოკლე დღე და დროში ჩატეული სმა

ერთხელ მე და დათო გოგიაშვილი მეგობართან ვიყავით. წავუქეიფეთ და იქ დავრჩით. ზამთარი იყო, ციოდა. დილით, გავიხედეთ, მეზობლის კაცი შემოვარდა და ამ ჩვენს მეგობარს დაადგა თავზე: ადექი, ბიჭო, არაყი დამალევინეო. დათო გაგიჟდა და აღშფოთება ვერ დამალა: რა არის, შე მამაცხონებულო, ამ დილაადრიან არყის სმა ვის გაუგიაო. იმანაც დინჯად უპასუხა: რა არის, იცი, ჩემო კარგო? ახლა ზამთარია და, შესაბამისად, მოკლე დღეა, ამიტომ დალევა დილიდან უნდა დაიწყო კაცმა, რომ საღამოსთვის შეზარხოშებული იყო. მეც ამიტომ ვიწყებ დილით სმას, რომ დროში ჩავეტიოო.

პირდაღებული ჩეკისტი და საპატიო სავარძელი

სტომატოლოგი გახლავართ და ერთი ხნიერი, სიმპათიური კაცი მოვიდა ჩემთან კბილების გასაკეთებლად. თურმე, თავის დროზე, უშიშროების სამსახურში მუშაობდა და პოლკოვნიკის წოდებაც ჰქონდა. დაჯდა სტომატოლოგიურ სკამზე და დააღო პირი. საკმაოდ დიდხანს მომიწია მუშაობა და იჯდა ასე, მორჩილად. როგორც იქნა, დავასრულე მუშაობა და, რომ ვუთხარი, პირი დახურეთ-მეთქი, სიცილი აუვარდა. ვკითხე, რა მოხდა-მეთქი. მიპასუხა: რა მოხდა და, მთელი ცხოვრება ჩეკისტი ვარ და ახლა მივხვდი, თურმე, ერთადერთ ადგილას ეპატიება ჩეკისტს პირღიობა. კბილის ექიმის სავარძელშიო.

„წერილის წაღებას“ გადარჩენილი ძმაკაცი

სამსახურში მომაკითხა მეგობარმა. შეწუხებული ჩანდა. ვკითხე, რა მოგივიდა, მითხარი, იქნებ დაგეხმარო-მეთქი. მითხრა: ერთ-ერთ სამინისტროში წერილი მაქვს წასაღები, ვიცი, იქ შენი ახლობელი მუშაობს და, იქნება, დარეკო და ორი სიტყვა შემაშველოო. მოკლედ, შენ დარეკე და მე წერილს წავიღებო. მე ვუთხარი: შენ შემოგევლე, ოღონდ შენ წერილი არ წაიღო და ცოცხალი მყავდე და მე თავად მივალ და დაველაპარაკები-მეთქი.

ენამოსწრებული გიზო ნიშნიანიძე და ფეხებზე დაკიდებული ფეხები

გიზო ნიშნიანიძემ დაურეკა თავის მეგობარ ომან ომანიძეს, რომელსაც ცოტა ფეხები სტკიოდა და სახლიდან გამოსვლას ერიდებოდა და უთხრა: საქეიფოდ მივდივართ ბიჭები, ომან და, გელოდებით, წამოდიო. ომანი შეწუხდა: გიზო, ჩემო საყვარელო, კი წამოვალ, გულით მინდა თქვენთან ქეიფი, მაგრამ, ფეხები მტკივა და, ამიტომ, სახლში დავრჩე, მირჩევნიაო. გიზო გადაირია: თუ ქეიფი და ჩვენთან ყოფნა გინდა, ფეხებზე დაიკიდე ფეხები და წამოდი, რა პრობლემააო.

„პახმელიაზე“ ხუმრობით გამოსული უკბილო მეგობარი

ჩემი უფროსი მეგობარი გახლდათ გენრიხ იმნაძე. კბილები რომ დასცვივდა ასაკში შესულს, სულ ვეხვეწებოდი, მოდი ჩემთან და გაგიკეთებ-მეთქი. ყოველთვის უარს მეუბნებოდა. იმიზეზებდა – არ შემიძლია ხელოვნური კბილები, ვერ ვიგუებ, მირჩევნია, უკბილომ ვიაროო. ერთხელაც, მირეკავს: ბიჭო, გია, როგორ შევცდი, კბილები რომ არ გაგაკეთებინე, ამას წინათ მაგრად შევრცხვი, გამაშაყირეს და, კი ვინანე, რომ არ დაგიჯერეო. დავინტერესდი და ვკითხე, რა მოხდა-მეთქი. მიამბო: წინა დღეს ვიქეიფე და მეორე დილით მაგარ „პახმელიაზე“ ვიყავი. გავიხედე, გელა აბაშიძემ დამირეკა – „ქალაქურში“ ვართ და აუცილებლად მოდიო. ახლობლებთან ვზივარ, შენ ამათ არ იცნობ, თან, ვიცი „პახმელიაზე“ ხარ, ცივი შამპანური გამოგიყვანს და ჩემზე იყოსო. ავდექი და მივედი. მართლა არავის ვიცნობდი იქ მყოფთაგან. დავჯექი თუ არა, გელამ ჭიქა ასწია და სადღეგრძელო წარმოთქვა: მე იმ კაცის დედა ვატირე, ვინც „პახმელიაზე“ ცივ შამპანურს დალევს და კბილს-კბილზე არ დაარტყამსო. ყველამ მე გადმომხედა. ისე შემრცხვა, „პახმელიაზე“ ეგრევე გამოვედი, რაღა დამალევინებდა იქ სასმელსო.

საიქიოდან დაბრუნებული მეზობელი

ჩემს ერთ მეგობარს ჰყავდა მეზობელი კაცი, რომელსაც ვერავინ იტანდა. ისეთი უჟმური იყო, თუ ხასიათზე არ ბრძანდებოდა, გამარჯობასაც არ იკადრებდა. ერთ დღესაც, ერთ-ერთ მეზობელს კლინიკური სიკვდილი დაემართა. ატყდა ერთი ამბავი, შეიყარა მეზობლობა და როგორც იქნა, ორი საათის შემდეგ აზრზე მოიყვანეს. ყველა დაინტერესდა, ეკითხებიან: გვირაბი თუ გაიარე, სამოთხე თუ ნახე, გარდაცვლილები თუ შემოგეგებნენო და ასე შემდეგ. ისიც ყვება: როგორ არა, ვნახე იმქვეყნიური ცხოვრება, აი, ბიძაშენი ვნახე, მოკითხვა დამაბარა... დედაშენი ვნახე, კარგად იყო... ბიცოლაშენმა მოგიკითხა... მამაშენი გამომელაპარაკა... ერთი სიტყვით, მეზობლებს უყვება იქაურ ამბებს. ის უჟმური კაციც იქვე იდგა და უსმენდა. იფიქრა: მოდი მეც ვკითხავ, ცხონებული მამაჩემი ხომ არ შეხვედრია, რამე ხომ არ დააბარა ჩემთანო. გაწი-გამოწია მეზობლები, მიუახლოვდა იმქვეყნიდან მობრუნებულს და ჰკითხა: მამაჩემი არ გინახავსო? საიქიოდან დაბრუნებული დაფიქრდა, გაახსენდა, მეზობელი გამარჯობას რომ არ ეუბნებოდა და უპასუხა: არა, მამაშენი არ მინახავს, იქაც მომკვდარა საწყალიო.

„წარმატებით“ დახვეული თავბრუ

ტარიელ ჭანტურიას მეუღლეს წნევები აწუხებდა. ის პერიოდია, როცა შუქი ხშირად ქრებოდა. ერთ დღესაც, შეუძლოდ იყო და ნევროლოგიის ინსტიტუტში წაიყვანეს. აღმოჩნდა, რომ შუქი არ იყო, შესაბამისად, ლიფტი არ მუშაობდა და ფეხით აუყვნენ კიბეებს. უცებ ქალბატონი ციალა გაჩერდა და ტარიელს შესჩივლა: ვაიმე, ტარიელ, თავბრუ დამეხვაო. ტარიელმა ხელი შეაშველა და დაამშვიდა: ნუ გეშინია, ციალა, ეს, ეტყობა, წარმატებისგანააო.


скачать dle 11.3