კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

დაუმორჩილებელნი 2


გაგრძელება. დასაწყისი
იხ. „თბილისელები“ ¹28-27(497)


– გისმენთ! – უპასუხა ჰამომ.

– სად ხარ? – მოესმა ჰამოს გენერლის ნაცნობი ხმა.

– სახლში მივდივარ. ხომ მშვიდობაა?

– აგარაკზე ამოდი, შენთან საქმე მაქვს!

– ნახევარ საათში მოვალ, – უთხრა ჰამომ, ტელეფონი გათიშა და სოფის მიუბრუნდა, – დამშვიდდი, საყვარელო. სახლში მიგიყვან, მე კი, საქმეზე უნდა წავიდე.

ჰამომ სოფი ეზოს წინ ჩამოსვა, გამოემშვიდობა და წყნეთისკენ გაემართა, სადაც გენერლის აგარაკი მდებარეობდა. რომ მივიდა, დაცვამ დაუბრკოლებლად გაატარა და უზარმაზარ, კეთილმოწყობილ ეზოში გააჩერა მანქანა.

– შემოდი, შემოდი, – შეიპატიჟა გენერალმა ჰამო სპეციალურად მოწყობილ ოთახში, რომლის კედლებზეც ტყვიის ბადეები იყო აკრული, რათა იქ მყოფთა საუბარი არავის მოესმინა. იქვე იმყოფებოდა მათეც, რომელიც სიგარას აბოლებდა და, მართალია, ის გულთბილად მიესალმა ჰამოს, მაგრამ მთაწმინდელს უსიამოვნო გრძნობა დაეუფლა, თუმცა არ შეიმჩნია და სავარძელში მოკალათდა.

– როგორ ხარ, ჰამო? – ჰკითხა მათემ.

– შენ?

– ჩვენც არა გვიშავს, – მათეს მაგივრად თქვა გენერალმა, სავარძელში მოკალათდა და განაგრძო, – ცოტა რთულადაა საქმე, ჩვენ რომ გვეგონა, ისე არ მიდის ყველაფერი და აქ იმიტომ ამოგიყვანეთ.

– მაინც რა მოხდა?

– რამაზს ველაპარაკე ცოტა ხნის წინ და ეჭვი აქვს, რომ პეტიკო შენ მოკალი. ეს კი, რას ნიშნავს, ჩემზე უკეთ იცი, – გენერალმა პაუზა გააკეთა, გააბოლა და განაგრძო, – ანუ, თითქმის ნახევარ ევროპაში გვიფუჭდება საქმე და, გამოსავალი თუ ვერ მოვძებნეთ, მაშინ... – აღარ დაასრულა გენერალმა.

– მაშინ, ჰამოს თავი უნდა გაუგზავნო რამაზს, ხომ? – ირონიულად თქვა ჰამომ და მათეს გადახედა, რომელიც უხმოდ იჯდა და სიგარას აბოლებდა.

– მე ეს არ მითქვამს, – მშვიდად თქვა გენერალმა.

– მაგრამ, ასეა, ხომ? – თქვა ჰამომ და გენერალს თვალი თვალში გაუყარა, რადგან მიხვდა, რომ გენერლის სიტყვების უკან სხვა მიზნები იმალებოდა.

– სულაც არა, – მხრები აიჩეჩა გენერალმა.

– ჩვენ ჩვენს ხალხს ასე იოლად ვერ შეველევით, მით უმეტეს შენნაირებს. უბრალოდ, პატარა პრობლემის მოგვარება მოგიწევს და სულ ესაა.

– რა პრობლემის?

– ვერ ხვდები?

– ვერა, – იუარა ჰამომ. თუმცა ფიქრობდა, რომ გენერალი მას რამაზის მოკვლას სთავაზობდა, მაგრამ, რაში სჭირდებოდა ეს, ვერ ხვდებოდა.

– ვერ ხვდები და გეტყვი, – მშვიდად თქვა გენერალმა, – ეს ცხოვრება, მით უმეტეს, ჩვენნაირი ხალხისთვის, ბეწვის ხიდზე სიარულია, სადაც ყოველ წამსაა მოსალოდნელი, რომ ვინმე ხელს გკრავს და უფსკრულში გადაგჩეხავს, ანუ, დასწრებაზეა ყველაფერი და, თუ დაგასწრეს, მეორედ ამქვეყნად ვეღარ მოხვალ.

– შესავალი გასაგებია. ახლა კი პირდაპირ მითხარი, აქ რისთვის დამიბარე, – უთხრა ჰამომ გენერალს, რომლის მიმართაც მთაწმინდელს ისეთი ზიზღი მოეძალა, რომ მზად იყო, არნახული სადიზმით მოეღო მისთვის ბოლო.

– აქ იმისთვის დაგიბარე, ჩემო ჰამო, რომ ერთად გადავწყვიტოთ, როგორ მოვუაროთ რამაზს, რადგან, როგორც უკვე გითხარი, თუ შენ არ დაასწარი, მაშინ, ის მოგიღებს ბოლოს.

– ანუ, რამაზი უნდა მოვკლა?

– ეს შენს ინტერესებშია.

– კეთილი, – ჩაეცინა ჰამოს, რომელსაც უკვე მოქმედების გეგმა უტრიალებდა თავში და სასტიკად ნანობდა, რომ პეტიკო მოკლა, რადგან მიხვდა, რომ, არც მათე და, მით უმეტეს, არც გენერალი, აღარ ენდობოდნენ მას და ნებისმიერ შემთხვევაში, გულგრილად, ყოველგვარი სინანულის გარეშე გაწირავდნენ. ამიტომ მთაწმინდელმა მთელი ნებისყოფა მოიკრიბა და გენერალს სერიოზული სახით უთხრა: – მართალი ხარ, მე მზად ვარ ამის გასაკეთებლად და, მოდი, მოვიფიქროთ.

– რამაზი ახლა ჰოლანდიაშია, კუნძულ მასზე და ერთ ოპერაციას ხელმძღვანელობს, რომელიც ხვალ უნდა დასრულდეს. შემდეგ ის თბილისში დაბრუნდება ჩვენთან შესახვედრად და აქ უნდა მოუღო ბოლო.

– აქ უნდა გავაგორო? – გაოცდა ჰამო, – კი მაგრამ, ამერიკელებს რა მოვუხერხო, რომლებიც ოცდაოთხი საათი გვითვალთვალებენ მე და პეტ... – ჰამომ ენაზე იკბინა და შეასწორა: – რომლებიც ოცდაოთხი საათი მითვალთვალებენ?

– რა პრობლემაა. ნაცად ხერხს მიმართე – გრიმითა და გვირაბით ისარგებლე, რამაზის ადგილსამყოფლის შესახებ კი „ქსივას“ მე მოგაწვდი.

– ზუსტად როდის დაბრუნდება რამაზი თბილისში?

– ზეგ დილით.

– კარგი, წავედი, – თქვა ჰამომ და ფეხზე წამოდგა, მაგრამ გენერალმა მას მხარზე დაადო ხელი და უთხრა:

– ჰამო, ძამიკო, ხომ იცი, როგორ გვჭირდები და თავს გაუფრთხილდი. ნურც თავს ჩაიგდებ ტყუილუბრალოდ საფრთხეში და ნურც სხვას. ბოლოს და ბოლოს, შვილი და ცოლი გყავს და მათ მაინც სჭირდები.

ჰამო მიხვდა, რომ გენერალი მას ემუქრებოდა და აფრთხილებდა, თუ მათ წინააღმდეგ მოიმოქმედებდა რამეს, მაშინ მის შვილსა და ცოლს დამართებდნენ ცუდს. „ამ ნაბოზარმა ტყუილად არ ახსენა ჯერ შვილი და მერე კი ცოლი – გაიფიქრა ჰამომ, – მაგრამ, ვერ მოგართვით, ისე არ მოვკვდები, თქვენი სისხლი რომ არ დავლიო“.

– მშვიდად იყავი, გენერალო, – თქვა ჰამომ, – ყველაფერი რიგზე იქნება, არც თქვენ დარჩებით ნაწყენი და არც მე.

გენერალი ღიმილით მიუახლოვდა ჰამოს, ხელები მხრებზე შემოხვია, ლოყაზე აკოცა და მთაწმინდელი მიხვდა, რომ ეს იუდას კოცნა იყო...

***

სახლში დაბრუნებულმა ჰამომ, რომელსაც ტვინი კალეიდოსკოპური სისწრაფით უმუშავებდა, სოფის ანიშნა, რომ უკან უხმოდ გაჰყოლოდა და ისინი საიდუმლო გვირაბში ჩავიდნენ. ტყის პირას რომ ამოვიდნენ, სოფიმ მეუღლეს ჰკითხა:

– რა მოხდა, ჰამო, რაშია საქმე?

– აქ აღარ დაგვედგომება და უნდა გავიქცეთ.

– რას ამბობ, რატომ, სად უნდა გავიქცეთ, მერე, ბავშვი?

– ბავშვსაც თან წავიყვანთ.

– ქეთი? ის ხომ ფეხმძიმედაა და დღე-დღეზე ბავშვს ელოდება?

– ქეთის მიხედავენ, ჩვენ კი უეჭველად უნდა წავიდეთ, თორემ, არც მე და შენ დაგვინდობენ და არც ბავშვს.

– კი მაგრამ, რატომ? ისეთი რა დავაშავეთ?

– რამაზის მოკვლას მთავაზობს გენერალი და, თუ შევასრულე, შემდეგი მე ვიქნები. ცოცხალს არავინ დამტოვებს. თუ არ შევასრულე, მაინც მომკლავენ და, თუ გავიქეცი, თქვენი მოკვლით დამემუქრა. ამიტომ, ერთად უნდა გავიქცეთ.

– სად უნდა გავიქცეთ, ჰამო! შენი სიტყვებიდან ჩანს, რომ ისინი ყოვლისშემძლეები არიან და მაინც ვერსად დავიმალებით, ყველგან მოგვწვდებიან.

– ვერ მოგვწვდებიან, არგენტინაში გავემგზავრებით და ოკეანის ნაპირზე, ჩვენს ვილაში დავსახლდებით.

– სად ჩვენს ვილაში, ჰამო?

– ჩვენს ვილაში საყვარელო. ის ადგილი მე ჯერ კიდევ შარშან შევიძინე და საბუთებიც წინასწარ მოვამზადე. ხომ იცი, რომ ჩვენნაირ ხალხს ცხენი ყოველთვის შეკაზმული უნდა ჰყავდეს. ჰოდა, თადარიგი წინასწარ დავიჭირე და დღესვე ავახვევთ აქედან.

– ასე უცებ, საყვარელო? – თქვა სოფიმ, – არც ჩვენებს დავემშვიდობო და ისე წავიდე აქედან, რომ ჩემი საცოდავი ძმის ამბავი არ შევიტყო?

– რა დროს დამშვიდობებაა, სოფი, – თავი გააქნია ჰამომ, – პეტიკოს ამბავი კი გაირკვევა და ყველა თავისას მიიღებს. მგონი, მართალი იყავი და შენი ძმა მართლა თავიდან მოიშორეს, ახლა კი, ჩემი მოშორებაც უნდათ და გადაწყვიტეს, რომ ერთი გასროლით ორი კურდღელი მოკლან. ამ ნაბოზრებს უნდათ, რამაზი მე მომაკვლევინონ, შემდეგ კი მეც გამისწორდნენ და ყველაფერს თვითონ დაეპატრონონ.

– არ მეგონა, თუ მათე ასეთი ნაძირალა აღმოჩნდებოდა, – ამოიხვნეშა სოფიმ, – ნამდვილად არ ჰგავდა ასეთ კაცს.

– არ ჰგავდა, მართალი ხარ, მაგრამ ის გენერალს ჰყავს გამოჭერილი და ისიც იძულებულია, დაემორჩილოს. მათე მას შინაპატიმრობაში ჰყავს გამომწყვდეული და თავიდან ბოლომდე აკონტროლებს. გენერლისგან რომ წავიდეს, ამერიკელებს ჩაუვარდება ხელში და, ურჩევნია, ისევ გენერალს დაემორჩილოს. ისაა სწორედ ნამდვილი ფარული მბრძანებელი და, უნდა, რომ ყველას თავზე მოაჯდეს.

– თუ მასეა, მაშინ მართლა მაგარი ვინმე ყოფილა ეს გენერალი.

– მაგარია, მაგარი, ის ნაბოზარი და აქედან უნდა გავასწროთ, დავლაგდეთ და მერე მოვიფიქროთ, როგორ მოვიქცეთ. ორიოდე საათში გავდივართ. ჯერ ბათუმში გავემგზავრებით. იქიდან თურქეთში გადავალთ და თურქეთიდან კი საოკეანო ლაინერით „დავაწვებით“ არგენტინისკენ. ახლა კი, სახლში დავბრუნდეთ საყვარელო და მომზადება დაიწყე, ოღონდ, ძალიან ფრთხილად, რომ ქეთიმ ვერაფერი იეჭვოს.

ცოლ-ქმარი იმავე გზით დაბრუნდნენ უკან, მაგრამ, გვირაბიდან რომ ამოვიდნენ, ქეთის კვნესა მოესმათ, რომელსაც წყლები დაეღვარა და მშობიარობა ეწყებოდა.

– მოემზადე, საყვარელო, ქეთის კი მე წავიყვან სამშობიაროში და, რომ დავბრუნდები, აქედან უნდა ავახვიოთ, – უჩურჩულა ჰამომ სოფის. ფეხმძიმე ქეთი ცოლ-ქმარმა ეზოში ფრთხილად ჩაიყვანეს და „ჯიპში“ ჩასვეს.

– შენ არ წამოხვალ სამშობიაროში, სოფო? – ჰკითხა ქეთიმ სოფის და ოფლი მოიწმინდა.

– ბავშვს მივხედავ და მალე მოვალ, – უთხრა სოფიმ რძალს, ლოყაზე აკოცა და მიაძახა: – აბა, ყოჩაღად, ჩემო საყვარელო!

ჰამო ორიოდე საათის შემდეგ დაბრუნდა სახლში და მეუღლეს მიახარა:

– ბიჭია, ბიჭი! პატარა პეტიკო დაიბადა!

პეტიკოს ხსენებაზე სოფის ცრემლები ჩამოუგორდა ღაწვებზე და ჰამოს ჰკითხა:

– როგორ იმშობიარა?

– ცოტა გაუჭირდა, მაგრამ ახლა კარგად არიან. დედა-შვილს სძინავს, ყველაფერი რიგზეა. ექიმები თავს ევლებიან. ქეთის მშობლები და ნათესავებიც იქ არიან და ყველაფერი რიგზეა.

– ძალიან კარგი, – თქვა სოფიმ, ჰამოს კი ანიშნა, რომ ყველაფერი გამზადებული ჰქონდა წასასვლელად და მხოლოდ გრიმისა და პარიკების მორგებაღა იყო საჭირო.

ცოლ-ქმარმა გრიმი წაისვა, პარიკები მოირგო და მძინარე ბავშვით ხელში ფრთხილად ჩავიდნენ საიდუმლო გვირაბში. ტყეში რომ ამოვიდნენ, უკვე შებინდებული იყო. ჩვილი ჰამოს ეჭირა და ცდილობდა, ისე ფრთხილად დაშვებულიყო დაღმართზე, რომ ბავშვს არ გაეღვიძა.

წყვილმა ავტოსადგომზე წინასწარ მომზადებული „მერსედესის ჯიპით“. შავი ზღვისპირეთისკენ აიღო გეზი.

– ღამის თერთმეტ საათზე ბათუმში ვიქნებით. ხვალ დილით სტამბულიდან გავალთ გემით, ერთ კვირაში კი უკვე ჩვენს ვილაში ვიცხოვრებთ და ყველაფერი კარგად იქნება, – უთხრა ჰამომ სოფის და თმაზე მიეფერა. სოფიმ ფანჯარაში გაიხედა და სევდიანად თქვა:

– მშვიდობით, ჩემო თბილისო... ვინ იცის, კიდევ როდის გნახავ... ეჰ, გნახავ კი ოდესმე?!.

***

ბათუმში ჩასული ცოლ-ქმარი საიმედო კონსპირაციულ ბინაში მივიდა, რომელიც ჰამოს ძველ მეგობარს უსინათლო ჰასანას ეკუთვნოდა. 33 წლის ჰასანა ბავშვობაში დაბრმავდა, როდესაც მას ხელყუმბარა აუფეთქდა, მაგრამ, ასეთი ფიზიკური ნაკლის მიუხედავად, დამოუკიდებლად შეეძლო გადაადგილება და თითქმის ყველა იმ საქმის კეთება, რაც ჯანმრთელ ადამიანს შეუძლია. მასპინძელი წინასწარ იყო გაფრთხილებული, რომ სტუმრები ეწვეოდნენ და ახალმოსულებს გულთბილად შეეგება:

– მობრძანდით, მოისვენეთ, ივახშმეთ. ისე იგრძენით თავი, როგორც საკუთარ სახლში.

– ნუ წუხდები, ჰასან, – უთხრა ჰამომ ბავშვობის მეგობარს, – ჩვენ აქედან უთენია უნდა გავემგზავროთ. ცოტას ვივახშმებთ და დავიძინებთ.

– ნება თქვენია. თქვენი ხმალი და ჩემი კისერი, – თქვა ჰასანამ – როგორ იმგზავრეთ, გზაში პობლემები ხომ არ შეგქმნიათ?

ჰასანას კითხვა ჰამოს უცნაურად მოეჩვენა და უთხრა:

– კარგად ვიმგზავრეთ და რა პრობლემები უნდა შეგვქმნოდა?

– ფრთხილად უნდა იყოთ, ჰამო, ძამია, – თქვა ჰასანამ, – აგერ უკვე ორი საათია, რაც რადიოსა და ტელევიზიაში თქვენი ძებნის შესახებ ლაპარაკობენ. ეტყობა, ჯერ ვერ მოასწრეს ყველა გზის გადაკეტვა და, თურქეთში თუ აპირებთ გადასვლას, ძალიან გაგიჭირდებათ.

ჰასანამ ტელევიზორი ჩართო და ეკრანებზე შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გადაღებული კადრები გამოჩნდა, რომელიც პოლიციის მიერ ჩატარებულ სპეცოპერაციას ასახავდა. კადრებზე ჩანდა, თუ როგორ სვამდნენ ნიღბიანი სპეცრაზმელები მანქანაში ნატას, მამამისს, სარას და რამდენიმე უცნობ პიროვნებას, სასწრაფო დახმარების მანქანაში კი, საკაცეზე, მძიმედ დაჭრილი და უგონოდ მყოფი მათე იწვა, რომელიც გაძლიერებულმა ბადრაგმა გააცილა. დიქტორის თქმით, ძალოვნებმა სპეცოპერაცია ჩაატარეს და კარგად კონსპირირებული, ორგანიზებული დაჯგუფება აიყვანეს, რომელსაც ცნობილი კანონიერი ქურდი, ზვიად მათეშვილი, მეტსახელად მათე ხელმძღვანელობდა. სიუჟეტის ავტორის მტკიცებით, მათემ და ჰამომ სპეცრაზმელებს სასტიკი წინააღმდეგობა გაუწიეს და მათე დაიჭრა, ჰამომ კი გაქცევა მოახერხა და მიმდინარეობდა მისი ძებნა. პოლიციას, ანონიმი ინფორმატორისთვის, ვინც ძებნილი ჰამოს ადგილსამყოფელს შეატყობინებდა, ჯილდო 100 ათასი ლარი ჰქონდა დაწესებული. სიუჟეტი გენერლის კომენტარით დასრულდა, რომელიც ხელქვეითებს აქებდა, ჰამოს ჩაბარებისკენ მოუწოდებდა და მტკიცე პირობას დებდა, რომ მაფიასთან სასტიკ ბრძოლას ბოლომდე მიიყვანდა...

ჰამოზე ისე იმოქმედა ნანახმა, რომ გაფითრდა, ცივმა ოფლმა დაასხა და ხმა ვეღარ ამოიღო. ბოლოს, ძალები მოიკრიბა და თქვა:

– ხედავთ, რა ქნა ამ ნაბოზარმა? როგორც კი მიხვდა, რომ ჩვენ გავიქეცით...

– მოიცა, ძამია, მოიცა, – სიტყვა შეაწყვეტინა ჰამოს ჰასანამ, – კი ვართ ძმები და ერთმანეთს ვენდობით, ასე რომ არ იყოს, ჩემთან არც მოხვიდოდით, მაგრამ, ყველაფერს თავისი წესი აქვს და დარღვევა არ შეიძლება. ჰამო, ძმა, ჩემთან ნუ იტყვი ისეთ რამეს, რომ, ღმერთმა დაგიფაროს და, თუ ძაღლების ხელში ჩავარდი, იფიქრო, ჰასანამ გამყიდაო. მე წავალ და მერე თქვი. თუ დაგჭირდით, ჩამომძახეთ, ქვევით ვიქნები და ამოვალ.

– რას ამბობ, ჰასან, – გაოცდა ჰამო, – მაგრამ ჰასანამ ხელებით ანიშნა, ხმა არ ამოიღოო და ფრთხილად ჩავიდა სახლის პირველ სართულზე.

– ხედავ, რა ქნა იმ ნაბოზარმა გენერალმა? – უთხრა ჰამომ სოფის, – რომ მიხვდა, გავიქეცით, ეს შოუ მოაწყო და ჩვენ ძებნილებად გამოგვაცხადა, იფიქრა, ამერიკელებთან ჩავუშვებდით და თავი დაიზღვია.

– ვხედავ, ჰამო, ვხედავ, – თქვა სოფიმ, მძინარე ბავშვს გადახედა და ჰამოს მიუბრუნდა, – რისიც მეშინოდა, ის დამემართა და დევნილები გავხდით. ახლა ქართველებსაც უნდა დავემალოთ, ამერიკელებსაც და რუსებსაც. მთელი ცხოვრება უნდა ვიმალოთ და ჩვენი შვილი შიშსა და სიკვდილის მოლოდინში ვზარდოთ.

– არც მასეა საქმე, საყვარელო, – მოეფერა ჰამო ცოლს, – ასე გენერლის ხელში ვიქნებით და, როგორც კი ის ჩამოშორდება საქმეს, თბილისშიც დავბრუნდებით და ბუზსაც ვერავინ აგვიფრენს.

– კარგი რა, ჰამო, – მწარედ ჩაეცინა სოფის, – რომელ ჩამოშორებაზე მელაპარაკები! კაცმა ასეთი ამბები დაატრიალა, ამხელა საქმეს მოაჯდა და ახლა მას ვინმე დაამარცხებს?!

– დაამარცხებს, – თავდაჯერებულად თქვა ჰამომ.

– ვინ?

– ტყვია.

– შენ რა, გენერლის მოკვლას აპირებ?

– სხვა რა გზა მაქვს, რო, – მხრები აიჩეჩა ჰამომ, – თანაც, კაშჩეი ხომ არაა, რომ უკვდავი იყოს?

– მას ისედაც კარგად იცავდნენ და, ახლა ხომ გააათმაგებდა დაცვას. თანაც, მარტო ხარ და გეძებენ. მარტოხელა ძებნილი კი ასეთ საქმეს ვერ გააკეთებს, თანაც, სულაც არ მინდა, ქმარი მომიკლან და დავქვრივდე. ჯანდაბას გენერლის თავი, მე შენი და ჩემი შვილის თავები მირჩევნია ყველაფერს და, თანახმა ვარ, რომ ცხრა მთას იქით წამოგყვე.

ჰამოს, ერთი მხრივ, ძალიან ესიამოვნა, რომ ასეთი მოსიყვარულე და ერთგული ცოლი ჰყავდა, მეორე მხრივ კი, საკუთარი თავი უკანასკნელ ნაძირალად მიაჩნდა, რადგან მისი ერთგული იყო ის ქალი, რომელსაც მან თითქმის უმიზეზოდ მოუკლა ერთადერთი საყვარელი ძმა. ჰამოს თითქოს რაღაც ჩასწყდა გულში და ცივმა ოფლმა დაასხა, მაგრამ, ნებისყოფა მოიკრიბა და სოფის უთხრა:

– რაც არ უნდა ვიმალოთ, თუ ეს ნაბოზარი დროზე არ მოვიშორეთ, მაინც მოგვაგნებს და გაგვანადგურებს. ამიტომ, მე უნდა დავასწრო. სხვათა შორის, ამ ნაბოზრის ფრაზაა – ცხოვრება დასწრებააო და ასეთი რამ თუნდაც თქვენი უსაფრთხოების გამო უნდა გავაკეთო.

– კი მაგრამ, მარტო როგორ იზამ?

– რატომ მარტო, საყვარელო, რამაზი რას მიკეთებს?

– მეეჭვება, რომ რამაზი დაგეხმაროს. როგორ დაარწმუნებ, რომ გენერალი მის მოკვლას გავალებდა? მე ვფიქრობ, გენერალს ის „დაკერილი“ ეყოლება და, როგორც კი გამოჩნდები ან თვითონ მოგკლავს, ან გენერალს გადაგცემს.

– არ მგონია, რომ რამაზმა არ დამიჯეროს, – თქვა ჰამომ, მობილური ამოაცურა და სოფის გენერლის სიტყვები მოასმენინა, სადაც ის მას მკვლელობას უკვეთავდა. თუმცა, იქ პეტიკოს მკვლელობაზეც იყო ლაპარაკი და ჰამოს ეს ადგილი წაშლილი ჰქონდა, – აი, საყვარელო, ფაქტები. არ მგონია, რომ რამაზმა დახმარებაზე უარი მითხრას, რადგან, ჩვენ ახლა ერთბედქვეშა ვართ და გენერალი ორივესთვის თანაბრად საშიშია.

– ეს ჩანაწერი ყველაფერს ცვლის და რამაზი უარს არ გეტყვის, – თქვა სოფიმ და ტელევიზორზე გადაიტანა მზერა, სადაც ახალ კადრებს უჩვენებდნენ.

საგულდაგულოდ მომზადებულ სიუჟეტში კარგად ჩანდა, თუ როგორ გამოჰყავდათ კონსპირაციული ბინიდან პითონი და მისი თანმხლები პირები, რაც იმას ნიშნავდა, რომ გენერალი მანგუსტის წისქვილზე ასხამდა წყალს და, გამორიცხული არ იყო, რომ ფარულად თანამშრომლობდა კიდეც მასთან.

– ხედავ, სოფი რა ქნა ამ ნაბოზარმა? – აღშფოთებას ვერ მალავდა ჰამო, – მთელი ქურდული ვერხუშკა „აყარა“ და ნაღდად მანგუსტს შეეკრა!

– როგორც ეტყობა, მართლა მასეა, – დაეთანხმა ჰამოს სოფი, – ახლა მისი დაბრედვა თითქმის შეუძლებელია.

– სამაგიეროდ, „აბიზალოვკაა“ და აუცილებლად მოვაყომარებთ. ახლა დავიძინოთ, დილით ჯერ აქაურობას მშვიდობიანად მოვშორდეთ, მერე კი, მე და რამაზმა ვიცით და ღმერთი არ გაგვწირავს, – მიეფერა ჰამო სოფის და წყვილი დასაძინებლად დაწვა...

***

ჰამომ ცოლ-შვილი მშვიდობიანად ჩაიყვანა არგენტინაში და ფეშენებელურ ვილაში დააბინავა, რომელიც ოკეანის ნაპირას იყო აშენებული. თვითონაც სამი დღე იქ დარჩა, მეოთხე დღეს კი ჰოლანდიისკენ აიღო გეზი და, სანამ რამაზთან გაემგზავრებოდა, სოფის უთხრა:

– ძალიან მიყვარხართ, იცოდე, რომ თქვენზე ახლობელი არავინ მყავს და თქვენ გამო ყველაფერზე ვარ წამსვლელი.

– ჩვენც, ჩვენც ძალიან გვიყვარხარ. თავს გაუფრთხილდი ჰამო და ცოცხალი დაგვიბრუნდი, – გამოემშვიდობა ქმარს სოფი, რომელსაც შვილი ეჭირა ხელში და ოკეანის ფონზე ათმაგად უფრო წარმტაცი და მომხიბვლელი ჩანდა.

მთაწმინდელი მისთვის ჩვეული სიფრთხილით ჩავიდა ჰოლანდიაში და კუნძულ მასზე რამაზს ისე მოულოდნელად წაადგა თავს, რომ სახტად დატოვა.

– არ მელოდი, რამაზ? – ღიმილით ჰკითხა ჰამომ და თვალი თვალში გაუყარა, თან რამაზის ქამარზე გადაიტანა მზერა, რომლის მარჯვენა მხარეს პისტოლეტი ჰქონდა გარჭობილი, – როგორ ხარ?

რამაზმა გენერლისგან იცოდა, რომ ჰამო მოღალატე იყო და მათე და პითონი მან ჩაუშვა ამერიკელებთან. ამიტომ მწარედ ჩაეცინა და, რადგან ფიქრობდა, რომ ჯიბეებში ხელებჩაწყობილი ჰამო მის მოსაკლავად იყო მისული, ეგონა, მთაწმინდელს პისტოლეტი ჯიბეში ჰქონდა და უთხრა:

– მომიხელთე, არა, შე ნაბოზარო?

– პირველში გეთანხმები, მეორეში კი – არა, – მშვიდად უპასუხა ჰამომ რამაზს, – მოხელთებით მოგიხელთე, მაგრამ ნაბოზარი ნამდვილად არ ვარ.

– აბა, აქ რისთვის მოხვედი?

– შენ, ალბათ, ფიქრობ, რომ მე შენს დასაბრედად მოვედი და ჯიბეში იარაღი მიდევს, ხომ? – გაეცინა ჰამოს და ჯიბეები ამოატრიალა, – არა, ძმაო, აი, დარწმუნდი, რომ სუფთა ვარ.

რამაზმა პისტოლეტი იშიშვლა, ჰამოს დაუმიზნა და უთხრა:

– სუფთა როგორ ხარ, შე ნაბოზარო, როდესაც ყველანი ჩაუშვი და საქმეს აფუჭებ!

– ეს ყველაფერი გენერალმა გითხრა, ხომ? – ირონიულად თქვა ჰამომ, – „ძაღლების“ გჯერა, ბიჭო?

– „ძაღლების“ გჯერას განახვებ, შე ნაბოზარო, შუბლს რომ გაგიხვრეტ! – თქვა რამაზმა და პისტოლეტი შეაყენა.

– გამიხვრეტ და მერე გენერალი შენ გაგიხვრეტს შუბლს, შენს ადგილზე კი თავის კაცს გაჩითავს და მეყოლე ვარდივით.

– რას ბოდავ?

– მოუსმინე და გაიგებ, – უთხრა ჰამომ რამაზს და მობილურზე ჩაწერილი საუბარი მოასმენინა, სადაც გენერალი მას რამაზის მოკვლას სთავაზობდა, – ახლა რას იტყვი, ვინაა მართალი და ვინ – ნაბოზარი?

რამაზმა პისტოლეტი დაუშვა და, მიუხედავად იმისა, რომ იცოდა, პეტიკო ჰამომ მოკლა, ამის შესახებ მთაწმინდელისთვის არაფერი უთქვამს. სიგარეტი ამოიღო, გააბოლა და კბილებში გამოსცრა:

– ხედავ, რა ჩორტი ჩააგდო იმ ნაბოზარმა? ყველას განადგურება უნდა, ყველას თავზე მოჯდომა და ყველაფრის შეფობა. არა, ნამდვილად დასაბრედია!

– ჰოდა, აგაშენოს ღმერთმა! სწორედ ამიტომ ვარ აქ მოსული და, თუ შენც მაგ აზრზე ხარ, მაშინ, მოდი, ამ ნაბოზრის დაბრედვის გეგმა შევადგინოთ.

– სოფი და ბავშვი სად არიან?

– არგენტინაში, საიმედო ადგილას და, როგორც კი იმ ნაბოზარს მოვიშორებთ, ჩემს ახალ სახლში გეპატიჟები დასასვენებლად. ახლა კი, რას იტყვი, თანახმა ხარ, რომ თბილისში გავემგზავროთ და გენერალი გავაფაიზაღოთ?

– თანახმა ვარ...

***

ჰამო და რამაზი თბილისში ინკოგნიტოდ დაბრუნდნენ და წინასწარ შემუშავებული გეგმის მიხედვით დაიწყეს მოქმედება. მათ გენერლის მკვლელობის რამდენიმე ვარიანტი ჰქონდათ შემუშავებული, თითოეული ვარიანტის პრინციპი კი ის იყო, რომ თავდასხმისას მხოლოდ გენერალი უნდა მომკვდარიყო და არც მისი დაცვა და თანმხლები პირები და, მით უმეტეს, არც მშვიდობიანი მოსახლეობა, არ უნდა დაზარალებულიყო. ამიტომ, მათ თავიდანვე გამორიცხეს აფეთქება და მკვლელობის იარაღად მაყუჩიანი, მსხვილკალიბრიანი სნაიპერული შაშხანა აირჩიეს.

მათ საფუძვლიანად შეისწავლეს ყველა მომავალი ღონისძიებების გეგმა, რომლებსაც, სავარაუდოდ, გენერალი უნდა დასწრებოდა და შესაბამისი მონახაზებიც შეადგინეს.

– მორჩა, ვიცი, სადაც უნდა მოვიხელთოთ ეს ნაბოზარი, – უთხრა ჰამომ რამაზს ერთ დღეს და გაიზმორა.

– გენერლის მოხელთება რომ ასე ადვილი იყოს, აქამდე ასჯერ გვეყოლებოდა გაგორებული, – გაეცინა რამაზს, – შენ იცი, სად უნდა მოიხელთო და მისმა დაცვამ არ იცის, სად შეიძლება, რომ ის მოიხელთონ, არა?!

– ნამდვილად არ იციან და არც გენერალმა იცის, რომ ზეგ იქ მოვა.

– სად – იქ?

– წმიდა გიორგის ხატის გადმოსვენებაზე. ზეგ საბერძნეთიდან თბილისში სასწაულმოქმედი ხატი უნდა ჩამოაბრძანონ, რომელიც შუა საუკუნეებში ქართველი ბერის მიერაა დაწერილი და, ანდერძის მიხედვით, თბილისში უნდა დაასვენონ. ამ ცერემონიას ათასობით ადამიანი დაესწრება და მათ შორის იქნება გენერალიც.

– რატომ გგონია, რომ იქნება?

– იმიტომ, რომ, ამ ბოლო დროს ბევრს ლაპარაკობენ მის სექტანტობაზე, მასმედიაში საშინელი აჟიოტაჟია ატეხილი და, ეს აზრი რომ გაქარწყლოს, აუცილებლად მივა და გადმოსვენებას დაესწრება.

– დავუშვათ, მართალი ხარ, მაგრამ, სად უნდა მოვიხელთოთ?

– ქუჩაში, ზედ ეკლესიის შესასვლელთან.

– პირდაპირ ეკლესიაში რომ მივიდეს? საერთოდ თუ მივიდა ამ ცერემონიაზე... – არ ცხრებოდა რამაზი.

– მაშინ, გაგვემაზება, მაგრამ, დარწმუნებული ვარ, რომ მივა და არ უნდა გავმაზოთ. ის ბოზი უნდა გავაქროთ და, ჩვენც მოვისვენებთ და ბევრი სხვაც...

ჰამოს გათვლები გამართლდა და გენერალს სწორედ იმ დროს მოხვდა რამაზის მიერ ნასროლი მსხვილკალიბრიანი ტყვია შუბლში, როდესაც წმიდა გიორგის ხატისკენ წაიწია...

იმავე დღეს, სულ რაღაც ერთი საათის მერე, ჰამო და რამაზი ჯერ ერევანში ჩაფრინდნენ ყალბი პასპორტებით, შემდეგ კი რამაზი ჰოლანდიაში გაემგზავრა, ხოლო ჰამომ კი რუსეთის გავლით არგენტინისკენ აიღო გეზი...

***

ჰამო მოსკოვში შეყოვნდა და არგენტინაში დაგვიანებით ჩაფრინდა, თუმცა, ძალიან კმაყოფილი იყო და, ერთი სული ჰქონდა, როდის ნახავდა ცოლ-შვილს, ამიტომ სახლში სწრაფი ნაბიჯებით შევიდა და წინ შემოგებებულ, უცნაურად მოღიმარ სოფის ჩაეხუტა, ჩაკოცნა და ჰკითხა:

– ბავშვი სადაა?

– ძიძას ჰყავს სასეირნოდ და მალე მოვლენ.

– ძიძა აიყვანე?

– რა, არ შეიძლებოდა?

– როგორ არა, მაგრამ, ხომ შევთანხმდით, რომ ბავშვის აღზრდაში არავის ჩავრევდით და რა საჭირო იყო ძიძა, თანაც, ჩემთან შეუთანხმებლად?

სოფის სახე აენთო. მოულოდნელად პისტოლეტი მიუშვირა ჰამოს და კბილებში გამოსცრა:

– შენ რა, ჩემთან შეთანხმებულად მოქმედებდი, როდესაც ჩემს ძმას, პეტიკოს კლავდი?

ჰამო გაშრა და სავარძელს მიეყინა, შემდეგ თვალები ცრემლით აევსო და სოფის უთხრა:

– მაპატიე, საყვარელო, არ მინდოდა, ეშმაკმა შემაცდინა, მაპატიე...

პისტოლეტმომარჯვებული სოფი გრძნობდა, რომ ცოტაც და ხელი აუკანკალდებოდა, სროლას ვეღარ შეძლებდა და პისტოლეტი ხელიდან გაუვარდებოდა. ამიტომ, ძალები მოიკრიბა, სასხლეტს თითი დააჭირა და პისტოლეტიდან ნასროლმა ტყვიამ ჰამოს გული გაუხვრიტა.

სოფიმ ათიოდე წამს უყურა მოკლულ მეუღლეს. შემდეგ პისტოლეტი საფეთქელზე მიიდო, რომ გამოეკრა, მაგრამ რამაზმა მას იარაღი გამოსტაცა და მთელი ძალით მოისროლა. შემდეგ თვალი-თვალში გაუყარა სოფის და უთხრა:

– რაც მოხდა, მოსახდენი იყო. სადაცაა ბავშვი მოვა და აქაურობა გავასუფთავოთ. ხვალ კი თბილისში მივემგზავრებით, რომ შენი ძმის საქმე ჩაიბარო...

გაგრძელება შემდეგ ნომერში


скачать dle 11.3