როგორ იპარავდნენ თბილისელი ჰომოსექსუალები 31-ე ქარხნიდან საიდუმლო ინფორმაციას
„სამმაგი დუბლი“
1968 წლის გაზაფხულზე საბჭოთა კავშირის უშიშროების ორგანოებმა მოსკოვში ამირან რუაძე დააპატიმრა. რუაძე პროფესიით მძღოლი იყო და შორეული გადაზიდვების გაერთიანებაში მუშაობდა. ჩეკისტების ყურადღება კი იმით მიიპყრო, რომ ჰომოსექსუალიზმში იყო შემჩნეული და მოსკოვის სასტუმრო „ინტურისტის“ შვეიცართან, ვიქტორ ნოვიკოვთან, ინტიმური ურთიერთობა ჰქონდა. მოსკოვში ყოფნისას ვიქტორ ნოვიკოვი და ამირან რუაძე ერთად ატარებდნენ დროს და მძღოლი შვეიცარს ქალის მაგივრობას უწევდა. რუაძე მას შემდეგ დააპატიმრეს, რაც ნოვიკოვმა ამერიკული სპეცსამსახურების დახმარებით უცხოეთში გაქცევა მოახერხა და თან რამდენიმე მნიშვნელოვანი დოკუმენტი გაიყოლა, რომელიც თბილისის 31-ე საავიაციო ქარხანაში მიმდინარე საიდუმლო სამუშაოებს ეხებოდა. როგორც კონტრდაზვერვამ დაადგინა, ამ საიდუმლო მასალების მიკროფირები ამირან რუაძეს ჩაჰქონდა თბილისიდან მოსკოვში. საიდუმლო გადაღებებს კი საავიაციო ქარხნის ინჟინერი ოთარ ჭრელაშვილი აწარმოებდა. ამირან რუაძე ჭრელაშვილთანაც ინტიმურად იყო დაკავშირებული და სწორედ მან ჩააბა იგი ჯაშუშურ საქმიანობაში. დააპატიმრეს ჭრელაშვილიც, რომელმაც რუაძესთან დაპირისპირებისას თქვა:
– ამირანის გადაბირება მისმა ცოლმა მირჩია. ისიც ქარხანაში მუშაობდა. ქალს მე დიდი ხნით ადრე ვიცნობდი. ის ჩემი საყვარელი იყო, ისევე, როგორც ამირანი იყო ჩემი სექსუალური პარტნიორი. ამირანის ცოლიც ჯაშუშურ საქმიანობაში მყავდა ჩართული და ქარხნიდან მას სწორი ნაწლავში დამალვით და სხვა მსგავსი საშუალებებით გადაჰქონდა მიკროფირები. ამგვარად, ცხრა თვის განმავლობაში თბილისსა და მოსკოვში სექსუალურ-ჯაშუშური „ოთხკუთხედი“ მოქმედებდა, რომელიც შეერთებული შტატების სპეცსამსახურებს საიდუმლო ინფორმაციებით ამარაგებდა.
ვიქტორ ნოვიკოვი ამ ოთხეულის ყველაზე საშიში წევრი იყო და მრავალმხრივ ჯაშუშურ საქმიანობას ეწეოდა. მისმა მოღვაწეობამ საბჭოთა სახელმწიფოს 500 მილიონი მანეთის ზარალი მოუტანა, რაც იმ პერიოდში კოლოსალური თანხა იყო. ამიტომ, ნოვიკოვის ლიკვიდაცია გადაწყდა და საბჭოთა დაზვერვამ უნიკალური სპეცოპერაცია შეიმუშავა, რომელსაც „სამმაგი დუბლი“ უწოდეს.
ეს ოპერაცია თავიდან ბოლომდე ვახტანგ ქაჯაიამ დაგეგმა, რომელიც ალექსი ინაურის უწყების წამყვანი თანამშრომელი იყო და პირადად მინისტრს ექვემდებარებოდა.
– შენი დიდი იმედი მაქვს, ვახტანგ, შემთხვევით არ დაგვავალა ცენტრმა ნოვიკოვის განადგურება. ჯაშუშობაში ჩვენი თანამემამულეები იღებდნენ მონაწილეობას და ეს დავალება ჩვენთვის ერთგვარი რეაბილიტაციის შანსიცაა. არც ისაა შემთხვევითი, რომ ცენტრი კატეგორიულად ითხოვს ნოვიკოვის ლიკვიდაციას და არა მოტაცებას. ამით ჩვენს მოწინააღმდეგეს უნდა ვუჩვენოთ, თუ როგორ ვეპყრობით მოღალატეებს. ანდროპოვმა კატეგორიული ტონით მითხრა: ნოვიკოვის ლიკვიდაციამ დიდი რეზონანსი უნდა გამოიწვიოს შეერთებულ შტატებშიო. შეძლებ, ასეთ რამეს?
– ოპერაცია იდეალურადაა დამუშავებული და ტექნიკურად ისე უზადოდ მომზადებული, რომ ამერიკელები ვერაფერს იეჭვებენ, – უპასუხა ქაჯაიამ.
გენერლის კაბინეტიდან გამოსული ვიცე-პოლკოვნიკი თავის ოთახში დაბრუნდა. სპეცსაპყრობილიდან ამირან რუაძე ამოიყვანა და უთხრა:
– ამაღამვე გადაგაფრენენ მოსკოვში, ხვალ კი ამერიკის საელჩოში მიხვალ და მოქმედებას დაიწყებ. შანსი გეძლევა, რომ ღალატი გამოისყიდო, ხოლო თუ ისევ გვიღალატებ, მაშინ შენი ცოლი და დედ-მამა განსაცდელში ჩავარდებიან.
ამირან რუაძეს არც დედ-მამა ადარდებდა და მით უმეტეს, არც მეძავი ცოლი. მაგრამ, გადარჩენის შანსი ეძლეოდა და „კაგებედან“ თავის დაღწევაზე როგორ იტყოდა უარს. ამიტომ, ის უპირობოდ დათანხმდა თანამშრომლობაზე.
რუაძე ამერიკის საელჩოში უნდა მისულიყო და „ცეერუს“ წარმომადგენელი დაერწმუნებინა, რომ პირობითად იყო გათავისუფლებული, ის კი გამოიქცა და შეერთებულ შტატებში ითხოვდა გამგზავრებას. შტატებში ჩასვლის შემდეგ ნოვიკოვს უნდა შეხვედროდა და საბჭოთა სპეცაგენტებს მის მოტაცებაში დახმარებოდა.
– სულ ესაა, – უთხრა ქაჯაიამ რუაძეს, – ნოვიკოვმა მნიშვნელოვნად გვაზარალა და შენი დახმარებით ის საბჭოეთში უნდა ჩამოვიყვანოთ და გავასამართლოთ.
ამირან რუაძე მოსკოვში ჩაიყვანეს. შემდეგ ის საელჩოში მივიდა და „ცეერუს“ ოფიცერს ქაჯაიას სიტყვები დაწვრილებით ჩაუკაკლა, ბოლოს კი უთხრა:
– მე, რა თქმა უნდა, ნოვიკოვის მოტაცებაში ჩეკისტებს დახმარებას იმიტომ შევპირდი, რომ თქვენამდე მომეღწია. როდესაც შტატებში ჩავალ, მე ნოვიკოვთან თანაცხოვრების მეტი არაფერი მინდა.
„ცეერუს“ ოფიცერმა მშვენივრად იცოდა, რომ საბჭოთა უშიშროებიდან ასე იოლად ვერავინ დააღწევდა თავს და მიხვდა, რომ „კაგებე“ რაღაც სხვა მიზნებისთვის იყენებდა ამირან რუაძეს. ამიტომ, გადაწყდა – „შეყვარებული“ მძღოლის შტატებში ჩაყვანა, ნოვიკოვთან შეხვედრები და მათზე დაკვირვება.
ვახტანგ ქაჯაიასთან მოლაპარაკებამდე უშიშროების ექიმებმა ამირან რუაძეს მუცლის ღრუში ოპერაცია ჩაუტარეს. დისტანციური მართვის ნაღმი ჩაუმონტაჟეს და 1969 წლის 9 დეკემბერს, როდესაც რუაძე და ნოვიკოვი სასტუმრო „ჰილტონის“ ლუქსში ნებივრობდნენ, საშინელი აფეთქების ხმა გაისმა – „კაგებეს“ აგენტის მიერ გაშვებულმა რადიოსიგნალმა ჰომოსექსუალი ამირან რუაძის მუცელში ჩამონტაჟებული ნაღმი აამოქმედა და ისინი ნაკუწებად აქცია.