როგორ დატოვა ხახამშრალი „ცეერუსა“ და „კაგებეს“ ერთობლივი სამძებრო ჯგუფი თბილისურმა კრიმინალურმა ტრიომ
მეოცე საუკუნის სამოცდაათიან წლებში ქორიძე-გელოვანის საქმე იმდენად რეზონანსული და არაორდინარული იყო, რომ მის შესახებ „ამერიკის ხმამაც“ კი გადმოსცა ვრცელი რეპორტაჟი. ეს იყო იშვიათი გამონაკლისი, რამაც საბჭოთა და ამერიკელი ძალოვნები გააერთიანა და კრიმინალური დუეტის ძებნას ერთობლივი ძალებით ახორციელებდნენ. ფართო კრიმინალური სპეციალიზაციის მქონე მიხა ქორიძე და საბჭოთა „კაგებეს“ კაპიტანი ნათან გელფმანი წარმოშობით საქართველოდან იყვნენ.
განუყრელი წყვილი
მიხა და ნათანი თბილისის ერთ-ერთ ძველ უბანში დაიბადნენ და ერთ ეზოში ცხოვრობდნენ. ისინი ტოლები იყვნენ, ერთ კლასში სწავლობდნენ და სკოლა რომ დაამთავრეს, მოსკოვშიც ერთად გაემგზავრნენ უმაღლეს სასწავლებელში სწავლის გასაგრძელებლად. გელფმანი ლომონოსოვის უნივერსიტეტში ჩაირიცხა ჟურნალისტიკის ფაკულტეტზე, ქორიძე კი საერთაშორისო ურთიერთობების („მიმო“) ინსტიტუტში მოეწყო. 17 წლის ყმაწვილები იმდენად ნიჭიერები იყვნენ, პროფესორ-მასწავლებლები აღფრთოვანებას ვერ მალავდნენ და ორივეს დიდ მომავალს უწინასწარმეტყველებდნენ. ჯერ კიდევ მეორე კურსიდან მიხამ და ნათანმა ფულის შოვნა გადაწყვიტეს და კრიმინალურ საქმიანობაში ჩაებნენ. ისინი ნებისმიერ საქმეს ჰკიდებდნენ ხელს, რაც ადამიანის მკვლელობასთან და ძალადობასთან არ იყო დაკავშირებული. ძირითადად კი, აფერაზე სპეციალიზდებოდნენ და ეგრეთ წოდებულ „გადაგდებებზე“ მუშაობდნენ. თუმცა, არც ქურდობაზე ამბობდნენ უარს და კარგი „ნაკოლის“ შემთხვევაში, ბინებშიც კი ძვრებოდნენ. „ნაკოლს“ კრიმინალური წყვილი თვითონვე ეძებდა. „ნაკოლი“ კრიმინალურ ენაზე ინფორმაციის მოპოვებას ნიშნავს ბოროტმოქმედების ჩასადენად. გონიერ ყმაწვილებს კი ამის გაკეთება არ უჭირდათ. გარდა ამისა, მიხა ქორიძეს ჯიბგირობის ნიჭიც აღმოაჩნდა და ისე ოსტატურად „უსუფთავებდა“ ხოლმე ჯიბეებს მდიდარ მოქალაქეებს, რომ ისინი ვერაფერს ხვდებოდნენ. 1961 წლის ნოემბერში მიხა ქორიძე „კაგებემ“ დააპატიმრა. ის კაფე „მოსკვაში“ მას მერე აიყვანეს, რაც ერთ-ერთ უცხოელს ყალბი ბრილიანტის ქვა მიჰყიდა 70 ათას დოლარად. ქვა ცხრაკარატიანი იყო, უცხოელი კი – სინამდვილეში „კაგებეს“ აგენტი. ნათანი შემთხვევით გადაურჩა დაპატიმრებას, რადგან იმ დროს თბილისში იმყოფებოდა. მიხას კი გამოძიებისთვის არაფერი უთქვამს თავისი პარტნიორის კრიმინალური წარსულის შესახებ. მიხა მეხუთე კურსზე იყო, როცა გაასამართლეს და შვიდი წლით ციმბირში გაამგზავრეს. მან სრულად მოიხადა სასჯელი და 28 წლის ასაკში გათავისუფლდა ციხიდან. ნათანი იმ დროისთვის უკვე „კაგებეს“ უფროსი ლეიტენანტი იყო და ლუბიანკაზე, საბჭოთა უშიშროების ცენტრალურ აპარატში მუშაობდა. მთელი პატიმრობის განმავლობაში, ნათანი ფარულად ეხმარებოდა მეგობარს და ციმბირის შორეულ კოლონიაში ყოველთვიურად ფულს და საკვებს უგზავნიდა.
განახლებული ბიზნესი
სასჯელმოხდილი მიხა ჯერ სამშობლოში ჩავიდა და ახლობლები მოინახულა. თუმცა, თბილისში დიდხანს ვერ გაჩერდა და სამ კვირაში ისევ მოსკოვს გაემგზავრა. მიხას იქ ძველი სიყვარული, ანა სიდოროვა ჰყავდა და მასთან დასახლდა. ქორიძე ორი კვირის ჩასული იყო მოსკოვში, მაგრამ გელფმანი ჯერ არ ჰყავდა ნანახი. მიხამ იცოდა, რომ ნათანი მას თავად დაუკავშირდებოდა და შეხვედრას არ ჩქარობდა. ერთ საღამოს ანა სიდოროვას ბინაში ტელეფონმა დარეკა და მამაკაცის ხმამ ქალს უთხრა:
– მე თქვენი მეუღლის ძველი მეგობარი ვარ და გადაეცით, რომ ხვალ, შუადღეს კაფეში ველოდები.
ეს იყო ნათან გელფმანი, რომელიც მეგობარს რესტორან „არაგვში“ შეხვდა. მისი ნათქვამი – „შუადღე და კაფე“ – პაროლი იყო და შეხვედრა სინამდვილეში საღამოს 8 საათზე შედგა.
– როგორ ხარ, მზვერავო? – ჰკითხა მიხამ ნათანს და გადაეხვია.
– მშვენივრად გამოიყურები, შე ძველო! მე რა მიჭირს, მაგრამ შენ უკეთეს „ვიდზე“ ხარ, – მიუგო ნათანმა, – რას აპირებ?
– იგივეს, ოღონდ უფრო დახვეწილი ფორმით.
– მეც ასე ვფიქრობ და შენთან ვარ.
– შენ – ჩემთან?
– რა, გიკვირს?
– „კაგებეს“ ოფიცერი კვლავ კრიმინალურ საქმიანობაში აპირებ ჩაბმას?
– ჯერ ერთი, ჩემო მიხა, ესაა ჩვენი ბიზნესი და ნუ გავიწყდება, რომ მარტო კაცი ჭამაშიაც ბრალიაო, ამბობენ. თანაც გახსოვდეს, რომ სწორედ მაშინ „აგაგდეს“, როდესაც მე შენ გვერდით არ ვიყავი.
– კიდევ კარგი, რომ მაშინ ჩემთან არ იყავი, თორემ ახლა პაგონების მაგივრად „არესტანტის“ „ბირკა“ გეკერებოდა გულზე.
– ასეა თუ ისე, ჩვენი ბიზნესი გრძელდება, ოღონდ განახლებული ფორმით. შენ რა, ჩემთან ერთად მუშაობა არ გინდა?
– როგორ არა.
– აბა, ჩვენს განახლებულ საქმეს გაუმარჯოს! – თქვა ნათანმა და მეგობრებმა შამპანური დალიეს.
მეგობრებს სტუდენტობისას საკმაოდ მნიშვნელოვანი კაპიტალი ჰქონდათ დაგროვილი და ნათანმა ხელუხლებლად დაახვედრა მიხას ყველაფერი. როდესაც ქონება დათვალეს, აღმოჩნდა, რომ 130 ათასი მანეთის მფლობელები იყვნენ. 100 ათასი მანეთი მათ ოქროდ აქციეს და შეინახეს, 30 ათასი კი მომავალ კრიმინალურ ბიზნესში ჩადეს.
„ბურჟუებზე“ ნადირობა
მიხას საყვარელი 30 წლის ანა სიდოროვა ტანწერწეტა ლამაზმანი იყო და მოსკოვის ერთ-ერთ თეატრში გრიმიორად მუშაობდა. ქორიძე მას უზომოდ უყვარდა და მის ნებისმიერ სურვილს უყოყმანოდ ასრულებდა. ამის გამო მიხა ქორიძემ ქალი თავის საქმეში ჩართო და ანას ბინაში იმ დროისთვის ნამდვილი ულტრათანამედროვე ლაბორატორია მოაწყო. იქ იყო საგრიმიორო და გარდერობი, რაც მიხას და მის პარტნიორს საშუალებას აძლევდა, რადიკალურად შეეცვალათ გარეგნობა. გარდა ამისა, მიხას იმ დროისთვის არნახული ტექნიკური საშუალებები ჰქონდა და მათ შორის რაციაც. გელფმან-ქორიძე-სიდოროვას ჯგუფი უცხოელებს ძარცვავდა, რასაც ისინი „ბურჟუებზე“ ნადირობას ეძახდნენ.
ნათან გელფმანი „კაგებეში“ უცხოელ დიპლომატებზე მოთვალთვალე განყოფილებაში მუშაობდა და მათზე ამომწურავ ინფორმაციას ფლობდა. ის თავის მეგობრებს უცხოელთა საცხოვრებელ მისამართს და დღის განრიგს აცნობდა, ხოლო მიხა და ანა კი მათ ქურდავდნენ და მათი ბინებიდან საკმაოდ სოლიდური ქონება მიჰქონდათ. მიხამ და ანამ, რომლებსაც ანას ოსტატობის წყალობით, გარეგნობა ძალიან ჰქონდათ შეცვლილი, სამჯერ – ორ ამერიკელ და ერთ ბრიტანელ კოლექციონერებს ყალბი შვიდკარატიანი ბრილიანტი, ერთი პიკასოს ნახატი და ფაბერჟეს რამდენიმე ნამუშევარი არალეგალურად მიჰყიდეს. ამ ოპერაციებიდან მოგებულმა თანხამ 600 ათასი დოლარი შეადგინა. „კრიშობას“, ანუ დაზღვევას კი ნათანი ახორციელებდა. მეგობრების განახლებული ბიზნესი სამი წლის განმავლობაში ყვაოდა. მათ 4 მილიონ დოლარზე მეტი იშოვეს. მიუხედავად იმისა, რომ „კაგებეს“ ოპერატიული განყოფილება ამ საქმეზე ინტენსიურად მუშაობდა, მოუხელთებელი მძარცველების დაპატიმრებას ვერ ახერხებდა. რას წარმოიდგენდნენ, უშიშროების გამომძიებლები, რომ ბოროტმოქმედთა მფარველი მათი კოლეგა ნათან გელფმანი იყო, რომელსაც იმ პერიოდში უკვე კაპიტნის ჩინი ჰქონდა.
„კაგებეს“ საგამოძიებო სამმართველოში ამ სამი წლის განმავლობაში ოცდასამი გაუხსნელი საქმე დაგროვდა, რაც უპრეცედენტო შემთხვევა იყო უშიშროების ისტორიაში. საბოლოოდ, საქმეში კონტრდაზვერვა ჩაერთო და მათ საკუთარი კოლეგების შემოწმებას მიჰყვეს ხელი.
წარმატებული ვოიაჟი
სანამ კონტრდაზვერვა „კაგებეში“ ბოროტმოქმედთა „კრიშას“ ეძებდა, ნათან გელფმანი საგარეო საქმეთა სამინისტროში გადაიყვანეს და ამერიკაში მომუშავეთა კურატორობა ჩააბარეს. თანამდებობით ნათანს საეჭვო დიპლომატების, კულტურის გამოჩენილი სახეებისა და სხვათა თვალთვალი ევალებოდა. ამის გამო მას, ფაქტობრივად, შეუზღუდავი და უკონტროლო გადაადგილების საშუალება ჰქონდა. ამიტომ, კაპიტანმა ჭკუა იხმარა და საკუთარი სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენება გადაწყვიტა. შეერთებული შტატებიდან მეორედ დაბრუნების შემდეგ ნათანი მიხას შეხვდა და უთხრა:
– დროა, აქედან „ავახვიოთ“. ადრე თუ გვიან, კონტრდაზვერვა ჩემზე გამოვა და არც შენ დაგივიწყებენ. ამიტომ, გვეყო, რაც აქ ვხაპეთ. აიდა, ამერიკაში! შენც მოგიხდება იქაური კლიმატი და ანასაც.
– კი მაგრამ, ამხელა ქონებას ვის უტოვებ?
– 4 მილიონის ოქროსა და ძვირფას ქვებს დიპლომატიური ბარგით გავიტან და ნიუ-იორკში გადავმალავ, ბანკში შენახვა სარისკოა. არ არის გამორიცხული, რომ ამერიკელებმა „აგვაგდონ“.
– მე და ანას როგორ გაგვიყვან აქედან?
– ესეც მოფიქრებული მაქვს. თქვენ ყალბი საბუთებით ბულგარეთში გაემგზავრებით სამოგზაუროდ, იქიდან კი შტატებში გემით ჩახვალთ.
ნათანმა 4 მილიონი დოლარის ქონება სპეციალურ კორსეტში ჩააკერა და მშვიდობიანად ჩაიტანა ნიუ-იორკში. ორი თვის შემდეგ კი, მოსკოვში დაბრუნდა და მიხას პირდაპირ სახლში მიადგა.
– აი, ჩემო კარგო, – ნათანმა ქორიძეს ორი ცალი პასპორტი გაუწოდა, – შენ და ანა ვარნაში ჩახვალთ და სასტუმრო „ლაჟვარდში“ მოეწყობით. ხუთ დღეში კაპიტანი ეშლი კეისი თავის გემზე აგიყვანთ და შტატებში ჩაგიყვანთ.
– კეისი ვინღაა და საიდან იცნობ?
– „ცეერუს“ კადრია და მას მე ნიუ-იორკში დავუკავშირდი.
– ნათან, ნათან! – ნირი წაუხდა ქორიძეს, – გამოცდილი კაცი ხარ და „ცეერუსთან“ კონტაქტით, ხომ იცი, რომ სასიკვდილო განაჩენი გამოუტანე საკუთარ თავს.
– ეს იმ შემთხვევაში, ჩემო მიხა, თუკი მე მათთან ვითანამშრომლებ და საიდუმლოებებს გავთქვამ. ამას კი ნამდვილად არ ვაპირებ.
– აბა, როგორ დავუძვრებით კლანჭებიდან?
– ამაზე სხვა დროს. ახლა კი მითხარი, რა წინადადება გაქვს ჩემთან?
მისტერ ბრუკის კოლექცია
– მისტერ ბრუკის შესახებ თუ გსმენია რამე? – ჰკითხა ნათანს მიხამ.
– სემუელ ბრუკზე მელაპარაკები?
– სწორედ მასზე.
– სემუელ ბრუკი ამერიკელი მილიარდერი და ძვირფასი ქვების ერთ-ერთი ცნობილი კოლექციონერი იყო. რა, მერე?
– ხვალ ის მოსკოვში ჩამოდის, ზეგ კი დედაქალაქში ბრუკის კოლექციის მესამედი გამოიფინება ხუთი დღით, – უთხრა მიხამ ნათანს და მოუყვა, რომ ეს ინფორმაცია ანას ამერიკის საელჩოს ერთ-ერთმა მდივანმა ამცნო, რომელიც სიდოროვაზე უაზროდ იყო შეყვარებული, – გამოფენა შეერთებული შტატების საელჩოს შენობაში მოეწყობა და თოთხმეტივე ბრილიანტი უნდა მოვიპაროთ.
მიხამ ნათანს ბრილიანტების ხელში ჩაგდების დაწვრილებითი გეგმა გააცნო, რომლის მიხედვით, და-ძმა ანა და პავლე (სინამდვილეში მიხა) ქალის სატრფოს საელჩოში უნდა შეეყვანა მოსაწვევებით. ბრილიანტების ჩვენებაზე ორმოცდაათი ადამიანი იყო მიწვეული და ის სამ საათს უნდა გაგრძელებულიყო, რომლის შემდეგაც ბანკეტი იყო დაგეგმილი.
– როდესაც ის „ლოხი“ ანასთან არშიყს შეუდგება, მე იმ დროს ცარიელ ოთახში შევიპარები და ბრილიანტებს მოვიპარავ. მით უმეტეს, რომ იქ სიგნალიზაცია არ არის და „გრეხია“ არ მოიპარო, – უთხრა ქორიძემ გელფმანს.
მოლაპარაკებისამებრ, მიხამ ჯერ ბრილიანტები მოიპარა და ბანკეტზე დაბრუნდა, შემდეგ კი ანამ ავადმყოფობა მოიმიზეზა და „ძმასთან ერთად“ მაღალჩინოსანი ამერიკელი დიპლომატის მეშვეობით საელჩო უპრობლემოდ დატოვა. ანა და მიხა ნათანმა საკუთარი მანქანით აეროპორტში მიიყვანა და წყვილი მოსკოვიდან ბათუმში გადაფრინდა. თვითონ კი ამერიკის საელჩოდან მოპარული ბრილიანტები, რომლებიც 27 მილიონ დოლარად იყო შეფასებული, სახლში წაიღო.
სამი დღის შემდეგ ნათანი ამერიკაში გაემგზავრა დიდი თეატრის დასთან ერთად და მოპარული ბრილიანტები მშვიდობიანად ჩაიტანა ნიუ-იორკში. ერთი კვირის მერე კი კაპიტანმა ეშლი კეისმა ანა და მიხა ნიუ-იორკში ჩაიყვანა გემით, სადაც მათ გელფმანი დახვდა და „ცეერუს“ მეთვალყურეების თვალწინ ისინი სასტუმრო „ასტორიაში“ წაიყვანა. თუმცა, იმავე საღამოს სასტუმროდან სამივე გაქრა და მათი აღმოჩენის ყველა მცდელობა წარუმატებლად დასრულდა.
იახტა „ანა-მარია“
„ცეერუს“ მესვეურებს დიდი იმედი ჰქონდათ, რომ ნათან გელფმანს ძალიან ეფექტურად გამოიყენებდნენ, თუმცა იმედები გაუცრუვდათ და მისი და მისი მეგობრების ტოტალური ძებნა დაიწყეს... თავის მხრივ, ლუბიანკაზეც ილესავდნენ კბილებს კაპიტან ნათან გელფმანზე მისი ყოფილი კოლეგები და ანდროპოვის პირადი მითითების საფუძველზე „კაგებემაც“ მათი ინტენსიური ძებნა დაიწყო. საქმე იქამდეც მივიდა, რომ მსოფლიოს ეს ორი სუპერსპეცსამსახური გაერთიანდა და მოუხელთებელი მძარცველების ძებნას ერთობლივად შეუდგნენ.
სანამ „ცეერუ“ და „კაგებე“ ინტენსიურ სამძებრო ღონისძიებებს ახორციელებდნენ, გელფმანი და კამპანია ფლორიდის შტატში, ქალაქ მაიამის ფეშენებელურ სასტუმროში დასახლდნენ და საგრძნობლად შეცვლილი გარეგნობითა და ყალბი საბუთებით შეუდგნენ ცხოვრებას. კარგად დამუშავებული ლეგენდის შესაბამისად, გელფმანი მამა იყო, ხოლო ქორიძე და სიდოროვა კი მისი შვილები. „ოჯახი“ გერმანიიდან იყო ჩამოსული და კარიბის ზღვის მშვენიერებით ტკბებოდნენ. თან, მთელ შტატში აპირებდნენ მოგზაურობას, რისთვისაც მათ ფეშენებელური იახტა „ანა-მარია“ იქირავეს. სინამდვილეში კი მოუხელთებელ, თავზეხელაღებულ წყვილს მორიგი დანაშაული ჰქონდა დაგეგმილი და საგულდაგულოდ ემზადებოდნენ საამისოდ.
გელფმანი და კამპანია ძალიან მალე გაეცნო ადგილობრივ არისტოკრატიას და იმდენი მოახერხეს, მათი ნდობა დაიმსახურეს. მთავარი კი ის იყო, რომ ცნობილი ამერიკელი მილიარდერის, ჯეიმს ქროსის სალონის, ძვირფასეულობის დახურულ ჩვენებაზე მიიღეს მოწვევა. სწორედ ქროსის უნიკალური კოლექციის მოპარვას გეგმავდა ბოროტმოქმედთა სამეული. მაისის მიწურულს, მაიამის ფეშენებელურ ვილას, რომელსაც ორმოცი გაწვრთნილი რეინჯერი და ათი კაციჭამია ნაგაზი იცავდა, სხვა სტუმრებთან ერთად „შმიდტების“ ოჯახიც ეწვია. იქ შეკრებილები ჩაბნელებულ ოთახში შეიყვანეს, სპეციალური განათება ჩართეს და ქროსის ბრილიანტები მთელი თავისი სიდიადით აკიაფდა. სტუმრები გაოცებას ვერ მალავდნენ და როდესაც გული იჯერეს ამ საოცრების თვალიერებით, ყველამ საბანკეტო დარბაზში გადაინაცვლა.
– დროა, მიხა, მიდი, – უთხრა ქორიძეს ანამ და აირწინაღი ამოაცურა. იგივე გაიმეორეს მიხამ და გელფმანმაც. სამივემ აირწინაღი სახეზე მოირგო. მიხამ კი სწრაფმოქმედი გაზი გაუშვა და იქ მყოფი, დანარჩენი ორმოცი ადამიანი მომენტალურად დააძინეს...
კრიმინალურმა ტრიომ 130 მილიონი დოლარის ღირებულების ძვირფასი კოლექცია სწრაფად გადამალა წინასწარ მომზადებულ ჯიბეებში, რომლებიც ტანსაცმლის შიგნით ჰქონდათ ჩაკერებული და მილიარდერის კერძო პორტისკენ დაეშვნენ, რომელიც, სულ რაღაც, ოთხმოციოდე მეტრის მოშორებით მდებარეობდა. იქამდე მარმარილოს კიბეები ჩადიოდა. ძაღლიანმა რეინჯერებმა თავაზიანი ღიმილით ჩააცილეს სტუმრები კიბეებზე და როგორც კი სამივე იახტა „ანა-მარიაში“ გადავიდა, გელფმანმა თქვა:
– ოპერაცია წარმატებით დასრულდა. სრული სვლით წინ!
ფეშენებელური იახტა „ანა-მარია“ შუა ზღვაში იყო გასული, როდესაც მიძინებულ ქროსს და მის სტუმრებს გაეღვიძათ და ძარცვის ფაქტი დააფიქსირეს. მაშინვე პოლიცია გამოიძახეს და ორიოდე საათის მერე „ცეერუს“ და „კაგებეს“ ერთობლივი სამძებრო ჯგუფიც იქ გაჩნდა. როდესაც დაადგინეს, რომ „გერმანული“ სამეული იახტით გაემგზავრა, ტოტალური ძებნა გამოცხადდა. ჰაერში ვერტმფრენები „ასწიეს“ და მძარცველებს დაედევნენ.
იახტა „ანა-მარია“ შუა კარიბის ზღვაში მილიარდერ ქროსის ვილიდან 100 მილის მოშორებით იპოვეს. თუმცა, როდესაც იახტაზე სპეცჯგუფი ავიდა, მათ იქ წერილი აღმოაჩინეს, რომელშიც ეწერა: „ეს ის შემთხვევაა, როდესაც ჩვენ ვერც თქვენი პროფესიონალიზმის წყალობით გვიპოვით და ვერც იმ ბრილიანტების ბრწყინვალებით, რომლებიც ჩვენ მოვიპარეთ. მშვიდობით!
– უკიდურესი თავხედობაა, თუმცა, სატრაბახო მართლაც აქვთ. უმაღლესი დონის ნამუშევარია და მათი პოვნა მართლაც ძალიან რთულია, – უთხრა კოლეგებს „კაგებეს“ პოლკოვნიკმა პავლე ზუევმა მას მერე, რაც იახტაზე აღმოჩენილი წერილი წაიკითხა.
და მართლაც, კრიმინალური ტრიოს ძებნამ არანაირი შედეგი არ გამოიღო და გასული საუკუნის სამოცდაათიანი წლების დასაწყისში მომხდარი დანაშაული დღემდე გაუხსნელია...
P. S. არსებობს საკმაოდ საფუძვლიანი ვარაუდი, რომ 160 მილიონი დოლარის ღირებულების ძვირფასეულობის გამტაცებელ ტრიოს ამერიკაში ადგილობრივი მოქალაქე ეხმარებოდა და სწორედ მან შეუწყო ხელი მათ ძარცვაში. ვარაუდობენ იმასაც, რომ სამივემ პლასტიკური ოპერაცია გაიკეთა, გარეგნობა შეიცვალეს და მართლმსაჯულებას ამგვარი ხერხით დაუსხლტნენ ხელიდან.