კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რატომ გაიმეტა დედამ შვილი მოსაკლავად


დედამ 7 წლის შვილი სასიკვდილოდ გაიმეტა! ერთ-ერთი ვერსიით, ამის მოტივი ქმარზე შურისძიება გახდა, რომელმაც ქრისტინე ნარსიძე მიატოვა და რუსეთში სხვა ქალზე იქორწინა. მეორე ვერსიით, ეჭვმიტანილი ფსიქიკურად შეურაცხადი იყო. თუმცა, ვინაიდან საქმეში განსასჯელის შესახებ ფსიქიკური გადახრის არანაირი დოკუმენტი არ არსებობდა, სასამართლომ 37 წლის ნარსიძე შვილის მკვლელობის მცდელობაში ცნო დამნაშავედ და დაუსწრებლად, 13 წლით პატიმრობა მიუსაჯა.

ქართველი სამართალდამცველები ეჭვობენ, რომ ქრისტინე ნარსიძე აფხაზეთის არაკონტროლირებადი ტერიტორიიდან რუსეთში გადავიდა და იქ ცხოვრობს. ამის შესახებ სამართალდამცველებისთვის მოგვიანებით გახდა ცნობილი, რის შემდეგაც ბრალდებულზე ძებნა გამოცხადდა. მანამდე კი, გამოძიებამ თითქმის შეწყვეტილი სისხლის სამართლის საქმე განაახლა და სასამართლოს გადასცა, სადაც ნარსიძეს ცამეტწლიანი განაჩენი გამოუტანეს.

საინტერესო დეტალი: თავიდან სამართალდამცველებმა ივარაუდეს, რომ ნარსიძემ თავი მოიკლა. ეს იმიტომ, რომ შვილის დაჭრიდან მეორე დღეს, განსასჯელის სახლიდან რამდენიმე კილომეტრის მოშორებით, გამვლელმა კაცმა მდინარის ხიდის მოაჯირზე ქალის კაბა იპოვა, რომელსაც სისხლის ლაქები ჰქონდა. იქვე იყო ქალის ნაფეხურები, რითაც ირკვეოდა, რომ პიროვნება ფეხშიშველი იყო. კვალი მდინარესთან წყდებოდა. ამიტომ, თავის დროზე ყველამ ერთად დაასკვნა, რომ დედა, რომელსაც ეგონა, რომ შვილი მოკლა, თავადაც მდინარეში გადახტა და თავი დაიხრჩო.

შვილის მკვლელი თუ შეურაცხადი

ქრისტინე ნარსიძემ და მისმა ქმარმა – ვახტანგმა 10 წლის წინ იქორწინეს და მათ ერთი შვილი – ნინო შეეძინათ. ვინაიდან ქმარი რუსეთში ხშირად დადიოდა, ცოლ-ქმარს უმეტესად ცალ-ცალკე უწევდა ცხოვრება. მართალია, ქმარი ცოლ-შვილს არაფერს აკლებდა, მაგრამ ხშირი მგზავრობის გამო ცოლმა ეჭვიანობა დაიწყო. დარწმუნებული იყო, რომ ვახტანგს საყვარელი ჰყავდა და ეს იყო მისი ხშირი გამგზავრების მიზეზი. სიტუაციას ართულებდა ის გარემოებაც, რომ მათი ერთადერთი შვილი ტრავმირებული დაიბადა. მართალია, ბავშვი ნიჭიერებით ყველასგან გამოირჩეოდა, მაგრამ მარცხენა ხელი მოკლე ჰქონდა და ამის გამო არაერთი ოპერაცია დასჭირდებოდა. შვილის სამკურნალოდ მამა ყველაფერს აკეთებდა, მაგრამ შედეგი არ ჩანდა. ამიტომ, ნარსიძე მიიჩნევდა, რომ აუცილებელი იყო ბავშვის უცხოეთში წაყვანა და იქ მკურნალობა. მაგრამ, ვინაიდან ექიმები მშობლებს არწმუნებდნენ, რომ გამგზავრების არანაირი საჭიროება არ არსებობდა, ცოლმა ქმარი შვილის სხვა ქვეყანაში მკურნალობაზე ვერ დაიყოლია, რის გამოც ურთიერთობა დაეძაბათ.

უსიამოვნებების თავიდან ასაცილებლად ქმარი იძულებული გახდა კვლავ რუსეთში წასულიყო. ცოლ-შვილს ფულს იქიდან უგზავნიდა, მაგრამ ერთი წლის შემდეგ, ეჭვიანმა ცოლმა ქმარს რუსეთში ჩააკითხა და ცოტა ხანს მასთან ერთად ცხოვრობდა. თუმცა, მას შემდეგ, რაც მათმა უთანხმოებამ პიკს მიაღწია, ცოლ-ქმარი საბოლოოდ დაცილდა.

რამდენიმე თვეში კი ცოლის ეჭვები გამართლდა. ნარსიძის ქმარყოფილმა ცოლად რუსი გოგონა მოიყვანა და ქრისტინე ნარსიძეს ოფიციალურად მოსთხოვა გაყრა. ამის მიუხედავად, მამა შვილთან ურთიერთობას ტელეფონით განაგრძობდა და ამანათებსაც ხშირად უგზავნიდა. ინციდენტამდე ცოტა ხნით ადრე კი შვილს დაჰპირდა, რომ სკოლაში სწავლის დამთავრებისთანავე, თავისთან წაიყვანდა.

ამ ამბის გამო ქრისტინე ძალიან გაბრაზდა. მიუხედავად იმისა, რომ შვილს არაფერს აკლებდა, რაშიც მას მშობლები და დები ეხმარებოდნენ, გრძნობდა, რომ გოგონას მამასთან ცხოვრება უნდოდა. ამიტომ, ქმარს დაურეკა და დაემუქრა, რომ ბავშვისთვის თავი დაენებებინა. წინააღმდეგ შემთხვევაში, ცხოვრებას გაუმწარებდა. როგორც ბავშვის მამის ჩვენებიდან ირკვევა, მის ცოლყოფილს ეშინოდა, რომ შვილს წაართმევდა, რადგან მეორე ცოლთან ბავშვი არ უჩნდებოდა. თუმცა, მისი თქმით, მსგავსი განზრახვა აზრად არ მოსვლია.

თუ ვისთან უნდა ეცხოვრა, ასაკიდან გამომდინარე, თავად ბავშვს არჩევნის გაკეთების შესაძლებლობა არ ჰქონდა. მართალია, მისი მეურვეობა დედას დაეკისრა, მაგრამ, ვინაიდან ცოლ-ქმარი სასამართლოს ჩარევის შედეგად ოფიციალურად გაიყარა, სასამართლოს გადაწყვეტილების თანახმად, ბავშვის აღზრდაში როგორც დედას, ასევე მამას თანაბარი უფლებები ჰქონდათ. ანუ, მამას ნებისმიერ დროს ჰქონდა ბავშვის არათუ ნახვის უფლება, შეეძლო გარკვეული პერიოდი შვილი თავისთანაც წაეყვანა საცხოვრებლად.

საბრალდებო დასკვნის თანახმად, მაისის შუა რიცხვებში მამა შვილის წასაყვანად საქართველოში აპირებდა დაბრუნებას. თუმცა, ნარსიძეების ოჯახში ტრაგედია დატრიალდა – დედამ შვილი დანით დაჭრა, მაგრამ საბედნიეროდ, ბავშვი გადარჩა...

როგორც მოწმეთა ჩვენებებით ირკვევა, იმ დღეს ქრისტინე ნარსიძე დილით ადრე ადგა, საქონელს აჭამა და შემდეგ მეზობელთან გადავიდა. მისთვის აღელვება არავის შეუნიშნავს. თუმცა, როგორც მეზობლები იხსენებენ, საღამოს დაახლოებით 7 საათზე ჩქარი ნაბიჯებით ჩაუარა მათ. მას ქუჩაში მყოფები გამოელაპარაკნენ, მაგრამ ყურადღება არავის მიაქცია, რამაც მეზობლები ძალიან გააკვირვა. ბავშვს, რომელიც ეზოში თამაშობდა, ქრისტინემ შინ გაყოლა მოსთხოვა და ისიც უსიტყვოდ გაჰყვა. იმ ღამით დედა-შვილს ერთ ოთახში ეძინა. სახლში იყო განსასჯელის მამაც, რომელსაც ეზოში მდგარ მეორე სახლში ეძინა. სავარაუდოდ, დედამ შვილს დანით ჭრილობა გამთენიისას მიაყენა და სახლიდან გაიპარა...

ვინაიდან ქრისტინე ნარსიძე წესისამებრ დილით ადრე არ ადგა, ავადმყოფმა მამამ მოიძია, მაგრამ შვილი ვერ იპოვა. ამის შემდეგ, მას ძებნა დაუწყო, საძინებელში შესული კი საშინელების თვითმხილველი გახდა.

განსასჯელის მამის ჩვენებიდან: „დილით, ჩემს შვილსა და შვილიშვილს ოთახში დავუწყე ძებნა. რომ არ გამოჩნდნენ, ბავშვის საწოლისკენ წავედი, რომ ქრისტინეს ამბავი მეკითხა. საბანი რომ ავწიე ცუდად გავხდი, ბავშვი სისხლში ცურავდა. რას ვიფიქრებდი, რომ ამ უბედურების ჩამდენი ჩემი შვილი იყო. გამთენიისას ძაღლების ყეფა შემომესმა, სავარაუდოდ, სწორედ ამ დროს გავიდა ქრისტინე სახლიდან“.

გაუჩინარებული დედის ძებნა მეზობლებმაც დაიწყეს, მაგრამ ვერც მკვდარი და ვერც ცოცხალი ვერსად იპოვეს. მდინარესთან დატოვებული სისხლიანი კაბის გამო ჯერ ვარაუდობდნენ, ქალმა თავი მოიკლაო, მაგრამ საბოლოოდ, იმ დასკვნამდე მივიდნენ, რომ დედამ გზა-კვალის არევის მიზნით, მდინარესთან კაბა დატოვა, თვითონ კი მიიმალა. ამ ეჭვს იმის გამო გამოთქვამდნენ, რომ ეჭვმიტანილს სახლიდან ტანსაცმელი ჰქონდა წაღებული. მდინარის ნაპირას კი ის კაბა იპოვეს, რომელიც მას მკვლელობის მომენტში ეცვა.

როგორც ექსპერტიზამ დაასკვნა, ბავშვს ორი მსუბუქი ჭრილობა ჰქონდა მიყენებული, მაგრამ დიდი რაოდენობით სისხლი ჰქონდა დაკარგული. მოგვიანებით ბავშვის ჩვენებიდან გაირკვა, რომ ის დედას წინააღმდეგობას უწევდა, რადგან ხელები დანით ჰქონდა დასერილი.

სწორედ ამ ამბის გამო თავზარდაცემული ბავშვის მამა საქართველოში დაბრუნდა და ვინაიდან ის ბავშვის ერთადერთ მეურვედ აღიარეს, გამოჯანმრთელების შემდეგ შვილი საცხოვრებლად თავისთან წაიყვანა...

ამ ამბის შემდეგ, როგორც კერძო საუბრებში, ისე ჩვენებებში, მეზობლები ეჭვმიტანილის ფსიქიკურ გადახრებზე ალაპარაკდნენ. მათი ჩვენებებით ირკვევა, რომ ნარსიძე ბავშვობაში ძალიან ნიჭიერი ბავშვი იყო, მაგრამ ამის მიუხედავად, გადახრებს ამჩნევდნენ. მეზობლებს მშობლები უმტკიცებდნენ, რომ ბავშვს ზრდასრულ ასაკში წითელა გაურთულდა და მხოლოდ ეს იყო მისი უცნაური ქცევის მიზეზი. მათი თქმით, მშობლები ირწმუნებოდნენ, რომ ქრისტინეს მკურნალობა არ სჭირდებოდა, მაგრამ ფაქტი იყო – ბავშვთან ექიმბაშები დაჰყავდათ. ქალს აკვიატებული ჰქონდა ასევე, რომ უბანში მდგარი ხეები მასზე ცუდად მოქმედებდა და მეზობლებს აიძულებდა მოეჭრათ... გაირკვა ასევე, რომ მას თავის მოკვლის მცდელობა ჯერ კიდევ სკოლის ასაკიდან ჰქონდა, შემდეგ – ქმარს რომ გაეყარა, მაგრამ ყველა შემთხვევაში გადაარჩინეს...

რუსეთში წასვლამდე, ცხადია, გამოძიებამ ბავშვიც დაჰკითხა. როგორც მისი ჩვენებიდან გაირკვა, მკვლელობის წინა დღეს დედამისი იმდენად უცნაურად იქცეოდა, რომ შეეშინდა. ამის შესახებ ბავშვს იმ დღეს მეგობრებისთვისაც უთქვამს: დედა უცნაურად იქცევა და მისი მეშინიაო. ეს ფაქტი დაკითხულმა ბავშვებმა ჩვენებებშიც დაადასტურეს.

საბოლოოდ, სასამართლომ ქრისტინე ნარსიძე დამნაშავედ ცნო მკვლელობის მცდელობაში 19-109 მუხლით და დაადგინა, რომ დანაშაული ქმარზე შურისძიების მოტივით ჩაიდინა. სხვათა შორის, იგივე მიზეზს ასახელებენ განსასჯელის ახლობლები, ისინიც დარწმუნებულნი არიან, რომ მან ამ დანაშაულით ქმარზე იძია შური – ინციდენტამდე ცოტა ხნით ადრე მას ნათესავთან უთქვამს, თავს მოვიკლავდიო, მაგრამ ასე იმის გამო არ მოვიქცევი, რომ მისი მამა ბავშვს წაიყვანსო...


скачать dle 11.3