კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ მოათოხნინა მოტაცებულმა გოგონამ საქმროსა და მის ძმაკაცებს ბოსტანი



ბავშვობიდან კარატეში ვვარჯიშობდი კიო-კუშინ-კაი სტილზე. კახასთან დავდიოდი, კაკაბაძესთან. უფასოდ მასწავლიდა ყოფილ სასტუმრო „ივერიაში“. პირდაპირ ჰოლში გვავარჯიშებდა, დიდი ფიზიკური დატვირთვით. იყო პერიოდი, მუშტებზე ტკივილს საერთოდ ვერ ვგრძნობდი. წარმოიდგინეთ, დღეში 100-150 „ატჟიმანია“ მიკეთებია მუშტით. მერე, რომ წამოვიზარდე, პრანჭვა დავიწყე და იქიდანაც წამოვედი, მაგრამ სახლშიც სულ ვვარჯიშობდი. გარეგნულად კარგი გოგო დავდექი, ბევრი მთხოვნელიც მყავდა, მაგრამ უსიყვარულოდ გათხოვება არ მინდოდა და ყველას უარით ვისტუმრებდი. მერე და მერე მშობლებმაც დამიწყეს ლაპარაკი, დროა, დაფიქრდეო. უკვე 25 წლის ვიყავი და მართლაც მაწუხებდა ფიქრი, ვაითუ, ასე დავრჩე-მეთქი. თუმცა, არ ვიმჩნევდი. მშობლებს ვეუბნებოდი, სად მეჩქარება, მთელი ცხოვრება წინაა-მეთქი. ერთხელ ჩემს დაქალს წავყევი სოფელში სტუმრად. იქ ყოფნისას მისი ნათესავის ქორწილი დაემთხვა და, რაღა თქმა უნდა, მეც წამიყვანეს. კარგად ჩაცმულ-გამოპრანჭულები ყურადღების ცენტრში მოვექეცით, ხან რას გვთავაზობდნენ იქაური ბიჭები, ხან რა მოჰქონდათ. მოკლედ, კარგად ვიმხიარულეთ. მეორე დღეს დაქალის ბებომ გვთხოვა, აგერ პატარა ადგილი მაქვს ბოსტანში დასამუშავებელი და მომეხმარეთო. ცოტა „პახმელიაზე“ ვიყავით და ვუთხარით, საღამოს მოგეხმარებითო. მანამდე რა გვეკეთებინა, წამოდი, წყაროზე ჩავიდეთო, – მითხრა დაქალმა და წავედით. ცოტა დაღმართი რომ ჩავიარეთ, სამანქანო გზაზე გავედით. გზის იქით მწვანე, ლამაზი ყვავილებით მორთული მდელო დავინახე. დაგეწევი-მეთქი, ვუთხარი დაქალს, მინდოდა, პატარა თაიგული ამეწყო. ალბათ, წუთიც არ იქნებოდა გასული, რომ მანქანის ხმა გავიგონე და ინსტინქტურად მოვიხედე. უცებ ჩემ პირდაპირ „ჟიგული“ გაჩერდა, იქიდან სამი ბიჭი გადმოხტა, ხელი მტაცეს და, გონზე რომ მოვედი, უკვე მანქანაში ვიჯექი, მათ შუაში, – ალბათ, მანქანიდან რომ არ გადმოვმხტარიყავი. რას აკეთებ-მეთქი, ვიყვირე. ნუ გეშინია, არაფერს დაგიშავებთო, მითხრა ერთ-ერთმა, – დაწყნარდი, ბიჭს უყვარხარ. ახლა მის მამიდასთან მივალთო; გამრჯე, პატიოსანი ბიჭია, ხელი და ფეხი არ აკლიაო, – დააყოლა მეორემ. ის მაინც მითხარით, რომელია, ცოლად რომ უნდა გავყვე-მეთქი. არც გიცნობთ, არც იცით, ვინ ვარ, როგორი ვარ, რა წარსული მაქვს-მეთქი. მაგას დიდი მნიშვნელობა არ აქვსო, – ამიხსნა ერთმა, – შენ კი ცოლად ამას უნდა გაჰყვეო, – მიმანიშნა წინ მჯდომ ბიჭზე.

საერთოდ, მოძალადე არ ვარ და ჩემი კარატისტობა, სპარინგის გარდა, არავისთან გამომიყენებია, მაგრამ როცა ამ ოთხი რეგვენიდან ყველაზე მახინჯ ბიჭზე მიმითითეს და თან უარს აზრი არ აქვს, მშვენიერი ბიჭიაო, გამოვედი წყობიდან. ჩემს მარჯვნივ მჯდომს იდაყვი ისეთი ძალით ავარტყი სახეში, რომ გაითიშა. მერე მარცხნივ მჯდომს მთელი ძალით თვალთან მუშტი მოხვდა და ქვევიდან ყბაში მეორე დავუმატე მთელი ძალით. ეს რომ წინ მჯდომმა, დაინახა, გადმოსვლა დააპირა, მაგრამ ფეხები ისე დავცხე, რომ წინა შუშაზე აეკრა შეშინებული. ახლავე მანქანა გააჩერე, მოატრიალე და უკან, სახლში წამიყვანე-მეთქი, – დავუღრიალე მძღოლს და მუშტი მოვუღერე. მანაც მოატრიალა და, სანამ სახლამდე მივედით, უკან მსხდომებს, როგორც კი აზრზე მოვიდოდნენ, იმ წამს ნოკაუტში ვაგდებდი. ის ჩემი ძალად საქმრო კი ვერც ჯდებოდა, ისე იყო აკრული მანქანის სალონზე ზურგით და, ალბათ, ფიქრობდა, ეს ვინ ყოფილა, ეს ვინ მომყავდა ცოლადო. სახლთან ჩემი დაქალი, მთელი მისი ნათესაობა და მეზობლობა ერთად შეკრებილი დამხვდა. მანქანის კარი რომ გავაღე, ჩემ მარჯვნივ მჯდომი გადმოვარდა. ისეთი ნაცემი იყო, ცხვირ-პირიდან თქრიალით სდიოდა სისხლი. ზედ გადავაბობღდი და ისე გადმოვედი. ჩემი დაქალი მომვარდა, ხალხი კი მანქანას მიესია და, შიგნით რომ შეიხედეს, სიცილი აუტყდათ. ოჯახის უფროსი, თურმე, გამწარებული, იმ ბიჭების მოსაკლავად გამოგვკიდებია, რომ გაუგია, სტუმარი მომტაცესო, მაგრამ ასეთი სიტუაცია რომ ნახა, სიცილი დაიწყო. მერე მომიტრიალდა, შენ ვინ ყოფილხარ, ძია, შენ ქმარს რა გაუჭირდებაო, დააყოლა და თავი გააქნია. ცოტა ხანში ის ორიც აზრზე მოიყვანეს და ოთხივე მოვიდა ჩემთან, ბოდიში მომიხადეს, მითხრეს, რა გავაკეთოთ, რომ ოდნავ მაინც გამოვისყიდოთ დანაშაულიო. მეც ვუთხარი, ბოსტანი დაამუშავეთ-მეთქი. მათაც სულ გადაგუგნეს იქაურობა და გახარებულ ბებოს ყველა თხოვნა შეასრულეს. რაღა თქმა უნდა, საღამოს ძია ვალერიმ სუფრა გააშლევინა, თან სულ ეღიმებოდა. მითხრა, ბიჭებმა იმუშავეს და მშიერს ვერ გავუშვებთ, შენ ხომ არ გეწყინებაო. არა-მეთქი. რატომ უნდა მწყენოდა, როცა ყველაზე უცნაური რამ მოხდა ჩემს გულში: ის, ჩემს მარჯვნივ მჯდომი ბიჭი მომეწონა, რომელიც ყველაზე მეტად ვცემე. თან ის სახეზე ხელს არ იფარებდა ჩემს მარცხნივ მჯდომივით. სუფრა მშვენიერი იყო, კარგად ვიმხიარულეთ, კახამ ჩემი მზერა ბევრჯერ შეამჩნია, ყურადღებაც იგრძნო, როცა ვცეკვავდით თუ ვსაუბრობდით. კიდევ მომიბოდიშა წასვლის წინ. ერთი კი ვიფიქრე, მე რას მოვეწონები, ალბათ, ქაჯი ვგონივარ-მეთქი, მაგრამ, დილით რომ დიდი თაიგული დამხვდა, წარწერით – „ეს გუშინდელი საქციელის გამოსასყიდადო“. გული სიხარულით ამევსო. დღეს ის ჩემი მეუღლეა და სამი შვილი გვყავს. თუმცა, მეტი აღარ გვიჩხუბია... ფიზიკურად.

მოამზადა

აკაკი ველთაურმა


скачать dle 11.3