კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ღამის საჩუქარი


გაგრძელება. დასაწყისი
იხ. „თბილისელები“ ¹26–27(497)


... როცა წარმოვიდგენ, რამდენს წვალობენ ადამიანები, სიმდიდრე რომ დააგროვონ, მეცინება. ამის უფლება ნამდვილად მაქვს – მე ხომ თითი თითზე არ დამიკარებია... ყველაფერი თავისით მოხდა, ჰო, აი, ერთ დღეს გავიღვიძე და მდიდარი ვიყავი. ზუსტად ისე, როგორც ზღაპრებშია. მაგრამ, ზღაპრებში აღარ წერია, მოაქვს თუ არა სიმდიდრეს ბედნიერება. იმასაც ვერავინ გეტყვით, ერთნაირად განიცდი ბევრი ფულით მოგვრილ სიამოვნებას მაშინ, როცა ფული წვალებით გაქვს ნაშოვნი და მაშინაც როცა უშრომლად გეყრება თავზე... თუ ციდან თავისით „დაბერტყილს“ სხვა გემო აქვს?.. თუმცა, ალბათ, ამას მარტო მდიდრისთვის აქვს მნიშვნელობა, თორემ, ღარიბს ერთადერთი სურვილი კლავს – როგორმე, რამენაირად, რაღაც რეალური თუ არარეალური გზით იშოვოს ფული, რადგან ესაა ყველა სურვილის თუ ხუშტურის ასრულების ჯადოსნური საშუალება... მართლაც კარგი რამეა ფული, ძალიან სასურველი და საჭირო. განსაკუთრებით მაშინ, როცა არ გაქვს... თუმცა, მე ხომ ეს პერიოდი უკვე გავიარე და ახლა, ალბათ, დროა, დავივიწყო...

***

ლიკა ცდილობდა, სოფოსთვის არ შეეხედა. ნაწყენი იყო და ამის დამალვას არც აპირებდა, მაგრამ ბრაზი უფრო საკუთარ თავზე მოსდიოდა. არასდროს მოსწონდა ანდროსნაირი ტიპები – თავდაჯერებულები საკუთარი მატერიალური მდგომარეობით და დელიკატურად თავხედები. ლიკას გაეცინა. მოეწონა – „დელიკატური სითავხედე“ ზუსტად მიესადაგებოდა ახალგაცნობილ მამაკაცს. თუმცა, ლიკა დარწმუნებული იყო, რომ მას აღარასოდეს შეხვდებოდა. მაგრამ რაღაც პროცენტი, ძალიან პატარა პროცენტი ქალის ცნობიერებისა, თითქოს მიელტვოდა ამ ნაცნობობას და ლიკა მზად იყო, გაენადგურებინა ეს „პროცენტი“...

– სულ ტყუილად განიცდი და მებუტები... – ლიკა შემობრუნდა. სოფო მონანიე ადამიანის ღიმილით უცინოდა, – ჰო, ტყუილად იბერები-მეთქი. არაფერი მომხდარა ისეთი, რომ საკუთარ თავს ყური აუწიო, მე კი მოსისხლე მტრების სიაში ჩამწერო.

– სოფო, მაგაზე ლაპარაკი არ მინდა, კარგი?

– კარგი, – მხრები აიჩეჩა სოფომ, მაგრამ, არსად წასვლა არ უფიქრია, იქვე იდგა და გამომცდელ მზერას არ აცილებდა. ლიკა დაიძაბა. სოფოსთან კამათში დროის დაკარგვა არ უნდოდა. ეს ძალიან პატარა „პროცენტი“ ჰქონდა გასაჩერებელი.

– ისე, ანდროს მოეწონე... – თქვა სოფომ.

– მართლა? თვითონ გითხრა? – დაუფარავი ირონიით ჩაეკითხა ლიკა.

– რად უნდოდა თქმა, ისედაც მივხვდი, – სოფო ვითომ ვერ მიხვდა დაცინვას, – დარწმუნებული ვარ, მალე დამირეკავს და შენი ტელეფონის ნომერს მთხოვს.

ლიკამ გადაწყვიტა, „პატარა პროცენტთან“ ერთად სოფოც ჩაექოლა:

– იცი, შენს საქციელს რა ჰქვია? პირდაპირ გეტყვი – სუტენიორობა, თუ გინდა, სხვანაირადაც გეტყვი...

– ნუ სულელობ, – ხელი აუქნია სოფომ, – რომელი „მამაშა“ მე მნახე! არა, გენაცვალე, მაგ საქმისთვის ნამდვილად არ გამოვდგები. მაგას ისეთი ნიჭი სჭირდება, მე რომ არ გამაჩნია. თანაც, ჩვენ ხომ მეგობრები ვართ?

– ჰო?! ეგ სულ დამავიწყდა, ჩვენ მეგობრები ვართ... მეგობრები... ძვირფასო და ერთგულო მეგობარო, დაგავიწყდა, რომ ქმარი მყავს?

– ეგ რა შუაშია, ანდრო ქმართან გაშორებას კი არ მოგთხოვს, – გადაიკისკისა სოფომ, – აი, შენს პრობლემებს კი ხელის ერთი აქნევით მოაგვარებს.

– კარგი ერთი! არ მითხრა, რომ ჯადოსნური ჯოხი აქვს.

– ჰო, აქვს, – სოფო სიცილით ჩაბჟირდა, – მართლა აქვს. თუ არ გჯერა, შეხვდი და განახვებს.

ლიკა გაბრაზდა:

– შენ მე ვინ გგონივარ?

– ქალი, ჩვეულებრივი ქალი, ჩვეულებრივი მოთხოვნილებებით. მეშლება რამე?

– დიახ, გეშლება, ძალიან გეშლება და, მგონი, ეს ჩემი ბრალია. ჩემს პრობლემებზე არ უნდა მელაპარაკა. ეტყობა, ზედმეტი მომივიდა და იფიქრე, რომ, ფულთან ერთად, ბუღაც მჭირდება. ძვირფასო, ერთ საიდუმლოსაც გაგიმხელ, მე ლაშასთან ამ მხრივ პრობლემები არ მაქვს. მხოლოდ ფული მაინტერესებს, ისიც იმიტომ, რომ მჭირდება.

სოფომ ჩაიცინა:

– შენ ფიქრობ, რომ რაღაც ახალი თქვი? ფული ყველას მარტო იმიტომ აინტერესებს, რომ სჭირდება. არც შენი ქმრის სექსუალურ მონაცემებში მეპარება ეჭვი, მაგრამ, იცი, რას ვერ ვხვდები? ჩემ მიმართ ასეთ აგრესიას რატომ გამოხატავ, რა დაგიშავე?

– სპეციალურად წამიყვანე ხომ დღეს კაფეში სასადილოდ? – თქვა უცებ ლიკამ.

სოფოს სახე დაეღრიჯა:

– აუ, ეს რა პროვინციული გამოხდომა იყო. ამას შენგან ნამდვილად არ ველოდი. როგორ თქვი? სპეციალურად წამიყვანე კაფეშიო? და... ანდროც სპეციალურად დავიბარე, ხომ? შენ, მგონი, მართლა „მამაშა“ გგონივარ. საერთოდ არაფერს გეტყვი. რა მრჯიდა ნეტავ, ხმა რომ ამოვიღე! როგორც გინდა, ისე უშველე შენს პრობლემებს, მე უკვე აღარ მაინტერესებს.

ლიკამ, მიუხედავად თავისი პრინციპული მოსაზრებისა, რომ სოფომ უღალატა, უხერხულობა იგრძნო. სოფო არ სძულდა, პრეტენზია კი მხოლოდ საკუთარი თავის მიმართ უნდა ჰქონოდა.

– კარგი, დაივიწყე. უბრალოდ, დღეს ძალიან აღელვებული ვარ. არ მახსოვს, გითხარი თუ არა, რომ წუხელ ლაშა საძინებლიდან გავაძევე, ახლა კი ეჭვი მეპარება ამ გადაწყვეტილების სისწორეში. თან, ისიც ვუთხარი, საღამოს გვიან მოვალ-მეთქი. ხომ ვარ სულელი?

სოფოს აშკარად გაუხარდა, საუბარმა მიმართულება რომ შეიცვალა. ამიტომ, მაშინვე გააპროტესტა ლიკას ნათქვამი:

– არავითარ შემთხვევაში! სულელი კი არა, ძალიან ჭკვიანურად მოგიფიქრებია. აი, ნახე, როცა არ მიხვალ, როგორ ინერვიულებს და სხვანაირად აჭიკჭიკდება. უკვე მოიფიქრე, სად წახვალ?

– არა. არც მიფიქრია მაგაზე. ეს ისე ვუთხარი, გასაბრაზებლად.

– და, სახლში დაბრუნდები?

– ჰო, ალბათ, – ლიკამ ამოიოხრა.

– არავითარ შემთხვევაში, ამას ვერ დავუშვებ! მოდი, ასე მოვიქცეთ: ახლა კინოში დავრეკავ და ბილეთებს დავჯავშნი, მერე შენ მობილურს გამორთავ და კინოში წავალთ.

– კინოში შენ მეპატიჟები? – ლიკამ მაგიდის ზედაპირზე აათამაშა თითები.

– ჰო, რა იყო? – სოფო ვერ მიხვდა, რატომ გაეღიმა ლიკას და რატომ დაემსგავსა უცებ ჩასაფრებულ ვეფხვს.

– კაფეში რომ დამპატიჟე, ისე?

– აუ, ლიკუშ, რანაირი ხარ, ეგ რამ გაფიქრებინა? არა, საყვარელო, კინოში აღარავის გადავაწყდებით, პირობას გაძლევ.

– ასეთი დარწმუნებული რატომ ხარ? შენი ამბავი რომ ვიცი, კინოშიც გამონახავ ვინმე „გასაოცარ და გამაოგნებელ“ ტიპს. არა, მირჩევნია, სახლში წავიდე.

სოფომ მოიწყინა:

– არადა, კარგი ვარიანტი იყო. ახალ ფილმს ვნახავდით. ლაშა კი იეჭვიანებდა. ლიკ, იქნებ გადაიფიქრო?!

– არ მგონია.

– მაინც... – სოფო ლიკას მაგიდისკენ დაიხარა და ყელი ორი თითით გამოწია.

– კარგი, ვნახოთ. ორი საათი კიდევ გვაქვს, ვიფიქრებ მაგაზე.

სოფოს სახე გაუბრწყინდა:

– აი, ნახავ. ამჯერად ყველაფერი უსიამოვნო სიურპრიზების გარეშე ჩაივლის.

– ჰო? კარგი. ამ ერთხელაც გენდობი, ოღონდ ახლა დამაცადე, ბევრი საქმე მაქვს.

სოფოს არც უფიქრია, ლიკას თხოვნა შეესრულებინა. პირიქით, უფრო მოხერხებულად ჩამოეყრდნო მაგიდას იდაყვებით და ცხვირი ლიკას კომპიუტერში ჩარგო.

– სულ მაინტერესებს, ამდენს რას მუშაობ. მე ერთ საათში ვრჩები ყველაფერს.

– იმიტომ, რომ შენს გასაკეთებელს სხვები აკეთებენ. თანაც, მე ამ ოთახში ჯდომას დიდხანს არ ვაპირებ, დაწინაურება მინდა.

– რა გინდა?!

– დაწინაურება. მაგალითად, სიამოვნებით გადავიდოდი სესხების განყოფილებაში ხელფასი ლამის ორჯერ მეტი აქვთ.

– რად მინდა მაგისთანა ხელფასი, სიქას გაგაცლიან სირბილით! ჩემმა მტერმა სდია კრედიტორებს. იცი, რამდენი პრობლემა აქვთ? ზუკა ხომ იცი, საკრედიტოდან, იმ დღეს მეუბნებოდა, აქედან თუ არ წავედი, ვატყობ, რომელიმე მევალე შემომაკვდებაო.

– ჯერ ერთი, ზუკა პრობლემური სესხების განყოფილებაში მუშაობს. თანაც, როცა ფული გინდა, უნდა იწვალო კიდეც. ყოველ შემთხვევაში, მე ციდან არაფერი მაცვივა.

– ჰმ, არ გინდა, თორემ... – სოფომ მრავალმნიშვნელოვნად გაიცინა.

– მაგაზე აღარ ვილაპარაკოთ, კინოს ამბავს კი მოვიფიქრებ...

***

ლაშამ ვატოს სკოლაში მიაკითხა და, რადგან პარასკევი იყო, სიდედრთან წაიყვანა. ბავშვი ცოტა უგუნებოდ იყო, მოწყენილი იჯდა და ხმას არ იღებდა.

– მამიკო, სკოლაში მოხდა რამე? – ჰკითხა ლაშამ.

ვატომ თავი გააქნია უარყოფის ნიშნად, მაგრამ მამისთვის არ შეუხედავს.

ლაშა შეშფოთდა:

– ვატატო, ცუდად ხომ არ ხარ?

– არა.

– მაშინ, შემომხედე და გაიცინე.

– თუ არ მეცინება?! – დიდი კაცივით ამოიოხრა ვატომ.

ლაშას გაეღიმა:

– შენ, გატყობ, სულ არ გადარდებს ის ამბავი, რომ დედას აღარ უყვარხარ, – თქვა მოულოდნელად ვატომ.

ლაშა გაშრა:

– რას ამბობ, საყვარელო, ეგ ვინ გითხრა?

– ჰო, აღარ უყვარხარ და არ სჭირდება ამას რამის თქმა. მე თვითონ ვნახე, ტახტზე რომ გეძინა.

– მერე რა? – ლაშამ თმაზე გადაუსვა შვილს ხელი.

– ჩემი კლასელი დეიკო ამბობს, თუ ცოლს და ქმარს ერთ საწოლში არ სძინავთ, მათ ერთმანეთი არ უყვართო. კიდევ ის, რომ მალე გაიყრებიანო...

– ეგ შენი დეიკო ძალიან მეტიჩარა ვინმე ყოფილა... მე ტელევიზორს ვუყურებდი და ჩამეძინა. დედაშენმაც აღარ გამაღვიძა – სულ ეს იყო. ლიკა კი ძალიან მიყვარს. ორივეს კი შენ გვიყვარხარ.

– და... ყოველთვის კარგად იქნებით?.. – ეჭვიანად იკითხა ბავშვმა.

– აბა, რა... ყოველთვის ერთად ვიქნებით. შენ იმ ვიღაც დეიკოს ნუღარ მოუსმენ! კარგი?

ვატომ ცხვირი მოიფხანა:

– ტახტზეც აღარ დაიძინებ?

– თუ ტელევიზორის წინ ჩამეძინება, დავიძინებ, ისე – არა. მაგრამ, ამას რა მნიშვნელობა აქვს? მაინც ამ სახლში ვცხოვრობ და მაინც შენი მამიკო ვიქნები.

ვატო ცოტათი დამშვიდდა და გაიღიმა კიდეც. ლაშამ პირობა მისცა საკუთარ თავს, რომ ცოლს სერიოზულად დალაპარაკებოდა. ბავშვი სიდედრის სახლის სადარბაზომდე მიაცილა და უკან დაბრუნდა. ბინაში ასვლა არც უფიქრია – ლიანა-დედიკოს კიდევ ერთ ლექციას ნამდვილედ ვეღარ გაუძლებდა... მაგრამ, სახლში მისვლაც არ უნდოდა. ისევ გამომცემლობაში წასვლა გადაწყვიტა. იფიქრა, ვინმეს დაველაპარაკები და რამე ახალს მაინც გავიგებო... ბენზინიც თუ ეყოფოდა იქამდე, ესეც საეჭვო იყო, მაგრამ მაინც გარისკა...

გამომცემლობაში ძირითადად ქალები იყვნენ. ლაშას საკუთარ თავზე მოუვიდა ბრაზი – აქ რა მომარბენინებდაო, მაგრამ შენობაში ისეთი სიგრილე იყო, ესიამოვნა. ავტომატიდან ერთი ჭიქა ყავა ჩამოასხა და „კომპიუტერების ოთახში“ ავიდა – ასე „შინაურულად“ ეძახდნენ კომპიუტერული უზრუნველყოფის განყოფილებას.

ვახოს ლაშას დანახვა ისე გაუხარდა, რომ წამოხტა და მიეგება:

– სად ხარ, მალე გავგიჟდები ამ „კურიატნიკში“. აუ, ყავაზე არც მე ვიტყოდი უარს!

– მე დღეს არ ვმუშაობ. ისე გამოვიარე. რა სიწყნარეა... სად არის ხალხი?

– ვინ ხალხი?! – მხრები აიჩეჩა ვახომ, – შენ მითხარი, კონკრეტულად რომელი „ხალხი“ გაინტერესებს და მერე გიპასუხებ, თორემ, აქ სულ მიდი-მოდია. ვინ სად დადის, ვერასოდეს გაიგებ. ერთი ყლუპი დამიტოვე, რა!

– მოიცა, გავალ და მოგიტან. ეს მაინც არის ამ გამომცემლობაში უფასო.

– არ გეზარება?

– კარგი, რა, ორი ნაბიჯია. აჰა, ეს შენ და მალე მოვალ.

ლაშა მიხვდა, რომ უაზროდ დაბოდიალობდა და საერთოდაც არც ერთი მისი ქმედება არ იყო ლოგიკური.

... სულ მინდა, გელაპარაკოთ და რაღაც ისეთი გითხრათ, რაზეც, შესაძლოა, თქვენც ხშირად გიფიქრიათ, მაგრამ, განსაკუთრებული ყურადღების ღირსად არ მიგიჩნევიათ. არადა, ზოგჯერ ის არის მნიშვნელოვანი და განსაკუთრებული, რაც ჩვენ ასეთად არ გვეჩვენება. ანატომიური ორგანო, ანუ თვალი, ფრიად მატყუარა ვინმე გახლავთ. იქნებ, თავად არც აქვს ამისი სურვილი, მაგრამ, ხშირად სწორედ მისი წყალობით ვრჩებით მოტყუებულნი. რაშიც თვალს „მისი ბრწყინვალება“ სმენაც ეხმარება, უბრალო ენით რომ ვთქვათ – ხელს უწყობს. ანუ, პოზიცია – მე მარტო იმის მჯერა, რასაც საკუთარი თვალით ვხედავო, – მცდარია და ჩიხში შემყვანი. „გონების თვალი“ სხვაა, მაგრამ, როდის აგეხილება, ან, აგეხილება თუ არა ის საერთოდ, ამის თქმა ძალიან ძნელია. ჯერ უნდა მიხვდე, რა განსხვავებაა გონების თვალსა და ანატომიურ თვალს შორის და მერე დახუჭო ერთი და გაახილო მეორე. ერთი სიტყვით, ძნელი საქმეა, ძნელი და მტკივნეული – დახუჭვა-გახელის პროცესს ვგულისხმობ. ცუდი კიდევ ის არის, რომ, შეიძლება, „გონების თვალი“ ყველაზე შეუფერებელ მომენტში აგეხილოს – იქნებ, მე ტყუილი უფრო მაწყობს, თქვენ რა იცით?.. მოკლედ, უკეთესი იქნებოდა თვალების გახელა-დახუჭვა ჩვენზე რომ იყოს დამოკიდებული, მაგრამ, ნურას უკაცრავად. როგორც დასაწყისსა და დასასრულს არავინ არაფერს გვეკითხება, ისე მთელი ჩვენი ცხოვრების განმავლობაში, ერთხელაც არავის დააინტერესებს ჩვენი აზრი...

***

ვახომ ყავა მოწრუპა და ამოიხვნეშა:

– ამ კომპიუტერის წინ ჯდომით, მგონი, ნელ-ნელა ვშტერდები, ხომ იცი... კიდევ კარგი, რომ შემოიარე, თორემ, ვერც მივხვდებოდი, რომ ყავა მინდოდა.

– მე კი იმას ვერ ვხვდები, საერთოდ რა მინდა. ნეტავი, ვინ უნდა შემომიაროს, რომ ეს გავარკვიო, – ამოიოხრა ლაშამ.

ვახოს გაეცინა:

– ალბათ, მიქელ-გაბრიელმა, არა?! უი, მაპატიე, ცუდად ვიხუმრე, ძალიან ცუდად. ხომ გითხარი, ეს კომპიუტერი მაშტერებს-მეთქი.

– არა, არა, არ მწყენია. შეიძლება, შენ მართალიც ხარ. მაგრად უნდა ჩამიკაკუნოს თავში, რომ აზრზე მოვიდე.

– მოიცა, ტო... მაგას როგორ ამბობ! ჩაგიკაკუნოს რა, მეზობელია თუ ძმაკაცი? მაგის ჩაკაკუნებას რაც მოჰყვება, ხომ იცი?! – პანაშვიდი და ეგეთი რამეები... მოიცა, ტო, ჯვარი გწერია მაგისგან. ისე, რა იყო, პრობლემები გაქვს? – ვახომ ჭიქა მაგიდაზე დადგა და ლაშას თანაგრძნობით შეხედა.

– ჰო.

– ვა, მაინც?.. ისე, თუ არ გინდა თქმა, ნუ მეტყვი. მეც რა ტიპი ვარ, რას ჩაგაცივდი.

– ისეთი არაფერია, რომ გავასაიდუმლო. ჩვეულებრივი, მარადიული პრობლემაა – ფული!

– ჰო, ფული თუ უფულობა, ანუ, იმის თქმა მინდოდა, პრობლემა ის არის, ფული რომ არ გაქვს თუ, პირიქით – ბევრი ფული გიქმნის პრობლემას, – ვახო ახითხითდა.

– დამცინი? ბევრი ფული პრობლემას როგორ შექმნის?

ვახომ გაოცებით გაშალა ხელები:

– ვა, პირველად გაიგე, ბევრი ფულიც რომ პრობლემაა, თანაც, უფულობაზე უფრო სერიოზული პრობლემა? ოღონდ, მართლა ძალიან ბევრი უნდა იყოს. ხომ ხვდები, რამდენიც...

– ვერა, ვერ ვხვდები. ჩემს მგდომარეობაში ამის მიხვედრა ადვილი ნამდვილად არ არის, იმ მარტივი მიზეზით, რომ ჩემი ყველა უბედურების სათავე უფულობაა.

– მოიცა, რა! მთავარია, უმუშევარი არ ხარ. ისე, ხელფასი მეც არ მყოფნის.

– არ მყოფნის – ეს ცოტა პრეტენზიული ნათქვამია, – ირონიულად ჩაიცინა ლაშამ, – ეგ იცი, როგორ ჟღერს? მოთხოვნილება რომ გაქვს დიდი და, კიდევ – მადა. იცი, რამდენი უნდა დახარჯო, მაგრამ, მაინც იმაზე მეტს ხარჯავ. მოკლედ, მგონი, ხვდები, რისი თქმაც მინდა. მე სხვანაირი პრობლემა მაქვს.

– სხვანაირი რას ნიშნავს? – ვერ მიხვდა ვახო.

– ბანკში მაქვს ბინა ჩადებული...

– აა, გასაგებია. კრედიტი გამოიტანეთ? რისთვის? შენ ხომ მანქანა არ გყავს, „შმოტკებში“ მიაფლანგეთ? სამოგზაუროდ იყავით თუ რემონტი გააკეთეთ? – მიაყარა ვახომ, – მეც მინდოდა კრედიტის გამოტანა, ისეთი მყარი რეკლამები აქვთ და ისეთ პირობებს გთავაზობენ, გამორიცხული არ არის, სულმა წაგძლიოს... რომ ვუყურებ, ყველას ბანკის ფული აქვს „შეტენილი“. ფულს სანამ ხარჯავ, მაგარია, მერე ჩნდება პრობლემები.

– აბა?! მაგრამ, პრობლემა კიდევ ის არის, რომ ეს ფული მე არ დამიხარჯავს, – ლაშამ თავადაც არ იცოდა, რატომ დადგა გულახდილობის გუნებაზე თანამშრომელთან, რომელსაც მხოლოდ სალმით იცნობდა.

ვახოს ყავა ჩამოეღვარა მაისურზე და შეიგინა.

– აი, ზუსტად მაგ მდგომარეობაში ვარ, – გაიცინა ლაშამ, – ვიგინები და არ ვიცი, ვის ვაგინებ. ალბათ, უკვე საკუთარ თავს, იმიტომ, რომ მე ვარ დამნაშავე, უნდა მეფიქრა, რას ვაკეთებდი. თუმცა რა არის, იცი? კიდეც რომ მეფიქრა, ზუსტად იმავეს მოვიმოქმედებდი.

ვახომ წაუსტვინა:

– მოიცა, მოიცა, მარტო ერთი ჭიქა ყავის შემდეგ ამდენს ვერ ვიაზროვნებ. გონება ასე სხარტად ვერ მუშაობს, ვერ გავერკვიე ამ ლაბირინთში. მოიცა, ადამიანურ ენაზე მითხარი: ეს იმას ნიშნავს, რომ ფული, რომელიც ბანკიდან ისესხე, შენ არ დაგიხარჯავს... აბა, ვინ დახარჯა, ცოლმა?

– არა.

– დაკარგე?

– არა. არც დამიკარგავს... კარგი, გეტყვი: ჩემს ძმაკაცს ჩავუდექი, რა!.. კი არ ჩავუდექი, მისთვის გამოვიტანე და...

– და, მოგიტყდა, ხომ?

– მგონი, ასეა, მაგრამ, მე არ მინდა ამის დაჯერება. საშინელებაა, როცა იმ ადამიანისგან იღებ დარტყმას, რომლისგანაც არ ელი. მერჩივნა, დამეკარგა. უფრო მშვიდად ვიქნებოდი და ამდენს არ ვინერვიულებდი. ლიკასაც მარტო მე ვეყოლებოდი გასალანძღი.

– ლიკა? აჰ, შენი ცოლია, ხომ?

– ჰო. წარმოსადგენად ძნელია, მაგრამ, ცოლ-ქმარი ჩხუბობს სხვისი ვალის გამო. კარგი სიუჟეტია იაფფასიანი მელოდრამისთვის. მე კი ეს მელოდრამა სახლში მაქვს, თანაც, ყოველდღე. თუმცა, რას გიხსნი, რისთვის „დაგგრუზე“...

– რა მოხდა მერე! ზოგჯერ ლაპარაკი შველის ადამიანს. მეც ხშირად მომინდება ხოლმე ენის მოფხანა, მაგრამ აქაურ გოგონებთან რა აზრი აქვს რამის თქმას, მაინც არაფერი ესმით. იცი, აქ რა „გამიტყდა პონტია“?! შენ რა გიჭირს, ათასში ერთხელ მოდიხარ.

– უფრო ხშირადაც მოვიდოდი, მაგრამ, რა ვაკეთო. მომისმინე, შენ ხომ წიგნებზე მუშაობ.

– ჰო, წიგნებს ვაკაბადონებ.

– მერე, მთარგმნელი არ სჭირდებათ?

ვახომ მხრები აიჩეჩა:

– რა ვიცი, ჩემთან უკვე გამზადებული ტექსტები მოდის. ისე, თუ გინდა, გავიკითხავ და გაგიგებ. ვინ გყავს მთარგმნელი?

– მე ვიმუშავებდი, დამატებით. „კაროჩე“, აღარ ვიცი, რა ვქნა...

– ის შენი ძმაკაცი, რა, სულ „მოგიტყდა“?

– საქართველოდან წასულია. ისე, გულახდილად რომ გითხრა, არც მომიძებნია, რა აზრი აქვს. ფაქტია, რომ ფულის გადახდა არ უნდა, ან – არა აქვს.

– უცხოეთშია და რამე?

– ჰო, რაღაც მაგის მსგავსია.

– ანუ, შენი ფულით „დატყდა“...

ლაშა შეიჭმუხნა:

– მე მაინც მინდა, ვიფიქრო, რომ არა აქვს. დედამისი საოპერაციო იყო და... ეჰ, სხვას როგორ დავაბრალო, როცა დამნაშავე თავად ვარ.

– აუ, წარმომიდგენია, შენი ცოლი რა დღეში გაგდებს. როგორია, ქმრის ძმაკაცის გამო რომ „გაიჭედები“?!

– ლიკა კარგი გოგოა. მე მესმის მისი, მაგრამ... – ლაშამ ხელი ჩაიქნია, – კარგი, წავედი... ეს რა წიგნია? – ლაშამ იქვე, თაროზე დადებული წიგნი აიღო და გადაშალა... – ვა, წავიღებ, შეიძლება? მგონი, სწორედ ეს მჭირდება.

ვახოს არც შეუხედავს წიგნისთვის:

– წაიღე, წაიღე... ისე, თუ კიდევ მოგინდეს გულის გადაშლა, არ მოგერიდოს.

ლაშამ წიგნი იღლიაში ამოიჩარა და ოთახიდან გავიდა...

***

ლიკამ ტაქსის კარი გამოაღო. სოფომ საფულე გახსნა...

– არ გინდა, ამას გადავიხდი როგორმე.

– არა. რადგან ჩემი ინიციატივა იყო, ბოლომდე მე გადავიხდი. თან, მინდა, დანაშაული გამოვისყიდო. ხომ არ გინდა, კიდევ სადმე წავიდეთ? ლაშაც უფრო იეჭვიანებს.

– როგორ არა, თავს მოიკლავს. ტელეფონი ჩავრთე და ერთხელაც არ დაურეკავს, მგონი, მაგისთვის სულერთია, სად გავათევ ღამეს.

სოფიმ თავი გააქნია:

– არ მგონია, სულერთი იყოს. ისე, შემიძლია ჩემთან წამოსვლა შემოგთავაზო, მაგრამ, ამაღამ შეიძლება სტუმარი მომივიდეს. თუმცა შენ ხელს არ შეუშლი, რადგან ჩვეულებრივ, სახლიდან მივდივართ ხოლმე. ხომ იცი, მე კომფორტი მიყვარს.

– სახლში წავალ, – დაღლილი ხმით თქვა ლიკამ, – გმადლობ. კარგი ფილმი იყო.

– ხვალ მოხვალ?

– ხვალ შაბათია. ორშაბათს კი მოვალ.

სოფო შეყოყმანდა:

– ლიკა, მართლა არ გინდა, რომ ვიღაცამ იზრუნოს შენზე?

– სოფო, ხომ გითხარი, ეგ თემა დავხუროთ-მეთქი. ძალიან გთხოვ. არასდროს არავინ არ შემომთავაზო. თუ როდისმე რამეს გადავწყვეტ, იმასაც შევძლებ, პარტნიორი თავად ავირჩიო...

... თქვენ გგონიათ, ფული მართლა ყოვლისშემძლეა? არ დაიჯეროთ. ამას მე გეუბნებით, ადამიანი, რომელსაც ჯერ კიდევ მაშინ, ფულზე ზუსტად ისეთი წარმოდგენა ჰქონდა, როგორიც თქვენ გაქვთ. არადა, არაფერიც არ შეუძლია, უფრო სწორად, ბევრი არაფერი. კი, ვერ უარვყოფ, რომ ცხოვრებას მთლიანად და რადიკალურად ცვლის... მაგრამ, არავინ იცის, უკეთესობისკენ თუ უარესობისკენ. ამაშიც უნდა გაგიმართლოს, ჰო, უნდა გაგიმართლოს, თორემ ბევრმა ფულმა პრობლემებიც ბევრი იცის. თქვენ ახლა მისმენთ და გეღიმებათ... იცინეთ, ბატონებო... იცინეთ, იქნებ როდისმე მოგეცეთ შანსი, საკუთარ თავზე გამოსცადოთ ჩემი სიტყვების სისწორე...

***

ლიკამ კარი თავისი გასაღებით გააღო. სახლში ისეთი სიჩუმე იყო, იფიქრებდი, ბინაში არავინ არისო. ლაშას სავარძელში, წიგნით ხელში ჩასძინებოდა. ლიკამ ყდას დახედა: „სიზმრების საუფლოში“...

„ეს სულ გაგიჟდა. ამდენი პრობლემა გვაქვს და ერთობა, ზღაპრების კითხვით არის დაკავებული და სულაც არ ენაღვლება, ღამით ცოლი სახლში რომ არ არის. იდიოტი!..“ – ის ემოცია, რომელიც ქალს ჩაძინებული ქმრის დანახვისას გაუჩნდა, ერთბაშად გაუქრა და მის ნაცვლად ბრაზი დაეუფლა. ლაშას მხარში მოჰკიდა ხელი და შეანჯღრია.

– ლიკუშ, მოხვედი? რომელი საათია?

– ჰმ, გათენდა უკვე და სამსახურში მივდივარ! – გაცხარდა ლიკა.

ლაშამ თვალები მოიფშვნიტა და საათს შეხედა:

– მოიცა, სად მიდიხარ, ღამის ორი საათია.

– სწორედაც. სწორედაც რომ, ღამის ორი საათია. კიდევ კარგი, რომ საათის ცნობა მაინც არ დაგვიწყებია! – აკივლდა ქალი.

ლაშა საბოლოოდ გამოფხიზლდა:

– მოიცა, სად მიდიხარ და, საერთოდ, რა ხდება?

– არსადაც არ მივდივარ. ახლა მოვედი. უსინდისო, არც გაგხსენებივარ! ცოლი შუაღამემდე სახლში არ არის, ამას კი მშვიდად სძინავს! თან, ზღაპრებითაც ერთობა!..

– მოიცადე-მეთქი, ნუ ყვირი, დავიბენი! მე გელოდებოდი, მერე დამეძინა. ამაზე მეჩხუბები? ლიკა, რა დაგემართა? ვეღარ გცნობ...

– მე კი არა, შენ რა დაგემართა! ფეხებზე გკიდივარ. დილით, სამსახურში რომ მივდიოდი, გითხარი, გვიან მოვალ-მეთქი. შენ კი, როგორც ვხედავ, ყურიც არ შეგიბერტყავს.

– ლიკა, მომისმინე, ნუ მეჩხუბები. მოდი, დაჯექი, დავილაპარაკოთ... მითხარი, სად იყავი?

– არაფერსაც არ გეტყვი. მძულხარ, უკვე სერიოზულად ვამბობ ამას, გეფიცები! სისულელე გავაკეთე, რომ საერთოდ დავბრუნდი სახლში. ზოგჯერ ძალიან ვნანობ, რომ ასეთი ვარ. მშურს სოფოსი. ამას გულწრფელად ვამბობ... და კიდევ, ძალიან დავიღალე...

– მეც დავიღალე! – იფეთქა უცებ ლაშამ, – გავიგე, რომ, რაც დაგვემართა, ჩემი ბრალია...

– მხოლოდ შენი, – ჩაურთო ლიკამ.

– ჰო, მხოლოდ ჩემი, მაგრამ, შეიძლებოდა, დაგვემთავრებინა ეს ვაი-ვიში და ერთად მოგვეძებნა სიტუაციიდან გამოსავალი. არც ისეთი უვარგისი ვარ, ბოლოს და ბოლოს და, რაც მთავარია, მიყვარხარ.

– ეგ, ეტყობა, შენთვის არის მთავარი. მე არც მჯერა და, სიმართლე რომ გითხრა, აღარც არაფერში მჭირდება, ისედაც ყველაფერი ნათელია.

– რა არის ნათელი?

– ის, რომ ფეხებზე გკიდივარ. როგორ არ დაინტერესდი, სად ვიყავი?

– ვინ გითხრა, რომ არ დავინტერესდი, მაგრამ, დამეძინა. დამეძინა, გესმის? რა არის ამაში გაუგებარი! – ლაშამ ცოლს მაჯაზე მოკიდა ხელი და შეანჯღრია.

– გამიშვი, იდიოტო, მეტკინა! ამ საქციელით ვერაფერს მიაღწევ.

– მერე, ვინ გითხრა, რომ რამის მიღწევა მინდა, გარდა ერთისა – როგორმე უნდა მიგახვედრო, რომ მჭირდები და ყველაფერს გავაკეთებ, როგორმე ეს სიტუაცია რომ გამოვასწორო.

– ზღაპრების კითხვით, ხომ?

– რა ზღაპრების? ეგ საიდანღა მოიტანე?

– აბა, ეს რა არის? – ლიკამ წიგნი აუფრიალა.

ლაშამ გაოცებით შეხედა ცოლს.

– ეგ წიგნია, ლიკა, ჩვეულებრივი წიგნი. არ მიყიდია, მასში ფული არ დამიხარჯავს, მაჩუქეს და, ვიფიქრე, ლიკას მოსვლამდე გულს გადავაყოლებ-მეთქი. თან...

– საქმე რომ არ გაქვს, აქედანაც ჩანს. „სიზმრების საუფლოში“... სულ გაგიჟდი? ეგ არის, ყველაფერს ვაკეთებო? არა, სულელი ვარ, ნამდვილი სულელი! არ უნდა დავბრუნებულიყავი და მერე გაიგებდი.

– სად მიდიოდი, მითხარი მაინც.

– მაგას რა მნიშვნელობა აქვს. მთავარია, რომ შენთან აღარ ვიქნებოდი. საძინებელში შემოსვლა არც იფიქრო! – ლიკამ წიგნი იატაკზე დაანარცხა და ასლუკუნებული გავარდა ოთახიდან.

ლაშამ ამოიოხრა. წიგნი აიღო, მაგიდაზე დადო და აივნის კარი გამოაღო. ჩაძინებული და განათებული ქალაქი ისეთი მშვიდი და ლამაზი იყო, რომ წამით თავის სადარდებელი გადაავიწყდა, მაგრამ ნელ-ნელა ცოლის საქციელმა მის ცნობიერებაში შეაღწია და გული მოუვიდა: „მეთამაშება. ჩემზე ამბობს, მოცლილი ხარო და თავად ახალ-ახალ სისულელეებს იგონებს, რომ ნერვები მომიშალოს. დარწმუნებული ვარ, ის თავფუტურო სოფო არიგებს. იმის მაგივრად, რომ გამიგოს, ვერ ვხვდები, ამით რისი მიღწევა უნდა. როგორ მინდოდა, წუხანდელი ღამის შესახებ მომეყოლა, მაგრამ, რა აზრი აქვს, მაგასაც თავისებურ ინტერპრეტაციას გაუკეთებს და ჩხუბისთვის ახალ მიზეზს გამოძერწავს. საძინებელში შემოსვლა აღარ სცადოო... არც მაქვს ამის სურვილი. დივანზეც ძალიან კარგად მძინავს და, საერთოდ, იქნებ უკეთესიც კი იყოს, თუ ლიკა ცოტა ხნით დედამისთან გადავა...“

ლაშამ სიგარეტის ნამწვი გადააგდო, ოთახში შებრუნდა და დივანზე წამოწვა.

გაგრძელება შემდეგ ნომერში


скачать dle 11.3