როგორ წარმოიშვა ქართული გვარ-სახელები
კინწურაშვილი
კინწურაშვილი იმერეთში წარმოშობილი გვარია. მის საწყისად აღებულია მეტსახელი კინწურა.
გვხვდება, ასევე, გვარი კინწურეიშვილი და კინწურია.
1840-იან წლებში, იმერეთის სოფლებში კინწურაშვილი იხსენიება: დედელაურში, დევკუხში, ჟონეთში, ჩუნეში, წყალტუბოში, ხომულში; კინწურია კი – საყულიაში. ამ გვარების წარმომადგენლები იყვნენ საბატონო, საეკლესიო და სასულიერო პირები.
კინწურაშვილი, კინწურეიშვილი, კინწურია ერთი და იგივე გვარი უნდა იყოს და მიგრაციის შემდეგ უნდა მომხდარიყო მათი ფორმის სახეცვლილება.
კინწურეიშვილები გვხვდებიან გურიაში, კინწურიები კი – სამეგრელოში.
1995 წელს ვაუჩერების მიხედვით, საქართველოში დაფიქსირებულია 2 596 კინწურაშვილი: წყალტუბოში – 644, ქუთაისში – 464, თბილისში – 390. არიან სხვაგანაც.
28 კინწურეიშვილი: ფოთში – 12, ხობში – 12, თბილისში – 4.
55 კინწურია: ქუთაისში – 36, წყალტუბოში – 19.
მიქიაშვილი
გვარის ფუძეა მამაკაცის საკუთარი სახელი მიქა. ეს სახელი ბევრ ისტორიულ წყაროშია დასახელებული. „მიქა – მოწმე ნავროზა ჯოჯნიტაშვილის მიერ გიორგისთვის მიცემული ვენახის ნასყიდობის წიგნისა.” (1547 წელი).
სახელი მიქა სათავეს იღებს ძველებრაულიდან შემოსული სახელიდან – მიქელა, რაც ნიშნავს „ღვთის სწორს,” „ღვთაებრივს,” სიტყვა-სიტყვით კი – „ვინც ღმერთივით არის”. სახელის პირვანდელი ფორმაა – მიხაელ. მიხაი გვხვდება რუმინულში, ქართველებთან კი მიხა, მიხეილი, კნინობითი მიხო, მიხაკო, უფრო ძველი ფორმაა – მიხეილ;
მიქაელადან ნაწარმოებია გვარები: მიქაბერიძე, მიქაელიძე, მიქალაძე, მიქასაშვილი, მიქაძე, მიქელაისძე, მიქელასშვილი, მიქელაშვილი, მიქელაძე, მიქელია, მიქელიანი, მიქელისშვილი. ეს გვარები იხსენიებიან მეთხუთმეტე-მეჩვიდმეტე საუკუნეებიდან. მიქიაშვილი მეჩვიდმეტე საუკუნიდან გვხვდება. ასევე, არსებობს გვარები: მიქოსძე, მიქუაშვილი, მიქუტაშვილი, მიქუჭაძე.
არსებობს ასეთი ლეგენდა, სამურზაყანოში, სოფელ საბერიოში თქმული: „ბერი მიქია შეყვარებულთან სოფლელ ქალთან ერთად გაიქცა. მათ თავი შეაფარეს კავკასიის მთას.”
ასევე შემორჩენილია რაჭაში, სოფელ მოტყიარში თქმული: „ბერი მიქია მეუღლით დასახლდა მამულში, იქ, სადაც ამჟამად ორი წმინდა მუხაა, ჯვარზე შემოზრდილები. იქვე ნასახლარია, ბერის წყარო და სახნავ-სათესი მიწა, ჯვარებად წოდებული. მათ შეეძინათ ოთხი ვაჟი, დამფუძნებელნი ბიძაშვილობისა ჩვენისა.”
საქართველოში 988 მიქიაშვილი ცხოვრობს: თბილისში – 399, ამბროლაურში – 196, ტყიბულში – 69. არიან სხვაგანაც.
მჭედლიშვილი-ქიტიაშვილი-
ტეტელოშვილი
მჭედლიშვილი საქართველოში ერთ-ერთი ფრიად გავრცელებული გვარია. მას საქართველოს ბევრ მხარეში ვხვდებით.
გადმოცემით, კახეთიდან შაჰ-აბასის მიერ 1616 წელს სპარსეთში გარეკილთა შორის, სხვებთან ერთად, მჭედლიშვილებიც ყოფილან. რამდენიმე ხნის შემდეგ, მეფე ერეკლე მეორეს სამშობლოში სტუმრად მჭედლიშვილი გამოჰყოლია. გზად მიმავალთ კარდანახში შემოაღამდათ. იქ ოჯახში დაუსვენიათ და, დილით რომ ამდგარან, მჭედლიშვილი ალაზნის ველით მოხიბლულა, თურმე იქაურობას თვალს ვერ აშორებდა. ეს გარემოება მხედველობიდან არ გამოჰპარვია მეფეს და უთქვამს: „თუ აქაურობა მოგწონს, დასახლდიო.” მჭედლიშვილი თანახმა გამხდარა და ცხოვრება კარდანახში დაუწყია. მეგზურს 7 ვაჟიშვილი ჰყოლია, გვარის ფუძედ დიდი პაპის – ტეტელოს სახელი შეურჩევია და მჭედლიშვილი ტეტელოშვილი გამხდარა.
პატარძეულში, 1712 წელს, დავით გარეჯისადმი მიძღვნილ გუჯარში მჭედლიშვილის შტო-გვარად მოიხსენიება ქიტიაშვილი.
მჭედლიშვილთა გვარს ფუძედ მჭედელი აქვს გამოყენებული. ყოფილა მამაკაცის საკუთარი სახელიც – მჭედელა. „მჭედელა ქუთაისის საყდრის ბეგრის ჩამოსავლის დავთარი” (1578 წელი).
სახელი მჭედელი, მჭედელა არაერთხელ აქვს მოხსენიებული ვახუშტი ბატონიშვილს 1721 წლის ქვემო ქართლის აღწერაში. სტეფანე მჭედლიშვილი მოხსენიებულია 1647 წელს. ის როსტომ მეფემ სოფელ ენაგეთში უბოძა თავის დისწულ ასანბეგას.
მჭედლიშვილი ერთ-ერთი მრავალრიცხოვანი გვარია.
ქიტიაშვილების გვარი კი 1310 წელს მოიხსენიება. საუბარია მღვდელ იასე ქიტიაშვილზე, რომლის სახელიც წმიდა ბარბარეს ეკლესიას უკავშირდება. ერთ დროს კახეთში, ქორეპისკოპოსად ვინმე ქაიხოსრო ქიტიაშვილი ყოფილა. კოჯორთან, ლურჯი მონასტრის ეზოში, დასაფლავებულია ბერთუხუცესი იესე ქიტიაშვილი.
როგორც ისტორიულ წყაროებში ჩანს, ქიტიაშვილები ადრე მღვდელმსახურები ყოფილან. საგარეჯოს რაიონის სოფელ კაკაბეთში, სამების ტაძრის ეზოში, დაკრძალულია ეკლესიის მსახური, სამღვდელო პირი გიორგი ქიტიაშვილი.
ქიტიაშვილები საქართველოს ბევრ მხარეში ცხოვრობენ.
ქიტიაშვილთა გვარის ეტიმოლოგიაზე მეცნიერებში არასწორი მოსაზრებაა გამოთქმული. გულუბრყვილო ეტიმოლოგიით, ქიტა, ქიტია, ქიტესა – ქრისტესთანაა გაიგივებული, თითქოს ქრისტედანაა ისინი წარმომდგარი. სინამდვილეში, გვარის ფუძეა ქიტი. „ქიტი-ქაფქირი, კოვზი. ქაფქირი სხვათა ენაა, ქართულად ქიტი ჰქვიან” (სულხან-საბა).
ვარაუდით, ქიტიაშვილთა წინაპრები ადრე ქიტის მკეთებლები უნდა ყოფილიყვნენ და ის ხელობა-საქმიანობის გვარს უნდა მიეკუთვნებოდეს.
საქართველოში 93 459 მჭედლიშვილი ცხოვრობს: თბილისში – 3 212, სიღნაღში – 773, ხაშურში – 744. არიან სხვაგანაც.
1 618 ქიტიაშვილი: თბილისში – 453, ხაშურში – 335, გურჯაანში – 211. არიან სხვაგანაც.
171 ტეტელოშვილი: გურჯაანში – 71, თბილისში – 63, დედოფლისწყაროში – 20. არიან სხვაგანაც.
არაყიშვილი
გვარის ადრინდელი ფორმა ყოფილა არაყჩიშვილი და არა არაყიშვილი.
გვარის ფუძე გამხდარა პროფესია-მისაქმეობის ტერმინი არაყჩი.
საქართველოში 159 არაყიშვილი ცხოვრობს. თბილისში – 36, გურჯაანში – 29, კასპში – 22. არიან სხვაგანაც.
აკადემიკოს იაკობ ახუაშვილის მიერ მოწოდებული მასალების მიხედვით