ადვოკატი გირჩევთ
კითხვა: ისჯება თუ არა ადამიანი, თუ ის მოქმედებდა აუცილებელი მოგერიების ფარგლებში?
პასუხი: ადამიანის დაზიანება აუცილებელი მოგერიების ფარგლებში არ ისჯება, თუმცა, ჯანმრთელობის მძიმე ან ნაკლებად მძიმე დაზიანება, აუცილებელი მოგერიების ფარგლების გადაჭარბებით ისჯება ჯარიმით, ექვს თვემდე გამასწორებელი სამუშაოთი, ერთ წლამდე თავისუფლების აღკვეთით ან, შეზღუდვით.
კითხვა: რა არის და რატომ გახშირდა საპროცესო შეთანხმებები სასამართლოში?
პასუხი: საპროცესო შეთანხმება გარიგებაა პროკურორსა და ბრალდებულს შორის, რა დროსაც ბრალდებულს, დანაშაულის აღიარების სანაცვლოდ, პროკურორი ბრალდებისა თუ სასჯელის იმაზე უკეთეს პირობებს სთავაზობს, ვიდრე ბრალდებული ელოდება სასამართლო პროცესის ჩვეულებრივი მიმდინარეობისას. თუ პროცესის მხარეებს შორის შეთანხმება მიღწეულია, სასამართლოს განაჩენი ძირეული განხილვის გარეშე გამოაქვს. ამდენად, საპროცესო შეთანხმების წყალობით, ბრალდებულს განაჩენი უმსუბუქდება და სასამართლო პროცესიც სწრაფად მთავრდება. ამიტომაცაა, რომ სასამართლოში ხშირად მიმართავენ საპროცესო შეთანხმებებს.
კითხვა: ვინ შეიძლება ჩაითვალოს უღირს მემკვიდრედ და, შესაძლოა თუ არა უღირსი მემკვიდრის პატიება?
პასუხი: უღირს მემკვიდრედ ჩაითვლება პირი, რომელსაც სასამართლოში დაუმტკიცდება, რომ ის განზრახ უშლიდა ხელს მამკვიდრებელს მისი უკანასკნელი ნების განხორციელებაში და ამით ხელს უწყობდა თავისი ან მისი ახლობელი პირების მოწვევას მემკვიდრეებად ან მათი წილის გაზრდას; აგრეთვე მემკვიდრე, რომელმაც ჩაიდინა განზრახი დანაშაული ან სხვა ამორალური საქციელი მოანდერძის მიერ ანდერძში გამოთქმული უკანასკნელი ნება-სურვილის საწინააღმდეგოდ.
უღირსი მემკვიდრის პატიება შეუძლია მამკვიდრებელს – მან ეს უნდა გამოხატოს თავის ანდერძში, მაგრამ, პატიების უკან წაღება არ შეიძლება.
კითხვა: არის თუ არა ვალდებული ქმარი, არჩინოს ცოლი?
პასუხი: საქართველოს კანონით, მეუღლეები მოვალენი არიან, მატერიალურად დაეხმარონ ერთმანეთს, თუ სხვაგვარად არ არიან შეთანხმებულები. სასამართლო წესით, სარჩოს მიღების უფლება აქვთ:
ა) შრომისუუნარო მეუღლეს, რომელიც მატერიალურ დახმარებას საჭიროებს;
ბ) ცოლს ორსულობის პერიოდში და ბავშვის დაბადებიდან სამი წლის განმავლობაში;
გ) შრომისუუნარო მეუღლეს, რომელსაც დახმარება სჭირდება მეუღლისგან, სარჩოს მიღების უფლება აქვს განქორწინების შემდეგაც, თუ ის შრომისუუნარო გახდა, განქორწინებამდე, ან, ერთი წლის განმავლობაში განქორწინების დღიდან.
კითხვა: შეიძლება თუ არა, მოვითხოვო საქმის განაწილება კონკრეტულ მოსამართლეზე?
პასუხი: კანონმდებლობით, დაუშვებელია რომელიმე კონკრეტულ მოსამართლეზე საქმის განაწილების მოთხოვნა.
კითხვა: ჩემი შვილიშვილი ხშირად მიყვირის, მაშინებს და მართმევს ჩემს კუთვნილ პენსიას. ითვლება თუ არა ეს დანაშაულად?
პასუხი: თქვენი შვილიშვილის ქმედებას გამოძალვა ჰქვია და ის ჯარიმით ან ორიდან ოთხ წლამდე თავისუფლების აღკვეთით ისჯება.
კითხვა: ჩემი ძმა სამი წლის განმავლობაში, ცოლის დეიდას, 72 წლის მარტოხელა ქალს, ყოველთვიურად უხდიდა 50-დან 100 ლარამდე, რადგან ფიქრობდა, რომ კანონით მას ნათესავის რჩენა ევალებოდა. მოგვიანებით გაიგო, რომ მისი ვარაუდი მცდარია და გადახდილი თანხის უკან დაბრუნება მოითხოვა. კანონიერია თუ არა მოთხოვნა?
პასუხი: არა, რადგან უკან დაბრუნების მოთხოვნა გამორიცხულია, თუ ის არ შეესაბამება ზნეობრივ მოვალეობებს.
კითხვა: სულით ავადმყოფმა მართლსაწინააღმდეგო ქმედებით ქონებრივი ზიანი მიაყენა მოქალაქეს. დაზარალებულმა მოითხოვა ზიანის ანაზღაურება სამედიცინო დაწესებულებიდან, რომელსაც ევალებოდა მეთვალყურეობა ზიანის მიმყენებელზე და შეეძლო ამ ზიანის თავიდან აცილება. სამედიცინო დაწესებულებამ უარი განუცხადა ზიანის ანაზღაურებაზე. კანონიერია თუ არა უარი?
პასუხი: არა, რადგან, თუ პირს ეკისრება მეთვალყურეობა ზიანის მიმყენებელ სულით ავადმყოფზე, იგი ვალდებულია, აანაზღაუროს ზიანი, გარდა იმ შემთხვევისა, როცა შეუძლებელი იყო ამ ზიანის თავიდან აცილება.
კითხვა: შეუძლია თუ არა ქმედუუნარო პირს სამკვიდროს მიღება?
პასუხი: შეუძლია, ოღონდ, კანონიერი წარმომადგენლის მეშვეობით.
კითხვა: სამკვიდროს გახსნიდან რამდენი ხნის განმავლობაში აქვს მემკვიდრეს სამკვიდროს მიღების უფლება?
პასუხი: სამკვიდრო მიღებული უნდა იქნეს სამკვიდროს გახსნის დღიდან ექვსი თვის განმავლობაში.
კითხვა: კანონით ვის ეკუთვნის კერძო მიწაზე აღმოჩენილი განძი?
პასუხი: თუ შეუძლებელია აღმოჩენილი განძის მესაკუთრის დადგენა, მაშინ საკუთრება სანახევროდ გადადის აღმომჩენზე და იმ მესაკუთრეზე, რომლის ნივთშიც იქნა განძი ნაპოვნი.
კითხვა: როგორ ხდება სამკვიდროზე უარის თქმა?
პასუხი: უარის თქმა სამკვიდროს მიღებაზე ფორმდება სანოტარო ორგანოში. მემკვიდრეს სამკვიდროზე უარის თქმა შეუძლია სამკვიდროს მიღების შესახებ შეტყობინების მიღებიდან სამი თვის განმავლობაში. საპატიო მიზეზის არსებობისას, ეს ვადა შეიძლება გააგრძელოს სასამართლომ, მაგრამ, არა უმეტეს ორი თვისა.